понедельник, 20 февраля 2017 г.

Carpe Diem...

დრო?? რა არის დრო, როცა ზამთარი ან გაზაფხული მხოლოდ სულში გაქვს... არაფერი! მაგრამ, როდესაც ხელში დაკრეფილი იები გიჭირავს, რომლებიც წამიერი არსებობით ტკბებიან, რომლებიც მხოლოდ დროში და სივრცეში ავლენენ თავიანთ სილამაზეს, შენ კი დილას ელოდები, რომ აჩუქო... ისინი დილამდე კარგავენ იმ სილამაზეს და არომატს, სიცოცხლეს... ისინი უბრალოდ ჭკნებიან. Carpe Diem... ზუსტადაც, წამი ჯობია მოწყვიტო ამ დროს და არა იები, იმიტომ რომ იები არა - სწორედ ის წამი იქცევა მარადისობად.
/20.02.2017/

четверг, 16 февраля 2017 г.

პასუხისმგებლობა = თავისუფლება

Каждый человек несёт ответственность перед всеми людьми за всех людей и за всё. /Ф. М. Достоевский/
ფორმულაა ასეთი: პასუხისმგებლობა უდრის თავისუფლებას, რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს შენს თავზე აღებული, მით მეტად თავისუფალი ხარ, ეს პირდაპირპროპორციულია და ეს აქსიომაა. გარდა ამისა, ერთიც და მეორეც გამორიცხავს შიშს, სამაგიეროდ, ერთიც და მეორეც ატარებს სიყვარულს. სიყვარული კი თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ შიშს.
არადა, ბევრი პირიქით თვლის, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი თავისუფლებაში უპასუხისმგებლობას მოიაზრებს, ვინაიდან ფიქრობენ, რომ სხვაზე პასუხისმგებლობა მათ თავისუფლებას ზღუდავს. ეს ძალიან უხეში ილუზიაა, უდიდესი თავის მოტყუება.
მარტივი მაგალითისთვის, ზოგადად ჯერ ერთ ადამიანს მოვიყვან, ერთ პიროვნებას, რომელიც თვლის რომ თავისუფალია, მან იცის (ან მინიმუმ უნდა იცოდეს), რომ ეს თავისუფლება მას საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას აკისრებს. ეს მისი თავისუფლების ფასია (ასე დავარქვათ), რადგანაც, თუ ადამიანი თვლის რომ თავისუფალია ყველა ქმედებაში, შესაბამისად ის ამ თავის ქმედებებზეც თვითონაა პასუხისმგებელი. თუკი ის ნამდვილად თავისუფალია, მან იცის, რომ ნებისმიერი მისი ნაბიჯი, ქმედება, არჩევანი თუ ნება, და ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი, მხოლოდ მისი ბრალი იქნება და არა შემთხვევის, ან უსამართლობის, ან ღმერთის და ეშმაკის. მისი თავისუფლება სწორედ რომ მის სრულ პასუხისმგებლობაში გამოიხატება. მას არ ეშინია საკუთარი გადაწყვეტილების, როგორიც არ უნდა იყოს ის, მან იცის, რომ შედეგს სხვას ვერავის დააბრალებს, გარდა საკუთარი თავისა. თავისუფლებაში კი ნებისმიერი ქმედება იგულისხმება, სადაც გადაწყვეტილებას ჩვენი ნებით ვიღებთ, თუნდაც ეს სხვაზე ზრუნვა იყოს (რომელსაც ბევრი თავისუფლების დაკარგვად მიიჩნევს). ამიტომ: Прежде чем снимать с себя ответственность, найдите, на кого её переложить. /Анатолий Рас/ - ამაზე უკეთესად მე ვერ ვიტყოდი, ასე რომ უბრალოდ დავეთანხმები. მართლაც, პასუხისმგებლობის მოხსნა თუ გინდა, ვინმეს ან რამეს უნდა გადააბარო და როგორც კი ეს მოხდება, ავტომატურად დამოკიდებული ხდები მასზე, ვისაც ან რასაც გადააბარებ (შემთხვევაზე, სიტუაციაზე, ვარსკვლავებზე, ეშმაკზე, ღმერთზე ან თუნდაც მეზობლის ხასიათზე). თავისუფლებას აქ აღარაფერი ესაქმება, ყველა შენს ნაბიჯზე და ქმედებაზე მხოლოდ ისინი იქნებიან პასუხისმგებლებიც და დამნაშავეებიც.
არ ვიცი რატომ ვილაპარაკე ამდენი, ნამდვილად თავისუფალმა ადამიანმა ხომ ეს ისედაც იცის. ის რომ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა განსაზღვრავს მის თავისუფლებას, ეს მისთვის ორჯერ ორია, ის საკუთარი თავის და საკუთარი სამყაროს მფლობელიც თვითონაა, მეფეც და ღმერთიც, თვითონვე ქმნის და თვითონვე ანგრევს, შესაბამისად, თვითონვე მოიმკის ყველა სიკეთეს თუ ბოროტებას, რასაც დათესავს, თვითონვე ისიამოვნებს ამით და თვითონ იტირებს თავის ქმედებების გამო. ის ყველაფერზე თვითონ აგებს პასუხს...
