суббота, 28 января 2017 г.

დამახინჯებული ბუნებრივობა

ხშირად ადამიანი რაც უფრო მეტად გამოირჩევა მორალურობით და მაღალზნეობრიობით, მით უფრო მეტ შინაგან პრობლემებს აწყდება. ხშირად (თუ ყოველთვის არა) სწორედ ჩვენივე მორალი ხდება ჩვენი დაუძინებელი მტერი. მე არ მაქვს საუბარი სინდისზე, ამ შემთხვევაში იმ მორალზე მაქვს საუბარი, რომელიც „სოციალური ინსტიტუტი, ნორმების, სანქციების, შეფასებების, დანაწესების, ქცევის ნიმუშთა სისტემაა“ (სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი). დიახ... ეს სისტემაა. დაახლოებით ისეთივე სისტემა, როგორიც სახელმწიფო კონსტიტუციაა, ან თუნდაც რელიგია; აქ უკვე გააჩნია ადამიანს, ვისთვის რა არის ღირებული და ვინ რა „წესს“ ემორჩილება, თუნდაც ეს დაუწერელი იყოს. მთავარი ის არის რომ ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც გარკვეულ სისტემურ წესებს და კანონებს ვემორჩილებით. ზოგადად, ნებისმიერი წესი, კანონი თუ აკრძალვა არამარტო დადებითის, ბევრი უარყოფითი გამოვლინების საფუძველიცაა. უწესობის და უკანონობის პროპაგანდად ნუ ჩამითვლით, მე მხოლოდ მთლიანობაში ვცდილობ დავინახო, როგორც კარგი, ასევე ცუდი მხარეები, ანუ, სად უნდა გავითვალისწინოთ და სად „დავარღვიოთ“, ან თუნდაც გვერდი ავუაროთ, იმისთვის რომ ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ გადავვარდეთ.
დაახლოებით 10-12 წლის წინ, მახსოვს, შვედეთში მოგზაურობისას თვალში მომხვდა ერთი უცნაურობა. მიუხედავად ამ ერის სილამაზისა, მასობრივი იყო არაბუნებრივად ჭარბი წონის პრობლემა. ანგელოზის სახიანი „ორასკილოიანი მასები“ ისე დადიოდნენ ქუჩებში, რომ დიდად არც აღელვებდათ ეს ამბავი, როგორც შევამჩნიე. ერთმა ჩემმა უფროსმა მეგობარმა ქალმა (რომელიც ასევე შვედი იყო), როგორც ჩანს შემატყო სახეზე დიდი კითხვის ნიშანი და მომიყვა პატარა ისტორია ამ თემასთან დაკავშირებით: „ადრე ჩვენთან შაქარი ისეთი დეფიციტი იყო, რომ მხოლოდ მდიდარ ოჯახებს ჰქონდათ ამის საშუალებაო, და ეს იმდენად დიდხანს გრძელდებოდა, იმდენად დიდი იყო მოსახლეობაში შაქრის დანაკლისი და შესაბამისად მოთხოვნილებაც, რომ როგორც კი თავისუფალ მოხმარებაში შემოვიდა, იმის მერე ყველაფერს ტკბილს ამზადებდნენო“... მართლაც, იქ პურიც კი ტკბილია, პური კი არა მჟავე კიტრიც კი შაქრით მზადდება. ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი შვედეთში და მოუწია შვედური სამზარეულოს დაგემოვნება, დამეთანხმება. დღეს ეს მოთხოვნილება რათქმაუნდა აღარ არის, მაგრამ ტრადიციად დარჩა ყველაფრის დატკბობა და იმდენად მიჩვეულები არიან, რომ ალბათ თაობები დასჭირდებათ ამ ტრადიციის შესაცვლელად.
რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი?? იგივე შემიძლია საბჭოთა კავშირზე და სექსუალურ რევოლუციაზე ვთქვა, თუმცა ამ ისტორიას აღარ მოვყვები, ისედაც ყველას კარგად ახსოვს. იგივე შემიძლია „მშრალ კანონზე“ ვთქვა, ალბათ ყველას თუ არა უმრავლესობას გაქვთ ნანახი ფილმი „ერთხელ ამერიკაში“, აქაც თავად მიხვდებით. აღარაფერს ვამბობ რელიგიურ დოგმატურ აკრძალვებზე, სადაც ელემენტარული ადამიანური ბუნების, მხოლოდ ცუდის კი არა, კარგის გამოვლენაც კი ცოდვა და აკრძალულია, მიუხედავად იმისა, რომ არავის არაფერი უშავდება ამით. რისთვის? რა არის მიზეზი... მიზეზი რელიგიის შემთხვევაში სულის ხსნაა, გავიგე, მაგრამ რა ემართება სულს ყველაფრის აკრძალვით დაფიქრებულხართ? როგორ უნდა იხსნას ასეთმა რელიგიამ ადამიანის სული, როცა საკუთარი თავის სიყვარულს უკრძალავს, სილამაზის დანახვას უკრძალავს, პოეზიას და სიმღერას უკრძალავს (იმიტომ რომ საცდურია), სწავლას და სამყაროს სხვა სიმდიდრეების გაცნობას უკრძალავს.
ნებისმიერი აკრძალვა, რომელსაც არ ეთანხმება შენი სინდისი, შენი შინაგანი სამყარო, დამღუპველია. ის ზე-მორალიც კი, თუკი თანხვედრაში არ მოდის შენს შინაგან ხმასთან დამანგრეველი იქნება, ვინაიდან ამ დროს შენ უბრალოდ ცდილობ მოიქცე „წესიერად“, ისე როგორც საზოგადოებრივმა სისტემამ დააწესა, და არა ისე, როგორც შენი სინდისი გკარნახობს. შენში იწყება გაორება, ბრძოლა, სადაც სამიზნე ყოველთვის სინდისი და შინაგანი ხმა ხდება და არა თავსმოხვეული, დროში გამეფებული წეს-კანონი. შენ ცდილობ ჩაახშო და ჩაკლა შენში ბუნებრივობა, დათრგუნო მუსიკის სიყვარული (რომ არ გაცდუნოს), საკუთარი თავის სიყვარული (იმიტომ რომ „ცოდვილად დაიბადე“), საკუთარ თავთან ერთად რომ იმ ღმერთსაც კლავ, ამაზე აღარავინ ფიქრობს, ცდილობ დათრგუნო ბუნებრივი სექსუალურობა (ქართველი დედა ამას ვერ იკადრებს), შენში ის მიმზიდველობა და სილამაზე, რითაც საპირისპირო სქესს იზიდავ, თუმცა ღმერთს ეს ჩვენთვის არ აუკრძალავს, არ უთქვამს რომ სულ უნდა გავანადგუროთ მთელი შინაგანი სამყარო, არც სექსი აუკრძალავს, არც ბავშვების გაჩენა (რომელიც სხვათაშორის სიყვარულით და სექსით ჩნდებიან). მაგრამ თუკი ყველაფერს გავანადგურებთ ჩვენში, სხვისთვის კი არა საყვარელი ადამიანებისთვისაც კი აღარ დაგვრჩება ეს სიყვარული, და აღარც საკუთარი თავისთვის.
ბევრი მაინც არ დამეთანხმება ვიცი, მაგრამ პრობლემა კონკრეტულად ჩახშობაში კი არ არის, აქ ის სხვა სახით გვევლინება. რეალურად ეს რომ შესაძლებელი იყოს, მაშინ პრობლემაც არ იქნებოდა, ან მინიმუმ ამ სიმძაფრით მაინც არ იქნებოდა. სინამდვილეში პრობლემა ჩახშობა კი არა „ვერ ჩახშობაა“... ის არსად არ მიდის, შენში რჩება შიგნით, და რაც მეტად „ახშობ“, მით უფრო ღრმად.
