воскресенье, 28 февраля 2016 г.

/ტკივილი, განსაცდელი, მწუხარება, ტანჯვა/


ტკივილი - შეგრძნების დონეზე არის მხოლოდ ფაქტი. ტკივილის მიზეზი კი შეიძლება უამრავი იყოს, ამიტომ ცალსახად ვერ დავარქმევთ მას "ცუდს" ან "კარგს", აქედან გამომდინარე ვერც ადამიანის მდგომარეობას მივცემთ შეფასებას.
ადამიანების აზრი იყოფა, როდესაც საქმე ტკივილს და მწუხარებას ეხება. ერთნი თვლიან, რომ მწუხარება და ტკივილი "დაბალი საფეხურის" განცდებია, სხვები პირიქით... სინამდვილეში კი თვითონ ტკივილი კი არა, მისი გამომწვევი მიზეზია მთავარი.

რამდენნაირი ტკივილი და ტანჯვა არსებობს? რა მიზეზები შეიძლება ჰქონდეთ მათ?... არსებობს შიშისგან გამოწვეული ტკივილი, არსებობს შურისგან და შურისძიებისგან გამოწვეული ტანჯვა, ან სურვილების დაუკმაყოფილებლობისგან და თუნდაც სიძულვილის სიჭარბისგან გამოწვეული მწუხარება... მაგრამ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მედლის ერთი მხარეა, ერთი უკიდურესობა. მეორე კი ბევრად ამაღლებულია, ფართო და ღრმა განცდაა, ეს თანაგრძნობით გამოწვეული თანა-განცდაა, ტყუილად არ ჰქვია მას "თანაგრძნობა"... ადამიანი რეალურად განიცდის სხვა ადამიანის ტკივილს, გრძნობს მას, ისევე როგორც საკუთარი სხეულის ერთერთ ნაწილს და თანადგომას უცხადებს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მასთან ერთად დეპრესიაში გადაეშვას თავით, ან მწუხარება გააორმაგოს, არა... თანაგრძნობა დახმარების შეთავაზებაა მისი მხრიდან და არა უიმედობის ჩასახვა. ძალიან ფაქიზია ეს ზღვარი და ხშირად ბანალური "გულის აჩუყება" თანადგომად ირაცხება. თანაგრძნობის დროს ადამიანი არ განუდგება სხვებს და შესაბამისად, როგორც ერთი ორგანიზმი, ისე აღიქვამს სხვა ყველა დანარჩენს. რათქმაუნდა ის გრძნობს "საკუთარ" სხეულში ტკივილს, მაგრამ პანიკის ნაცვლად ცდილობს დაეხმაროს სხვას.. რეალურად საკუთარ თავს.

თანაგრძნობაზე კიდევ უფრო მაღალი საფეხურია - მსხვერპლი და თავგანწირვა, რაც ყოველთვის ტკივილთან და ტანჯვასთან ასოცირდება. ეს მისი ასე ვთქვათ "ფასია". თუკი ტკივილი არ ფიგურირებს, მსხვერპლის არსი ბათილდება. სწორედ ამიტომაც ჰქვია მას "მსხვერპლი", რომ ის ადამიანისთვის მტკივნეულია და მიუხედავად ამისა, მაინც მიდის თავგანწირვაზე. განსხვავება ნებაშია, თავისუფალ არჩევანში. მსხვეპლზე ადამიანი გაცნობიერებულად მიდის, მისთვის ეს "ტანჯვა" რეალურად სიხარულია. ეს არის სრული მიმღებლობის და მიმდობლობის მდგომარეობა, აი სწორედ ის მდგომარეობა, როდესაც ქრისტემ ჯვარზე გაკვრის დროს თქვა: "იყოს ნება შენი...". ცნობიერი თავგანწირვით მიღებული ტანჯვა ღვთიურია.

ვიცი ბევრს გაახსენდება აღმოსავლური სწავლებების ერთერთი დოგმა, რომ თურმე "მსხვერპლი საჭირო არაა". აქაც ამ ტერმინის მეორე უკიდურესი კუთხიდან ხედვის პრობლემა დგას. მსხვერპლი უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ცნობიერი, და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ტკივილის სუბლიმაცია სიხარულის ფაზაში. სუბლიმაციის გარეშე ტკივილში დარჩენა დამანგრეველი ხდება ადამიანისთვის. რეალურად ეს ფიზიკური თუ ემოციური ტკივილი, რომელსაც ვერ გაექცევი და, გინდა - არ გინდა ფიზიკურად მაინც გრძნობ, ამავდროულად იძენს ექსტაზური სიხარულის განცდას. ტკივილი ტკივილად რჩება, უბრალოდ იცვლება აღქმა. სწორედ აქ ჩანს ამ განცდის ბუნების ამაღლებული მდგომარეობა, მისი ღვთიურობა... ეს სრული გაცემაა საკუთარი თავის ხარჯზე.

