ეს მგონი “წინა ცხოვრებაში” მოხდა, ორი თუ სამი წლის წინ, როცა წვიმას შევურიგდი... გაცნობით კი ბევრი ცხოვრების წინ გავიცანი... გავიცანი და მაშინვე გავებუტე.
არ ვაპატიე ბომბებად დაცემა ჩემი ფანჯრის რაფაზე...
არ ვაპატიე სულის დასველება და სმენის გაასმაგება...
უბრალოდ ავდექი და გავებუტე, დავსაჯე იმით, რომ აღარ ვუსმენდი, ფანჯრებს ვხურავდი და ბალიშს ვიფარებდი თავზე, როცა ფანჯრებიდან ჩემ სულში შემოჭრას ლამობდა.
ასე გაგრძელდა... არ მახსოვს რამდენ ხანს, რამდენი ცხოვრების გამოვლა დამჭირდა მასთან შესარიგებლად... როგორც ჩანს ძალიან გამაბრაზა, ზედმეტად შეეხო ჩემ სმენას, ზედმეტად დამისველა გრძნობა.
არ ვიგონებ, ეს მართლა მოხდა... მაშინ ჯერ პატარა ვიყავი.
ხოდა, ერთ ადრიან შემოდგომის საღამოს, როცა ჯერ კიდევ ზაფხულის სურნელი მოყვებოდა თან, გზაში დამეწია... გამრეკელის 34-თან.
საქარე მინას ისე გამალებით აწყდებოდა, მეგონა გაარღვევდა და... გავჩერდი, გავირინდე. აღარ გამოდიოდა თავის არიდება, უხერხული იყო...
გავირინდე და... თვალები არ დამიხუჭავს, ისე ვუსმენდი...
ვაკვირდებოდი...
წვეთები წამებში გადამყავდა, ალბათ სადღაც ხუთამდე მოვასწარი დათვლა, მეტი ვერა, და დრო ამერია, აიჭრა, აითქვიფა...
სმენად ვიქეცი, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე.
წვეთად ვიქეცი, გრძნობამდე... სულამდე!
ვეღარ ვგრძნობდი წვიმას... წვიმა ვიყავი მე თვითონ.
შემოიჭრა!..
სხეული დამიმძიმდა, მეგონა ზემოდან ბეტონი გადამასხეს და გამაქვავეს. ვერ ვერეოდი... უცხო იყო ეს მძიმე სხეული ჩემთვის.
ვტიროდი სადღაც შიგნით... წვიმა ტიროდა, მე კი არა.
ვანგრევდი კედლებს, ვეხეთქებოდი, გარეთ მინდოდა ისევ... ვინანე შემოჭრა...
ასე მეგონა ვეღარასოდეს გავთავისუფლდებოდი ამ ბნელი საკნიდან.
ისეთი ძალით ვტიროდი, თავსხმად!.. შტორმად!.. რომ ნელნელა დაარბილა ბეტონი და თითები ვიგრძენი... არა, ვიღაცის თითებში ვიგრძენი თავი, მერე კიდურებში, და აი ასე, ნელნელა მთელ სხეულში.................... შემოიჭრა და დარჩა!
შევრიგდით...
/08.10.2016/
Комментариев нет:
Отправить комментарий