სად მიდიან არარეალიზებული სურვილები? ემოციები? არსად... ჩვენ მხოლოდ გარეგნულად ვცდილობთ მათ შენიღბვას. აქ მართლა არა აქვს მნიშვნელობა, რომელი სისტემის წესებს ემორჩილები, მთავარია მათ „ნორმებში ჩაჯდე“. ვიღაცისთვის თუ ეკლესიაა „ამკრძალავი ძალა“, ვიღაცისთვის მოქალაქეობრივი ვალია, ან საზოგადოებრივი მორალი, ან თუნდაც სხვადასხვა სულიერი მიმდევრობის ადათები. შენს შინაგან სამყაროს ეს არ აინტერესებს, ის ან გასცემს, ან იღებს. რასაც ვერ გასცემს - იტოვებს, და რაც უფრო დისჰარმონიული და ნეგატიურია ის „რაღაც“, მით უფრო იხრწნება დროთა განმავლობაში. სულ ეს არის მთელი მისი მექანიზმი. უბრალოდ წარმოიდგინეთ რომ შიგნით გაქვთ რაღაც სივრცე, სადაც ნაგავს ყრით, ამ ნაგვისგან არასოდეს ათავისუფლებთ ამ სივრცეს, პირიქით, დროთა განმავლობაში უმატებთ და უმატებთ, და რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ლპება და ყროლდება. წარმოიდგინეთ რომ ჯერ კიდევ „ახალი“ ნაგავი ბევრად ჯანმრთელი, საღი და ბუნებრივია, მისი „გაცემა“ სულაც არ იქნება დიდი დისკომფორტი ვინმესთვის, პირიქით, შეიძლება ბუტერბროდის ნარჩენი რომელიმე ცხოველსაც გაუყოთ, ანუ უფრო გამოსადეგი გადახოთ, ვიდრე საკუთარ სულში ჩააგდოთ და დაალპოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს „სივრცე“ ვერ იქნება უსასრულოდ ტევადი, თქვენით თუ არ გაათავისუფლეთ, რაც მეტს დააგროვებთ, მით უფრო დამახინჯებული სახით ამოხეთქავს. რაც უფრო ჩაახშობთ და დააკონსერვებთ ვნებას, მით უფრო მეტად დამახინჯებული გადახრებით ამოხეთქავს, რაც უფრო ჩაახშობთ წყენას, მით უფრო დამანგრეველ აგრესიად გამოავლენს თავს, პატარა წყენაც კი შეიძლება უსასტიკეს შურისძიებაში გადაიზარდოს, თუკი იქვე, ადგილზევე არ გაანეიტრალეთ.
საბოლოოდ ყველა ნეგატივი, წვეთ-წვეთობით ისეთ სტიქიად იქცევა, რომ შენვე წაგლეკავს და დაგანგრევს. შენ ცდილობ არ შეიმჩნიო პატარა წყენაც კი, იმიტომ რომ თურმე სადღაც, ოდესღაც ბუდამ თქვა, რომ ეს სულიერი განვითარების დაბალ საფეხურზე მიანიშნებს... და შენც ცდილობ იმიჯი შეინარჩუნო. კი, რათქმაუნდა კარგია თუ თავიდანვე არ გწყინს, მაგრამ თუ მაინც გწყინს და უბრალოდ თავს აჩვენებ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ კონკრეტული მორალის ნორმებში ცდილობ ჩაჯდე? ან თუ მიუხედავად სექსუალური აკრძალვისა ვნებას ვერ ერევი? რა ხდება მაშინ? მაშინ ხდება ის რაც უკვე ზემოთ ითქვა.
თავში უკვე ვთქვი და გთხოვეთ, რომ უკანონობის და უწესობის პროპაგანდაში არ ჩამითვალოთთქო. მე არ ვამბობ რომ კარგია „დარღვევა“, რათქმაუნდა მართლაც კარგი იქნება, თუ ჩვენი შინაგანი ხმა დაემთხვევა მორალურ კანონებს, მაგრამ... მე სწორედ მათ გასაგონად ვამბობ, ვისიც არ ემთხვევა და ფორმალურად, წესების დაცვით ფიქრობს რომ „სულს გადაირჩენს“, არა, დამალული ნაგავი არ ნიშნავს რომ ის არ არსებობს, სამწუხაროდ, ის ასჯერ და ათასჯერ მახინჯი ფორმით არსებობს იქ, სადაც გროვდება. მხოლოდ ამის თქმა მინდოდა. ბუნებრივობა არ არის დანაშაული, იმიტომ რომ ყველაფერი ბუნებრივი ლამაზია, დანაშაული მისი დამახინჯება და ამ სიმახინჯის ლამაზად შეფუთვაა.
