суббота, 19 декабря 2015 г.

გზა მზის გავლით

- “ჩვენ არ შეგვიქმნია სიყვარული. ჩვენ მზით ვხარობდით და ერთმანეთს შევცქეროდით. ჩვენ ვუსმენდით ქარს და წინ მივიწევდით, იმიტომ რომ გზა ერთი გვქონდა”. /ალ კვოტიონ/
იცით, არც კი ვიცი რომელი ერთი ცნობილი ადამიანის ცნობილი ფრაზა გავიხსენო მზეზე, ან რა საჭიროა, ისედაც ყველამ ვიცით, ყველას გვახსოვს.. აი თუნდაც ის, სოკრატემ რომ დაგვიტოვა საუკუნეების მიღმა: “ყოველ ადამიანშია მზე, ოღონდ აცადეთ ანათოსო”.. ან თუნდაც დოსტოევსკის, მსუბუქად რომ ვთქვა დამაფიქრებელი სიტყვები: “საოცარია, რისი გაკეთება შეუძლია მზის ერთ სხივს ადამიანის სულისთვისო”... ნეტავ რას გულისხმობდნენ? ნუთუ უბრალოდ სიტყვები დაგვიკომპლექტეს ლამაზად, და სულ ეს არის?.. სიტყვები რათქმაუნდა ყველას გვახსოვს, ყველა ადამიანში იწვევს რაღაც შორეულ ნოსტალგიურ განცდას და სადღაც შიგნით გვათბობს, მაგრამ ვერ ვხვდებით რატომ.
მე კი მგონია, რომ ეს სიტყვები სულაც არ არის მხატვრული.. და საერთოდაც, მხატვრულს ვეძახით იმას, რასაც პირდაპირ ვერ ვიგებთ. არა, ამ ადამიანებმა ნამდვილად იცოდნენ რასაც წერდნენ, და ყველანაირი შეფარვის გარეშე, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, მაგრამ.. ჩვენ ვიგებთ? საკმარისად ფართოა ჩვენი “ყურები” ამ სიტყვების მოსასმენად და დასატევად?
მზეზე ამოთქმულ ყველა იმ ფრაზას, რაც ჩვენ ალეგორიად მიგვაჩნია, ჩვენი სმენა მხოლოდ ლამაზ ჟღერადობად აღიქვამს, თვალი - ლამაზ გამოსახულებად.. მაგრამ მათი ხედვის არეალი ძალიან ვიწროა. მისი დატევა მხოლოდ სულს შეუძლია თავისი სიფართოვით.
მზე ბევრ ცნებასთან ასოცირდება.. არა, მე უფრო ვიტყოდი რომ ბევრი სინონიმი აქვს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამიტომ, ყველა იმ ფილოსოფიურ, მხატვრულ თუ ალეგორიულ ფრაზაში, სადაც ნახსენებია მზე, შეგვიძლია პირდაპირი მნიშვნელობა ამოვიკითხოთ, თუკი გავიხსენებთ რა დატვირთვა ჰქონდა მას იმ კონკრეტულ ფრაზაში.
მე გავბედავ და ამ სინონიმებს გავაჟღერებ. რათქმაუნდა შეიძლება ძალიან რაციონალური მოგეჩვენოთ თავიდან, მაგრამ თავხედურად ვიყენებ ჩემი სუბიექტური აზრის გამოთქმის უფლებას და ვიტყვი, რომ მზის სინონიმებია (პირდაპირი გაგებით, რომელიც ძალიან ხშირად გვხდება ეზოთერულ და სულიერ სწავლებებში): ღმერთი, სიყვარული (უპირობო), სიბრძნე, ინფორმაცია (ანუ ცოდნა, შემეცნება), სინათლე (გონების), გასხივოსნება (святость), საკვები (სულიერი), პრანა (სუნთქვა), ენერგია (ცი), სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ძალა, გაღვიძება (пробуждение, озарение), თავისუფლება, სითბო (შინაგანი)... და ა.