пятница, 22 апреля 2016 г.

იმისთვის, რომ მოკვდე, ჯერ უნდა დაიბადო...

უამრავი გზიდან ერთერთი აუცილებლად სამყაროს კიდემდე მიგიყვანს, იმ კიდემდე, სადაც შემდეგი ნაბიჯი მხოლოდ უფსკრული შეიძლება იყოს... ხოდა დგახარ ამ უფსკრულის წინ და ფიქრობ, გადადგა თუ არა შემდეგი ნაბიჯი, დაასრულო თუ არა გზა სახელად “სასოწარკვეთა”, გადაეშვა თუ არა თავით სიცარიელეში... დგახარ ეკლიანი გზის ბოლოს და პირდაპირ სულში უყურებ უფსკრულის ფსკერის სიბნელეს. ...შიში გიპყრობს... ...არადა ამ დროს უკვე მკვდარი ხარ, ჯერ არ გაცოცხლებული მკვდარი, რომელსაც ჰგონია, რომ სამყაროს კიდიდან გადახტომის შემდეგ ეზიარება ამ დიად საიდუმლოს... ეს მშიშარა სიკვდილია, მკვდართა სიზმარი...
ნამდვილი სიკვდილი - მშობლის ალერსია, მეგობრის ღიმილია, შეყვარებულის ამბორია. იმისთვის, რომ მოკვდე, ჯერ უნდა დაიბადო...
სიკვდილი უნდა დაასწრო სიკვდილს, როგორც დუელში სასხლეტის გამოკვრა!.. უნდა დაასწრო აფეთქება და ქარში აალება, ვიდრე ჩაგაქრობს. შემდეგ სიცოცხლეს უნდა გაუღიმო და მზის სხივების ფეირვერკებით შენი ჩასახვა აუწყო სამყაროს!.. შენ იბადები, როგორც სუპერნოვა - თვალისმომჭრელი სიკაშკაშით და სამყაროს უფსკრულს სიბნელეს აცლი, ისევე როგორც დრო აცლის ხეს გამხმარ ფოთლებს... ...და აი ასე... ...შენ სიკვდილი გააცოცხლე!.. სიბნელის სიცარიელე სინათლით აავსე... არარაობა აზრად აქციე - აი იმ მშობლის ალერსად, მეგობრის ღიმილად... შეყვარებულის ამბორად... შენ სუპერნოვა ხარ! სამყაროს კიდემ ვერ დაგიტია და გაგექცა, იქ, სადაც შენი სინათლე ვერ მისწვდებოდა, სადაც ვარსკვლავები არ კაშკაშებენ და გზააბნეული სასოწარკვეთის მეტი ვერავინ მიაგნებს...
ნამდვილი სიკვდილი - სიცოცხლეა, ნამდვილი სიცოცხლე - სიკვდილი... ეს მხოლოდ აფეთქებულმა ვარსკვლავებმა იციან.
/22.04.2016/

четверг, 14 апреля 2016 г.

ინვოლუცია

ადამიანი, როგორც სამყაროს ნაწილი, თავისი არსით განვითარებადი - ევოლუციური მოვლენაა, და ბუნების სხვა მოვლენებისგან განსხვავებით იგი განვითარების ყველაზე მაღალ საფეხურზე ითვლება. ერთი შეხედვით ასეც არის... თუმცა განვითარება თავის თავში უკვე მოიაზრებს პლიუსის და მინუსის, აღმავალი და დაღმავალი მოძრაობის, პროგრესული და რეგრესული სვლის და შეკუმშვა - გაფართოვების ერთობას. როდის იწყება რეგრესი? ან კი ითვლება რეგრესად გარკვეული ქმედებები, მიუხედავად მისი გარეგნული მსგავსებისა, რომელიც რეალურად პროგრესს მოიცავს?..