რუმი ამბობს: "ჭრილობებიდან შემოდის ჩვენში სინათლე"-. მისი ტკივილი არ ეტეოდა ერთი კონკრეტული პიროვნების საზღვრებში, არ იყო ეგოისტური, მისი ტკივილი სიფართოვით სამყაროს ედრებოდა. მისივე სიტყვებია: "გატეხილ გულში ეძებეთ განძიო". იგივეს ამბობს აურობინდოც: "ჩვენი სულის ნანგრევებში უნდა ვეძებოთ გასაღებიო"... "ტანჯვა და ტკივილი დიდი შეგნებისა და ღრმა ბუნების პატრონთათვის მუდამ სავალდებულოა. ჭეშმარიტად დიდი ადამიანები, უთუოდ უნდა გრძნობდნენ დიდ ნაღველსაც ამქვეყნად." თეოდორ დოსტოევსკი... ჰალილ ჯებრანი კი გვეუბნება: "როგორც ხილის კურკა ტყდება, იმისთვის, რომ გულმა მზე დაინახოს, ასევე უნდა შეიცნოთ ტკივილიო"... დიახ, ნგრევა არ ხდება უმტკივნეულოდ. სწორედ ამ ნგრევით გამოწვეული ტკივილია ის მსხვერპლი, რომლიდანაც ჭუპრი პეპლად იბადება.


воскресенье, 21 февраля 2016 г.

ერთი ნაბიჯი

...იმ დილით, აუტანელი სიცხე იყო უდაბნოში... პირველი ნაბიჯი უნდა გადამედგა და მეშინოდა... დაბლა დავიხედე, გრძელი კაბის ქვეშ შიშველი ტერფები მიჩანდა, ჩემდა გასაკვირად კანი ისეთი ნაზი და თეთრი იყო, არაფერი ეტყობოდათ მათ ფეხშიშველი სიარულის. ცხელი იყო ქვიშა, აუცილებლად დამწვავდა. დიდხანს ვიფიქრე... სხვა გზა არ მქონდა, უნდა გადამედგა ნაბიჯი.. სულ რაღაც ერთი ნაბიჯი ათასი წლის უკან.
...თვალები დავხუჭე, და... ჩემი შიში ქვიშის სიგრილემ გაფანტა ღრუბლებივით. საიდან მოვხვდი აქ?.. ან ვინ ვარ საერთოდ, არც სახელი მახსოვს, არც დრო. რაღაც ნაცნობია, რაღაც უცნობი. საათზე დავიხედე, მაგრამ აღმოჩნდა რომ საათი არ მეკეთა. მერე სამოსს დავაკვირდი, თეთრი ტილოს კაბას გავდა, კაბას კი არა უფრო მამაკაცის პერანგს, ოღონდ გრძელს. ასე რატომ მაცვია?.. თავი მომაბეზრეს კითხვებმა.
აღმოსავლეთისკენ ავიღე მიმართულება, რატომღაც... ბევრი არ მივლია, სულ მალე ცხელი მოლივლივე ნისლის მიღმა ქვიშაზე გაწოლილი გრძელი სილუეტი გამოჩნდა. უდავოდ ქალაქი იყო, ნაცნობი ქალაქი, მაგრამ სახელი არ მახსოვდა. მიხაროდა?.. არ ვიცი რა დავარქვა, მაგრამ რაღაცნაირად მეჩქარებოდა მასთან. თითოეული კენჭი მელოდა იქ.. ვიცოდი... ვიღაც მელოდა.
ქალაქის ქვის გალავნის შესასვლელთან ჩალმით გადახურული სავაჭრო დახლები იდგა. იქვე ხესთან იდგნენ თოკით მიბმული აქლემები, ეტლში შებმული ცხენები.. სიცხისგან გაბრუებულებს არაფრის თავი არ ჰქონდათ. დახლები სავსე იყო ჭრელი ფარდაგებით, სანათებით, სამკაულებით... ცოტა მოშორებით საზამთროების და ხილის დახლებიც მოჩანდა. ქვიშაზე ჯეზვაში წყალი დუღდა... ერთი შეხედვით ქალაქი სიცოცხლით იყო სავსე, მაგრამ... ცარიელი იყო. ის არ იყო მიტოვებული, არც დარბეული, არც ნაომარს გავდა, ყველაფერი თავის ადგილზე იყო იქ - ადამიანების გარდა. თითქოს ერთ წამში აორთქლდნენო. დახლებს შორის დავდიოდი და ვეძებდი... ადამიანებს ვეძებდი.
ამასობაში შესასვლელ ჭიშკარს მივადექი. ულამაზესი ორნამენტები მიუყვებოდა ცაში აზიდულ თაღს.. ცოტა ხანს გავჩერდი და მოჯადოვებულივით შევცქეროდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს ტალღოვანი ჩუქურთმები ვენებში შემომიძვრნენ და სისხლს გამოყვნენ გულამდე... უცებ არეკლილმა სხივმა მომჭრა თვალი, გავიხედე, ერთერთ დახლთან დიდი სარკე იდგა. ახლოს მივედი... სარკიდან მამაკაცი მიღიმოდა. თეთრი სახის კანი ჰქონდა, მუქი, ოდნავ გრძელი თმა, შავი თვალები... უნებლიე სევდიანი ღიმილი იყო ეს, გაუსაძლისი სიცარიელით გამოწვეული.
...ნამდვილად ვიღაც მელის... ვგრძნობ, ვიცი... რატომ ვერ ვხედავ?.. ან იქნებ თვითონ ვერ მხედავს?
მექანიკურად ისევ საათს დავხედე. ნამდვილად სადღაც დავკარგე.. საათს ვინ ჩივის, დრო დავკარგე. ნამდვილად მე თვითონ ვარ უჩინარი, სხვაგვარად არ შეიძლება იყოს. მხოლოდ ის დამინახავდა, ვინც მიცნობდა, მაგრამ ვერავინ მიცნო. ალბათ დროში ავცდი, მე კი საათიც აღარ მაქვს, ახლა როგორ გავიგო სად და რა დროს მელის?
იქნებ დრო არც არსებობს... იქნებ ის ერთი ნაბიჯიც პირობითია სივრცეში, პირობითი იმდენად, რამდენადაც ფორმალური, იმისთვის რომ ერქვას “ნაბიჯი” შენსკენ. მე ხომ ისედაც ვრძნობ შენ სიახლოვეს ყველგან და ყოველთვის, რაში მჭირდება დრო ამისთვის? ალბათ ზედმეტად ბევრს ვთხოვ თვალებს - დაგინახონ, ყურებს - გაგიგონონ; მათ ეს ნამდვილად არ შეუძლიათ, მხოლოდ გულისცემით შეიძლება აღიქვას გონებამ შენი სიახლოვე, რეზონანსში რომ იწყებს ფეთქვას... რა დრო და მანძილიც არ უნდა მაშორებდეს, ათასი - ორიათასი წელი წინ თუ უკან, ასიათასი კილომეტრი აღმოსავლეთით თუ დასავლეთით, ვიცი... შენამდე ყოველთვის ერთი ნაბიჯია!
/21.02.2016/