შ. ღმერთი - რომელიც ძალიან ბევრ რელიგიურ მოძღვრებებში გვხდება. მათ ჩამოთვლას აქ არ დავიწყებ, თუმცა ერთს ვიტყვი, რომ მხოლოდ ძველ რელიგიებში კი არა, ახალშიც ხშირად გვხვდება შეფარულად. (ხოლო რატომ არის “ღმერთი” ეს სხვა სინონიმებში გამოჩნდება). აქვე გავაკეთებ გადასვლას შემდეგ სინონიმზე, მზე - ღმერთია, ღმერთი - სიყვარულია.. სიყვარული - ჩვენშია. ასე რომ მართალი იყო სოკრატე, ანათეთ მზე თქვენში! სიყვარული - მზესთან ყოველთვის ასოცირდებოდა, რადგანაც მზე ყოველთვის უპირობოდ გასცემს თავის სითბოს და სინათლეს ყველასთვის. მზე, როგორც ადამიანის გული, სიყვარულის გენერატორი, არც თუ ისე იშვიათად გვხვდება ლიტერატურაში, განსაკუთრებით აღმოსავლურში. რატომ? ვიცი რომ ფიზიკით და ზოგადად მატერიალურით არ აიხსნება ეს ფენომენი, მაგრამ რისი ახსნაც აქამდე უცდიათ ჩვენს წინაპრებს, მხოლოდ ამის დაფიქსირებას ვცდილობ. ხოდა, მინდა კვანტური ფიზიკა მოვიშველიო და ჩვენს ცხოვრებაში მზის ნაწილაკის - ფოტონის უდიდესი მნიშვნელობა ავღნიშნო. ფოტონი არის ყველა ცოცხალი ორგანიზმის საკვები, განსაკუთრებით ეს თვალნათლივ ჩანს მცენარეებზე. ადამიანს კი თავად აქვს უნარი გამოიმუშაოს ფოტონი, რეალურად ყველა ადამიანი გამოყოფს ფოტონს გარკვეულ სიხშირეზე, მაგრამ რაც უფრო მაღალია სიხშირე, მით უფრო შეუძლია “კვებოს” საკუთარი თავი, და აღსანიშნავია ის, რომ ამ სიხშირეზე ყოფნა ადამიანს მხოლოდ უპირობო სიყვარულის დროს შეუძლია. ასეთ ადამიანებს “Солнцеед”-ებს ეძახიან, იგივეა პრანის შემთხვევაშიც. სიბრძნე, ინფორმაცია (ანუ ცოდნა, შემეცნება), სინათლე (გონების), გასხივოსნება (святость), საკვები (სულიერი), პრანა (სუნთქვა) - შეგვიძლია ერთად განვიხილოთ, ვინაიდან ძალიან პირდაპირი და ღრმა კავშირია მათ შორის. რეალურად პირდაპირი კავშირი ყველა დანარჩენსაც იგივე ძალით აქვს, მაგრამ აქ მისი დანახვა უშუალოდ არის შესაძლებელი. როგორც უკვე ავღნიშნე ზემოთ, მზის ენერგიით და პრანით კვება რეალურად ერთიდაიგივეა, ამ მდგომარეობის მიღწევა კი ადამიანს უპირობო სიყვარულის დროს შეუძლია.. და რა არის სულიერი საკვები, თუ არა ადამიანის ცნობიერების და სულიერი მდგომარეობის ამაღლება, რომელსაც მას სულიერი ცოდნა და სიბრძნე აძლევს. ამიტომაც ეძახიან ცოდნას - სინათლეს. ამიტომაც ითვლებიან ასეთი სინათლის მატარებლები “გასხივოსნებულად” აღმოსავლეთში და “წმინდანებად” (святые) დასავლეთში. ნებისმიერ შემთხვევაში ამ მდგომარეობის მიღწევა საბოლოოდ მაინც უპირობო სიყვარულით არის შესაძლებელი. ამ დროს ადამიანი თავად ასხივებს სინათლეს, ანუ სიყვარულს და წვდება იმ სულიერ სიღრმეებს, რაც ბრძენად აყალიბებს მას. ალბათ ვერ გაიხსენებთ ვერცერთ გასხივოსნებულ თუ წმინდანად შერაცხულ ადამიანს, რომელსაც თუნდაც ერთი ადამიანი სძულდა. ენერგია (ცი), სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ძალა - ენერგიაზე და სასიცოცხლო ძალებზე ბევრი ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ, რადგანაც ვთვლი, რომ ყველასთვის ისედაც ნათელია მზის წვლილი ამ სფეროში. მაგრამ მინდა ჯანმრთელობის თემას შევეხო, და აქაც მხოლოდ ზოგადად ვიტყვი, რომ ფოტონს, ისევე როგორც ფიზიკურ დონეზე, ასევე სულიერ დონეზეც სრულიად შეუძლია ადამიანის განკურნება. ფოტონის დასხივება დღეს მედიცინაში ფართოდ გამოიყენება, მაგრამ იგივე ეფექტის მიღება ადამიანს თავადაც შეუძლია, ხელოვნური ჩარევის გარეშე - უპირობო სიყვარულით. აქვე ვიტყვი, რომ უპირობო სიყვარული აბსოლუტურად გამორიცხავს