четверг, 29 декабря 2016 г.

“ყოფნა - არყოფნა”...

რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, თურმე რა ბედნიერია ადამიანი, ვისაც სიკვდილის ეშინია, ვისაც სჯერა, რომ სიკვდილის მერე ყველაფერი სრულდება, მიუხედავად ეკლესიებში სიარულისა და მავედრებელი თვალებით ხატების შემყურე სახის, მას მაინც ეშინია და... ასი-ათას სანთელს დაანთებს, რომ “იქ, სადღაც უსასრულობაში” (რომლისაც თავად არ სჯერა), ვიღაცას სთხოვოს, რომ მალე არ მოკვდეს... ან პირიქით, მალე მოკვდეს და დასრულდეს ყველაფერი. რა ბედნიერია როცა ადამიანს გულით სჯერა, რომ მის ტანჯვას შეიძლება დასასრული ჰქონდეს. ან იქნებ აქვს კიდეც, მაგრამ... ამ დროს მთავარი მაინც ისაა, რისიც თვითონ სჯერა.
ასეთი "ბედნიერების" დათმობა ადვილი არ არის. ყველაზე ცუდი კი ისაა, როდესაც არ გჯერა დასასრულის და თან გინდა გჯეროდეს - არარსებობა მთელი თავის სიდიადით. გინდა, მთელი გულით გინდა, რომ ათეისტი იყო, ან სულაც ურწმუნო... მთავარია გჯეროდეს, რომ ყველაფერი დამთავრდება ერთხელ და სამუდამოდ. ვიღაც იმისთვის არსებობს, რომ შეეგუოს სიკვდილს, ვიღაც ცდილობს შეეგუოს ტკივილს, ვიღაც - ყოფნას, ვიღაც - არყოფნას, ვიღაც - მარტოობას, ვიღაც - უსასრულობას, ვიღაც კი - უსასრულო მარტოობას. მერე არ ვიცი... განა არის რამე უსასრულო მარტოობაზე უარესი??? ამაზე უარესი თვით სიცარიელეც არ არის. არაფერია ამაზე სევდიანი. ოპტიმიზმში გაცოცხლებული პესიმიზმია სრული სისავსით...
სულ ჩამესმის რუმის სიტყვები: “დაბრუნდი და გაიხსენე ვინ ხარ...”, და სულ მინდა გკითხო ჯალალ-ედ-დინ, რა აზრი აქვს? რისთვის მთხოვ იმის გახსენებას, რომ მარადიული მარტოობისთვის განწირული ერთი უკვდავი სული ვარ? რომელსაც როგორც ჩანს, დღემდე ვერ გაუკეთებია არჩევანი “ყოფნა - არყოფნას” შორის, რომელიც თავშესაფარს სხეულის კატორღაში ეძებს, სადაც იმდენად იტანჯება მისი სიმძიმისგან, ვიდრე თავისუფლება ისე არ მოენატრება, რომ მარტოობაზე თვალი დახუჭოს, ვიდრე ბორკილებს არ დაამსხვრევს... ვიდრე შიგნიდან არ დალეწავს ყველა კედელს, რომელიც ასეთ შვებას გვრიდა მიუხედავად სიმძიმისა. განა რამდენად უნდა იყოს სული დაღლილი ამ მარტოობისგან, რომ თავისუფლებაც კი დათმოს, იმისთვის რომ მისი ფასი ასეთი სასტიკი ხერხით გაიგოს? ეს ხომ ძველზე ძველი ხერხია, ჯალალ-ედ-დინ! თუ გინდა რომ ადამიანში თავისუფლების წყურვილი გააღვიძო, ის ჯერ მონად უნდა აქციო. რა ცინიკოსები ვართ საკუთარი თავის მიმართ... შენ კი ითხოვ გავიხსენო ის, რისი დავიწყებისთვისაც ამ ტანჯვას ვიტან. შენ უფრო დიდი ცინიკოსი ხარ! და მე მესმის შენი...
იმიტომ რომ... ალბათ სწორედ ამ დროს აკეთებ არჩევანს მარტოსულ არსებობას და დიად არარსებობას შორის. ალბათ ბოლომდე ელოდები დაღლას მარტოობისგან, ცრუ თავისუფლებისგან, გაქცევისგან, თავშესაფრების ძიებისგან, რომ ბოლოს და ბოლოს გამოიყენო შენი ნება. ალბათ სწორედ არარსებობის გაბედვაშია სრული თავისუფლება... თვითონ თავისუფლების დათმობაშია უფრო მეტი თავისუფლება, როცა აღარ გაქვს მისი დაკარგვის შიში, როცა აღარ გაშინებს - იქნები თუ არ იქნები, როცა უარს ამბობ სურვილზე “იყო თავისუფალი”, "იყო სადღაც ან რაღაც, ან ვიღაც"... და როცა თავისუფლდები თვითონ ამ ცრუ თავისუფლების ბორკილებისგან, სწორედ მაშინ პოულობ მას. /29.12.2016/

вторник, 13 декабря 2016 г.

ვარსკვლავი

3 ივნისი. არც მეტი არც ნაკლები 2200 მეტრი ზღვის დონიდან... საღამოს 7-8 საათი იქნებოდა ტყიდან რომ გამოვაღწიეთ, ჯერ გაუკვალავი ბილიკით, რომელიც ცოტა ხანში უფრო გარჩევადი გახდა და რომელმაც საბოლოოდ ხრეშიან გზაზე გაგვიყვანა. ბუნდოვნად მახსოვს... ალბათ „რუკზაკით“ წამოღებული ნარჩენი ღვინის ბრალი იყო, წყალი არ გვქონდა, ხოდა მოწყურებულები ღვინოს ვწრუპავდით გზადაგზა... აბა, ტყეში 12 საათიანი უგზო-უკვლოდ ბოდიალის დროს სხვა რა უნდა გვექნა?.. გზის დანახვა უკვე იმედი იყო, ოღონდ სიარულის თავი აღარ გვქონდა, არც ის ვიცოდით ზუსტად სად ვიყავით, უბრალოდ ვიცოდით რომ ქვემოთ უნდა ჩავყოლოდით გზას, ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ ქვემოთ.
სრული მოწყვეტა, ფიზიკური, გონებრივი. შიში ნული... ღია გაშლილი მინდორი თითქოს სუნთქვაში გვეხმარებოდა, გულში ჩაგვიკრა, ჩვენს მაგივრად შლიდა თავის უზარმაზარ ფილტვებს და ღრმად ისუნთქავდა... ისე ღრმად, რომ აი ასე, ბალახებზე და გვირილებზე ჩახუტებულებს მიგვეძინა მის გულზე. ყველაზე მეფური ძილი იყო რაც კი მახსოვს. არასოდეს, არცერთ რბილ ლეიბზე და არცერთი ფაფუკი საბნის ქვეშ არ მიგრძვნია თავი სამყაროს დედოფლად... გვირილად, სიოდ, ცვარად. არასოდეს ყოფილა სიზმარი ასე ლამაზი, როგორც იმ საღამოს, ღია ცის ქვეშ.
თვალი რომ გავახილე, უკვე ვარსკვლავები მდარაჯობდნენ. ისე ანათებდნენ, თითქოს მზემ დაავალა, „მე რომ წავალ, არ გაბედოთ და არ შემიშინოთო“... გულაღმა ვიწექი, რაღაცის ან ვიღაცის მოლოდინში. ისეთი სიჩუმე იყო, ვარსკვლავების ჩურჩულიც კი მესმოდა. ოჰ, როგორ მომინდა მეც ერთერთი მათგანი ვყოფილიყავი, არ მანაღვლებდა არც ღამე, არც მინდვრის გარშემო დაბურული ტყე, ისე მინდოდა მეც ზემოდან მეცქირა დედამიწისთვის, მეც ასევე გამენათებინა გზა კვალდაკარგული ადამიანებისთვის... გვიანღა მივხვდი ამ ფიქრებში, პულსი ორჯერ რომ მომმატებოდა, ნეკნებით ვიგრძენი გაძლიერებული გულის ფეთქვა, მიწას რომ ეხეთქებოდა ზურგის მხრიდან. გვიანღა მივხვდი, რომ ვარსკვლავების ჩურჩულის მოსმენა სიზმარი არ იყო და... ასე ხომ „არ შეიძლებოდა“? ვინ დამიჯერებდა...
03.06.1990 – „პირველად ვესაუბრე ვარსკვლავებს. ხვამლი“. მაშინ დღიური მქონდა, როგორც ყველა გოგონას 13-14 წლის ასაკში, მაგრამ ეს არ ჩამიწერია. ხომ შეიძლებოდა ვინმეს ენახა?! მაგრამ, რომ ჩამეწერა, ასე დავწერდი ზუსტად. მეტს არაფერს.
ჩემ ძმას ჯერ კიდევ ეძინა, თერთმეტი წლის იყო მაშინ. მეც სიამოვნებით გავაგრძელებდი ძილს, რომ არა მათი ჩურჩული, სუნთქვას რომ გიჩერებს უნებლიედ, ოღონდაც მათ საუბარს მოუსმინო. მოუცველი სიჩუმე იდგა, რომ დაიკარგები და გაიშლები მასში, ისეთი. ალბათ ამიტომაც დავიკარგეთ. და ნეტავ იცოდეთ, როგორ მიხაროდა ეს ამბავი იმ მომენტში, ვინმესთვის რომ მეთქვა, ალბათ დიაგნოზს ადგილზევე დამისვამდნენ. ამიტომ მეც სიჩუმე ვარჩიე. სიჩუმე და მოსმენა იქ ვისწავლე. მხოლოდ მათ საუბარში ჩავერიე, ისეთივე მდუმარეში, უსიტყვოში, როგორებიც თავად არიან. უსიტყვო ლაპარაკიც მაშინ ვისწავლე, მათ მასწავლეს. ყური მოკრეს, რომ მეც მინდოდა იქ, ზემოთ... გაეცინათ. ოღონდ არა დამცინავად, რაღაცნაირად, ბავშვურად... თან თვალები რომ უციმციმებთ, ისე.
მერე ერთმა, ამასობაში ჩემად რომ დავიგულე ზედმეტი მელანქოლიურობის გამო, მითხრა: „ვარსკვლავი ვერ გახდები, ვარსკვლავად უნდა დაიბადო! იცი, თქვენ რომ გვიყურებთ ქვემოდან და ჩვენს ნათებას შენატრით, ჩვენ აქ, თქვენს ანთებულ გულებს შევნატრითო... განა არ იცი, რომ ყოველი ანთებული გულიდან ერთი ვარსკვლავი იბადებაო? განა არ იცი, რომ თითოეულ თქვენგანს უფრო მეტად შეუძლია ნათება, ვიდრე აქ, ჩვენთან ერთ ვარსკვლავსო?..“
არა, არ ვიცოდი... მართლა არ ვიცოდი და თვალებზე ცრემლი მომადგა. ამასობაში ხრეშიან გზაზე ავტომობილის ფარები გამოჩნდა. ხმაურიანად მოხრიგინებდა. სულ დაარღვია მდუმარება. დილიდან გვეძებდნენ. ისევ გულაღმა ვიწექი, ოღონდ ცრემლიანი. მათ კი ეგონათ სიბნელის და ტყის შემეშინდა... მე ხმა არ ამომიღია... მხოლოდ გულში ვიმეორებდი: „ვარსკვლავი ვერ გახდები, ვარსკვლავად უნდა დაიბადო!"
/13.12.2016/

суббота, 3 декабря 2016 г.

