четверг, 23 ноября 2017 г.

"То, что внизу, аналогично тому, что вверху. И то, что вверху, аналогично тому, что внизу, чтобы осуществить чудеса единой вещи."
მიკროკოსმის და მაკროკოსმის აღქმა, ბევრი ადამიანის გონებისთვის ორ პრიმიტიულ ჭრილში განიხილება; ან პირდაპირი გაგებით "ზემოთ და ქვემოთ"-ს გულისხმობენ, ან "დიდს და პატარას". სინამდვილეში ის მხოლოდ გამოვლინებაა, როგორც მთელი ნაწილის მიმართ და პირიქით - ნაწილი მთელის მიმართ. მისი დაყოფა, დანაწევრება, ერთიანობაში არ განხილვა ან რომელიმეს უარყოფა ისეთივე სიბრიყვე იქნებოდა, როგორც მზის განხილვა სინათლის ნაწილაკის გარეშე, ან ოკეანის - წყლის წვეთის გარეშე.
არის ასეთი გამოთქმა "როცა წვეთი ოკეანეში ვარდება, ის აღარ არის წვეთი, ის უკვე ოკეანეაო" და პირიქითაც "ნუ დაგავიწყდებათ, რომ ოკეანეც შეიძლება წვეთებად დაიღვაროსო". რა არის ოკეანე, თუ არა ამ წვეთების ერთობა...
"ის რაც ზემოთ არის, ასეთივეა ქვემოთ და პირიქით" - არ ნიშნავს მაინც და მაინც ზომებს და მასშტაბებს, თითქოს აუცილებლად რაღაც დიდი ციური სხეული უნდა მეორდებოდეს მიკროსამყაროში. კი, ხანდახან ასეც ხდება, რომ არა მასშტაბების სიყვარული, ციცინათელასაც ვარსკვლავივით ვეთაყვანებოდით, მაგრამ, რეალურად, ეს ნიშნავს, რომ ზემატერიის გამოვლინება ხდება მატერიაში, და პირიქით. ერთის უარყოფა ავტომატურად იწვევს მეორის უარყოფასაც. აქ რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ მატერიალისტობას ჩვენეული გაგებით, აქ არამატერიის მატერიაში გამოვლინებას ვგულისხმობ და მატერიის არამატერიაში (ენერგიაში), ან თუ გნებავთ ფიზიკურის სულიერში და სულიერის - ფიზიკურში.
ჩვენ საწვავი ნივთიერებებივით ვართ, სანთლებივით, რომელიც უნდა დაიწვას ბოლომდე, თუ ცეცხლად ქცევის სურვილი გვაქვს. სანთელი თავის თავს "გასცემს" ამ ფორმით, სრულად გასცემს და რომ არა ის (პირობითად სანთელი), არც ცეცხლი იარსებებდა, მაგრამ რომ არა ცეცხლი, არც სანთელი დაიწვებოდა. ეს აქტი, ერთის მხრიდან სრული გაცემის და მეორეს მხრიდან სრული მიღების, არის ის ჯადოსნობა, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს უძრავი, მკვდარი საგანი და სიცოცხლესთან აზიარებს.
როცა ჩვენ ვუარყოფთ სანთელს, როგორც მატერიას, ჩვენვე ვუზღუდავთ მას სხვა ენერგიად გარდაქმნის შესაძლებლობას. ან როცა პირიქით, გვენანება და ვერ ვიმეტებთ, ახლოს არ ვუშვებთ ცეცხლს, იმის შიშით, რომ აღარ გვექნება სანთელი და აღარ ვიარსებებთ, როგორც ეს კონკრეტული ფორმა, ამით განაჩენი გამოგვაქვს თავისთვის: მუდმივი სტატიურობა, უმოქმედობა და გაყინვა ერთ წერტილზე.
მოქმედება, აქტი, ენერგია - ეს ის მაცოცხლებელი აუცილებლობებია, რომლის გარეშე არსებობის შანსი არ ექნებოდა არაფერს. ამიტომ ფრაზა "ის რაც ზემოთ არის, ასეთივეა ქვემოთ...", მხოლოდ იმაზე მიგვითითებს, რომ ერთნაირი პრინციპით მუშაობს ორივე სამყარო, და არა იმაზე, რომ ერთი მეორეზე აღმატებულია ან დაკნინებულია.
საკმარისია დავაკვირდეთ ბუნებას, ის ამაზე ლაპარაკობს, მღერის, ყვირის კიდეც... ის სულ მოძრაობს, ხილულიც და უხილავიც. ხეს რომ არ ჰქონდეს გაცემის და ამავე დროს მიღების იმპულსი ჩადებული, არც ნაყოფს გამოიღებდა, არც ფოთლებით გამოკვებავდა მიწას, არც ფრინველებს შეიფარებდა, არც ცეცხლად იქცეოდა და ვერც წყლით შეძლებდა ზრდას. და ეს ხდება დაუსრულებლად, ერთიდან მეორე, მეორიდან - მესამე... ხვალ ეს ხე რომელიმე სუპერნოვად იქცევა და ათასობით გალაქტიკას გაანათებს.
...და ჩვენ? ჩვენ მხოლოდ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ... ვოცნებობთ და ვფანტაზიორობთ. პრეტენზია გვაქვს ზე-არსებობაზე, გაცემის მინიმალური უნარი კი არ გაგვაჩნია. გვგონია საკუთარ თავზე ვზრუნავთ, როცა ვზრუნავთ საკუთარ "ადგილზე", "მე"-ზე, "ჩემია"-ზე, და ვერ ვხედავთ, რომ ეგოს ვკვებავთ ამით და არა სულს. თუ გაცემა არ შეგიძლია აქ და ახლა, დასაწვავად არ გეთმობა დღევანდელი "სანთელი", იმისთვის რომ ანათო, თუნდაც სხვებისთვის, და ასევე არ შეგიძლია იმ ცეცხლის მიღება, ასე დარჩები ყოველთვის სანთლად და სულს დააობებ, გაყინავ. ყოველი აფეთქებული ვარსკვლავი დამიდასტურებს ამას, საკუთარი თავის განადგურებით რომ აჩუქეს მილიარდობით ვარსკვლავს სიცოცხლე.
თუ ვერ ახერხებ ფიზიკურად (შეზღუდულ უნარს არ ვგულისხმობ), ვერ შეძლებ სულიერადაც. იმიტომ რომ აქ გადამწყვეტია ნება, ნება კი ვლინდება მატერიაშიც და არამატერიაშიც ერთნაირად. თუ სულიერში არის თანაგრძნობა, ის აუცილებლად ვლინდება ფიზიკურ გამოხატულებაში, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სულიერი თვისება და სიძლიერე. ძალა - ეს უკვე ენერგიაა, ის მოქმედია და ვლინდება უამრავი ფორმით. მაგრამ, როცა მხოლოდ ყბედობ თანაგრძნობაზე, გვერდით ჩაუვლი მშიერ მაწანწალას და ერთ ნატეხ პურსაც ვერ გაიმეტებ მისთვის, ან წაქცეულს დაინახავ და წამოსაყენებლად ხელის გაწვდენა დაგეზარება, აქ ფილოსოფია ზედმეტია. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს უდიდესი თავგანწირვის არსი გქონდეს შეცნობილი, სადაც მართლა ძლიერი სულის ადამიანები, მსხვეპლად, არა მხოლოდ მატერიალურ სიკეთეს ან თუნდაც საკუთარ სიცოცხლეს თმობენ, სულსაც კი თმობენ სხვის გადასარჩენად, საკუთარ სულებს იმეტებენ ტანჯვისთვის და თუ გნებავთ "ჯოჯოხეთისთვისაც"... აი, ასეთები იწვიან და ანათებენ, ის ერთეულები, რომლებიც მზად არიან საკუთარი თავების ბოლომდე გასაცემად. სხვა ყველაფერი "ჩამქრალი სანთლის" ილუზიაა, გული რომ არ გალღვობია ჯერ, ცეცხლის ეშინია და ყვირის "ვანათებო".