ერთი აღმოსავლური იგავი გამახსენდა:
მოსწავლე ეკითხება მასწავლებელს, - „როგორ ვისწავლო პატიება?“ მასწავლებელი პასუხობს, - „ეცადე ისწავლო როგორ არ გეწყინოს და საპატიებელიც არაფერი გექნებაო!“
/28.01.2017/

пятница, 27 января 2017 г.

სიყვარულს ყოველთვის ჰქონდა ფასი, ვინც არ უნდა თქვას, რომ ის შეუფასებელია... რეალურად სიყვარული ყველაზე "ძვირი" სიამოვნებაა ამქვეყნად, ის მსხვერპლად შენს თავს ითხოვს, შენი ეგოს "სიცოცხლეს".. სიყვარული და ეგოიზმი ერთად ვერ თანაარსებობენ, ამიტომაც არის სიყვარული მტკივნეული, ის შენს ეგოს ცეცხლში ატარებს იქამდე, სანამ ბოლომდე არ დაიწვება. მტკივნეულია ეგოსთვის სიკვდილის პროცესი და ბოლო წვეთამდე იბრძვის, ეწინააღმდეგება.. მაგრამ.. "ძვირი" და "მტკივნეულია" მხოლოდ ეგოსთვის და არა სულისთვის. თუ ეგომ ვერ გაუძლო და დაიწვა, სული თავისუფლდება. სიყვარულს მართალია სიკვდილი მოაქვს ეგოსთვის, მაგრამ თავისუფლება - სულისთვის. ეს მუდმივი ბრძოლაა ჩვენს გულებში უამრავი სახელით წოდებული… მე არ ვიცი რა არის სიყვარული, მაგრამ მე ვიცი როგორ მოქმედებს ის ჩვენს სულებზე.
„სიყვარული სულის სინათლე და ცეცხლიაო, მზეაო...“, ვამბობთ, და ჩვენამდეც არაერთხელ და არაერთს უთქვამს ეს. ბევრი სიყვარულში სინათლის მხოლოდ დადებით მხარეებს მოიაზრებს, მხოლოდ სითბოს, სხივებს თვალებში და ყვავილობას ხედავს... არადა, სინათლეს, ცეცხლს და მზეს ბევრი ისეთი თვისებაც აქვთ, რომელიც სულაც არ ჰგავს ვარდებით მოფენილ ბილიკებს. სინათლე ხომ ბნელ, მიჩქმალულ კუთხეებს ავლენს, ხანდახან აბრმავებს კიდეც, ცეცხლი - წვავს, მზე - უდაბნოდ აქცევს, ანადგურებს მიწას, შენს სხეულს...
როდესაც ადამიანის გული იხსნება და მასში სინათლე შედის, გარდა მისი იმ დადებითი მხარისა, რომელშიც თავისთავად მოიაზრება თვითონ სინათლე, ბევრ მის ბნელ კუთხეში დამალულ და მიმწყვდეულ ფობიებსაც ააშკარავებს, ისინი ვეღარსად იმალებიან. შიშისთვის დამახასიათებელი ფართოდგახელილი თვალებით შეჰყურებენ თავიანთ „მტერს“ - სინათლეს, და ცდილობენ ან ახალი ბნელი ადგილი მოძებნონ დასამალად, ან მათი „სამფლობელოდან“ გააძევონ დაუპატიჟებელი სტუმარი (სიყვარული ხომ ყოველთვის დაუპატიჟებლად ეწვევა ხოლმე ადამიანთა გულებს)... ამიტომ ცდილობენ ყველანაირი ხერხით მოიშორონ, ჩაქოლონ, ცივი წყალი გადაასხან... ჩააქრონ და იდილია დაიბრუნონ. რა გასაკვირია, რომ მტკივნეულია მათთვის. ყველა შიში და ფობია ხომ ეგოს მოკავშირეა და არა სულის.
კი... ლამაზია ნამდვილად, ლამაზად ჟღერს სიყვარულზე ნამღერი უამრავი ლექსი თუ სიმღერა. ლამაზად ჩანს შორიდან ის, რასაც პოეტები აღწერენ, ყველას უნდა მხოლოდ ასე ლამაზად აღწერილი იგრძნოს, მაგრამ არა ის, რა ტანჯვასაც აქამდე მიყავს სიყვარულით ანთებული გული. სიყვარული არ არის ტკივილი, მაგრამ სიყვარულამდე „გასავლელი გზა“ არის მტკივნეული, რომლისაც ეშინია ეგოს მიერ დაპყრობილ და დამონებულ გულს. ეშინია ეგოს, თვითონ შიშშაც კი ეშინია, რომ არ დაკარგოს ბნელი და მყუდრო თავშესაფარი - კომფორტის ზონა.
