воскресенье, 31 июля 2016 г.

შიში


ყველაზე მეტად იმათ ეშინიათ სიცოცხლის, ვისაც ძალიან ეშინია სიკვდილის.. ყოველგვარი შიში სიყვარულის საპირისპიროა.. 

რაც უფრო მეტია შიში, მით უფრო ნაკლებია სიყვარული. 
რაც უფრო ნაკლებია სიყვარული, მით უფრო მეტად ვებღაუჭებით საგნებს, ადამიანებს, ადგილებს, მათი დაკარგვის შიშით.. და სწორედ ამით ვუარყოფთ სიცოცხლესაც და სიკვდილსაც. 

შიში გვაიძულებს ჩავებღაუჭოთ... არადა, ეს ორი განუყოფელია ერთმანეთისგან. 

ამბობენ ყოველი შიში სიკვდილის შიშისგან მოდისო, არა!.. ყოველი შიში დაკარგვის შიშისგან მოდის, და თუ ადამიანი დაინახავს იმას, რომ სიკვდილით ის სიცოცხლეს არ კარგავს, სხვა ნებისმიერი შიშიც გაქრება.. 

არაფერი არ იკარგება სამყაროში, უბრალოდ სახეს იცვლის, რადგანაც, არ შეიძლება მოკვდეს ის, რაც უკვდავია, არ შეიძლება წაგართვან ის, რაც შენი არაა, არ შეიძლება დაკარგო ის.. რაც თავად ხარ..

четверг, 28 июля 2016 г.

(...დაგეძებ)

დავეძებ დროში დაკარგულ ვარსკვლავს, ცის ბილიკებში უკვალოდ გამქრალს, ჩამქრალს... და სევდით მოფენილ დაღმართს უსასრულობის ელფერი დაჰკრავს.
მარადისობას მოვპარავ წამებს, - თუმცა, ქურდობას ვერვინ დამწამებს... და მერე... ჩემ წილ მარადისობას მიმოვაფანტავ დღესა და ღამეს.
ჩამოვუყვები კვალდაკვალ ფიქრებს, უდაბნოს ქვიშა დამიწვავს ტერფებს, სიოდ დაბერილს დავიჭერ რითმებს და შემოგახვევ დასიცხულ ლექსებს..
დაგეძებ - დროში დაკარგულ ვარსკვლავს, ცის ბილიკებში უკვალოდ გამქრალს, ჩამქრალს... და სევდით მოფენილ დაღმართს კვლავ მდუმარების ელფერი დაჰკრავს.

/28.07.2016/

среда, 20 июля 2016 г.

