«Любить – значит видеть человека таким, каким его создал Бог»
დოსტოევსკის ამ და სხვა ავტორების მსგავს ფრაზას ხშირად ვხვდები ბოლო დროს, და ვაკვირდები, ხშირად სწორედ ის ადამიანები იმეორებენ, რომელთაც საკუთარი ნაკლოვანებების გამართლება უნდათ (სამწუხაროდ)... ნუ გეწყინებათ, ვინც მათში თავს იცნობთ, რადგანაც, სწორედ ასეთ ახსნას ვისმენ ხოლმე, როცა ვეკითხები “რას ნიშნავს ეს ფრაზათქო?..” ძირითადად, პასუხი ასეთია: “მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ, ანუ (გულისხმობენ): მიმიღე მატყუარა, მოღალატე, ფარისეველი, ამპარტავანი, ბოროტი, ცბიერი, შურისმაძიებელი, მხდალი, ლაჩარი, პატივმოყვარე, შურიანი, მტაცებელი”... და კიდევ რამდენი ნაკლოვანების ჩამოთვლა შეიძლება უსასრულოდ, სადაც რეალურად ყველა ასე თუ ისე ნიღაბია, გარედან აკრული.
ნუთუ?.. მართლა მაინტერესებს, ნუთუ ამ ადამიანებს ნამდვილად გულით სჯერათ რომ სწორედ ასეთი “შექმნა” ღმერთმა ადამიანი?.. გეკითხებით თქვენ!.. ნუთუ მართლა გჯერათ ეს??? ან დარწმუნებული ხართ იმაში, რომ “ღმერთს თავის სახედ” სწორედ ასეთი ადამიანის შექმნა უნდოდა?..
მახსოვს ერთხელ უკვე ვთქვი: ჰკითხე ადამიანს ღმერთის შესახებ და ის ყველაფერს დაუფარავად მოგიყვებათ საკუთარ თავზეთქო...
არა! ეს არ არის ადამიანი, ეს არ არის ადამიანობა!.. ეს არის საკუთარი “არაადამიანობის” გამართლება, თავის მოტყუება და სხვის თვალებში ნაცრის შეყრა!!! ეს “ვაჭრობაა” საკუთარი არაადამიანური სისუსტეებით ნამდვილი, სუფთა ადამიანის წინაშე... ეს ყველაზე დიდი ტყუილია!!!
მე არ გეუბნებით, რომ საკუთარი ნაკლოვანებები უნდა უარყოთ და არ მიიღოთ, პირიქით, მხოლოდ მათი მიღებით და აღიარებით არის შესაძლებელი მათგან თავის დახსნა, ვინაიდან ეს ნაკლოვანებები მხოლოდ და მხოლოდ მტვერია სარკეზე, რომელიც საკუთარ სახეს დამახინჯებულად გაწვდით! ოღონდ... ნუ გაამართლებთ მათ “ღმერთის” სახელით, ნუ აკიდებთ მას ამ ტვირთს, ისევე, როგორც ზოგიერთი საკუთარ ცოდვებს ჰკიდებს ხან “ეშმაკს” და ხან ღვთის ნებას!.. ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ მტვერზე, თუ ნამდვილად გინდათ თავისუფლება და თუ ნამდვილად ხვდებით ამ სიტყვის არსს... და რაც მთავარია, ნუ შეგრცხვებათ ამ ნაკლოვანებების, ის “თქვენ” არ ხართ!.. ისევე, როგორ საკუთარ სახლებში ავეჯზე დადებული მტვერი და ჭუჭყი არაა სამარცხვინო, რომელსაც უბრალოდ წმენდთ, როგორც კი შეამჩნევთ. თქვენ ხომ ამ დროს არ იტყუებთ თავს, თითქოს ყველაფერი სუფთაა და არ გაურბიხართ ჭუჭყის მოშორებას? ხომ არ ინახავთ თვეობით ნაგავს სახლში და არ მალავთ სტუმრებისგან?.. რომც დამალოთ, რამდენ ხანს მოახერხებთ ამას?.. მაქსიმუმ იქამდე, სანამ არ აყროლდება (ამ სიტყვისთვის ბოდიშის მოხდით რათქმაუნდა), ამიტომ, ნუ დაემსგავსებით ასეთ “სახლებს”, სადაც ნაგავი არ ჩანს მაგრამ სუნით გასცემთ თავს, ან კიდევ უარესი, სადაც ზემოდან ყრია და ამას “ღმერთის” ნებად რაცხავთ!
იცით?.. საკმარისია უბრალოდ თვალები არ აიხვიოთ, პირიქით, ფართოდ გაახილოთ და დაინახოთ... დანახვა კი თავისთავად გაგიჩენთ სურვილს მტვრის მოშორების, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა გაგათავისუფლებთ ამ მტვრისგან, მისგან გაქცევა კი მათ დაგროვებას გამოიწვევს, სხვა არავინ იზამს ამას თქვენს მაგივრად...
ამაში დარწმუნებული იყავით!
იქ, სადაც თქვენ “ცხოვრობთ” - თქვენი სახლების (თქვენი ტაძრების) სისუფთავეზე თქვენვე უნდა იზრუნოთ, თქვენ გაბარიათ მხოლოდ, და უნდა იზრუნოთ მუდმივად, სისტემატიურად, რომ არ დაგროვდეს, ხოლო გარედან შემოსული დროებითი მტვრის არ შეგრცხვეთ, იმიტომ რომ თქვენი ბრალი არ არის ეს, მტვრის ბუნებაა ასეთი, შეიძლება ყოველდღიურად ახალი ფენა დაედოს... მერე რა? რა არის აქ საშიში?.. უბრალოდ ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ერთხელ ჩატარებული გენერალური წმენდა საკმარისი იქნება და აღარასოდეს დაბინძურდება. სისუფთავეს, სიმყურდოვეს და კომფორტს შენარჩუნება უნდა... სხვა შემთხვევაში სტუმარი კი არა, თქვენც ვერ იგრძნობთ თავს კომფორტულად. ამ სახლის ყველაზე ძვირფასი სტუმარი კი თავად თქვენ ხართ, ეცით საკუთარ თავს და სულს პატივი...
მაპატიეთ, თუ ცოტა უხეშად მომივიდა, ეს ყველაფერი რათქმაუნდა მეც მეხება, მე თქვენ მტვრის ფენების გარეშეც გხედავთ, მხოლოდ გარედან შემოსულ და დაგროვილ მტვერს და ჭუჭყს ვაპროტესტებ და არა სახლის ბინადარს, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ისეთები მიყვარხართ, როგორიც “ღმერთმა შეგქმნათ”... სუფთა და ნათელი, მაგრამ ნუ მომთხოვთ ნაკლოვანებები ღირსებად ჩავთვალო და ნუ აიძულებთ თქვენი მტვრის სუნთქვას ნურც სხვას და ნურც საკუთარ თავს.
/11.10.2016/
Комментариев нет:
Отправить комментарий