...ხედავ შენში ამ შიშებს, ფობიებს, და სურვილი გიჩნდება სასწრაფოდ დახურო ასე ფართოდ გაღებული გულის კარი, რომ არავინ შეიხედოს შენს გარდა... არა, რა შენს გარდა... სხვამ კი არა, შენც რომ ვეღარ დაინახო, ისე ჩარაზო და დაატყვევო ეს სინათლე, რომ მასთან ერთად შიშებიც მიამწყვდიო და დაივიწყო, თითქოს არც არსებობენ. არა, ისინი არსად არ მიდიან. ამ დროს იქ იწყება გაუთავებელი ბრძოლა, სანამ ან ერთი, ან მეორე არ დამარცხდება, არადა... გული რომ არ დაგეხურა, რომ არ „შეგრცხვენოდა“ იმის, რაც სინამდვილეში არც ხარ, ხომ მისცემდი საშუალებას სინათლეს, რომ გამოედევნა ყველაფერი „შენი პანდორას ყუთიდან“?..
მხილებული შიში იმდენად საცოდავი ხდება, რომ ძალას და ბრძოლისუნარიანობას კარგავს. მთავარია კარი გაუღო და ის თავისი ფეხით წავა, ის ნებით არასოდეს გაჩერდება იქ, სადაც იცის, რომ დაიწვება... წავა და სხვა ბნელ კუთხეს იპოვის... სხვაგან. ამ დროს მთავარია გაუძლო... გაუძლო შენც და იმანაც, ვისი სინათლეც შემოიჭრა შენში. სიყვარული ხელში არ უნდა ჩაუგდოთ შიშს. საშიში არაფერია, ნუ დაუხურავთ კარს ერთმანეთს და ბოლომდე მიეცით ერთმანეთს გათავისუფლების საშუალება (პირდაპირი გაგებით, თავისუფლება რომ მოიპოვოს სულმა). ამ დროს მთავარია არ შეგეშინდეთ... უბრალოდ გიყვარდეთ!
და ბოლოს... მაინც გავიმეორებ ათასჯერ ნათქვამ და გამეორებულ სოკრატეს სიტყვებს “ყოველ ადამიანშია მზე, ოღონდ აცადეთ ანათოს”.
/27.01.2017/

среда, 18 января 2017 г.

უპირობო სიყვარული

ყველაზე თუ არა, ალბათ ერთერთ ყველაზე აქტუალურ თემად ითვლება დღეს - უპირობო სიყვარული. სადაც არ უნდა გავიხედოთ ყველა უპირობო სიყვარულზე საუბრობს, ან გვასწავლის, ან მიგვითითებს, ან მოითხოვს, ან გვმოძღვრავს... ყველა... ისე საუბრობს თითქოს თავად უკვე მის მწვერვალზე არიან და ზემოდან თითის დაქნევით და შემპარავი ცინიზმნარევი ქედმაღლობით ჭკუას გვარიგებენ. ძალიან ბევრი ფიქრობს რომ შეუძლია უპირობოდ უყვარდეს...
ცოტა ხნის წინ, ერთერთ მსგავს წერილში (სადაც ძირითადად ადრესატიც ისევ მე თვითონ ვარ ხოლმე), ვიკამათე, თუ რას ნიშნავს "გიყვარდეს ადამიანი ისეთი, როგორიც შექმნა ღმერთმა" (დოსტოევსკი), ვიკამათე ბევრი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ზოგადად იყო ისეთი, როგორიც ღმერთმა შეგქმნა, და თუ რატომ არ შეიძლება ამ ფრაზაში მოიაზრებოდეს ის ნაკლოვანებები, როგორებადაც ვიქცევით შემდგომ... იმიტომ რომ, როდესაც ადამიანი მოდის მოთხოვნით: "მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ!", ძირითადად გულისხმობს იმას, რადაც იქცა თვითონ და არა იმას, როგორადაც "შექმნა ღმერთმა". მოკლედ... გავლილი თემაა.