...სხვა ღმერთებს დავთმობ

მე შენს გამო ვარსკვლავების კოცონს დავანთებ, ცეცხლს წავუკიდებ უძირო ცას, ზღვას წვეთებად დავღვრი... ყველა ბრძოლაზე და გამარჯვებაზე უარს ვიტყვი, და ოცნებებს გავუღებ გალიის კარს, თავისუფლებას ბორკილებს ავხსნი... გავათავისუფლებ ჩემი გულიდან - ჩემი საკნიდან, ასე დიდხანს რომ მეგონა ჩემი... იფრინონ ლაღად! მხოლოდ შენს გამო, ღმერთო ჩემო! სხვა ღმერთებს დავთმობ! ყველა სამყაროს - შენი სამყაროს გარდა, ყველა სამოთხეს, ყველა პეპლის სიცოცხლეს, ერთის სანაცვლოდ... ყველა ვარდის სილამაზეს ვუარყოფ... მხოლოდ ერთის სურნელმა რომ დამათროს! ყველა გულს გავტეხ, დავწვავ, დავშანთავ... შენი ერთი გულისთვის, შენი ერთი მდუმარე მზერისთვის, მე ყველა ნოტს დავთმობ! ყველა მზის ნაცვლად ციცინათელას ჩავიკრავ გულში, და ყველაზე კაშკაშა მზედ ავანთებ... შენს გამო, მხოლოდ შენს გამო დავთმობ თვით სიკვდილს, და შენთვის ვიცოცხლებ, ვიფრენ, ვისუნთქებ... ყველაფერს გავაქრობ... სულს ყველა ფერისგან დავცლი, რომ მხოლოდ შენ ერთმა, სიყვარულმა ამავსო...
/03.12.2016/

вторник, 29 ноября 2016 г.

როდესაც მშვიდი წყლის ზედაპირზე დიდი სისწრაფით ვარდება მძიმე ქვა, ზედაპირზე ტალღები წარმოიქმნება, წყალი ღელვას იწყებს... წყლის "აღელვება" მხოლოდ და მხოლოდ რეაქციაა ქვაზე, მის ქმედებაზე... და ეს სავსებით ბუნებრივია. ქვა ჩუმია, ხმაურს წყალი იწვევს მხოლოდ, როცა ქვა მასში ვარდება. ამიტომ ერთი შეხედვით "მღელვარე" და "ხმაურიანი" წყალი უფრო აგრესიული გვეჩვენება, ვიდრე მისი გამომწვევი მიზეზი - ქვა. ჩვენში გამჯდარი სტერეოტიპები და დოგმები ხელს გვიშლიან აგრესორი ქვაში დავინახოთ და არა წყალში, რომელიც სინამდვილები მხოლოდ რეაქციაა აგრესიაზე და სხვისგან "მიღებული" აგრესიის გარეგანი გამოხატულება - ანარეკლი, რომელიც სრულიად გამორიცხავს აგრესიას თავის თავში. სარკე რაც უფრო სუფთაა, მით უფრო კარგად ჩანს მასში არეკლილი ნაკლოვანებები, ამგვარად სარკის ბრალი არაა, თუკი მასში სიმახინჯემ ჩაიხედა. ჩვენ კი ხშირად (თუ ყოველთვის არა), სწორედ სარკეს და წყლის ზედაპირს ვაწერთ აგრესორის იარლიყს, იმისთვის რომ ნამდვილი აგრესიის წყარო დავფაროთ და სხვას გადავაბრალოთ ჩვენი ნაკლოვანებები. ჩვენ წყალს მისი ბუნებრიობისთვის განვსჯით, სიმშვიდეს მოვითხოვთ მისგან და ვუკრძალავთ "აღელვებას" მაშინ, როცა ღელვის მიზეზი თავად ვართ. მაგრამ.. მიუხედავად ზედაპირული ღელვისა, წყალი სიღრმეში ყოველთვის მშვიდია. მათი მდგომარეობის გარეგნულად შეფასება სიბრიყვე იქნებოდა, ვინაიდან ქვა, მიუხედავად სიჩუმისა - აგრესორია, წყალი მიუხედავად ხმაურისა - მსხვერპლი.

суббота, 26 ноября 2016 г.

მახსოვს...

მე მახსოვს ყველაფერი... მახსოვს ატომად გახლეჩა, გულის პირველი ფეთქვა მახსოვს, პირველი ამოსუნთქვაც... მახსოვს ფრენა, ფრთებით თუ უფრთოდ... ხოხვაც მახსოვს ფრენამდე. მახსოვს ოკეანე, ტალღების სისველე, სიცელქე, ბრიზი მახსოვს თვალდახუჭულს, ქვიშაზე მწოლიარეს რომ მიგრძვნია სახეზე... მახსოვს პირველი ყვავილობა, მიწიდან ამოფეთქვა, ფოთოლცვენაც და პირველ თოვლად მოსვლაც, ენძელების სურნელად ფრქვევა მახსოვს... სინათლე მახსოვს, სხივებად დაშლაც... სრული სიბნელეც მახსოვს... სინათლემდე. მახსოვს სიყვარული, ტკივილი, ღიმილი... ყველა იარა. სიცოცხლის შეხება მახსოვს... სიკვდილის გემოც. მე მახსოვს მელოდია, აი ის - მთავარი! სულ რომ დამყვება თან, სულ რომ ისმის ატომებს მიღმა... მე თვით უკვდავება მახსოვს, მარტოობის სევდით გაჟღენთილი.
მაგრამ, ხანდახან... ხანდახან მინდა დამავიწყდეს ყველაფერი; მინდა დამავიწყდეს ფიქრი, ყველა გრძნობა და შეგრძნება, ყველა სიხარული და ტკივილი; ნოტები ხომ არ ფიქრობენ, ისინი მხოლოდ მღერიან, წვიმა უბრალოდ წვიმს, თოვლი უბრალოდ თოვს, ქარი უბრალოდ დაქრის ნებაზე, მზე - უბრალოდ ანათებს...
მე ყველაფერი მახსოვს, რაც მიგრძვნია, რაც მიგემია და განმიცდია, ყველაფერი... გარდა იმისა, რაც ვარ.
მე კი სიმღერა მინდა ვიყო და არა მომღერალი; ნოტი მინდა ვიყო და არა სიმი, ან თითები, რომლებიც ამ სიმებზე უკრავენ; მელოდია მინდა ვიყო და არა მუზა, ან მისი შემქმნელი...
მე არ მინდა ვიყო ფრინველი, არც ანგელოზი, არც ფრთები მინდა, არ მინდა მახსოვდეს ფრენა... თვითონ ფრენა მინდა ვიყო! მე არ მინდა მახსოვდეს სიყვარული, არ მინდა ვგრძნობდე... თვითონ სიყვარული მინდა ვიყო!
არ მინდა ვსუნთქავდე, თვითონ სუნთქვა მინდა ვიყო! მე არ მინდა მახსოვდეს ღმერთი...
მე არასოდეს მახსოვს ის, რაც ვარ...
/26.11.2016/

вторник, 22 ноября 2016 г.

მითხარი

მითხარი, რომ ეს არ არის სიზმარი ერთი მძინარის, სადაც სიცოცხლე იფანტება შორეული ნისლივით, რომ ეს არ არის დასასრული დღის... მზის, და რომ ჯერ კიდევ წინ არის დიდი განთიადი. მითხარი! რომ სხივებთან მოთამაშე მტვერი არ გაქრება თვალს რომ გავახელ, რომ ქარი ისევ მასუნთქებს ღრუბლებს, წვიმა ისევ დამისველებს სახეს. მითხარი, რომ ხელის გულებს ჯერ კიდევ ახსოვთ ყინულის დნობა, რომ თითები კვლავ გალღვებიან სინაზისგან... შეხებისას; და რომ დაცემა მტკივნეული სულაც არ არის... მსუბუქია მიწა; რომ მანძილი ფიქრიდან ცამდე ერთი წამია... არ ღირს დანებება.
ჩუმად მითხარი, რომ ოცნებებს არ აქვთ საზღვრები, გრძნობებს - მარწუხები, ფრთებს - ბორკილები, მაგრამ, დაბლა ვარდნისას დაასწრებ წამს და... ვიგრძნობ, როგორ დამხვდება მიწამდე შენი ხელები.
/22.11.2016/

вторник, 15 ноября 2016 г.

არ ცოდნა - არ ცოდვაა (???)