понедельник, 20 ноября 2017 г.


ორ შემთხვევაში გიწევს ადამიანის ზურგის ყურება: როცა შენგან გარბის, და როცა საკუთარ გულს ახვედრებს შენთვის ნასროლ ტყვიას... მაგრამ არცერთს არ ეშინია დარტყმის ზურგიდან; პირველს იმიტომ, რომ იცის, თავისზე ძლიერს ტოვებს ზურგს უკან, მეორეს იმიტომ, რომ შენს გამო ისედაც ყველაფრისთვის მზადაა.

воскресенье, 19 ноября 2017 г.

არსებობს ცრემლები, წვიმისგან რომ ვერ არჩევ და წვიმა, ცრემლებისგან რომ ვერ არჩევ. არსებობს სიტყვები, გრძნობისგან რომ ვერ ანსხვავებ და ანაბეჭდად გიტოვებს სულში... ცოცხალი, ფერადი, სველი ქრიზანთემების სურნელით.
ისმენ, გძრავს, პულსს გიჩერებს, მაგრამ ვერ ხვდები რატომ, პატარა ხარ ჯერ...
მერე ნანობ. გგონია დაკარგე. არადა, სულ აქ არის, თან დაგყვება. არ ჭკნება, არ უფერულდება, არომატს არ კარგავს, სუნთქავს... ისევ შენთანაა. არა როგორც მოგონება, არა როგორც ისტორია, როგორც ანაბეჭდი, ერთხელ და სამუდამოდ კვალდამჩნეული, წარუშლელი...
აღარ გახსოვს, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე კოკისპირულ წვიმაში გაწუწული სილუეტი... აღარ გახსოვს გალურჯებული ტუჩების კანკალი, აღარც დახრილი თვალები, ნაწილობრივ შიშისგან, ნაწილობრივ მორცხვობისგან, არც ის, როგორ ამოღერღე: "რას ელოდებოდი?"
მან კი პასუხი არ გაგცა, უბრალოდ, ვითომც არაფერი, ადგა და სულზე ამოგიტვიფრა: "ველოდებოდი, რომ... ან შენ გამოხვიდოდი, ან მზე!"
19.11.2017

среда, 15 ноября 2017 г.

რამდენჯერ უნდა დაეცეს ადამიანი, რომ წამოდგომის სურვილი გაუქრეს... ერთხელ, ორჯერ, ასჯერ... რამდენჯერ უნდა გადაიტყავოს მუხლები, რომ მიხვდეს, გამოძერწილი ფრთებით ვერ იფრენს... ხანდახან გინდება, მორიგი მტკივნეული დაცემისას, თავი მოიმკვდარუნო და იწვე... უბრალოდ იწვე და ვერტიკალურად იყურო. მიწიდან ცისკენ უფრო ლამაზი ხედია, ვიდრე პირიქით.