ნაკვალევი

გზა მხოლოდ მაშინ იკვეთება, როდესაც გავივლით და ნაკვალევს დავტოვებთ, წინ კი გაშლილი და გაუკვალავი სივრცეა, სადაც ხშირად მხოლოდ სხვისი ნაფეხურები ჩანს ბუნდოვნად, ჯერ არ გაფანტული და ჯერ არ წაშლილი, გაცრეცილი და სხვისი ფეხის გულებით შეგრძნობილი...
ბევრი იოლ გზას ირჩევს და სხვის გაკვალულ ბილიკებს მიუყვება, მხოლოდ ზოგიერთი ბედავს ახალი კვალის დატოვებას, და კიდევ უფრო ნაკლები - ერთეულები ახერხებენ, უკვალოდ წყალზე სიარულს...
ჩვენ აქ და ზუსტად ამ მომენტში ვიღაცის წარსულს თვალნათლივ ვხედავთ, რომელიც ერთ დროს მისთვის მომავალი იყო. მოვა დრო და ჩვენი ჯერ გაუკვალავი ნაფეხურებიც ვიღაცისთვის ჩვენს წარსულთან შეხება იქნება... ვიღაცის მომავალში უკვე “გაწერილი” ისევე, როგორც ჩვენი ჯერ არ გადადგმული ნაბიჯები...
...მაგრამ, სადღაც, დროის და სივრცის სხვა შრეებში წინ მიმავალი ნაბიჯები ისევე თვალნათლივ ჩანს, როგორც უკან დატოვებული, და ვინაიდან ჩვენ მხოლოდ უკან ყურება შეგვიძლია, წინ თვალახვეული - ბრმად მივაბიჯებთ, ჩვენ გვგონია, რომ ყოველი შემდეგი ნაბიჯი ჩვენი არჩევანია (ერთის მხრივ ასეც არის), მაგრამ დრო - ფარდა ჩვენი მზერისთვის, რომელიც ჩვენგან განსხვავებით მომავლიდანაც ისევე თავისუფლად იყურება, როგორც წარსულიდან, უკვე ხედავს მათ და ეღიმება, მან უკვე იცის სად გავივლით, როდესაც მის სამფლობელოში - სივრცეში მივაბიჯებთ... ის ჩვენი ბედისწერის დარაჯია.
ბედისწერა??.. ეს დროის მიღმა და ამავდროულად ყველა დროის ერთობლობაა, სადაც წარსულიც, აწმყოც და მომავალიც მუდმივად ერთია, ერთი ხედვაა, ერთი მზერა!.. ეს დასაწყისის და დასასრულის ერთიანობაა, ვინაიდან მუდმივობაში არ არსებობს არც დასაწყისი და არც დასასრული... აქ დრო ფარდას იხდის და მთელი თავისი “სიშიშვლით” წარსდგება ჩვენს წინაშე... მას მარადისობა ქვია! აქედან ჯერ კიდევ წინ გაუკვალავ ნაბიჯებს ვხედავთ, რომელიც თავად ავირჩიეთ... სწორედ აქ ვაკეთებთ “არჩევანს” და არა იქ, სივრცეში ბრმად მიმავალნი: სადაც, ქვიშა ინახავს ჩვენს ნაფეხურებს, სადაც, მზის ცეცხლი მათ კონტურებს სიმკვეთრეს მატებს, იქ სადაც ზღვა... თუკი გაუმართლებთ და შეხვდნენ მას, დაუნდობლად შლის! იქ სადაც ქარი - სივრცეში მიმოფანტავს...
..მაგრამ ჩვენ ხომ დროის მიღმა მარადისობა ვართ, სივრცეში ნებაყოფლობით გამოკეტილები, სადაც ცხოვრება ქვიშას გავს და ნაკვალევი მხოლოდ დანაწევრებული დროის მოვლენაა, სანამ მათ ქარი არ გაფანტავს ან ზღვა არ წალეკავს... და მიუხედავად ამისა ნაკვალევს უფრო ვეტრფით, ვიდრე მის “დამწერს”... კალამს უფრო ვეტრფით, ვიდრე პოეტს.
ჩვენ - მარადისობა ვართ!.. და ჩვენვე ვაერთიანებთ ჩვენ თავში ყველა დროს და სივრცეს. ჩვენ ვართ ქვიშაც და მზეც... ქარიც და ზღვაც! ჩვენ “ვწერთ” ჩვენივე ბედს... ჰო, ბედისმწერები ვართ... და ჩვენ... ყველაზე მეტად გვეშინია საკუთარი თავის, გვეშინია იმის ვინც ვართ!
არადა.. საკმარისია დროის ფარდას ხელით შევეხოთ და ის გაქრება, ფარდის წინ განვლილი ნაფეხურები უკან მოტოვებულებივით დავინახოთ და... სივრცეც გაქრება... დარჩება მხოლოდ ერთი მზერა და როდესაც ის თვალს გაახელს... მიძინებული მარადისობა გაიღვიძებს და იტყვის: მე ვარ!..
/20.07.2016/

четверг, 14 июля 2016 г.