"არ ცოდნა ციხეა ღმერთისთვის. ცოდნა ღმერთის სასახლე!" რუმი
ალბათ ტყუილად არ ქვია ცოდნას სინათლე, უვიცობას კი - სიბნელე. და თუკი სინათლე ღმერთთან გვაახლოვებს, ხოლო სიბნელე ბოროტების სინონიმია, ნებისმიერი სიბნელე, უვიცობით გამოწვეული - იგივე ბოროტებაა. არ ვიცი, საიდან მოვიდა ფრაზა “არცოდნა - არცოდვააო”, რომელ უგუნურს დასჭირდა საკუთარი ბნელი ქმედების გასამართლებლად, მაგრამ ფაქტია, დღეს ამ ფრაზით მეტი ხელმძღვანელობს, ვიდრე თუნდაც “გიყვარდეს მტერი შენი”-თ.
როგორ შეიძლება არცოდნა და უვიცობა უცოდველობით ან გინდაც სიბრიყვით შემოსო, და რა მნიშვნელობა აქვს “იცის” თუ “არ იცის” ადამიანმა თეორიულად, როცა ეს მის შინაგან მდგომარეობას ასახავს. როგორ შეიძლება სიკეთე დაარქვა, ან თუნდაც უბოროტობად ჩათვალო რეალურად ბოროტი საქციელი, მხოლოდ იმიტომ, რომ “არ იცის”, ან პირიქით, როგორ ვერ უნდა დაინახო სიკეთე მაშინ, როცა ადამიანი ნებით აკეთებს მას და არა იძულებით. ჩვენ ხომ აქ სულიერ, შინაგან ცოდნაზე ვლაპაკობთ და არა დასაზუთხ კანონებზე... უბრალოდ წარმოვიდგინოთ ორი განსხვავებული ადამიანი, რომელთაგანაც ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც არასოდეს გაუგია ათი მცნების შესახებ, მაგ: არა კაც ჰკლა, და არც სისხლის სამართლის კოდექსი გადაუშლია არასოდეს, მოკლედ რომ ვთქვათ, არ იცის, რომ კაცის კვლა “ცუდია”, ხოლო მეორე ათეისტი (პირობითად), რომელმაც იცის ათი მცნების შესახებ, თუმცა მისთვის ღირებულ ინფორმაციას არ წარმოადგენს (ინფორმაციას და არა ცოდნას, სწორად გამიგეთ), ანუ ცოდვად არ თვლის. ამ ორ ადამიანს საერთო მხოლოდ ის აქვთ, რომ კანონი არცერთისთვის არ არის შემაფერხებელი ფაქტორი. მაგრამ, პირველი კლავს, მეორე არა (პირობითად, თუმცა მსგავსი კონკრეტული ფაქტები ხშირია)... რატომ? თუკი პირველ შემთხვევას უვიცობით გავამართლებთ, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ამ ადამიანში სიბოროტის ნაპერწკალი არ არის და ვთვლით, რომ უბრალოდ არ ცოდნის ბრალია? ან თუკი ადამიანი ამკრძალავ ფაქტორებს უარყოფს, მაგრამ მაინც ვერ აღმართავს ხელს თუნდაც ცხოველის მოსაკლავად, ეს მის სიკეთეზე არ უნდა მეტყველებდეს? და საერთოდაც, ამისთვის მცნება და მითითება უნდა გვჭირდებოდეს? ცოტა უფრო გავართულებ კითხვას და... თუ მე დაწერილი მცნებები და კანონების შიში მაფერხებს არ ჩავიდინო ბოროტება, ეს ავტომატურად ჩემს სიკეთეზე მეტყველებს???
“ცოდვა” როგორც ასეთი, სწორად იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს სინათლისკენ სწრაფვა არ აქვს. ის მუდმივად სიბნელეში ზის და მეტიც, ამით იმდენად კმაყოფილია, რომ თავის სიბნელეს “უწყინარი” უვიცობით და სიბრიყვით ამართლებს. ოღონდ “ცოდნაში” ადათ-წესების, კანონების და მცნებების ცოდნას არ ვგულისხმობ, იმ შინაგან, თანდაყოლილ სინათლეს ვგულისხმობ, რომელიც მუდმივად უნდა ვზარდოთ ჩვენში, იმ სულის კარნახს, სინდისად წოდებულს, რომელიც საზოგადოებრივ მორალსაც კი არ სცნობს, თუკი თვითონ ჯანმრთელი და სრულფასოვანია. უვიცობა - სიბნელედ წოდებული, სიბნელე კი თავის მხრივ ბოროტებად წოდებული, მხოლოდ ადამიანის სულიერ მოუმწიფებლობაზე მეტყველებს, რომლისთვისაც სინათლე სრულიად უცხოა იმისთვის, რომ მისკენ სწრაფვა ჰქონდეს, მისი “ბნელი” სიბრიყვე სიბრძნის “სინათლეს” უბრალოდ არ სცნობს. ეს ორი უკიდურესი პოლუსია.
...კი, რა თქმა უნდა, ჩვენშია ორივე პოლუსი, ორივე უკიდურესობა, და მთლიანობაში ორივე ერთიაო მეტყვით, ერთი - მეორის მშობელია, მაგრამ არა ასე პირდაპირი გაგებით, არა იმ გაგებით, რომ სამყაროები ვანადგუროთ. სამყაროში სინათლე და სიბნელე აბსოლუტურ ჰარმონიაში არიან, ისევე როგორც დღე და ღამე, ან მზე და მთვარე, იქ აბსოლუტური ბალანსია, რომელიც ჩვენ გარეთ კი არა, საკუთარ შინაგან სამყაროშიც კი ვერ დაგვიმყარებია. აბსოლუტის პრიზმაში კი სიკეთე და ბოროტებაც სხვა რაკურსით ჩანს და არავინ იცის, ერთი კონკრეტული ადამიანის თუნდაც მკლელობა რამდენ სიკეთეს მოუტანს მთელ სამყაროს, მაგრამ ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, ამისთვის მინიმუმ ის უმაღლესი ცოდნაა საჭირო, სწორედ ის შინაგანი სიბრძნე - სინათლე, რომელსაც ასე ვუარყოფთ და გავურბივართ. მაგრამ ბრძენმა ყოველთვის იცის, რომ ბალანსი და ჰარმონია საკუთარ თავში უნდა მოიპოვოს და არა გარეთ.
"გუშინ ძალიან ჭკვიანი ვიყავი, სამყაროს შეცვლა მინდოდა. დღეს ბრძენი ვარ, ასე რომ, საკუთარ თავს ვცვლი!" რუმი
სამყარო კი თავისით აბალანსებს “კანონებს”. ჩვენგან განსხვავებით მას ამის უნარი აქვს. მე თუ უვიცობით ხელს ჩავყოფ მდუღარე წყალში, ეს რა თქმა უნდა “ცოდვად” არ ჩამეთვლება, არც ბოროტებად ითვლება ერთი შეხედვით და არც არავინ დამსჯის ამის გამო, ამაში დამნაშავე მხოლოდ მე ვარ, მე თვითონ, ჩემი უვიცობით დავიზიანე თავი, პრინციპში “ბოროტება” მივაყენე საკუთარ თავს, მაგრამ ფაქტია, მე ხელი დამეწვება, და ისიც ფაქტია, რომ ჩემმა არ ცოდნამ "სიკეთე" არ მომიტანა... ეს ბუნების კანონია, სამყაროს კანონზომიერება, მდუღარე წყალმა არ იცის, რომ მე მას ჩემი უვიცობით არ ვუფრთხოდი და ამ ფაქტორს ჩემს გამო “ვერ გაითვალისწინებდა”, ვერ დაარღვევდა თავის კანონებს... და როგორც მსგავს ფიზიკურ ქმედებებზე გვაქვს შინაგანი ინსტიქტი, რომელიც გვკარნახობს ამა თუ იმ სიტუაციებში როგორ მოვიქცეთ, ზუსტად ასე გვკარნახობს ის შინაგანი ცოდნაც, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა, ან მინიმუმ რას რა მოყვება. ჩვენ ხშირად “უცოდინრობით” ვიმართლებთ თავს, რაც დიდი სიბრიყვეა, იმდენად, რამდენადაც არ გვინდა ამ სიბნელიდან თავის დაღწევა და გამოსავლის მაგივრად მხოლოდ გამართლებებს ვეძებთ.
“ბნელ დროებაში კარგად ჩანს ნათელი ადამიანები” -ო, თქვა რემარკმა, ისევე როგორც ბნელ ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავები. ხოდა... რატომ უნდა ვიყოთ ვარსკვლავების მშთანთქავი შავი ხვრელები, როცა თავად ვარსკვლავებივით შეგვიძლია ნათება?
/15.11.2016/

вторник, 1 ноября 2016 г.

სამართლიანობა

ხშირად პატიება ყველაზე დიდი სასჯელია, ხოლო სამართლიანობა - შურისძიება... ან პირიქით.
მიფიქრია სამართლიანობაზე, არაერთხელ... მიფიქრია როგორ უნდა აღასრულო სამართლიანობა შურისძიების გარეშე. ფაქტია, სამართლიანობა ერთერთ უმაღლეს ცნებად ითვლება, შურისძიება კი პირიქით. აი დაუკვირდით... ადამიანმა ადამიანი მოკლა, სამართლიანია თუ ის დაისჯება, მაგრამ საკმარისია ეს სამართლიანობა შენით აღასრულო, აუცილებლად შურისძიება დაერქმევა და არა სამართლიანობა, ხომ?.. ფაქტია ისიც, რომ სამყაროში არსებობს კანონზომიერება, მიზეზ - შედეგობრიობა, ანუ, დასასჯელი აუცილებლად დაისჯება, არაფერი ქრება უკვალოდ, არცერთი ქმედება, შენი ხელით მოხდება ეს თუ სხვისი, დღეს თუ ხვალ, ღმერთის ჩარევით თუ სამყაროსი, მაგრამ ყოველ ქმედებას მოყვება შედეგი. ჩვენ ამ დროს "გვევალება" პატიება, და... ამ მხრივ რომ დავუფიქრდეთ, ალბათ მართლაც ყველაზე დიდი სასჯელია ხანდახან ეს, რადგანაც ამ შემთხვევაში "პატიება" ნიშნავს დამნაშავე სამყაროს გადასცე "დასასჯელად", ფაქტობრივად სამყაროს (ან ღმერთს) სთხოვ შენს მაგივრად იძიოს შური. გაიხსენეთ რამდენ "მორწმუნეს" უთქვამს ასეთი ფრაზა: "ღმერთი გადაუხდის!" ნუთუ ეს პატიებაა? თუ პატიობ... გულით თუ პატიობ, მაშინ სურვილიც აღარ უნდა გქონდეს მისი დასჯის. პილატეს ქმედებას მაგონებს ეს ამბავი: "მე ხელები დამიბანიაო", მომენტალურად ღმერთს ჰკიდებენ პასუხისმგებლობას მის დასჯა-არდასჯაზე. ამასობაში გადის დრო, იმ "დამნაშავეს" ავიწყდება თავისი ქმედება და უცებ, ერთ მზიან და მშვენიერ დღეს არსაიდან თავზე ეცემა უბედურება, თან საერთოდ ვერ ხვდება რატომ ან რისთვის. სხვათაშორის (ჩემი დაკვირვებიდან) რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მძიმედ ეცემა. აი მაგალითად, როცა კონკრეტულად მას კი არა, მის უახლოეს და უსაყვარლეს ადამიანებს ემართებათ რაიმე ცუდი და მართალია, გაკვეთილი მისთვისაა, თუმცა ამ "გაკვეთილს" უახლოესი ადამიანების უბედურების ხარჯზე სწავლობს. და ფიქრობ... ხომ არ ჯობდა არ მეპატიებინა და მაშინვე მომეთხოვა "სამართლიანობის აღდგენა"?.. უფრო ჰუმანური ხომ არ იქნებოდა?
არადა, სამართლიანობაც რომ "გვევალება"? იქნებ ამიტომაც ითვლება სამართლიანობა უმაღლესად?
Справедливость по отношению к ближнему следует воздавать безотлагательно; медлить в таких случаях - значит быть несправедливым. /Жан де Лабрюйер/
კი, შეიძლება აქ იმაზეა საუბარი, როცა ადამიანი სიკეთეს გვიკეთებს და ჩვენც უნდა დავუბრუნოთ ეს სიკეთე, მაგრამ ზოგადად სამართლიანობაში როგორც სიკეთე, ბოროტებაც ისევე იგულისხმება. მეორეს მხრივ, თუ ადამიანი უმნიშვნელო არაა ჩვენთვის, მართლაც, უფრო ჰუმანური ხომ არ იქნება სამართლიანობის აღდგენა მოითხოვო მყისვე?
და საერთოდაც, რითი განსხვავდება შურისძიება სამართლიანობისგან? ალბათ მხოლოდ იმით, თუ რა გმართავს და რა გამოძრავებს ამ დროს. სამართლიანობის პრინციპი არის ის, რომ მსგავსი ქმედება იმ კონკრეტული თუ სხვა ადამიანისგან აღარ განმეორდეს, ერთგვარი მაგალითია სხვებისთვის და დადებითი აქვს ის, რომ ბოროტება მეტნაკლებად შემცირდეს, შურისძიების დროს კი პირადი ინტერესი დგას წინ, ამ დროს არავინ ფიქრობს იმაზე, მისი მხრიდან სამართლიანობის აღდგენა რეალურად კარგს მოიტანს თუ ცუდს? იქნებ ამ "სამართლიანობამ" უფრო მეტად გააბოროტოს ადამიანი და უარეს ქმედებამდე მიიყვანოს? თუკი ნამდვილად დარწუნებული ხარ, რომ შენი სამართლიანობა სამყაროს ოდნავ მაინც შეცვლის უკეთესობისკენ, თუკი დარწმუნებული ხარ, რომ პირადი ინტერესი უფრო წინა პლანზე არ დგას და ნამდვილად სასიკეთოდ აკეთებ, მიუხედავად საზოგადოების შეფასებისა, რომელიც აუცილებლად მაინც შურისძიებად ჩაგითვლის, შეიძლება საკუთარ სინდისთან ეს სტატუსი მოხსნა. სინდისი კი ამაზე "თვალს არ დახუჭავს" არცერთ შემთხვევაში, ეს სულის კარნახია, და თუ ამ ქმედების დროს შინაგანად გაწუხებთ სინდისი, ესე იგი მაინც შურისძიებას აქვს ადგილი. Чтобы научить людей любить справедливость, надо показать им результаты несправедливости. /Адам Смит/
პატიება ამ დროს თავის დაზღვევაა. იმ უდიდესი ადამიანების მხრიდანაა თავის დაზღვევა, ვინც პატიებისკენ მოუწოდებს კაცობრიობას, რადგანაც კაცობრიობა (ყოველშემთხვევაში მისი უდიდესი ნაწილი) ჯერ არაა მზად იმისთვის, რომ უმაღლესი სამართლიანობა პირადი ინტერესის გარეშე აღასრულოს. მას ეს ჯერ არ შეუძლია. ამისთვის დიდი პასუხისმგებლობაა საჭირო, იმდენად დიდი, რომ... შეიძლება მთელ სამყაროზეც კი, ვინაიდან ნებისმიერი ჩვენი ქმედების დროს დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ სამყარო სულ ცოტათი მაინც შეიცვლება უკეთესობისკენ. ვის შეუძლია თავის თავზე აიღოს ამხელა ტვირთი, როცა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობისთვისაც კი არ გვყოფნის ძალა?
ვინაიდან ამხელა პასუხისმგებლობისთვის ბევრი არ არის მზად, ამიტომ:
მართალია სამართლიანობა ბოროტებას ამცირებს სამყაროში, მაგრამ სამართლიანობის აღსრულება საკუთარი ხელით - ეს შურისძიებაა;
ტკივილი სულს კურნავს, მაგრამ ტკივილის მიყენება სხვისთვის - ეს ძალადობაა;
ცრემლი გულს არბილებს, მაგრამ განზრახ ატირო სხვა - ეს ბოროტებაა;
ბოლოს და ბოლოს სიკვდილიც კი სულიერი გადმოსახედიდან, სულაც არაა სიკვდილი და სულის დაბადებაა, სიკეთეა სულისთვის, მაგრამ მოკლა ადამიანი - ეს უკვე ცოდვაა.
/01.11.2016/