დესტრუქციულ ემოციებს, როგორიცაა მაგ: შიში ან სიძულვილი, რომელიც ყველა დაავადების თავდაპირველი მიზეზია. შიში და სიძულვილი ძალიან დიდი დოზით გვართმევს სასიცოცხლო ენერგიას. საკმარისია ადამიანმა ბოლომდე გააცნობიეროს დესტრუქციული ემოციების არსი, მათი მოქმედება ფსიქიკაზე და სხეულზე და შედეგი არ დააყოვნებს. გაღვიძება (пробуждение, озарение) - ეს პუნქტი შეგვეძლო სიბრძნე, სინათლე და გასხივოსნებასთან ერთად განგვეხილა. მაგრამ არის ერთი პატარა ნიუანსი, რაც მას ზემოთხსენებულებისგან გამოარჩევს. ეს გამა სიხშირეა, რომლის დროსაც ადამიანის ტვინი სრულიად გამოდის ძილის ფაზიდან. ყველამ ვიცით რას ნიშნავს “ძილი”-ს მდგომარეობა სულიერი გადმოსახედიდან. ამ მაღალ სიხშირეს ადამიანის ტვინი ვერ უძლებს, თუ მისი სულიერი მდგომარეობა სავსეა დესტრუქციული აზრებით და ემოციებით, რომელიც სიყვარულის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს. ჩვენ თავად ვქმნით ჩვენივე რეალობას აზრებით. ნებისმიერი სიტყვა, თუნდაც გაფიქრებული, ყველაფერს ცვლის ჩვენ გარშემო. ძილის მდგომარეობაში ადამიანი ვერ აღიქვამს მის მნიშვნელობას ისე ნათლად და მკაფიოდ, როგორც გაღვიძებისას, ზუსტად ისევე, როგორც ჩვეულებრივ სიზმარში ვერ ვაკონტროლებთ ჩვენ ქმედებებს. ნებისმიერი ნეგატიური აზრი, სიტყვა თუ ქმედება - სიყვარულის ნაკლებობაა, რაც ხელს უშლის ადამიანის გაღვიძებას. თავისუფლება - როდესაც ჩვენი ქმედებების და მათი შედეგების არ გვეშინია, როდესაც არ გვმართავს შიში და სიძულვილი. თავისუფლებაა - იყო ის რაც ხარ... რადგანაც ეს ერთადერთია რასაც ვერავინ წაგვართმევს. ეს არის ის რაც ჩვენშია, რაც ჩვენ თვითონ ვართ - ეს სიყვარულია, რომელიც მზესავით ანათებს ჩვენში.
არ მიყვარს მენტორული ტონი და მოწოდებები, როგორიცაა მაგალითად: გაიღვიძეთ ხალხო! ან გამოფხიზლდით! ისწავლეთ! თავს ნუ იღუპავთ.. და ა.შ. სამყარომ ჩვენზე უკეთ იცის როდის რა არის ჩვენთვის საჭირო, ზოგისთვის სიფხიზლე, ზოგისთვის ძილია აუცილებელი ამ ეტაპზე, აი ზუსტად ისე, როგორც რეალურ ცხოვრებაში ხდება. არ შეიძლება ყველას ეძინოს, ან ყველამ იფხიზლოს, ან ყველა მოსწავლე იყოს, ან ყველა მასწავლებელი. წამით გაიხსენეთ და წარმოიდგინეთ სამყაროს დინამიკა: ზოგი ჯერ ბავშვია, ზოგი სკოლის მოსწავლე, ზოგმაც მოასწრო უმაღლესის დამთავრება და მუშაობს, ზოგს სადღაც სხვა კონტინენტზე ჯერ კიდევ სძინავს, ზოგი კურნავს, ზოგიც ასწავლის.. ეს ცხოვრებაა, მრავალფეროვანი და არაერთგვაროვანი, თავისი ტემპით და სიცოცხლით. ჩვენ ბევრი არაფერი გვევალება აქ, ვაკეთოთ ჩვენი საქმე და არ დაგვავიწყდეს გვიყვარდეს.. ნუ დავუფრთხობთ სხვებს ძილს და ნუ ვიხმაურებთ, ესეც სიყვარულის და მზრუნველობის გამოხატვაა მათ მიმართ.
ჩვენ ყველას ერთი გზა გვაქვს და ეს გზა სიყვარულია, მზე - სიყვარულია, ჩვენ მხოლოდ გაცემა შეგვიძლია სიყვარულის, სხვა “მზეებისგან” კი მადლიერებით მიღება სითბოსი. და მართლაც საოცარია... რისი გაკეთება შეუძლია მზის ერთ სხივს ადამიანის სულისთვის.
/ე. ომანაძე/
/19.12.2015/

четверг, 17 декабря 2015 г.

როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება...

“უსიყვარულო სიცოცხლე სიცოცხლე არ არის. ნუ ეკითხები საკუთარ თავს, როგორ სიყვარულს ეძებ, სულიერსა თუ ხორციელს, ღვთიურსა თუ მიწიერს, დასავლურსა თუ აღმოსავლურს... ამგვარ გამიჯვნას მხოლოდ დაწვრილმანებისაკენ მივყავართ. სიყვარული განსაზღვრებებს ვერ იტანს; იგი სუფთაა და მარტივი. სიყვარული სიცოცხლის წყალია, ხოლო შეყვარებული ადამიანი - ცეცხლის სული. სამყარო სხვაგვარად იწყებს ბრუნვას, როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება”. /შამს თაბრიზი/
ორი საწყისი, რომელიც ყველა რელიგიაში, ფილოსოფიაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში თუ მეცნიერებაში გვხვდება, ეს არის მამაკაცური და ქალური საწყისი. ორი პოლუსი ერთი მთლიანის, ორი უკიდურესობა, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ცნება, რომელიც ყოველთვის ერთი მთლიანის ნაწილია. მათ შორის ყოველთვის არის აქტიურობა, ხან მიზიდვის, ხან კი განზიდვის სახით. მათ შორის მუდამ იყო ბრძოლაც და შერიგებაც, უარყოფა და მიღება.. მაგრამ, ყველაზე მთავარი ამ ორს შორის, სწორედ მათი კავშირია.. ანუ მესამე.
რამდენი სახელით არის ცნობილი ეს საწყისები: მამაკაცური და ქალური, იანი და ინი, სინათლე და სიბნელე, დღე და ღამე, მზე და მთვარე, ცეცხლი და წყალი, აქტიური და პასიური, შემოქმედი და აღმქმელი, გამცემი და მიმღები, სულიერი და ფიზიკური, ექსტრავერტი (აქცენტი გარე სამყაროზე) და ინტრავერტი (აქცენტი შიდა სამყაროზე), თეთრი და შავი და ა.შ. ძალიან შორს წაგვიყვანს მათი ჩამოთვლა, ჩვენი მიზანი მხოლოდ მათ შორის კავშირის დანახვაა და არა მათი ფორმების და შუქჩრდილების გარჩევა. მხოლოდ ამ კავშირის დანახვით შევძლებთ ორივე პოლუსის ერთ მთლიანობად აღქმას. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ ამ ორ ობიექტზე და მხედველობიდან გვრჩება ის “მესამე” დამაკავშირებელი ძაფი, რომლის გარეშეც არაფერს აზრი არ ექნებოდა, მოქმედება არ შედგებოდა, ესეიგი იქნებოდა უსიცოცხლო და მკვდარი. სწორედ ეს კავშირია სიცოცხლე, ქმედება.
ორპოლუსოვანი ხედვა ანუ დუალიზმი, ამ ერთიანობას ყოფს და მხოლოდ ცალცალკე ობიექტებად წარმოგვიჩენს მათ. შედარებით მაღალი საფეხურებიდან ხსნიან მის არსს სულიერი ცოდნები, სადაც მონიზმი ძირითადი აქცენტია. თითქოს დაფარულად, მაგრამ მაინც საკმაოდ თვალნათლივ ჩანს ისეთ მოძღვრებებში, როგორიცაა ბჰაგავად-გიტა, სუფიზმი, დაოსიზმი, ახალი აღქმა და ა.შ. ყველგან ჩანს არა ორი, არამედ სამი ასპექტი: სუბიექტი, ობიექტი და მათ შორის კავშირი, ანუ ქმედება.
ბჰაგავად-გიტაში, როდესაც კრიშნა ეუბნება არჯუნას: შემმეცნებელი, შესამეცნებელი და შემეცნება ერთიაო, კარგად ჩანს მონიზმის სამი ასპექტი. სუფიზმში იგივე არსი ჩანს სიყვარულში, როდესაც მოყვარული, საყვარელი (სუფიზმში ღმერთს მიმართავენ ასე - Возлюбленный) და სიყვარული ერთიანდება, როგორც ერთი მთელი. პურუშას (შემქმნელი) და პრაკრიტის (მისი ბუნება), შივას და შაკტის სწრაფვა ერთმანეთისკენ სხვა არაფერია თუ არა სამის ერთობა. ქრისტიანობაში სამების პრინციპი ქრისტეს, მამის და სულიწმინდის სახით არის წარმოდგენილი. ყველგან ფიგურირებს სუბიექტი როგორც შემმეცნებელი, ან მოყვარული, რომელიც ისწრაფის ღვთაებრივთან შერწყმას, და ასევე ობიექტი, რომელიც ყველა სუბიექტის საბოლოო მიზანია, ქმედება კი მასში განზავებაა.