სხვა რამის თქმა მინდა. 1. გიყვარდეს ადამიანი ისეთი, როგორიც შექმნა ღმერთმა და 2. გიყვარდეს უპირობოდ, არ არის ერთი და იგივე!
...და არ გთხოვ "სიტყვაზე მენდო", უბრალოდ ვეცდები ავხსნა. ალბათ ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხო, რას ნიშნავს ან ერთი ან მეორე ცნება, გეტყვის, რომ უნდა გიყვარდეს ყველაფრის მიუხედავად, ანუ: მიუხედავად მისი წარსულისა, მიუხედავად მისი ქმედებებისა, მიუხედავად მისი შეცდომებისა და შეცოდებებისა და ა.შ. ამ დროს ერთის შემთხვევაშიც მცდარია ეს წარმოდგენა და მეორეშიც. ზოგადად, საფუძველშივე არასწორი წარმოდგენა და მიმართულება თავისთავად გარანტია ხდება მცდარი გზის არჩევის შემდგომ. პირველი შემთხვევა უკვე ავხსენით. ის ბევრად მარტივია მეორესთან შედარებით, ვინაიდან იქ მხოლოდ იმის გაცნობიერება და გააზრება გვიწევს, რამდენად სუფთა და ნათელი იყო ადამიანი თავდაპირველად (შექმნისას). როგორც ძველი ბრძენი ადამიანები ამბობენ, "ადვილია ყოვლადწმინდა და უცოდველი ღმერთის შეყვარება" (შამსი), მთავარი ეგ კი არა, ისაა, რომ შეიყვარო ადამიანი - არც ისეთი წმინდა და უცოდველი, როგორიც ღმერთმა ჩაიფიქრა. უფრო სწორად, ასეთ ადამიანში დაინახო ის პირველსაწყისი სიწმინდე და სინათლე, მისი სამოსის (სხეულის) მიღმა აღმოაჩინო ეს უნიკალური ქმნილება და სამოსის გამო არ შეიძულო, თორემ დაძონძილი სამოსის შეყვარებას არავინ გვთხოვს, ან რაში გვჭირდება? დღეს შეიძლება მეფურად გვეცვას, ხვალ ბომჟივით, ეს ხომ არ ცვლის ამ სამოსის მატარებლის თვისებებს? უბრალოდ ის ნაკლოვანებები, ანუ ის რაც "აცვია" მას დროებით, არ უნდა გავაიგივოთ მის მატარებელთან. ეს მარტივია (შეიძლება ბევრისთვის არც ისე, მაგრამ მერწმუნე, მეორესთან შედარებით ნამდვილად მარტივად მოგეჩვენება).
რაც შეეხება მეორეს... გიყვარდეს უპირობოდ. დაფიქრებულხარ რას ნიშნავს ცნება “უპირობოდ”?.. ანუ რეალურად თუ დაფიქრებულხარ და არა ისე, რომ მოკლედ მიპასუხო: "პირობების გარეშეო".
ყველას - ყველა "უპირობოდ" უყვარს იქამდე... სანამ კონკრეტულად მას არ შეეხება. მთელი სამყაროც კი შეიძლება ასე გიყვარდეს, ბალახებიდან დაწყებული ვარსკვლავებით დამთავრებული, რატომაც არა, და მხოლოდ ამ დროს ახსოვთ ეს "უპირობო"... მაგრამ, საკმარისია ამ სამყაროს რომელიმე პატარა ნაწილი, ნაგლეჯი, ერთი პატარა კომეტა, ან თუნდაც ერთი პატარა ფოთოლი გზად გადაეღობოს, ცუდად ან მტკივნეულად შეეხოს, მომენტალურად ავიწყდება.