суббота, 29 октября 2016 г.

თავისუფლება და ნება... სხვაობა

ნება-სთან დაკავშირებულ სიტყვებს და ფრაზებს თუ გავიხსენებთ, უფრო მკვეთრად დავინახავთ მის არსს: “შინაგანი ნება (Сила воли, რუსულად მკაფიოდ ჩანს) , ნებისყოფის ძალით, ნებაყოფლობით, უნებისყოფობა, სუსტი ნებისყოფა”... თუ დავაკვირდებით, ეს ენერგიაა, ის რაც ადამიანის შიგნიდან მოდის. ნება თუ არ იყო, არჩევანის თავისუფლებას შეიძლება აზრი სულ არ ჰქონდეს. გარდა ამისა, სიტყვა თავისუფლების არსში უკვე დევს რაღაცისგან გათავისუფლების იდეა, კონკრეტულად რაღაცისგან ან ვიღაცისგან გათავისუფლება, მაგალითად პასუხისმგებლობისგან ან სურვილებისგან, ან კიდევ რაღაცის ან ვიღაცის მიერ, თუნდაც ღმერთის მიერ, ოღონდ “ვიღაცის” მიერ გათავისუფლება ერთგვარ შინაგან ვალდებულებას, პასუხისმგებლობას გიტოვებს. აქ მთავარია სწორად დავინახოთ რისგან თავისუფლებას ვგულისხმობთ ხოლმე და გაგვიადვილდება ნამდვილი თავისუფლების ილუზორულისგან გარჩევა. რაც შეეხება პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, ეს არც მეტი არც ნაკლები მხოლოდ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაა და არანაირად შინაგანი თავისუფლება, ვინაიდან ადამიანი, რომელიც ნებით მოქმედებს, მხოლოდ თვითონაა პასუხისმგებელი ყველა თავის ქმედებაზე, და სწორედ ამაში გამოიხატება ის ნამდვილი ნება, რომელიც ილუზორულ თავისუფლებაში ერევათ, როდესაც არავისზე და არაფერზე არ ხარ დამოკიდებული და ყველა ქმედებაზეც მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი. შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ, ასეთ დროს პასუხისმგებლობა ზუსტად იმაში გამოიხატება, რომ არცერთი ქმედება არ ბრალდება (პირობითად) “ღმერთს” ან “ეშმაკს”, არც სიტუაციას, არც მდგომარეობას, არც მეზობელს და არც მის კატას თუნდაც... და თუკი არავის და არაფერს არ ბრალდება, ესე იგი მხოლოდ ჩვენ ვართ მათზე პასუხისმგებლები და ამას სრულად ვაცნობიერებთ.
Чем больше свободы, тем больше ответственности. Вечно актуальный древний парадокс.” (რაც მეტია თავისუფლება, მით მეტია პასუხისმგებლობა. მარად აქტუალური უძველესი პარადოქსი). სწორედ ამას სჭირდება ნება - შინაგანი ძალა, სწორედ ის ენერგია, რომელიც ნებისყოფაშია. უნებისყოფო (безвольный) ადამიანი ამას ვერ შეძლებს. ნება, უპასუხისმგებლო თავისუფლებისგან განსხვავებით, დამოუკიდებელია ყველაფრისგან. ამიტომაც ეშინიათ ნამდვილი თავისუფლების, უფრო სწორად თავისუფალი ნების, ან ნების თავისუფლების (როგორც გენებოთ), პასუხისმგებლობის ეშინიათ და ამ უპასუხისმგებლობით ცდილობენ გაექცნენ ნამდვილ თავისუფლებას. თუმცა დღეს ბევრი თვლის რომ თავისუფლება სწორედ ეს უპასუხისმგებლობაა.
არადა, ნებაყოფლობით მონობაშიც კი მეტი თავისუფლებაა, ვიდრე თავისუფლების დაკარგვის შიშით ნების დათრგუნვაში. შიში კი ნების უკუპროროპციულია. ის თავისუფლებას კლავს და მხოლოდ მის ილუზიას გვიტოვებს. ნებისმიერ ნებაყოფლობით ქმედებაში, თუნდაც მონობა იყოს ეს, ყველაზე უმაღლესი თავისუფლების შეგრძნებაც კი იჩრდილება, თუ მას თავად ნება არ მართავს, რადგანაც ნება არ საჭიროებს არჩევანის უფლებას, ანუ ის კი “არ აძლევს თავს უფლებას”, არამედ თვითონაა ეს უფლება, თვითონაა ეს ენერგია, რომლის გაცნობიერებასაც ვარქმევთ თავისუფლებას. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია გააცნობიერო ის, რაც არ გაქვს, შეუძლებელია თავისუფალი გერქვას, თუ ნებისყოფაში თავისუფლების შეზღუდვას ხედავ, ხოლო თავის არშეკავებაში და უპასუხისმგებლობაში - თავისუფალ ნებას.
როდესაც ნებას თავისუფლებასთან ვაიგივებთ და ვხედავთ მსგავსებას, გვავიწყდება, რომ ნებისყოფა თავშეკავებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე თავისუფლებასთან, რომელიც თავის მხრივ თავშეკავებაში მსგავსებას საერთოდ ვერ პოულობს. აი სწორედ ამას გულისხმობდა დოსტოევსკი როცა ამბობდა: “თავისუფლება თავის არშეკავებაში კი არ არის, არამედ საკუთარი თავის ფლობაშიაო”. თავის ფლობას კი ნება სჭირდება, შინაგანი ძალა. თავისუფალ არჩევანში კი, თუ დავაკვირდებით ერთგვარი შეზღუდვაა, ისეთივე ილუზორული, რომელსაც არჩევნების დროს გვთავაზობენ ხოლმე. ჩვენ გვგონია რომ თავისუფალ არჩევანს ვაკეთებთ, მაგრამ ის შეზღუდულია. არჩევანის გაკეთება ყოველთვის უკვე კონკრეტული მოცემულობებისგან გვიწევს. ჩვენ გვეუბნებიან: აი მაგიდაზე გიდევს წითელი, თეთრი, შავი.. შენ ოღონდ აირჩიე, თავისუფალი ხარ. მაგრამ აქ სადმე ჩანს ნება?? არსად!.. ჩემი ნება ამ შემთხვევაში არჩევაზე უარის თქმის უფლებაში მეტად გამოიხატება, ვიდრე ძალით შემოჩეჩებულ ილუზორულ თავისუფალ არჩევანში.
ასე რომ ნება - ენერგიაა, სწრაფვაა, ისეთივე ბუნებრივი, შინაგანი, როგორიც ფრინველს აქვს ფრენის მიმართ და თევზს ცურვის მიმართ, ხოლო თავისუფლება - მისი გაცნობიერებაა. ილუზორული თავისუფლება კი პინგვინის მდგომარეობას გავს, რომელსაც ფრთები აქვს, მაგრამ აღარც კი ახსოვს რისთვის, სწრაფვა ნულის ტოლია, ხოლო არჩევანი მხოლოდ ფრთების ქნევით შემოიფარგლება... თუმცა მაინც ფრინველი ქვია. ამიტომაც, ნება ადამიანის შინაგან სამყაროს ეხება, ხოლო თავისუფლება - მის გარეგნულ გამოხატულებას. არათავისუფალ ადამიანს აქვს არჩევანის უფლება - დარჩეს მონობაში, ან მოიპოვოს თავისუფლება, ხოლო უნებისყოფო ადამიანს მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს - მორჩილი ბატკანივით გაყვეს პატრონს სასაკლაოზე. ეს შეიძლება შევადაროთ ასეთ სიტუაციას, როდესაც ხელში გიჭირავს დანა და გაქვს მისი გამოყენების უფლება, ამ დროს შენ სრულიად თავისუფალი ხარ, ხოლო ნება ჩანს იმაში, თუ როგორ გამოიყენებ ამ დანას. გაცნობიერების გარეშე ნების გამოხატვა შეუძლებელია, და ასევე შეუძლებელია თვითონ გაცნობიერებაც, თუ ამის ნება არ არსებობს, ვინაიდან ნება - ეს ცნობიერების თვისებაა საკუთარი თავის მართვის და შინაგანი სწრაფვაა ამისკენ.
“Помни, что разумение твоё, имея свойство жизни (волю) в самом себе, делает тебя свободным, если ты не подгибаешь его служению плоти. Душа человека, просвещённая разумением, свободная от страстей, затмевающих этот свет, есть настоящая твердыня, и нет прибежища для человека, которое было бы вернее и неприступнее для зла. Кто не знает этого, тот слеп, а кто, зная, не входит в твердыню разумения, тот злосчастный.” (Марк Аврелий Антонин)
“Наконец-то я понял, почему Господь в Своей любви сотворил людей ответственными друг за друга и одарил их добродетелью надежды. Ибо так все люди стали посланниками единого Бога, и в руках каждого человека — спасение всех.” (де Сент-Экзюпери А.)
“Каждый человек несёт ответственность перед всеми людьми за всех людей и за всё.” (Федор Михайлович Достоевский)
Воля, которая ничего не решает, не есть действительная воля; бесхарактерный никогда не доходит до решения.” (Г. Гегель)
“Лишь глупцы называют своеволие (თავნებობა, უმართაობა) свободой.” (Тацит)
“Свобода воли – это принципиально большее, чем свобода выбора. <…> Чем сильнее у человека свобода воли, тем меньше для него существует судьба. Сильный сам делает свою судьбу.” (В. Истархов)
/29.10.2016/

среда, 26 октября 2016 г.