“როდესაც ადამი შეიცნობს ევას, ის ხდება მამა” /ალ-ფარიდი/. შეცნობა ხდება ყველგან, ყველა საფეხურზე და შრეზე. ფიზიკურიდან და მატერიალურიდან დაწყებული, სულიერით დამთავრებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს მათ ურთიერთგამორიცხვას. ფიზიკურ საფეხურზე ეს სიტყვები შეგვიძლია პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ, თუმცა სულიერ საფეხურზე “მამობას” სხვა დატვირთვა აქვს. (ის რაც ზემოთაა - ქვემოთაც არის, ის რაც ქვემოთაა - ზემოთაც არის) ვინაიდან ჩვენ ხილული ანარეკლი ვართ უხილავის, მატერიალურ პლანზეც იგივე ხდება რაც არამატერიალურზე. შემეცნების გარეშე ვერ დავინახავთ იმ მეორე მხარეს, რომელიც რეალურად ჩვენივე ნაწილია, ამისთვის საჭიროა შევიყვაროთ და მივიღოთ დუალისტური ნახევრები, და არა ვებრძოლოთ მათ.
რეალურად ის “ნახევრებიც” ჩვენივე მთლიანის ნაწილია, ანუ ჩვენ ვართ. ამიტომაც არის სამი - ერთი. შემმეცნებელი თავადვე შეიმეცნებს საკუთარ თავს, რომელიც შესამეცნებელია. მოყვარული განზავდება საყვარელში (ღმერთში), ისევე როგორც ადამი ევაში, როცა უყვარს.. და ხდება ერთი. პურუშა ღვთიური სიმაღლიდან ეშვება პრაკრიტის შესაცნობად და პრაკრიტი ისწრაფის ზემოთ, რომელთა შეხვედრის ადგილიც გულია. ვერც შეცნობა და ვერც შეყვარება ვერ მოხდება რომელიმე საწყისის უარყოფით, მხოლოდ მიღებით არის შესაძლებელი ამ კავშირის ძაფის დაჭერა. ჩვენი უარყოფით ამ ძაფებს ვწყვეტთ და ვკარგავთ კონტაქტს ჩვენივე საწყისთან.
გამოდის რომ ჩვენ რაღაც ეტაპზე გვჭირდება “ობიექტი”, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამთ ჩვენს ნაწილად, ობიექტი რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ, მაგრამ უნდა ვისწრაფოდეთ სიყვარულით. ამ ეტაპზე ის ჩვენი სარკე ხდება და მხოლოდ ამ სარკეში ჩახედვის შემდეგ დავინახავთ საკუთარ თავს და შევიცნობთ მას (ვიცნობთ). ამიტომ ამბობს რამაკრიშნა: “რაც უფრო მეტად გვიყვარს ადამიანი, თანაც ჩვენგან ყველაზე უფრო განსხვავებული, მით უფრო ახლოს ვართ ღმერთთან”.
...სიყვარული და შემეცნება ერთია, და იწყება მხოლოდ საკუთარი თავიდან. “როგორც კი პირველი ისტორია მოვისმინე სიყვარულზე, მაშინვე შენს საძებნად გამოვემართე, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რამდენად ფუჭი იყო ეს მცდელობა. შეყვარებულებს არსად არ უწერიათ შეხვედრა, ვინაიდან თითოეული მათგანი ისედაც მუდმივად არსებობს მეორეში” ...რათქმაუნდა აქ რუმი იმ ღმერთზე საუბრობს, რომელიც ყოველთვის ჩვენშია, რომელსაც მხოლოდ მაშინ შევიმეცნებთ, როდესაც საკუთარ თავს ჩავუღრმავდებით და იქ ვიპოვით მას, და მხოლოდ მაშინ შევძლებთ ამას თუ საკუთარ თავს შევიყვარებთ. ამ ფრაზაში კარგად ჩანს რომ ის “ობიექტიც” ჩვენშივეა, და თუ საკუთარ თავს ვუარყოფთ, ვერასოდეს შევიყვარებთ და შევიმეცნებთ მას, მაგრამ საკუთარ თავში ნუ მოვიაზრებთ “ეგოს”, რომელიც ყველა წინააღმდეგობის და ბარიერის მიზეზთა მიზეზია. სწორედ ეგო არის ის ფარდა, რომელიც ხელს გვიშლის ჩვენი პირველსაწყისი დავინახოთ და დუალიზმის ილუზია მოვიშოროთ. სანამ ეგო ცოცხალია, ყოველთვის ეცდება საკუთარ თავთან (დუალისტურ ნახევრებთან) ბრძოლაში ჩაგვითრიოს, და მტრის ილუზია შეგვიქმნას მათი სახით, როდესაც რეალური მტერი მხოლოდ თავადაა. ...if you want to live, die in Love... სწორედ ეგოს ეუბნება რუმი...
ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენივე მეორე “ნახევრის” მიღება და შეყვარება, როგორიც არ უნდა იყოს ის, კაცმა უნდა შეიყვაროს ქალი, სინათლემ - სიბნელე, დღემ - ღამე, მზემ - მთვარე, ცეცხლმა - წყალი, სულიერმა - ფიზიკური, თეთრმა - შავი... და პირიქით. და აქ მთავარი ნათელი და ბნელი, ან ცეცხლი და წყალი კი არაა, მათ შორის კავშირია, რომელსაც სიყვარული ქვია.
P.S. “ცხოვრებაში, რომლის სიგრძეც ნახევარი ამოსუნთქვაა, არაფერი დაგეგმო, სიყვარულის გარდა...”
/17.12.2015/

четверг, 10 декабря 2015 г.

მარტო”სული”...

შენ ხარ მარტო... და ყოველთვის იყავი მარტო. ეძებდი.. რას? თვითონაც არ გახსოვს, რამდენ ხანს.. არც ეგ გახსოვს, არც რისთვის... სულ გგონია, რომ რაღაც გაკლია და რადგან გაკლია ფიქრობ რომ ის შენს გარეთაა, გგონია ნახევარი ხარ... ეს იმიტომ, რომ არ გახსოვს შენი მთლიანობა, და არც შენი მარტოსულობა.
შენ ერთი ხარ, სრული და სრულყოფილი, ამიტომაც ხარ მარტო... მაგრამ შენშია ყველაფერი. შენ თვითონ ხარ ყველაფერი... შენ იმდენად თავმდაბალი ხარ, რომ არ გჯერა შენივე სრულყოფილების და იგონებ ახალ “სრულყოფილებას”... იგონებ და ქმნი, ქმნი და ისევ არ გჯერა... იმიტომ, რომ ის მოგონილიც ისევ შენშია, შენივე გონებაში.
ბავშვივით ხარ, მოიწყინე მარტოობით და გადაწყვიტე დაგევიწყებინა. დავიწყებაში მოიგონე “სხვა” და მიზნად დაისახე მისი პოვნა... დავიწყება ერთადერთი აუცილებელი პირობაა, სადაც შესაძლებელია “სხვისი” პოვნის იმედი გქონდეს. ბედნიერებაა შენთვის ეს “თავ”დავიწყება, იმიტომ რომ თავს მარტო აღარ გრძნობ... მერე რა, რომ ხშირად ვერ პოულობ და სევდიანი ხარ, მერე რა რომ კიდევ უფრო ხშირად კარგავ და გტკივა... ...მ ე რ ე რ ა ! ! ! “თავ”დაკარგვის გარეშე არ გამოდის საკუთარი თავის ძიების სიხარულის სრულყოფილად შეგრძნება.
...და როცა იღლები, ხანდახან... ან მხოლოდ ხანდახან, როცა პოულობ თავს და ბედნიერი ხარ, შენს თავთან რჩები პირისპირ და გახსენდება, რომ ხარ მარტო”სული” ღმერთი...
/10.12.2015/

пятница, 4 декабря 2015 г.

გზა ოკეანისკენ

შუაგულ უდაბნოში, სამყაროსგან მოწყვეტილ უზარმაზარ და ულამაზეს ქალაქში, უამრავი ადამიანი ცხოვრობდა ყოველდღიური ცხოვრებით. აქ ცხოვრობდნენ ვაჭრები, დიდგვაროვნები, სწავლულები, მეომრები, უბრალო ადამიანები და მონები.. თითოეული მათგანი ემორჩილებოდა მეფეს... ვისაც როგორ შეეძლო ისე: ზოგს მისი ეშინოდა, ზოგი ცდილობდა მისი კარგი განწყობის მოპოვებას, მოსყიდვას, ზოგიც ეპირფერებოდა, ზოგს კი უყვარდა..
