пятница, 20 мая 2016 г.

გაელვება

- იცი როგორ დავიბადე? - ჰკითხა სინათლემ. - რა თქმა უნდა ვიცი, მე იქ ვიყავი.. - უპასუხა სიბნელემ. - ნუთუ..?! - ნაზად გაუღიმა სიბნელემ.. ( ნეტავ მერამდენედ ვახსენებ??. - გაიფიქრა გულში.)
-შენ ვერ იარსებებდი ჩემამდე და უჩემოდ! - უთხრა ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილმა სინათლემ, - შენ ჩემთან ერთად დაიბადე.. გაიხსენე აბა?
-იცი?. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ლურჯ ნოტად ცალფრთად დავფრინავდი და შორიდან ვისმენდი შენს წითელ ჰანგებს, ვგრძნობდი, რომ რაღაც აკლდა ჩემს სრულყოფილებას.. რაღაც, რაც ძალიან მიზიდავდა, მაგრამ ვერ ვიჭერდი იმ ტალღას, იმ ძაფს, რომელიც შენამდე მომიყვანდა. ხმას მოვყვებოდი, მაგრამ ისე იყო გაშლილი მთელ უსასრულობაში, რომ ძაფების გარეშე, ვხვდებოდი, არაფერი გამომივიდოდა.. ვინატრე, მთელი არსებით ვინატრე.. აი ის ოქროსფერი სხივი, მზისფრად რომ გაიელვა და შენთან შემახო..
-მერე??... - თვალდახუჭული უსმენდა სინათლე (ეტყობა სიბნელეში უნდოდა ჩაძირვა და მისი ყველაზე ბნელი სიღრმის დანახვა).
-მერე?.. მერე ფერები გიმღერე, ცისარტყელისფერი სიმღერა, ათასფრად რომ აფეთქდა სივრცეში.. მერე დაგინახე (სიბნელეში ხომ ყველაზე კარგად ჩანს სინათლე), და შენც დამინახე.. მაგრამ გამექეცი, შეგეშინდა ჩემი. შენთან მოახლოვება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი გახდა.. სხვა გზა არ მქონდა, შენთან შეხება მსხვერპლს ითხოვდა და მეც გავქრი, შენში გავქრი, თუმცა მაინც შენით ვარსებობდი.. მერე, ყოველ ღამე გელოდებოდი და ყოველი შენი გამონათებისას შენში ვკვდებოდი, ყოველ შენ სხივში ჩრდილად ვიმალებოდი, იმისთვის რომ შენთან ახლოს ვყოფილიყავი..
-რატომ?.. - სევდით სავსე ცრემლებად დაიღვარა სინათლის თითოეული ბგერა.. ცდილობდა გახსენებას, სიბნელის სულში ჩახედვას ცდილობდა, მაგრამ ისე კაშკაშებდა, რომ სიბნელის მაგივრად მხოლოდ მისმა ჩრდილმა გაიელვა მეხსიერებაში.
-იმიტომ რომ ცისარტყელა მაჩუქე!..
იმიტომ, რომ ჩემი მეორე ფრთა ხარ..
იმიტომ, რომ ჩვენ ერთ სამყაროდ დავიბადეთ!
ჰო.. იმიტომ რომ მიყვარხარ!..








/20.05.2016/

воскресенье, 8 мая 2016 г.

მე ფრთებს გავიხდი...

...მე ფრთებს გავიხდი და ყველაზე დაცემულ ანგელოზს ვაჩუქებ, ის გაკვირვებით შემომხედავს და გამარჯვებული იერით ღიად დამცინებს, მაგრამ ფრთებს ყოველი შემთხვევისთვის ოთახის ბნელ კუთხეში შეინახავს... მის გულში კი (რატომღაც) სევდა დაისადგურებს. უდარდელი ღიმილით გამომაცილებს და გამალებით ეცდება თვალი ამარიდოს, რომ სევდის სინათლემ არ გამოჟონოს მათგან და არ შევამჩნიო. ...მას ამ სევდის სახით გრძნობა გაუჩნდა, მისთვის უცხო და აქამდე უგრძნობი გრძნობა. მას პირველად “ეტკინა”!
მისგან ფეხით გამოვისეირნებ (ფრთები ხომ იქ დავტოვე?!) და ანგელოზებს მოვინახულებ. შორიდან თვალს რომ მომკრავენ, აღშფოთებულები ერთმანეთს გადაულაპარაკებენ: “შეხედეთ, ეს რა უქნია.. როგორ გაბედა?.. -რა სულელია! -ჰმ, მგონი დაგვცინის...“ როდესაც მივუახლოვდები, დიდი “თანაგრძნობით” მომისამძიმრებენ ფრთების დაკარგვას და უაღრეს კეთილმოსურნეობას გამოიჩენენ დახმარების შემოთავაზებით... ...მე მათ გავუღიმებ და მოვუყვები თბილ ქვიშაზე და ნაზ ტალღებზე, რომელიც ფეხის გულებით შევიგრძენი. მოვუყვები გრძნობაზე და... რა თქმა უნდა ისინი ვერ გამიგებენ... და მე მესმის მათი, აბა რა გასაგებია ფრთების დათმობა ტალღების სინაზის გამო??
...მე გავუღიმებ ფრთების რიგში მდგომ მომავალ ანგელოზებსაც და სამოთხისკენ მიმავალ გზას დავუთმობ.. დავუთმობ თვით სამოთხესაც და ჯოჯოხეთს დავცინებ ჩემი გულის გახსნით და მასში აბობოქრებული კოცონის ჩვენებით... და მას შერცხვება თავისი უსუსური ალის.
მე არ მჭირდება ჯილდოს სახით მოპოვებული ფრთები და გვირგვინი, არც სამოთხის კომფორტი და დაპირებული ნეტარება... თქვენი იყოს!
...მე ფრთებს გავიხდი და... მფრინავ გრძნობას დავემგზავრები.
/08.05.2016/

суббота, 7 мая 2016 г.

ბუნება ასე გვე"ფერება"..


წითელს ვეხები,

სტაფილოსფერს გემოს ვუსინჯავ,

ყვითელს შევიგრძნობ

მწვანეს ვგრძნობ.. 

ცისფერს ვისუნთქავ,
ლურჯი წყურვილს მიკლავს,
იისფერს ვხედავ..
თეთრს ვუსმენ!