"განსაცდელი"

ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც მას უჩნდება ერთი მარტივი და მთავარი კითხვა: "ვინ ვარ მე?", ან "რისთვის ვარ აქ?..." არა აქვს მნიშვნელობა რომელ რელიგიას ან მიმდევრობას იზიარებს, ან იზიარებს თუ არა საერთოდ, ეს კითხვა ყველას თუ არა, თითქმის ყველას უჩნდება. რომელი კუთხიდანაც არ უნდა შეხედო, რელიგიის, ფილოსოფიის, ეზოთერიკის, მეცნიერების ან თუნდაც ცრურწმენის, მიზეზ-შედეგობრიობის კანონზომიერების განცდა მეტნაკლებად ყველას უწევს.
ნებისმიერი გადმოსახედიდან, მიუხედავად სხვადასხვა რწმენისა თუ ხედვისა, კარგის და ცუდის, სიკეთის და ბოროტების აღქმა ძირითადად ერთგვაროვანია. ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის ხდება რაღაც ან "კარგი" ან "ცუდი", მაგრამ ამ ცნებებს მხოლოდ იმის მიხედვით განვსაზღვრავთ და ვარქმევთ სახელებს, ვისთვის რა არის კარგი ან ცუდი. ერთისთვის კარგი შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს მეორისთვის, ან პირიქით. მაგრამ, უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ აღვიქვამთ ამას ჩვენ თვითონ. დავუშვათ, პირობითად "ცუდი" ერთის აღქმით შეიძლება სასჯელი იყოს, მეორესთვის გამოცდა, მესამესთვის წყალობა, მეოთხესთვის გაკვეთილი და ა.შ. ხშირად (უფრო სწორად თითქმის ყოველთვის), გამონაკლისების გარდა, განსაცდელს "ცუდის" სტატუსს ანიჭებენ, იშვიათად, რომ მისით კმაყოფილი იყოს ვინმე. თვითონ სიტყვა "განსაცდელი" კი არც ცუდს გამოხატავს, არც კარგს, ის უბრალოდ განსაცდელია, გამოსაცდელი, გასავლელი.. ანუ ის რაც უნდა განიცადო, მეტი არაფერი. მაგრამ, განსაცდელს, რატომღაც მხოლოდ "ცუდს" ეძახიან, და არასოდეს "კარგს", ეს ცნება მხოლოდ ცუდის ასოციაციას ტოვებს, ფაქტია.
განსაცდელი კი იმიტომაც არის "განსაცდელი", რომ თავს ვცდით აქ, ფაქტობრივად გამოცდას გავდივართ, გამოცდა კი როგორც "ცუდით", ასევე "კარგით" შეიძლება მოხდეს, და... მე თუ მკითხავთ, მეორე შემთხვევა ბევრად სახიფათოა, ვიდრე პირველი. გარდა იმისა, რომ მეორე უფრო სახიფათოა, ემატება ის ფაქტორიც, რომ მას საერთოდ არ თვლიან "განსაცდელად" და მოუმზადებელი ხვდებიან მას. როგორც იტყვიან "გაფრთხილებული - შეიარაღებულიაო", ამ შემთხვევაში კი სწორედ დაუცველობის ფაქტორი მუშაობს იმ გაგებით, რომ ჩვენ მას გამოცდად არ აღვიქვამთ, შესაბამისად ვერც სიფხიზლეს ვინარჩუნებთ, და აი სწორედ აქ, ღიად რჩება ჩვენი აქილევსის ქუსლი.
ჩვენ "ვიცით" (უფრო სწორად დოგმად გვაქვს სისხლში გამჯდარი), რომ ტკივილი და მწუხარება გამოცდებია ჩვენი ცხოვრების გზაზე, მისი გაძლება და გადატანა სულს ზრდის. მართალია ბევრი მაინც ვერ უძლებს მათ, მაგრამ ასე თუ ისე ყველამ ვიცით ეს და მინიმუმ ვცდილობთ გაძლებას, ვის რამდენად გამოსდის, ეს უკვე სხვა საკითხია. მაგრამ... დაფიქრებულხართ რამდენად უფრო მძიმე გამოცდაა კეთილდღეობა? რამდენად უფრო რთულია ამ დროს გაუძლო მის ცდუნებას და არ დაივიწყო "მთავარი"?
ჩემი აზრით, ვინც კეთილდღეობას "უძლებს" და არ ივიწყებს, უფრო მეტ გმირობას სჩადის, ვიდრე გაკოტრებით ან ნებისმიერი უბედური შემთხვევით დამწუხრებული ადამიანი, რომელიც მწუხარების ჟამს გახდა იძულებული გაეხსენებინა ეს "მთავარი". პირადად მე ბევრი ასეთი ფაქტი მახსოვს ჩემს გარშემო, და სამწუხაროდ, ბევრი ისეთიც, რომელიც მსგავსმა "იძულებითმა" ჩარევამაც ვერ გამოაფხიზლა. კიდევ ბევრი ისეთი მახსოვს, ვისაც უამრავი ტკივილი გადაულახავს, მაგრამ სულ მცირე სიკეთეს ვერ გაუძლო, მაგ: გაუძლო ომს, მაგრამ ომის მერე ვერ გაუძლო სიამაყეს; გაუძლო ცდუნებას, მაგრამ ცდუნების მერე ვერ გაუძლო ქედმაღლობას; გაუძლო სიღატაკეს, მაგრამ - ვერ გაუძლო შურს... და უამრავი მსგავსი, რომელი ერთი ჩამოვთვალო.
ამაზე ერთი აღმოსავლური სიბრძნე მახსენდება: კეთილი ადამიანი ის კი არ არის ვინც ბევრ სიკეთეს აკეთებსო, არამედ ის - ვისაც ბოროტების გაკეთება არ შეუძლიაო.
სამწუხაროდ, მტერი სწორედ იქ გამარცხებს, სადაც მას ყველაზე ნაკლებად ელი, სადაც სიფხიზლე და მზაობა ნულის ტოლია. არასწორად ნუ გამიგებთ, და ნუ იფიქრებთ, რომ კეთილდღეობას ან "სიკეთეებს" ვეძახი მტრებს, არა, პირიქით, ისინი მართლაც სიკეთეებია, იმიტომ რომ საუკეთესო გამოცდებია ჩვენთვის. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ მათი უგულვებელყოფა არ შეიძლება, ამ დროს ყველაზე მეტი სიფხიზლე გვმართებს. ყველა განსაცდელი, "კარგი" თუ "ცუდი" - გზა არის მხოლოდ, რომლის გავლაც აუცილებლად გვიწევს. გზა არ შეიძლება იყოს კეთილი ან ბოროტი, ასე მხოლოდ ჩვენს მიერ განვლილი შეიძლება შევაფასოთ, რომლის შედეგიც მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, იმის და მიხედვით, თუ როგორ გავივლით მას.
ამიტომ... "სიკეთეებს" სწორი გამოყენება უნდათ, ცოდნა უნდა მათ გამოყენებას, დაფასება სჭირდება - სიფრთხილით და ფაქიზად მოპყრობა, პირველ რიგში კი სწორად შეფასება სჭირდება ამ სახის განსაცდელებს, მათი ეფემერულობის გაცნობიერება. ჩვენ ხშირად ვკარგავთ ამ სიკეთეებს, რახან ჩვენით ვერ ვახერხებთ და არ გამოგვდის მათი გამოყენება, რის შემდეგაც უკვე "გვაიძულებს" სამყარო მოვწყდეთ მათ, გავჩერდეთ, გავიყინოთ ადგილზე და გავიხსენოთ "მთავარი", დავსვათ მთავარი კითხვები და... ვიპოვოთ მთავარი პასუხები.
/26.10.2016/

четверг, 20 октября 2016 г.