ორი ზღვის შეხვედრა

“მან გამიჯნა ორი ზღვა, ერთურთს რომ ხვდებოდა. მათ შორის ჯებირია, რომელსაც ამ ორთაგან ვერცერთი გადალახავს. და გამოდის ამ ორი ზღვიდან თვალმარგალიტი და მარჯანი”. /სურა LV მოწყალე- 19, 20, 22/
სიყვარული უდიდეს მსხვერპლს მოითხოვს, ეს ყველამ ვიცით, და არ არსებობს იმაზე მეტი მსხვერპლი, ვიდრე საკუთარი თავია - საკუთარი “მე”, რომლის დაკარგვაც ადამიანებს უფრო მეტად აშინებთ, ვიდრე ფიზიკური სიცოცხლის. საკუთარი ინდივიდუალურობა რომ “დაკარგო”, ამისათვის საჭიროა ჯერ მოიპოვო ის, თუმცა ინდივიდუალურობა არ იკარგება, იკარგება მხოლოდ ცრუ ეგო. სწორედ ეგოს ეშინია სიყვარულში განზავების და გაქრობის, სიკვდილის.. იმიტომ რომ ის მოკვდავია. სიკვდილის არ ეშინია უკვდავს და მარადიულს, შესაბამისად არც გაქრობა და განზავება აფრთხობს.
როდესაც ხარ მდინარე, ოკეანეში ჩაღვრისას ბოლო მომენტამდე იბრძვი, უამრავ ბარიერს ქმნი ოღონდ იქ არ ჩაიღვარო და არ გაქრე როგორც “მდინარე”. შენი “მდინარეობა” გგონია ინდივიდუალიზმი და მლაშე წყლებთან შეხვედრისას გადაულახავ კედლებს აშენებ, რომლის დაძლევაც მერე თავადვე გიჭირს. კი, მართალია.. მდინარე იკარგება, ის საბოლოოდ ზავდება ზღვაში და თვისობრივადაც ზღვა ხდება, და ეს ჯერ კიდევ ინდივიდუალიზმის მოპოვებამდე მტკივნეული პროცესია ეგოსთვის, თუმცა მდინარის “მსხვერპლიც” ამაში მდგომარეობს, ის ჯერ ზღვად უნდა იქცეს, შეიგრძნოს ეს მდგომარეობა მთელი თავისი სიდიადით და სიღრმით, რაც ასე ძლიერ აკლდა იქამდე.
მაგრამ რა ხდება როდესაც ორი ზღვა ხვდება ერთმანეთს??. ორი ინდივიდი, ორი სტიქია... ორი ძალა, რომლის სწრაფვაც ერთმანეთისკენ ისეთივე სტიქიური და ძლიერია, როგორებიც თავად არიან...
როდესაც ორი სხვადასხვა ზღვიდან თითო ჯამს ერთ ჭურჭელში ვურევთ, ისინი ერთგვაროვან სითხედ იქცევიან, მაგრამ რატომღაც ასე არ ხდება თავად ზღვების შეხვედრისას... მათ შორის ჩნდება მოძრავი ბარიერი, მაგრამ ბარიერი არა შეუვალი და გადაულახავი, არამედ დამხმარე მოძრავი ძალა, რომელიც მათ განზავების მტკივნეულ პროცესში ეხმარება. მათი სიმკვრივეები და სტრუქტურა იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ერთი შეხედვით ეს ბარიერი თვალისთვის გადაულახავი გვეჩვენება.
და მაინც... ისინი გამუდმებით ისწრაფვიან ერთმანეთისკენ, ტალღებით ეჯახებიან და აწყდებიან მთელი ძალით... ისინი ზავდებიან, მაგრამ არასოდეს იღვრებიან ერთმანეთში... ზავდებიან ნელა და დიდი სიფრთხილით, მაგრამ ინდვივიდუალიზმს არასოდეს კარგავენ!.. ამაშია მათი შეხვედრის მთელი ხიბლი და სილამაზე, მათი სწრაფვა მიუხედავად მტკივნეული ცვლილებისა, მათი ზრუნვა ერთმანეთის უნიკალურობის შენარჩუნებისა.. ამაშია მათი სიყვარულის ძალა..
სტიქიასთან ასეთი სიძლიერის შერწყმას რომ გაუძლო და არ დაიკარგო, თავად უნდა იყო სტიქია. ორი სულის მსგავსი შეხვედრა ისეთივე იშვიათია, როგორც ორი ზღვის შეხვედრა, მაგრამ საუკუნეებს მიღმა გვაწვდენენ ხმას და შემოდიან ჩვენ სულებშიც. მათი ტალღების ხმები დღემდე აფორიაქებენ ნაპირზე მომდგარ მდინარეებს და ეგებებიან მთელი სიდიადით.
/ორი ზღვის შეხვედრა - სწორედ ასე დაარქვეს 1244 წლის 26 ნოემბერს ორი უდიდესი პიროვნების შეხვედრას, ადამიანების, რომლებმაც სიყვარული ღმერთამდე აიყვანეს, “გააღმერთეს” და სინათლედ დაუტოვეს საუკუნეებს ორი ზღვის "მარგალიტები და მარჯნები" - რუმი და შამსი/.





“დაბრუნდი და გაიხსენე ვინ ხარ..” /რუმი/




https://vimeo.com/17428099
/14.07.2016/

вторник, 5 июля 2016 г.

