რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, თურმე რა ბედნიერია ადამიანი, ვისაც სიკვდილის ეშინია, ვისაც სჯერა, რომ სიკვდილის მერე ყველაფერი სრულდება, მიუხედავად ეკლესიებში სიარულისა და მავედრებელი თვალებით ხატების შემყურე სახის, მას მაინც ეშინია და... ასი-ათას სანთელს დაანთებს, რომ “იქ, სადღაც უსასრულობაში” (რომლისაც თავად არ სჯერა), ვიღაცას სთხოვოს, რომ მალე არ მოკვდეს... ან პირიქით, მალე მოკვდეს და დასრულდეს ყველაფერი. რა ბედნიერია როცა ადამიანს გულით სჯერა, რომ მის ტანჯვას შეიძლება დასასრული ჰქონდეს. ან იქნებ აქვს კიდეც, მაგრამ... ამ დროს მთავარი მაინც ისაა, რისიც თვითონ სჯერა.
ასეთი "ბედნიერების" დათმობა ადვილი არ არის. ყველაზე ცუდი კი ისაა, როდესაც არ გჯერა დასასრულის და თან გინდა გჯეროდეს - არარსებობა მთელი თავის სიდიადით. გინდა, მთელი გულით გინდა, რომ ათეისტი იყო, ან სულაც ურწმუნო... მთავარია გჯეროდეს, რომ ყველაფერი დამთავრდება ერთხელ და სამუდამოდ. ვიღაც იმისთვის არსებობს, რომ შეეგუოს სიკვდილს, ვიღაც ცდილობს შეეგუოს ტკივილს, ვიღაც - ყოფნას, ვიღაც - არყოფნას, ვიღაც - მარტოობას, ვიღაც - უსასრულობას, ვიღაც კი - უსასრულო მარტოობას. მერე არ ვიცი... განა არის რამე უსასრულო მარტოობაზე უარესი??? ამაზე უარესი თვით სიცარიელეც არ არის. არაფერია ამაზე სევდიანი. ოპტიმიზმში გაცოცხლებული პესიმიზმია სრული სისავსით...
სულ ჩამესმის რუმის სიტყვები: “დაბრუნდი და გაიხსენე ვინ ხარ...”, და სულ მინდა გკითხო ჯალალ-ედ-დინ, რა აზრი აქვს? რისთვის მთხოვ იმის გახსენებას, რომ მარადიული მარტოობისთვის განწირული ერთი უკვდავი სული ვარ? რომელსაც როგორც ჩანს, დღემდე ვერ გაუკეთებია არჩევანი “ყოფნა - არყოფნას” შორის, რომელიც თავშესაფარს სხეულის კატორღაში ეძებს, სადაც იმდენად იტანჯება მისი სიმძიმისგან, ვიდრე თავისუფლება ისე არ მოენატრება, რომ მარტოობაზე თვალი დახუჭოს, ვიდრე ბორკილებს არ დაამსხვრევს... ვიდრე შიგნიდან არ დალეწავს ყველა კედელს, რომელიც ასეთ შვებას გვრიდა მიუხედავად სიმძიმისა. განა რამდენად უნდა იყოს სული დაღლილი ამ მარტოობისგან, რომ თავისუფლებაც კი დათმოს, იმისთვის რომ მისი ფასი ასეთი სასტიკი ხერხით გაიგოს?
ეს ხომ ძველზე ძველი ხერხია, ჯალალ-ედ-დინ! თუ გინდა რომ ადამიანში თავისუფლების წყურვილი გააღვიძო, ის ჯერ მონად უნდა აქციო. რა ცინიკოსები ვართ საკუთარი თავის მიმართ... შენ კი ითხოვ გავიხსენო ის, რისი დავიწყებისთვისაც ამ ტანჯვას ვიტან. შენ უფრო დიდი ცინიკოსი ხარ! და მე მესმის შენი...
იმიტომ რომ... ალბათ სწორედ ამ დროს აკეთებ არჩევანს მარტოსულ არსებობას და დიად არარსებობას შორის. ალბათ ბოლომდე ელოდები დაღლას მარტოობისგან, ცრუ თავისუფლებისგან, გაქცევისგან, თავშესაფრების ძიებისგან, რომ ბოლოს და ბოლოს გამოიყენო შენი ნება. ალბათ სწორედ არარსებობის გაბედვაშია სრული თავისუფლება... თვითონ თავისუფლების დათმობაშია უფრო მეტი თავისუფლება, როცა აღარ გაქვს მისი დაკარგვის შიში, როცა აღარ გაშინებს - იქნები თუ არ იქნები, როცა უარს ამბობ სურვილზე “იყო თავისუფალი”, "იყო სადღაც ან რაღაც, ან ვიღაც"... და როცა თავისუფლდები თვითონ ამ ცრუ თავისუფლების ბორკილებისგან, სწორედ მაშინ პოულობ მას.
/29.12.2016/
Комментариев нет:
Отправить комментарий