ლურჯი მთვარე

მახსოვს იმ ღამეს მთვარის დამაბრმავებელმა სილურჯემ გამაღვიძა, უცნაურად ლივლივებდა, თითქოს ზღვაში ჩაძირესო... მთელი ღამე მესაუბრებოდა ტალღების ენით, მიყვებოდა რამდენჯერ უნახავს ჩემი თვალის გახელა, რამდენჯერ შეუმჩნევია მათში სხივი და ტკივილი, სევდა და იმედი, რამდენჯერ მიოცნებია მისი შემყურე, რამდენჯერ მომიყოლია სიყვარულზე... თურმე რამდენჯერ გვისაუბრია ჩაძინებამდე.
მომიყვა ჩვენი პირველი პაემანი ტბის ნაპირზე, ზაფხულის გვიან საღამოს, შიშველი ფეხებით და მზისფერ თმაში ჩაწნული თეთრი ლილიებით რომ მივედი და ცისფრად რომ გამიფერადა, მე კი ტბის ზედაპირს შევეხე ხელის გულებით, მადლობის ნიშნად, სადაც მისი სახის ანარეკლი ტივტივებდა;
მე არ მახსოვდა... შემრცხვა რაღაცნაირად, როგორ არ მახსოვდა პირველი პაემანი?.. მისი ნაჩუქარი ცისფერი ლილიები?
მე არაფერი არ მახსოვდა, მაგრამ მას ახსოვდა ყველაფერი, ყოველი წუთი და წამი, ყოველი ნაბიჯი ჩემი... თითქოს ხელახლა ვსწავლობდი სიარულს, თითქოს პირველად მესმოდა ბგერები... თითქოს პირველად წარმოვთქვი სიტყვა, შევეხე ფერებს...
ზღაპარს გავდა, ლამაზ სიზმრებს რომ უძღვება წინ...
ვგრძნობდი, როგორ მეპარებოდა ძილი ნელნელა, ის კი ნაზი ხმით მიყვებოდა და მიყვებოდა, არ ჩერდებოდა... რბილად გადავყავდი ზღაპრიდან სიზმარში. ვგრძნობდი... მეფერებოდა, არ მტოვებდა მარტო, რომ არ შემშინებოდა.
მართალი გითხრა, არც კი ვიცი რისი უნდა შემშინებოდა, მაგრამ ზრუნვას ვგრძნობდი, სათუთს, მშობლიურს... სიყვარულს ვგრძნობდი, ლურჯ სინათლედ შემოჭრილს.
გამახსენა ყველა სიზმარი, რაც კი მინახავს გათენებამდე და ყველა ზღაპარი - რაც კი მომისმენია დაღამებამდე, გამახსენა ათასი სიცოცხლე და ერთად ამიკინძა ვარსკვლავებად, მძივად დამკიდა გულზე... თვალებშიც ვარსკვლავები მიციმციმებდა, ვტიროდი... არ ვიცი რა მიხაროდა, უბრალოდ მის ხმაზე ვტიროდი.
მოგისმენია მთვარის სიმღერა?..
ყველა სირინოზი ერთად რომ გააცოცხლო და ამღერო, ვერ შეედრებიან, ახლოსაც ვერ მივლენ, ვერ გადაფარავენ მის ერთ ბგერას. მოჯადოვება მისი მოგონილია...
მიმღეროდა და თან ცრემლი სდიოდა, ცვარად მიტოვებდა ხელის გულებზე, თითქოს გედივით უკანასკნელად მღეროდა... გულს მიკლავდა, ვერ უძლებდა მის სილამაზეს. მივხვდი... გამახსენდა, რატომ ვირჩევდი მესაიდუმლედ, ჩემს მეზღაპრედ, გამცილებლად... გამახსენდა, რამდენჯერ უმღერია ძილის წინ და დამვიწყებია ყველა ტკივილი. სველი სიგრილე ვიგრძენი, და მივხვდი, ფსკერიდან მე შევცქეროდი მას, ჩემს თავზე ლივლივებდნენ ტალღები, მაგრამ... შიშიც კი ვერ მოვასწარი, ისე შევცურე სიზმარში. მხოლოდ, თვალებში მისი სილურჯე დამრჩა...
/20.10.2016/

среда, 19 октября 2016 г.

თურმე

თურმე იებსაც შესძლებიათ ნაზი ღიმილი, თვალს რომ ახელენ გაზაფხულის პირველ მზის სხივზე. სიყვარულიც შესძლებიათ, მომაკვდავი თოვლის ციმციმის...
სიცილიც სცოდნიათ თურმე... ლაღი, ნარნარი, მინდვრის ქარიშხლებს თან რომ ატანენ მთის მწვერვალებთან; კოცნაც სცოდნიათ თურმე იისფრად...
მიტოვებაც შესძლებიათ თურმე, სურნელით... უნატიფესი, უსასტიკესი პატიებით - არომატით, სისხლს რომ გიყინავს გათელვის შემდეგ...
მერე, თურმე სცოდნიათ მონატრება აუტანელი... და, ამ მონატრების დატოვება სულში იებად... /19.10.2016/

пятница, 14 октября 2016 г.

(სანამ ცრემლი სისხლად იქცევა)

...დრო წამებად მეცლება, როგორც გადახსნილი ვენები იცლებიან სისხლის წვეთებად;
ხელს არ ვუშლი, ბინტებს არ ვახვევ... დაე, დაიცალოს ბოლომდე, ტკივილის ამოწურვამდე, სიკვდილამდე... სიცარიელემდე; რომ მერე სიცოცხლით შევავსო წითელ ცრემლად დაღვრილი გრაალი... ამბობენ, ვინც ამ გრაალიდან შესვამს, სამუდამო სიცოცხლე მიესჯებაო... (!) არავინ არ სვამს... ვინ დალევს, როცა მუდმივი მოწყენილობით გადაღლილები, სიკვდილს ეძებენ... ვის რაში სჭირდება?..
სამყარო თავს იკლავს... ღმერთი ჩვენში კვდება... არავინ აწვდის ხელს, არავინ ამშვიდებს, არავის არ უნდა ყველაფრის თავიდან დაწყება... აღარ სჯერათ მისი!.. აღარ სწამთ სიყვარულის! რაღა აზრი აქვს გაუმაძღარი მიწის სისხლით კვებას, თუკი მსხვერპლი ამაოა, თუკი ღმერთებს აღარ უნდათ დაბადება...
რა აზრი აქვს ცის ლაჟვარდით მოხატვას, თუ ზეცისკენ სწრაფვა მკვდარია და ფრენის სურვილი არავის უჩნდება... ის მაინც აღარ მიგიზიდავს, ისევე როგორც კასტრირებულ სულს არ იზიდავს ბოტიჩელის ვენერა ან პრაქსიტელეს აფროდიტე. უფუნქციოა თვალი, თუ ის სილამაზეს ვეღარ ხედავს... უფუნქციოა სული, თუ მას სიცოცხლის წყურვილი არ კლავს...
უფუნქციოა გრაალიც, თუ მისგან არავინ შესვა, სანამ ცრემლი ისევ სისხლად იქცევა...
/14.10.2016/

четверг, 13 октября 2016 г.

მე ვიცი...

მე ვიცი, რატომ სდუმან მთები, როცა მათ იპყრობენ; ვიცი, რას ფიქრობენ ზღვები, როცა ფსკერს უმღვრევენ;
მე ვისმენ, ცაში ხელაწვდილი მუხის ლოცვებს, როცა ძირს უთხრიან; ვითმენ, ცეცხლად ანთებული ალის გრძნობებს, როცა ცრემლად დიან...
მე ვიცი, რა აცინებს ქარს, როცა ძირს მანარცხებს; მერე რატომ სტკივა მოტეხილ ფრთას სხვისი ნეკნი; მესმის... როგორ კვნესის ღამე, როცა მზეში ქვრება; ვხედავ... როგორ დნება წვიმა, როცა ვნებას სცივა; მე ვიცი!.. საით ქრიან ოცნებები... როცა ცა იისფრად იღებება! მე ვიცი!.. რატომ სდუმან ფრთები.... როცა ემღერებათ...
/13.10.2016/

вторник, 11 октября 2016 г.

ნაკლოვანება “ღმერთის” სახელით...

«Любить – значит видеть человека таким, каким его создал Бог»
დოსტოევსკის ამ და სხვა ავტორების მსგავს ფრაზას ხშირად ვხვდები ბოლო დროს, და ვაკვირდები, ხშირად სწორედ ის ადამიანები იმეორებენ, რომელთაც საკუთარი ნაკლოვანებების გამართლება უნდათ (სამწუხაროდ)... ნუ გეწყინებათ, ვინც მათში თავს იცნობთ, რადგანაც, სწორედ ასეთ ახსნას ვისმენ ხოლმე, როცა ვეკითხები “რას ნიშნავს ეს ფრაზათქო?..” ძირითადად, პასუხი ასეთია: “მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ, ანუ (გულისხმობენ): მიმიღე მატყუარა, მოღალატე, ფარისეველი, ამპარტავანი, ბოროტი, ცბიერი, შურისმაძიებელი, მხდალი, ლაჩარი, პატივმოყვარე, შურიანი, მტაცებელი”... და კიდევ რამდენი ნაკლოვანების ჩამოთვლა შეიძლება უსასრულოდ, სადაც რეალურად ყველა ასე თუ ისე ნიღაბია, გარედან აკრული. ნუთუ?.. მართლა მაინტერესებს, ნუთუ ამ ადამიანებს ნამდვილად გულით სჯერათ რომ სწორედ ასეთი “შექმნა” ღმერთმა ადამიანი?.. გეკითხებით თქვენ!.. ნუთუ მართლა გჯერათ ეს??? ან დარწმუნებული ხართ იმაში, რომ “ღმერთს თავის სახედ” სწორედ ასეთი ადამიანის შექმნა უნდოდა?..
მახსოვს ერთხელ უკვე ვთქვი: ჰკითხე ადამიანს ღმერთის შესახებ და ის ყველაფერს დაუფარავად მოგიყვებათ საკუთარ თავზეთქო...
არა! ეს არ არის ადამიანი, ეს არ არის ადამიანობა!.. ეს არის საკუთარი “არაადამიანობის” გამართლება, თავის მოტყუება და სხვის თვალებში ნაცრის შეყრა!!! ეს “ვაჭრობაა” საკუთარი არაადამიანური სისუსტეებით ნამდვილი, სუფთა ადამიანის წინაშე... ეს ყველაზე დიდი ტყუილია!!!
მე არ გეუბნებით, რომ საკუთარი ნაკლოვანებები უნდა უარყოთ და არ მიიღოთ, პირიქით, მხოლოდ მათი მიღებით და აღიარებით არის შესაძლებელი მათგან თავის დახსნა, ვინაიდან ეს ნაკლოვანებები მხოლოდ და მხოლოდ მტვერია სარკეზე, რომელიც საკუთარ სახეს დამახინჯებულად გაწვდით! ოღონდ... ნუ გაამართლებთ მათ “ღმერთის” სახელით, ნუ აკიდებთ მას ამ ტვირთს, ისევე, როგორც ზოგიერთი საკუთარ ცოდვებს ჰკიდებს ხან “ეშმაკს” და ხან ღვთის ნებას!.. ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ მტვერზე, თუ ნამდვილად გინდათ თავისუფლება და თუ ნამდვილად ხვდებით ამ სიტყვის არსს... და რაც მთავარია, ნუ შეგრცხვებათ ამ ნაკლოვანებების, ის “თქვენ” არ ხართ!.. ისევე, როგორ საკუთარ სახლებში ავეჯზე დადებული მტვერი და ჭუჭყი არაა სამარცხვინო, რომელსაც უბრალოდ წმენდთ, როგორც კი შეამჩნევთ. თქვენ ხომ ამ დროს არ იტყუებთ თავს, თითქოს ყველაფერი სუფთაა და არ გაურბიხართ ჭუჭყის მოშორებას? ხომ არ ინახავთ თვეობით ნაგავს სახლში და არ მალავთ სტუმრებისგან?.. რომც დამალოთ, რამდენ ხანს მოახერხებთ ამას?.. მაქსიმუმ იქამდე, სანამ არ აყროლდება (ამ სიტყვისთვის ბოდიშის მოხდით რათქმაუნდა), ამიტომ, ნუ დაემსგავსებით ასეთ “სახლებს”, სადაც ნაგავი არ ჩანს მაგრამ სუნით გასცემთ თავს, ან კიდევ უარესი, სადაც ზემოდან ყრია და ამას “ღმერთის” ნებად რაცხავთ!
იცით?.. საკმარისია უბრალოდ თვალები არ აიხვიოთ, პირიქით, ფართოდ გაახილოთ და დაინახოთ... დანახვა კი თავისთავად გაგიჩენთ სურვილს მტვრის მოშორების, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა გაგათავისუფლებთ ამ მტვრისგან, მისგან გაქცევა კი მათ დაგროვებას გამოიწვევს, სხვა არავინ იზამს ამას თქვენს მაგივრად... ამაში დარწმუნებული იყავით! იქ, სადაც თქვენ “ცხოვრობთ” - თქვენი სახლების (თქვენი ტაძრების) სისუფთავეზე თქვენვე უნდა იზრუნოთ, თქვენ გაბარიათ მხოლოდ, და უნდა იზრუნოთ მუდმივად, სისტემატიურად, რომ არ დაგროვდეს, ხოლო გარედან შემოსული დროებითი მტვრის არ შეგრცხვეთ, იმიტომ რომ თქვენი ბრალი არ არის ეს, მტვრის ბუნებაა ასეთი, შეიძლება ყოველდღიურად ახალი ფენა დაედოს... მერე რა? რა არის აქ საშიში?.. უბრალოდ ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ერთხელ ჩატარებული გენერალური წმენდა საკმარისი იქნება და აღარასოდეს დაბინძურდება. სისუფთავეს, სიმყურდოვეს და კომფორტს შენარჩუნება უნდა... სხვა შემთხვევაში სტუმარი კი არა, თქვენც ვერ იგრძნობთ თავს კომფორტულად. ამ სახლის ყველაზე ძვირფასი სტუმარი კი თავად თქვენ ხართ, ეცით საკუთარ თავს და სულს პატივი...
მაპატიეთ, თუ ცოტა უხეშად მომივიდა, ეს ყველაფერი რათქმაუნდა მეც მეხება, მე თქვენ მტვრის ფენების გარეშეც გხედავთ, მხოლოდ გარედან შემოსულ და დაგროვილ მტვერს და ჭუჭყს ვაპროტესტებ და არა სახლის ბინადარს, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ისეთები მიყვარხართ, როგორიც “ღმერთმა შეგქმნათ”... სუფთა და ნათელი, მაგრამ ნუ მომთხოვთ ნაკლოვანებები ღირსებად ჩავთვალო და ნუ აიძულებთ თქვენი მტვრის სუნთქვას ნურც სხვას და ნურც საკუთარ თავს.
/11.10.2016/