ყველა ემორჩილებოდა, მაგრამ ზოგის მორჩილებას შიში განაპირობებდა, ზოგის საკუთარ მომავალზე ზრუნვა, მხოლოდ ერთეულების მორჩილების მიზეზი იყო სიყვარული. ვაჭრები ცდილობდნენ ძღვენით მოეპოვებინათ მისი კეთილგანწყობა, დიდგვაროვნები ყოველ მის სიტყვას ფარისევლური ღიმილით ეგებებოდნენ და მის გვერდით საპატიო ადგილს უმიზნებდნენ, სწავლულები ცდილობდნენ რამით გაეკვირვებინათ მეფე და მისი შექებით სახელი მოეხვეჭათ, მეომრები მის ბრძანებას ასრულებდნენ ომის დროს, მაგრამ პასუხისმგებლობას თავის თავზე არავინ იღებდა, მონებს ეშინოდათ და ერჩივნათ ზუსტად სცოდნოდათ როგორც მოვალეობა, ასევე სასჯელი, რადგანაც შიში მეტის უფლებას არ აძლევდა მათ.. უბრალო ადამიანებს კი (რომლებიც ძალიან ცოტანი იყვნენ ქალაქში), უყვარდათ მეფე და ცდილობდნენ ზედმეტად არ შეეწუხებინათ ის, ყველა თავის საქმეს აკეთებდა, რომ მისთვის ამხელა ქალაქის ტვირთი ცოტათი მაინც შეემსუბუქებინათ.
მიუხედავად მეფის გარეგნული ბრწყინვალებისა, მისთვის ძალიან მძიმე იყო ამხელა ქალაქის მართვა და ამდენ ადამიანზე აღებული პასუხისმგებლობა. ის ძალიან კეთილი იყო და არავის აგდებდა ქალაქიდან, თუმცა ქალაქის კარი ყოველთვის ღია იყო და მონასაც კი ნებისმიერ დროს შეეძლო იმ კარიდან გასვლა, მაგრამ.. ქალაქის კედლების გარეთ გაშლილი თვალუწვდენელი უდაბნოსი ყველას ეშინოდა, ამიტომ ისევ მონობა ერჩიათ. მათ ზუსტად იცოდნენ, რომ თუ მოემსახურებოდნენ, სანაცვლოდ საკვებს მიიღებდნენ, თუ მოიპარავდნენ - დაისჯებოდნენ. მარტივი იყო.. სამაგიეროდ სხვა ნებისმიერ საქმეზე პასუხისმგებელი მხოლოდ მეფე იყო, მათ შორის მათზეც.
ერთხელ ერთმა მონამ, რომელიც დაიღალა მონობით, და რომელსაც ყოველ ღამე უკიდეგანო ლურჯი ოკეანე ესიზმრებოდა საითკენაც უდაბნოს ქარები მიიქროდნენ, მიუხედავად გაურკვევლობის შიშისა, რომელსაც ამ უსასრულო ქვიშის სივრცის მიღმა ხედავდა, გადაწყვიტა ენახა რა იყო უდაბნოს იქით.. ის არავის შეუჩერებია, მხოლოდ ადამიანების შიშნარევი და გაკვირვებული შეძახილები გაყვა რამოდენიმე ასეულ მეტრზე...
კარის ზღურბლს გადააბიჯა თუ არა, მიხვდა რომ ამ წუთიდან ყველაფერი მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული, წინ წასვლაც და უკან დაბრუნებაც, თავისუფლებაც და მონობაც, უსასრულობაში დაკარგვაც და განსაზღვრულობაში ჩაკეტვაც, ყოველი ნაბიჯი და ქმედება მხოლოდ მისი ნება იქნებოდა, მას არავინ გაკიცხავდა ამის გამო, არავინ დასჯიდა, არც არავინ შეაქებდა, მან ისიც კი არ იცოდა რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა.. დანამდვილებით მხოლოდ ის იცოდა, რომ ნებისმიერი შედეგი მხოლოდ მისივე მიზეზით იქნებოდა გამოწვეული. მან იცოდა რომ ვეღარ გაჩერდებოდა.. ვერ გაჩერდებოდა იქამდე, სანამ ბოლომდე არ გაყვებოდა ქარს და არ გადალახავდა უდაბნოს, იცოდა რომ თუ დანებდებოდა დაიღუპებოდა, იცოდა რომ მას აღარ ჰყავდა მეფე, და პასუხისმგებელიც მხოლოდ თვითონ იყო საკუთარ თავზე.
... ეს იყო ურთულესი გზა, გზა თავისუფლებისკენ, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვდა. გზა სადაც თავის მცდარ თუ სწორ გადაწყვეტილებას ვერ დააბრალებდა ვერავის.. ის ბოლომდე მიენდო ქარს და გაყვა მის ქროლვას.. ქარმა, რომელსაც არაერთხელ მოუტანია ოკეანის სუნთქვა სიზმრებად, ზუსტად იცოდა ეს გზა.. გზა ოკეანისკენ, რომელიც თვალით არ ჰქონდა ნანახი ქალაქის არცერთ მაცხოვრებელს, თვით მეფესაც კი.. ამიტომ არავინ დაუჯერებდა და უკან დაბრუნებაში აზრს ვერ ხედავდა.. მხოლოდ უდაბნოს ქარებს სთხოვა, რომ სხვებთანაც მიეტანა ოკეანის ბრიზი სიზმრებად..