yin yang

მაინც რა არის რეგრესი??.. განვითარება მხოლოდ ევოლუციით არ შემოიფარგლება, მას ინვოლუციაც ისევე სჭირდება, როგორც ევოლუცია, უფრო სწორად ორივე ერთად და ერთდროულად. მათი ურთიერთმოქმედება ორ თევზს ჰგავს, რომელთაგანაც ერთი დინებას მიყვება, ხოლო მეორე დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს. ისინი ერთმანეთს აბალანსებენ... ორი პლიუსის, ისევე როგორც ორი მინუსის ურთიერთქმედება უკვალოა, უშედეგო, მეტიც - ისინი უბრალოდ არ მოქმედებენ, არ ხდება მათ შორის არავითარი კავშირი და მოძრაობა.
დააკვირდით ერთი ადამიანის ერთ სიცოცხლეს, მისი განვითარების ეტაპებს: ბავშვობას, ახალგაზრდობას, სიბერეს... რატომ ემსგავსება მოხუცი ბავშვს? ნუთუ შეიძლება მის ბავშვურობას რეგრესი დავარქვათ?.. ნუთუ არ გინახავთ ცხოველი, რომელსაც ადამიანზე მეტი შეგნება აქვს და მეტი ესმის?.. ნუთუ ერთხელ მაინც არ გინატრიათ, რომ ფრინველად დაბადებულიყავით... ან წვიმად ქცეულიყავით. არა, ეს რომანტიზმი არ არის, ეს ბუნებაა ასეთი, მისი თამაშია...
არის სადღაც ერთი შეხების წერტილი, ფაქიზი ზღვარი, სადაც ეს ორი უკიდურესობა ხვდება ერთმანეთს, და რომლის გადაბიჯების შემდგომ, თითქოს უკუსვლას იწყებ... მაგრამ აქვე არის ის სიფაქიზეც, რომელიც განასხვავებს ამ ორ თითქოსდა მსგავს მოვლენას. სხვაობა გაუცნობიერებელ და გაცნობიერებულ ქმედებაშია!.. გარეგნული ინვოლუციის პერიოდში ადამიანი ემსგავსება ევოლუციის გზაზე მდგომ მის წინამორბედს, ის ჯერ ემსგავსება რომელიმე ცხოველს, თუმცა მის საუკეთესო თვისებებს იყენებს (მაგ: ხდება ძაღლივით ერთგული, გველივით ბრძენი, ლომივით ძლიერი, არწივივით თავისუფალი), შემდეგ მცენარეს - მშვიდი, განმარტოვებული და გულუხვი, შემდეგ მინერალს და ასე უსასრულოდ, იქამდე, სანამ განზიდვა არ შესუსტდება და უკან არ დააბრუნებს პლიუსში... მთელი ეს პროცესი მხოლოდ და მხოლოდ ბალანსს ემსახურება, როგორც გარეგანს, ასევე შინაგანს. ბალანსის დარღვევა და რომელიმე უკიდურესობის გაქრობა - სიცოცხლის შეწყვეტის ტოლფასია. რათქმაუნდა ფიზიკურ (ან მხოლოდ ფიზიკურ) სიცოცხლეს არ ვგულისხმობ, ზოგადად, ეს - მოძრაობის გაჩერება, გაყინვა და უმოქმედობაა... სამყაროს სუნთქვის შეწყვეტაა.
ჩვენი წონასწორობის იდეალური მდგომარეობა ნულის მდგომარეობაა, ჩვენი პლიუსი და მინუსი, აღმავალი და დაღმავალი ამ წერტილში ხვდებიან ერთმანეთს. ნული - ეს ის წერტილია, სადაც ყველაფერი არაფერია და არაფერი - ყველაფერი, სადაც მოძრაობა კი არ ჩერდება, მომენტში მარადისობად იქცევა... ეს ბალანსია.
/14.04.2016/

среда, 6 апреля 2016 г.

ხელთუქმნელები

ჩვენ მარადისობის შვილები ვართ - მე და შენ... ხელთუქმნელები, უკვდავები, წამიერები... მზის სხივით გამოვლენილები და მისივე ჩრდილში დამალულები. ჩვენი თვალებით უყურებს მარადისობა საკუთარ შემოქმედებას - სამყაროს, ჩვენით წვიმს, ჩვენით ქრის ველებზე და ტალღებად ეხეთქება ნაპირებს... ჩვენით შეიგრძნობს საკუთარ სილამაზეს, სურნელს, ფერებს, მელოდიას...
ჩემი ცრემლებით ნამავს შენს მიწას, შენი ღამით შენატრის ჩემს დილის სხივებს, ჩემი ყვავილებით შეისუნთქავს შენს არომატს... და ამით გვიმღერის ჩვენი განუყოფლობის სიმღერას... მაგრამ ხშირად, დროის საფარველქვეშ საუკუნეებით ვცდებით ერთმანეთს, და ჩვენ შორის სივრცე გადაულახავი გვეჩვენება. მე და შენ მოკვდავის თვისებებს ვიძენთ და შიში გვიპყრობს... ბრმა და ბნელი შიში, რომელიც მზესაც კი ვერ ხედავს. მაგრამ ყველა შიში და თვისება მხოლოდ დროის სამეფოში არსებობს.
ჩვენ კი უკვდავები ვართ!.. მარადიულები!.. როგორ შეიძლება მარადისობას სივრცის დროებითი საფარველის ეშინოდეს?.. როგორ შეიძლება მოკვდავის თვისებები მარადიული გახდეს, მოკვდავის - რომელიც მხოლოდ დროში ცოცხლობს... და მხოლოდ სივრცეში იბადება და კვდება?.. როგორ შეიძლება სულის მელოდია დრომ შეაჩეროს?..
ჩვენ ხელთუქმნელები ვართ სამყაროს სუნთქვასავით!.. მე და შენ!.. და მხოლოდ იქამდე გვერქმევა “მე და შენ”, სანამ ჩემი ყვავილების არომატით ტკბობა არ მოგბეზრდება, სანამ შენი დილის სხივებით ჩემს სიზმრებს არ გააღვიძებ, სანამ ჩემი ცრემლებით არ გაიჟღინთება შენი მინდვრები და ახალგაღვიძებულზე ზღვიდან დაბერილი ზაფხულის ბრიზით არ ჩამჩურჩულებ: მე ვარ შენ!
/06.04.2016/