суббота, 8 октября 2016 г.

წვიმა...

ეს მგონი “წინა ცხოვრებაში” მოხდა, ორი თუ სამი წლის წინ, როცა წვიმას შევურიგდი... გაცნობით კი ბევრი ცხოვრების წინ გავიცანი... გავიცანი და მაშინვე გავებუტე.
არ ვაპატიე ბომბებად დაცემა ჩემი ფანჯრის რაფაზე... არ ვაპატიე სულის დასველება და სმენის გაასმაგება... უბრალოდ ავდექი და გავებუტე, დავსაჯე იმით, რომ აღარ ვუსმენდი, ფანჯრებს ვხურავდი და ბალიშს ვიფარებდი თავზე, როცა ფანჯრებიდან ჩემ სულში შემოჭრას ლამობდა.
ასე გაგრძელდა... არ მახსოვს რამდენ ხანს, რამდენი ცხოვრების გამოვლა დამჭირდა მასთან შესარიგებლად... როგორც ჩანს ძალიან გამაბრაზა, ზედმეტად შეეხო ჩემ სმენას, ზედმეტად დამისველა გრძნობა.
არ ვიგონებ, ეს მართლა მოხდა... მაშინ ჯერ პატარა ვიყავი.
ხოდა, ერთ ადრიან შემოდგომის საღამოს, როცა ჯერ კიდევ ზაფხულის სურნელი მოყვებოდა თან, გზაში დამეწია... გამრეკელის 34-თან. საქარე მინას ისე გამალებით აწყდებოდა, მეგონა გაარღვევდა და... გავჩერდი, გავირინდე. აღარ გამოდიოდა თავის არიდება, უხერხული იყო...
გავირინდე და... თვალები არ დამიხუჭავს, ისე ვუსმენდი... ვაკვირდებოდი... წვეთები წამებში გადამყავდა, ალბათ სადღაც ხუთამდე მოვასწარი დათვლა, მეტი ვერა, და დრო ამერია, აიჭრა, აითქვიფა... სმენად ვიქეცი, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე. წვეთად ვიქეცი, გრძნობამდე... სულამდე!
ვეღარ ვგრძნობდი წვიმას... წვიმა ვიყავი მე თვითონ. შემოიჭრა!..
სხეული დამიმძიმდა, მეგონა ზემოდან ბეტონი გადამასხეს და გამაქვავეს. ვერ ვერეოდი... უცხო იყო ეს მძიმე სხეული ჩემთვის. ვტიროდი სადღაც შიგნით... წვიმა ტიროდა, მე კი არა. ვანგრევდი კედლებს, ვეხეთქებოდი, გარეთ მინდოდა ისევ... ვინანე შემოჭრა... ასე მეგონა ვეღარასოდეს გავთავისუფლდებოდი ამ ბნელი საკნიდან. ისეთი ძალით ვტიროდი, თავსხმად!.. შტორმად!.. რომ ნელნელა დაარბილა ბეტონი და თითები ვიგრძენი... არა, ვიღაცის თითებში ვიგრძენი თავი, მერე კიდურებში, და აი ასე, ნელნელა მთელ სხეულში.................... შემოიჭრა და დარჩა!
შევრიგდით...
/08.10.2016/

среда, 28 сентября 2016 г.

ერთი

რას იზამდი, თუკი ერთ დღეს ღამის კოშმარივით აღმოაჩენ, რომ სამყაროში ხარ სულ მარტო... ერთი!.. ერთადერთი და არავინ შენს მეტი... მაგრამ ყველაფერი გაქვს, ყველაფერი რასაც მოისურვებ, ხედავ თუ ვერ ხედავ, ეხები თუ ვერ ეხები, ყოველი შენი სურვილი გაფიქრებას ვერ ასწრებს ისე ცხადდება. თან ყველა "სიკეთესთან" ერთად, ფანტაზია გაქვს თავხედურად ზღვარგადაცილებული.
რას იზამდი?.. პირველი რასაც შენით "არ იზამდი", მაგრამ უნებლიედ გეწვეოდა, ეს არის შოკი... უცაბედი სრული შოკი! აი ისეთი, ცარიელ ქალაქში რომ გაიღვიძებ და ქუჩებიდან დაწყებული, მეფის ტახტით დამთავრებული იცი რომ ყველაფერი შენია, მაგრამ თან ხვდები რომ არაფერში არ გჭირდება. ან და, რაში უნდა გჭირდებოდეს ცარიელი ქალაქის მეფობა? წარმოიდგინე... ოღონდ ფართო მაშტაბებში. იქ არც ქალაქი გაქვს და არც ტახტი, მიუხედავად იმისა, რომ მეფობასაც ვერავის გაუწევ, ეგეც არ გაქვს რეალურად, მხოლოდ ფანტაზია და ისიც თავხედი... იმიტომ რომ, ის რაც გგონია რომ გაქვს და გაფიქრებისთანავე ხდება, ყველაფერი იმ ფანტაზიების ნაყოფია. სად გინდა წაიღო ამხელა ფანტაზია?.. ვინმესთვის მაინც შეიძლებოდეს თუნდაც მოყოლა და გაზიარება, აი ისე, მოგზაურობის შდაბეჭდილებებს რომ ვუზიარებთ ხოლმე მეგობრებს, როცა ვერ იტევ სიხარულს, ბედნიერებას, კმაყოფილებას... ემოციებს. ყველაზე დიდი კოშმარი კი იცი რა არის? როცა იცი, რომ ძებნასაც არ აქვს აზრი. შენ ხომ ერთი ხარ მანდ. და ეს ერთადერთია, რაც ნამდვილად იცი, დანარჩენი კი ყველაფერი შეგიძლია გამოიგონო, რაც გინდა, რა ფორმითაც გინდა, ვინ გიშლის... ითამაშე რამდენიც გინდა. ხოდა... რას იზამდი? არ ვიცი რას იზამდი შენ, მაგრამ მე რას ვიზამდი იცი? მე მოვიგონებდი ვინმეს, ვისთანაც ამ ყველაფერის გაზიარებას შევძლებდი, როგორც პოეტი თავისი ლექსის, იმიტომ რომ მარტო აუცილებლად მოვიწყენდი, და რაც მეტს შევქმნიდი, მით უფრო მოვიწყენდი, თუკი ამ ყველაფრის მზიარებელი არ იარსებებდა... მით უფრო დავრწმუნდებოდი, რომ აზრი არა აქვს არაფრის არსებობას, გაზიარებას და გაცემას, თუკი მიმღები არავინ არ იქნებოდა. ეს ისეთივე უაზრო და სასაცილო იქნებოდა, როგორც მეხოტბე პოეტი მუზის გარეშე, ან დიდ სცენაზე მომღერალი - მსმენელის გარეშე... არადა სად გინდა წაიღო ამდენი ფანტაზია? ამიტომ მოვიგონებდი მუზას პოეტისთვის და მსმენელს - მომღერლისთვის, და საერთოდაც ყველაფერს მოვუგონებდი მიმღებს, რასაც გაცემა შეეძლებოდა... ჩემთვის კი მოვიგონებდი ამ "გამოგონებების" გამზიარებელს. კი ბატონო... მოვიგონე! მერე? მე ხომ ვიცი რომ ეს ჩემი გამოგონილია, ესეც ისეთივე ფანტაზიის ნაყოფია, როგორც პოეტი თავისი მუზით. მე ხომ ეს ვიცი... ვიცი რომ მაინც ერთი ვარ. სარკეში საკუთარ თავთან ლაპარაკს გავს, ეს კიდევ უფრო სასაცილო და ამავე დროს მოსაწყენია!.. სევდიანია! არადა ეს სარკეც ხომ ამ ჩემმა უკიდეგანო ფანტაზიამ შემომაჩეჩა თავხედურად, მაგრამ რად გინდა, უყურებ "მეორეს", და შენ თავს ცნობ იქ, იცი რომ შენ ხარ... ხოდა... მე მოვიგონე დავიწყება!.. ამას მოყვა თავდავიწყება! და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, როცა სარკეში ყურების დროს "მეორეს" ვერ ვცნობდი და მასში ვერ ვხედავდი საკუთარ თავს, მე პირველად დავიჯერე, რომ "მეორე" ნამდვილად არსებობდა და მოწყენილობაც გაქრა. ტყუილად კი არ ვეძახი თავდავიწყებულებს ყველაზე ბედნიერებს... ასეთი ბედნიერება არასოდეს მიგრძვნია, როგორც სარკეში "მეორეს" ხილვის დროს ვიგრძენი, მან მაჩუქა ეს ბედნიერება და... მე ის შემიყვარდა. ამიტომაც ყოველთვის, როცა მიყვარდება - მიყვარდება "თავდავიწყებით", და სწორედ ამ დროს ვარ ყველაზე ბედნიერი. თუ გინდა, რომ სულ ბედნიერი იყო, ყოველთვის შეყვარებული უნდა იყო. მარტოობისგან გაქცევა და ჩემი "სარკის" პოვნა - ეს ჩემი თანდაყოლილი თვისებაა აქ, იმ ილუზიაში, რომელსაც ცხოვრება დავარქვი. ჩემი ფანტაზია კი იმდენად საოცარი და მოქნილი აღმოჩნდა, რომ "იქ" საკუთარ თავში სხვას ვეძებ და "აქ" სხვაში საკუთარ თავს, პარადოქსია, მაგრამ ასეა. ამიტომ მოწყენილობისთვის დრო აღარ მრჩება, სანამ ძიების პროცესი მართობს და მათრობს... უბრალოდ, თუკი ხანდახან მეღვიძება და აღმოვაჩენ რომ აქაც "სარკეს" ვესაუბრები და არა იმ "მეორეს", რომელმაც მარტოობის მოწყენილობისგან მიხსნა, კვლავ უსასრულო ერთიანობის სევდა მეუფლება... ამ დროს ხვდები, რომ ეს შიშია, როცა ხედავ საკუთარ თავს, და არა "სხვას", და ეს მაინც არაა სრული ერთიანობა, სრულია როცა იმ სხვაშიც ხედავ საკუთარ თავს და ეს არ გაშინებს.