ზღვა ხარ...

ზღვა ხარ..


მიუხედავად იმისა, რომ წყალი გამჭვირვალეა, რაც უფრო ღრმაა ის, მით უფრო ბუნდოვანი ჩანს თავისივე სიღრმის გამო.
...ადამიანო! შენ ზღვას გავხარ, რომლის მხილველიც მხოლოდ ზედაპირზე მობობოქრე ტალღებით გაფასებს. ზღვის ყურება, ან მოსმენა, ან თუნდაც ბრიზით დაბერილი არომატის შეგრძნება ვერ გადმოგცემს იმ გრძნობებს და შეგრძნებებს, რომელსაც მასში შეცურვა ან ჩაყვინთვა იწვევს, ვერ გაგჟღინთავს თავისი არსით.. ვერ დაგისველებს თვალებს.
...შენი გამჭვირვალობა და სისუფთავე მხოლოდ მაშინ ხვდებათ თვალში, სანამ ანკარა ნაკადული ხარ, ან თუნდაც ქვიშით აუმღვრეველი მდინარე. ამ დროს შენი სისუფთავე ხილვადია დამკვირვებლის თვალისთვის, შიშს არ იწვევს მასში, პირიქით.. იზიდავს და “ამღვრევის” სურვილს უჩენს ეს კამკამა წყალი. მაგრამ... ყველა მდინარე ზღვას უერთდება, და შენც, როდესაც ზღვაში ჩაიღვრები, დაკარგავ შენს გამჭვირვალობას და სიცელქეს. შენ აღარ იქნები მდინარე, შენც ზღვად იქცევი!
ზღვა... რომლის ფსკერის დანახვა შეუძლებელია, შიშს იწვევს ნაპირზე მოსეირნის სულში. მისი უხილავი სიღრმე მხოლოდ ვარაუდებს უტოვებს, მისი ტალღების სიცელქეს შეცდომაში შეყავს ის და.. სხვა რაღა დარჩენია, გარდა იმისა, რომ ნაპირიდან მომზირალმა შეთხზას მასზე მითები, სადაც ხან უდიდეს განძზე მიანიშნებს და ხან უხილავ ურჩხულზე..
შენ ზღვა ხარ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეიძლება ნაკადული იყო. ყველა მდინარის ისტორია ბოლოს მაინც ზღვით მთავრდება, ისევე როგორც ყველა დაბადება სიკვდილით.. თუმცა ზღვად “დაბადებას” სიკვდილს ნამდვილად ვერ ვუწოდებ.
შენ ზღვა ხარ!.. და რაც უფრო ღრმა ხარ, მით უფრო უხილავი ხდება შენი გამჭვირვალობა, მით უფრო იწვევს შეუცნობლის გულებში გაურკვევლობის შიშს და მით უფრო ნაკლებს უჩნდება სურვილი შენში ჩაყვინთვის და შენი სიღრმის შეცნობის. ვისაც ჯერ კიდევ ეშინია, მათთვის უხილავი და ბნელი ურჩხულის მფლობელი ხარ, ვისაც არა - განძის..
და იცი?? ამ დროს ორივე მართალია.. სწორედ ამ სიღრმის უხილავობა და სიბნელე - სწორედ ეს “ურჩხული” იცავს შენში დაფარულ მარგალიტს, რომლის მოპოვებას და ხელით შეხებას დიდი სიმამაცე სჭირდება. მან შეიძლება შთანთქას მაძიებელი და ზღვად აქციოს, თავისთან დაიტოვოს და გააქროს.. სწორედ ამას სჭირდება დიდი სიმამაცე. მან იცის, რომ გაქრობის რისკი დიდია, მაგრამ ისიც იცის, რომ გაქრობა მას ზღვად აქცევს.. და ეს “ცოდნა” მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც აღარ ეშინიათ.
ასეთ სიღრმეში ყურებისთვის თვალები გამოუდეგარია, იქ თვალდახუჭულმა უნდა ეძებო.. იქ სხვა “მზერაა” საჭირო - მზერის მიღმა მზერა, ვინაიდან თვალისთვის უხილავი არ ნიშნავს “უხილავს”. მიუხედავად ბუნდოვანებისა, წყალი ხომ მაინც გამჭვირვალეა...
/05.07.2016/