пятница, 12 февраля 2016 г.

სტიქსი

რამდენი მდინარე ითვლის თავის წუთებს მოძრაობაში... რთული და საინტერესოა თითოეულის გზა. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, მაგრამ ერთი პირველსაწყისით და ერთი მისწრაფებით - შეერწყან ოკეანეს.
...ყველა მდინარე ხომ მთის წვერიდან იწყებს დროის ათვლას, ყველა ანკარა წყაროა თოთო ბავშვობისას, მაგრამ ყველა საკუთარ კალაპოტს იკვლევს.
დააკვირდით რა ლაღია თოვლითშობილი, მთასმოწყვეტილი ნაკადული, მსუბუქად და ღიღინით რომ მოხტუნაობს კლდეებზე.. რა წკრიალა და მელოდიურია მისი ხმა, რა მსუბუქია.. ხელით რომ შეეხო, შეიძლება არც დასველდე. ისეთი გამჭვირვალეა, რომ არა მისი მაცოცხებელი ხმა, შეიძლება ვერც შეამჩნიო. თავად სიცოცხლე სჩქეფს, წყარო კი არა.. თავად უკვდავება მორაკრაკებს. ამ ხმას გულის რითმი თავისით ყვება და თვალდახუჭულიც მიაგნებ...
ალბათ იშვიათად ხდება, რომ ასეთმა ანკარამ და აუმღვრეველმა მიაღწიოს ოკეანეს... არა, ალბათ არასოდეს ხდება ასე, რადგანაც ოკეანემდე ქვიშების გავლა უწევთ, რომ აღარაფერი ვთქვათ გზადშემოყრილ ქვებზე და კენჭებზე. ასე, გზადაგზა უამრავი ბარიერის გადალახვით ყალიბდება თითოეულის კალაპოტი და ხასიათი: სწრაფი, მდორე, ანკარა, გახელებული, აჩქარებული, აზვირთებული, ნელი, მშვიდი, ვიწრო, ფართო, ღრმა, სუფთა, ამღვრეული, ხმაურიანი, ჩუმი...
... და მაინც, ყოველი მათგანის თანდაყოლილი სწრაფვაა ოკეანე. სიმშვიდეს ეძებენ მასში, ზოგი ოკეანის სიღრმეში, ზოგიც მის ზედაპირზე. გახელებული - წყნარდება, ამღვრეული - იწმინდება, მდორეს - სიცოცხლე უბრუნდება.
...თითოეული კენჭი მოგონებებად მიჰყვებათ და დროდადრო თოვლის სისპეტაკე ენატრებათ. ნოსტალგიით შეპყრობილი დაუოკებელი მდინარეები, ტალღებად ეხეთქებიან ნაპირებს და მზის გულზე ორთქლდებიან, რომ ისევ წვიმად და თოვლად შეიგრძნონ სიცოცხლე.. ისევ ნაკადულად დადნნენ და ნაცნობ კენჭებს მიეალერსონ.
ოკეანის სიღრმეში ჩაღვრილ მდინარეებთან კი ქარები ვერ აღწევენ და ზედაპირზე აბობოქრებული ტალღები სიმშვიდეს ვერ ურღვევენ. ისინი აღარასოდეს აორთქლდებიან...
/12.02.2016/