среда, 14 марта 2018 г.

პასიურ თვითმკვლელობაზე მინდა ერთი-ორი სიტყვა ვთქვა. ყველას გვსმენია, რომ ნარკომანია და ალკოჰოლიზმი პასიურ, დროში გაწელილ, მაგრამ მაინც თვითმკვლელობად ითვლება. ასე იმის გამო ითვლება, რომ ადამიანი ამ ქმედებით და საკუთარი სხეულის ასეთი დატვირთვით მას ფაქტობრივად ანადგურებს. აშკარაა, რომ თვითგანადგურების მექანიზმი აქვს ჩართული, მაგრამ, თუ დავაკვირდებით, არანაკლებ გამანადგურებელია მძიმე ფიზიკური შრომაც, ან სპორტის ის სახეობები, სადაც სიკვდილის რისკი დიდია. ამ გაგებით ყველა მეშახტე, მეხანძრე, მაშველი, დაივერი, პარაპლანისტი ან რალისტი პოტენციურ თვითმკვლელად შეიძლება შევრაცხოთ. და მაინც, რატომ არ ითვლება ეს ქმედებები თვითმკვლელობად? ნუთუ ცოტა ფაქტი ვიცით, მძიმე სისტემატიური სამუშაო რეჟიმის გამო რომ უფრო მალე ინადგურებს თავს, ავადდება და კვდება ადამიანი, ვიდრე ალკოჰოლიკი, რომელიც შეიძლება ღრმა სიბერემდე ალკოჰოლიკად დარჩეს და მაინც სიბერით უფრო ადრე მოკვდეს, ვიდრე ალკოჰოლით.
მაშველზე და მეხანძრეზე ალბათ მეტყვით, რომ ის საკუთარი სიცოცხლით რისკავს სხვისი გადარჩენისთვის, და ამიტომ არ ითვლება, რადგანაც ეს "მსხვერპლია". გეთანხმებით. თუმცა რალისტი და პარაშუტისტი ამას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის აკეთებენ, ისევე როგორც ნარკომანები. აბა რაშია სხვაობა?..
საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვცდებით, როდესაც თვითმკვლელობაში ვგულისხმობთ სხეულს და არა სულს. "თავის მოკვლას" როცა ვახსენებთ, "თავში" სულს უნდა ვგულისხმობდეთ და არა სხეულს. უამრავი ცოცხალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომელთაც ბევრად ადრე "მოიკლეს თავი", ვიდრე ფიზიკური სიკვდილი ეწვეოდათ. ომში ასეთი მაგალითები უფრო თვალსაჩინოა, ცხოვრებაში ნაკლებად, რადგანაც ბევრი რამით ინიღბება... ომში კი, როცა საკუთარი სხეულის გადარჩენისთვის ღალატობ საკუთარ ღირსებას, მეგობარს, იმას, რაც ყველაზე ძვირფასია შენთვის, შეიძლება მტრის ტყვია აიცილო და ფიზიკური სიცოცხლე შეინარჩუნო, მაგრამ ამ დროს სულს კლავ, განსხვავებით იმათგან, ვინც ფიზიკურ სიცოცხლეს სწირავს სხვის გადასარჩენად.
ფიზიკური სხეულის განადგურება ასე ცალსახად არ არის სუიციდი, თუ ამით სულსაც არ ვნებ, აქ მთავარი ქმედების მოტივაციაა. ძალიან მორწმუნეც რომ იყოს ადამიანი, მაგრამ სხვა ადამიანს გადასარჩენად ხელი მხოლოდ იმიტომ არ გაუწოდოს, რომ პირჯვრისწერით ჰქონდა დაკავებული, იმაზე მეტი "თვითმკვლელია", ვიდრე ის, ვინც საკუთარ სხეულს იმეტებს სასიკვდილოდ სხვისი გადარჩენის ან სხვისი ცხოვრების შემსუბუქების გამო. (მე თუ მკითხავთ ამ ორს შორის თვითმკვლელი სწორედ პირველია). ყველა ის ქმედება, რაც კონკრეტულად სულს ანადგურებს არის თვითმკვლელობა, სხვა არაფერი.