აი საკითხავი მხოლოდ ისაა, ვის „რამხელა“ სამყარო აქვს... რამდენად ფართოა და რა მასშტაბებზე გადის მისი სამყარო, სად მთავრდება მისი საზღვრები... ან იქნებ უსაზღვოა? არა აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ საქმე იმაშია, „რამხელაც“ თვითონ არის და სადამდეც სწვდება "უფლებებს", ზუსტად იმხელაა მისი პასუხისმგებლობაც. სადამდეც საკუთარ თავს და საკუთარი სამყაროს ჰორიზონტს ხედავს, ზუსტად იმდენზეა პასუხისმგებელიც. თუ ეგოცენტრიკია, ასეთი მხოლოდ საკუთარი სხეულის და სურვილების, საკუთარი „მე“-ს იქით ვერ ხედავს სამყაროს, ამიტომ პასუხისმგებელიც მხოლოდ საკუთარ თავზეა, ზოგი უფრო ფართოა: საკუთარ ოჯახზე გრძნობს პასუხისმგებლობას, ზოგი - სამშობლოზე, ზოგი - პლანეტაზე, ზოგი კი - მთელ სამყაროზე...
ტყუილად არ ამბობდა პატივცემული ჯიდუ (კრიშნამურტი), რომ ყოველ ომზე და ყოველ ცრემლიან ბავშვზე სამყაროში, პასუხისმგებლები ჩვენ თვითონ ვართო. რაც უფრო მაშტაბურია ადამიანის სული, რაც უფრო „დიდია“ პიროვნება, მით უფრო თავისუფალია და პასუხისმგებლობასაც მეტს გრძნობს, არა მარტო საკუთარ თავზე, მთელ სამყაროზე. Ответственность и свобода составляют духовную сферу человека. /Виктор Франкл/. ასეთი კი ბევრი არაა, ერთეულები იყვნენ მსოფლიო ისტორიის მანძილზე და იმდენად ცოტა, რომ ალბათ ეს გვერდიც მეყოფა მათ ჩამოსათვლელად. თუ რომელიმე არ მიწყენს, სულ რამდენიმე სახელს დავასახელებ: დოსტოევსკი, რუმი, ჰერაკლიტე, ეგზიუპერი, სოკრატე, შამსი, დემოკრიტე, ნიკოლა ტესლა, პლატონი, ჰეგელი, კირკეგორი, კრიშნამურტი, აურობინდო... და კიდევ ბევრი, თუმცა „ბევრი“ მხოლოდ აქ ჩამოსათვლელად და არა მსოფლიო მაშტაბით.
იესოს პასუხისმგებლობა კი გაცდა ყველა მასშტაბებს. მან ყველას მაგივრად აგო პასუხი სამყაროს წინაშე, და ეს მისი ნება იყო, არავის დაუძალებია და ვერავინ იტყვის რომ მის თავისუფლებას ვინმე ან რამე ზღუდავდა... შედეგად? შედეგად კი ფაქტია (როგორც ერთი ჩემი პატარა მეგობარი ამბობს) მან წელთაღრიცხვაც კი შეცვალა. ბევრია დღეს ასეთი ადამიანი, რომლის ქმედებებსაც შეუძლია წელთაღრიცხვა ახლიდან აათვლევინოს? უდავოდ არა, იმიტომაც არის ის დღეს „ღმერთი“ - თვით თავისუფლება.
ადამიანი კი... ადამიანი ყველაფერს აქეთ ითხოვს, მეტიც, მოითხოვს სხვებისგან მონობას და ამას ეძახის “თავისუფლებას”. ბევრი პრიმიტიულ ექსპლუატატორობას მიიჩნევს უმაღლეს თავისუფლებად და ასეთს ვერაფრით დაარწმუნებ, რომ თავადაა საკუთარი დამახინჯებული ილუზიის მონა. Подавлять в себе долг и не признавать обязанности, требуя в то же время всех прав себе, есть только свинство. /Ф. М. Достоевский/
...ასე რომ, თურმე არც ისეთი მარტივი ყოფილა თავისუფლება და „ღმერთობა“, ბევრს რომ ჰგონია. სინამდვილეში თავისუფლება - ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, ის პირდაპირპროპორციულია საკუთარ ქმედებებზე პასუხის გებასთან... და რაც უფრო მცირდება საპასუხისმგებლო საზღვრები, მით მეტი „უფროსი“ გყავს საზღვრებს მიღმა, დაახლოვებით ასე: თუ სახლში მარტო ხარ, თავად ხარ ყველაფრის მმართველი, იქ და მხოლოდ იქ შენს ხელშია ყველაფერი და ხარ სრულიად თავისუფალი, პასუხსაც ყველაფერზე შენ აგებ, მაგრამ გარეთ არ გეხება არაფერი; თუ ოჯახის უფროსი ხარ, მაშინ მთელ ოჯახზე ხარ პასუხისმგებელი; თუ ქვეყნის მმართველი ხარ - მთელ ქვეყანაზე ხარ პასუხისმგებელი... თუ სამყაროს მართავ - შესაბამისად მთელ სამყაროზე ხარ პასუხისმგებელი. მეტი რა შემიძლია ვთქვა? თუ გაშინებთ პასუხისმგებლობა მთელ სამყაროზე, მაშინ ნურც ასეთ მასშტაბურობაზე გექნებათ პრეტენზია. არაა აუცლებელი ყველა „სამყაროსხელა“ იყოს, საკუთარი პატარა სამყაროს ჩარჩოებს შიგნითაც საკმარისია იგრძნოს თითოეულმა ეს პასუხისმგებლობა, მხოლოდ საკუთარი კედლების შიგნით დაამყაროს წესრიგი და ესეც საკმარისი იქნება.
/16.02.2017/