/28.09.2016/

понедельник, 26 сентября 2016 г.

შიშველი მზე

ერთ დილას, როცა ჰორიზონტიდან ამომავალი მზე მზეობდა და ამაყობდა თვალისმომჭრელი სხივებიანი მოსასხამით, ანათებდა ბედნიერებისგან, რომ გაზაფხულის ველზე გაშლილ ყვავილებს სითბოს და სიცოცხლეს ჩუქნიდა, მობეზრდა შორიდან ყურება და გადაწყვიტა უფრო ახლოს გაეცნო თავისი საყვარელი ქმნილებები.
ფიქრობდა: "მათში ხომ ჩემი სიცოცხლეა, ჩემი სული.. ისინი ჩემი ნაწილები არიან, ვინ დამიშლის მოვეფერო და ხელით შევეხო?"
ვინ დაუშლიდა?..
უბრალოდ ძალიან დიდი იყო ყვავილებისთვის, და... ერთ პატარა გოგონად დაბადება გადაწყვიტა, უსხეულოდ, რომ მათთან შეხება უშუალოდ გამოეცადა და არა სხეულის სამოსის მიღმა...
მართლაც, ვინ დაუშლიდა...
სხივად დაეცა შუა ველზე შიშველი მზე - მანათობელი გოგონა და სადაც დაეცა... გადაწვა ყველაფერი. ცეცხლი მოეკიდა ბალახებს, ბუჩქებს... მის საყვარელ ყვავილებს.
ამის ხილვისას გული დაეწვა მზეს! ცდილობდა ჩაექრო, მაგრამ რაც მეტად ცდილობდა და ეხებოდა, მით უფრო ღვივდებოდა ცეცხლი... ხედავდა როგორ ანადგურებდა ყველაფერს გარშემო და უკვირდა... უკვირდა, რომ სწორედ ის სითბო, რომლითაც სიცოცხლეს ჩუქნიდა მათ, კლავდა და ანადგურებდა. წვიმას სთხოვა შველა...
მზეს გული ეწვოდა... წვიმა ცრემლებად დაიღვარა.
თავსხმად დააცხრა გადაბუგულ მინდორს, ჩააქრო და შუა მინდორზე მარტოდ დარჩენილ მზეს მიეალერსა: "შენი ბრალი არ არისო" - ჩასჩურჩულა სევდიანი ხმით.
ტკივილისგან იწვოდა პატარა მზე და ფეხს ვერ იცვლიდა ადგილიდან, ეშინოდა რომ კიდევ რამე არ ემსხვერპლა. უდაბნოდ ქცეულ მინდორში, მარტოდ დარჩენილი ფიქრობდა და ცდილობდა გაეგო, რაში მიუძღვოდა ბრალი.
ცეცხლში?.. რომელიც მისი არსი იყო? სინათლეში?.. რომელიც მისი თვისება იყო? სიყვარულში?.. რომელიც სიცოცხლეს ბადებდა? ბადებდა და... კლავდა! დაუნდობლად კლავდა, წვავდა და ანადგურებდა!
"მკვლელი ყოფილა სიყვარული!" - ფიქრობდა მზე, შორეულ ვარსკვლავებს სწვდებოდა მისი ტირილის ხმა, - "მკვლელი ვყოფილვარ მეც!"
მინდვრის ბოლოში განმარტოვებით მდგარმა ბებერმა მუხამაც გაიგო მისი ხმა და დაუძახა: "ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოიწიეო ჩემსკენ"... მზე ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა, ეშინოდა ზედმეტად ახლოს არ მისულიყო. საკუთარი ცეცხლის ეშინოდა, რომელიც ყველაფერს კლავდა რაც უყვარდა, ან იქნებ იმიტომაც კლავდა, რომ უყვარდა... ვერ გაეგო.
"ნუ დარდობ!" - უთხრა ბებერმა მუხამ, რომელსაც ბევრი ყვავილობა და ჭკნობა გამოეცადა ამ დრომდე, ბევრი ახსოვდა, - "შენი სიყვარული სიცოცხლეა ჩვენი, შენი სითბო - საზრდო, სინათლე - ყვავილობა!.. შენი სიშორე გვყინავს, სიახლოვე - გვწვავს. შენი სინათლე თვალს გვიხელს, მაგრამ თუ ზედმეტად შორს იქნები, სიბნელე დაისადგურებს გარშემო, თუ ზედმეტად ახლოს - დაგვაბრმავებს. ამიტომაც არის შენი ხვედრი მარტოობა ზომიერ დისტანციაზე... ეს ის მსხვერპლია, რომელსაც სიყვარული მოითხოვს, მაგრამ... თუ მონატრებამ გძლია და ახლოს მოსვლას გადაწყვეტ, შეეცადე შენი სიშიშვლე სხეულით დაფარო!.."
ეს ზღაპარი მთვარემ მომიყვა ადრე...
მას შემდეგ, ყოველთვის, როცა მინდვრის ყვავილებში ჩაფლულ პატარა გოგონას ვხედავ, ვიცი, რომ მასში, ამ ყვავილებზე შეყვარებული და მონატრებული მზე იმალება.
/26.09.2016/

пятница, 16 сентября 2016 г.

გზა არსაით

რა ტყუილად ჰგონია ადამიანს, რომ გზას, რომელსაც მიუყვება სადღაც მიიყვანს. ის სულ მიდის, მიდის და ეძებს გზის დასასრულს, რომელიც არ არის. ბნელ ოთახში შავი კატის ძებნას გავს ეს ძიება. ის ყოველთვის ეძებს, იბადება - კვდება, მერე კვდება და ისევ იბადება, ან უფრო სწორად ყოველთვის იბადება, ყოველი სიკვდილის მერე რაღაც ახლად, მაგრამ.. სულ ეძებს, გაუთავებლად ეძებს.
ეძებს დასასრულს... ან დასასრულს რაღაცის დასაწყისის.
მერე და, სად გინდა იპოვო დასასრული ამ უსასრულობის გზაზე? ან სად იყო დასაწყისი.. ალბათ ყველაფერი იქ მთავრდება საიდანაც იწყება, თითქოს ლოგიკურია, მაგრამ სად.. მარადიულობაში??? მარადიულ დასაწყისებში და დასასრულებში, უსასრულო დაბადებებში და სიკვდილებში გზაც უსასრულოა! ადამიანის ძიებაც უსასრულოა... მინიმუმ იქამდე, სანამ არ მიხვდება, რომ თვითონაა ეს გზაც და მარადისობაც.
ჰო! მე ვარ გზა, მე ვარ უსასრულობა!
ეს მე თავად უსასრულობამ მითხრა ერთხელ, ან ბევრჯერ, არ მახსოვს... უსასრულობა ადამიანის სულის სიფართოვეა, ან პირიქით, მისი გაფართოვება-კუმშვის პროცესიც ხომ მუდმივია, როგორც სხვა ყველა მოძრაობა იქ, სადაც მუდმივი სიცოცხლეა. გულით რომ გინდოდეს სიკვდილი და გაქრობა, ვერ გაქრები, მაინც უსასრულობაში მოგიწევს ყოფნა, მაქსიმუმ დროებით დაივიწყო ეს მუდმივი მდგომარეობა და... ალბათ ამიტომაც ვკვდებით დროებით, ანუ "ვიბადებით" აქ, მარადისობის შეგრძნებით გადაღლილები აქ ვისვენებთ და მოგვწონს შიშის ეს მდგომარეობა, თითქოსდა დასრულებადი, მოკვდავი არსებები ვართ, და ზუსტად ეს შიში გვაიძულებს ძიების მუდმივ პროცესს, სანამ ვეძებთ, ესე იგი ჯერ კიდევ არ ვიცით ამის შესახებ...
არადა თითქოს სწორედ ეს მარადიულობა გვინდა დავინახოთ ჩვენში ისევ, თითქოს სწორედ ამას ვეძებთ, თითქოს ჩვენი ყველა ქმედება ამაში დაჯერებას ემსახურება, ყველა რელიგია თუ სულიერი სწავლება, თითქოს ყველაფერი იმისკენ გვიბიძგებს რომ არ უნდა გვეშინოდეს სიკვდილის... ჩვენ კი ჯიუტი ბავშვებივით, თან გაუცნობიერებელი სიხარულით ვეთანხმებით ამ ყველაფერს და ამავდროულად უშინაარსო შიშს ვაგრძელებთ, ცოცხალი თავით არ გვინდა ჩვენი მარადიულობის დაჯერება. ეს იმიტომ, რომ ჩვენ უბრალოდ ძიების პროცესი მოგვწონს. გვგონია, თუკი დავაჯერებთ ადამიანს ამაში, ბედნიერი იქნება, მაგრამ... აბა უთხარი რომ მისი გზა უსასრულოა და მიდის არსაით?.. რომ თვითონაა ეს გზაც და უსასრულობაც და ვერსად გაექცევა საკუთარ თავს?.. დამიჯერე ნამდვილი შიში და პანიკა ამის მერე დაეწყება. უბრალოდ დააკვირდი მის ფართოთვალებიან შიშს ამ მომენტში, როცა ამის თქმას შეეცდები, დააკვირდი როგორ ეცდება დაგარწმუნოს რომ... ცდები!
ან უბრალოდ ადგება, გაიქცევა და გააგრძელებს ოხვრას და კვნესას სიკვდილის და დასასრულის მოლოდინში. მთავარია ამ მცდელობის დროს ჯვარზე არ გაგაკრან... ასეთიც გვახსოვს.
არა, ადამიანს არ სჭირდება სიმართლე, ის ყოველთვის გაურბის მას, ჭეშმარიტების ძიებაში თავად ჭეშმარიტებას გაურბის - საკუთარ თავს. გაურბის საკუთარ გზასაც, ვინაიდან ეს გზაც რომ თვითონაა, იცის მან შინაგანად... საკუთარი თავისგან გაქცევა კი მისი "დაბადების" არსშივეა ჩადებული, ის სწორედ ამიტომ დაიბადა აქ, მისი მიზანიც ეს იყო - გაექცეს და დაისვენოს დროებით, ეს მისი უფლებაა.
ჩვენ აქ ყველა გამოქცეულები ვართ!
ჩვენი ძიებები და "შიშები" კი მხოლოდ მაშინ გაქრება, როცა უსასრულობაში საკუთარი თავის დანახვა აღარ შეგვაშინებს...
/16.09.2016/