/04.12.2015/

вторник, 6 октября 2015 г.

Beyond the self...

წრიულმა მოძრაობამ გამაღვიძა, ისე ჩქარა ბრუნავდა, ვერ ვასწრებდი ვერაფრის დანახვას, ალბათ ამ სიჩქარეს ეძახიან სინათლის სიჩქარეს...
ეს იყო ძალიან, ძალიან დიდი... უზარმაზარი ქარბორბალა, გალაქტიკის ხელა ალბათ, ან სამყაროსხელა.. ყველაფერი შეისრუტა და დაუნდობლად თქვეფდა ერთმანეთში, როგორც გიგანტური მიქსერი, შთანთქავდა ყველაფერს რაც გზად ხვდებოდა.
მეც ამ დაფქვილი მტვრის მორევში ავღმოვჩნდი.. მეც ერთერთი მტვრის ნაწილაკი ვიყავი, და ნელნელა უფრო ღრმად და უფრო მეტი სისწრაფით მითრევდა შიგ გულში, იმდენად სწრაფად რომ ამ არანორმალურ მოძრაობასაც ვეღარ ვგრძნობდი, მეც მოძრაობად ვიქეცი, გავზავდი მასში... უცებ ყველაფერი გაჩერდა, არა, კი არ გაჩერდა, დრო გაიყინა ერთ წერტილში, ქარბორბალას ცენტრში.. და გარშემო კადრები დაქროდნენ.. ადამიანების კადრები, მტვრისგან შემდგარი სურათები..
ყველა სურათი ერთად: გუშინდელი, შარშანდელი, ათასი წლის წინანდელი, ხვალინდელი...ჩემი ბავშვობის ფოტოები ვიცანი, მტვრისგან დახატული..
და უცებ საშინლად მომინდა ტირილი, მაგრამ არც სხეული მქონდა, არც თვალები და არც ცრემლები.. მე კი საშინლად მეტირებოდა გაურკვეველი სევდისგან, მთელი არსება ტიროდა ჩემში, მაგრამ.. ვინ ტიროდა... მე მხოლოდ ერთი პატარა მტვრის ნამცეცი ვიყავი. მივხვდი რომ ჩემი ბავშვობა მე მოვიგონე, მთელი ჩემი ცხოვრება მე... მე თვითონ მოვიგონე. არა, მე არ ვიყავი ამ კადრებზე, ეს ჩემი მოგონილი სიზმარი იყო მხოლოდ.. ჩემი არსებობა არც მეტი არც ნაკლები სიზმრის პერსონაჟს გავდა, ილუზიას... და ძალიან მტკივნეული იყო ამის აღიარება.
სევდაც უსასრულო გახდა მორევივით.. ეს იყო თანაგრძნობით გამოწვეული სევდა. მტვრის ყველა ნაწილაკი მოიცვა ამ სევდამ და.. სანამ მათ ეძინათ, მე ყველას მაგივრად ვტიროდი. გული სიბრალულით მევსებოდა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ქვიშით დახატა ცხოვრება ქარში.
მაგრამ... ვინ იყო „ის“ ვინც მოიგონა?.. ვინ იყო „ის” მხატვარი, ვინც ქვიშით ასეთ საოცრებებს ქმნიდა... ???? ხატავდა, შლიდა, ისევ ხატავდა, ისევ შლიდა... თამაშობდა.
არა, მე არ ვიყავი ის ვინც მოიგონეს, მე ვიყავი ის - ვინც იგონებდა...
მორევი კი მშვიდი იყო გულში, არ შფოთავდა როგორც გარეთ.. დრო ერთ წერტილში იდგა და მოძრავ სივრცეს აკვირდებოდა. ქარიშხლის კიდიდან შემოსული ყველა უხეში ფორმა ჯერ ნაწილებად იშლებოდა, ბოლოს კი ქვიშად და მტვრად.. და შუაგულში იკრიბებოდა, ერთიანდებოდა და მშვიდდებოდა, რადგანაც იქ ქარი აღარ იყო...
იქ იყო მხოლოდ სიმშვიდე, მასში იყო ყველა და ყველა ფერი... სიმშვიდე ვიყავი მეც..
ის უბრალოდ იყო.. და იგონებდა.. და რასაც იგონებდა ქარით ხატავდა..
/06.10.2015/