среда, 8 февраля 2017 г.

როცა საკუთარი თავი გიყვარს - შენ მას არ ატყუებ;
როცა საკუთარი ეგო გიყვარს - შენ მას ილუზიებში აცხოვრებ;
როცა საკუთარი თავი გიყვარს - ცდილობ ზედმეტად არ დააბინძურო უარყოფითი თვისებებით;
როცა საკუთარი ეგო გიყვარს - ისინი წარმართავენ შენს ცხოვრებას;
როცა საკუთარი თავი გიყვარს - შენ შეგიძლია პატიება;
როცა საკუთარი ეგო გიყვარს - პატიებას პატივმოყვარეობით ანაცვლებ;
როცა საკუთარი თავი გიყვარს - ხედავ შენს ნაკლს და ასწორებ;
როცა საკუთარი ეგო გიყვარს - ნაკლს ხედავ ყველგან, საკუთარი თავის გარდა და სხვებს ადანაშაულებ;
როცა საკუთარი თავი გიყვარს - ცდილობ უკეთესი გახდე;
როცა საკუთარი ეგო გიყვარს - ცდილობ უკეთესად მოაჩვენო თავი;
როცა საკუთარი თავი გიყვარს - ცდილობ სხვას დაეხმარო;
როცა საკუთარი ეგო გიყვარს - ითხოვ სხვა გემსახუროს;
როცა საკუთარი თავი გიყვარს - სწავლობ;
როცა საკუთარი ეგო გიყვარს - მასწავლებლობ;
როცა საკუთარი თავი გიყვარს - შენ ტრიალებ სამყაროს გარშემო;
როცა საკუთარი ეგო გიყვარს - სამყარო ტრიალებს შენს გარშემო.

воскресенье, 5 февраля 2017 г.

სადღაც, იქ...

სადღაც იქ, არის სივრცე... სადაც ჯერ კიდევ დაუწერელი სიტყვები ცოცხლდებიან, სადაც ფერდაუდებელი ტილოები პეიზაჟებად იქცევიან, სადაც ნოტებად ვერ ქცეული მელოდიები, სიმფონიებად იღვრებიან, სადაც გაუფიქრებელი ფიქრები თავაშვებულ ქარებს ედევნებიან, ფიქრები, რომლებიც ჯერ არავის გონს არ შეხებიან...
იქ, სადაც გაუშლელი ფრთები ფრენას სწავლობენ, სადაც ფეხით გასრესილი კოკრები ვარდებად იშლებიან, სადაც მზის სხივები, მთვარის ალერსს ნებდებიან, სადაც ღრუბლები - ზღვებს უერთდებიან...
იქ, არის სივრცე... სადაც შიში დაბადებას ვერ ასწრებს, სადაც ვერ დატეული სიცოცხლე ახალ რითმს იწყებს, სადაც გამოუთქმელი გრძნობა, ტკივილისგან დაცლილ გულს ელის, სადაც სიყვარულს - გემო აქვს ღმერთის ამბორის...
იქ... სადაც თვალები სულის სიშიშვლეს ეზიარებიან, იქ... სადაც შეუხებელი თითები სახეზე გვეფერებიან, სადაც მელოდება შენი სუნთქვა, ჩემამდე ვერ მოღწეული, სადაც მელოდება შენი ხმა, ამოუთქმელი და მოუწვდენელი...
არის ასეთი სივრცე... სადაც მე შენ დაგელოდები.
/05.02.2017/