ავიწყდება მაშინაც, როცა ტკენენ, როცა ატყუებენ, ძარცვავენ, ღალატობენ, ამცირებენ... მე არ ვცდილობ ეს ნაკლოვანებები გავამართლო, ეს ცალკე პრობლემაა - მეორე ადამიანის პრობლემა, ახლა პირველზე ვსაუბრობთ - ნატკენზე, მოტყუებულზე, შეურაცხყოფილზე, დამცირებულზე... მას იქამდე შეეძლო "უპირობოდ" ჰყვარებოდა ისე, (როგორც ბევრი მიიჩნევს) რომ არ დაინტერესებულიყო მისი წარსულით, მისი შეცდომებით და ნაკლოვანებებით, ოღონდ ეს მხოლოდ და მხოლოდ მის წარსულს ეხება, წარსულს და სხვას, ანუ მან "აპატია" ის რაც სხვას ატკინა, მაგრამ ის ხომ სხვა იყო და ის ხომ წარსული იყო, მან ხომ "მიიღო" უპირობოდ?? ყოველშემთხვევაში თვითონ ასე თვლის.. ეს მას არ ეხება! სამაგიეროდ ეხება მის მიმართ და ახლა ჩადენილი იგივე ქმედებები. ასეთ დროს სხვა პრიორიტეტები იკავებენ წინა პლანს: სიამაყე, ეგოიზმი, უკადრისობა, დაუმსახურებლობა, საკუთარი თავის პატივისცემა, თავმოყვარეობაც კი, რომელიც სინამდვილეში ცუდი თვისება ნამდვილად არ არის (თუ რა თქმა უნდა ეგოს სიყვარულში არ გვერევა). რეალურად თავმოყვარეობის გარეშე შეუძლებელია სხვა გიყვარდეს, მითუმეტეს უპირობოდ, ეს აქსიომაა და მაინც... პირობა პირობაა. ის მის დათმობასაც გთხოვს, და სწორედ ამაშია საქმე!..
აი, მივაღწიე ყველაზე მტკივნეულ წერტილს; ყველაფერი შეიძლება დათმო, ეგოც, სიამაყეც, პრესტიჟიც, მითუმეტეს მატერიალური კეთილდღეობა, მაგრამ... არა საკუთარი თავის სიყვარული. რეალურად ყველაფერი, მაგრამ... არა თვითონ სიყვარული. თავმოყვარეობის დათმობა უზარმაზარი დილემის წინაშე გვაყენებს. მის გარეშე ვერავინ ვერ გვეყვარება - ფაქტია, მისით კიდევ უპირობო სიყვარული არ გამოდის. ვის შეუძლია ეს?
/Любовь к себе как творчество/ Антоний, Сурожский
…Если мы не сумели себя любить, мы не сумеем любить кого бы то ни было. Жизнь, опыт показывает, что мы можем одарить других только тем доверием, которое способны дать себе, той любовью, которую можем дать себе, и т.д. Мы можем дать только то, что у нас есть. И если у нас нет определенного отношения к себе, мы не можем иметь этого отношения к другим. Без уважения к себе мы других не уважаем; без любви к себе — правильно понятой — мы не можем любить других.
წარმოვიდგინე ქალი (ან თუნდაც მამაკაცი, რა მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ ერთი ბანალური მაგალითი მინდა მოვიყვანო), რომელსაც ასე უპირობოდ უყვარს თავისი მეორე ნახევარი, ის კი ფიზიკურად ძალადობს მასზე (თუ ძალადობას დავუშლით, ეს უკვე პირობაა), ატყუებს (თუ ტყუილს ვაპროტესტებთ, ესეც პირობაა), ამცირებს სხვების თვალწინ (მერე რა, აბა ხომ ვერ წაუყენებ პირობას, თუ დამამცირებ შენგან წავალო?), ღალატობს, სახლშიც კი მოჰყავს საყვარლები უკვე ისე გათავხედდა, ვინაიდან არავინ არასდროს არაფერს არ აპროტესტებს, რატომაც არა? თუ პირობას წაუყენებ, რომ პატივი გცეს და მსგავსი "ბარდაგი" აღარ მოაწყოს, თუნდაც შენი თანდასწრებით? შენით თუ უშენოდ, მაინც პირობაა. (ცოტა გადავაჭარბე, მაგრამ აქ მე ჩვეულებრივ ურთიერთობაზე ხომ არ მაქვს საუბარი, უპირობო სიყვარულის შემთხვევაში როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამის დანახვას ვცდილობ). არადა მართლაც გელახება თავმოყვარეობა ამ დროს, არამცთუ გელახება, სრულიად კარგავ მას, ამავე დროს კარგავ როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის პატივისცემას, ფაქტობრივად იმდენად გასწორებენ მიწასთან, იმდენად გამცირებენ და განადგურებენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, არც მეტი არც ნაკლები, არარაობად იქცევი, არაფრად, ნულად... ყველაფერი მას შესწირე, არასდროს არაფერს არ სთხოვდი, ყველაფერს უთმობდი, პატიობდი, არაფერს არ აპროტესტებდი, პირობებს და მოთხოვნებს არ უყენებდი, გიყვარდა ყოველთვის (უპირობოდ, აქ უკვე თამამად შეგვიძლია ეს ვთქვათ), რაც არ უნდა გაეკეთებინა (თუ გაეფუჭებინა), მაინც თვალებში შესციცინებდი... მან კი, ადგა და უბრალოდ ფეხქვეშ გაგთელა, რატომ? იმიტომ, რომ შენ თვითონ მიეცი შენი განადგურების უფლება, იმიტომ რომ საკუთარი თავის სიყვარული აღარ გაგაჩნდა. არავის არ უნდა არარაობა გვერდით. ასეთ უპირობო სიყვარულზე გვაქვს პრეტენზია? მსგავსი, არაფრის მომცემი და უაზრო "მსხვერპლი" სიყვარულისთვის, აზრს კარგავს, ვინაიდან სიყვარულს კი არ ემსხვერპლები, პირიქით სიყვარულს წირავ მსხვერპლად, კლავ და ანადგურებ. ეს არ არის სიყვარული, ეს ყველაფერია სიყვარულის გარდა. ეს იგივეა, რაც - ომი მშვიდობის გამო. სიყვარული ასეთი უთავმოყვარეო და საკუთარი თავის უარმყოფელი ვერასოდეს იქნება.
ერთი სიტყვით, ვერავის ვერაფერს ვერ დაუშლი, ეგ ისედაც ფაქტია, მაგრამ ასეთ დროს ჩვეულებრივ შემთხვევებში გაქვს არჩევანის საშუალება, უბრალოდ არ აიტანო ეს მარაზმი და გათავისუფლდე შენივე ნებით, ადგე და უბრალოდ წახვიდე, ვერავინ დაგიშლის. არც პირობას უყენებ, მაგრამ აღარც სიყვარულზე აქვს ვინმეს პრეტენზია... თუმცა ასეთ დროს უფრო მეტი შანსია სიყვარული არ მოკვდეს და მერეც გაგრძელდეს, თუნდაც ცხოვრების ბოლომდე.
გამკვირვებია იმ ადამიანების, ვინც ასე დაუფიქრებლად იღებს თავის თავზე ამხელა პასუხისმგებლობას (არა მარტო ერთ ადამიანზე, მთელ სამყაროზეც კი) და თამამად და ამაყად აცხადებს, რომ უპირობო სიყვარულის უნარი აქვს. ხვდებიან მაინც, რამხელა წარმოდგენა აქვთ თავზე? მინდა შევახსენო, რომ თვითონ "ღმერთსაც" კი უამრავი პირობა აქვს ჩვენს წინაშე წამოყენებული: არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, და ა.შ. თორემ... (პირობაა უბრალოდ ასეთი), თორემ "სამოთხეში ვერ მოხვდები". რატომ? განა ღმერთი თავად უპირობო სიყვარული არ არის? ჩვენ ხომ ამასაც ისევე ხშირად ვიმეორებთ, რომ მას უპირობოდ ვუყვარვართ... და თუ მართლაც უპირობოდ ვუყვარვარ, მიუხედავად იმისა, დავიცავ თუ არა მის მოთხოვნებს, ხომ ვერ უნდა გამიმეტოს სამუდამო ტანჯვისთვის? როგორღა გამოდის უპირობო, თუ ასე არ იზამს? ბოლოს და ბოლოს, თუკი თვითონ ღმერთს არ შეუძლია ასეთი სიყვარული, პირობების გარეშე, მე როგორ უნდა შევძლო?.. მილიონი კითხვა ჩნდება.
თვით უპირობო სიყვარული - პირობას გვიყენებს. პარადოქსი! ან ჩვენ არ გვესმის ამ ცნების მნიშვნელობა, ან რაღაცაშია საქმე... რაღაც გამოგვრჩა. ფაქტია, რომ "ღვთიური" უპირობო სიყვარული სახიფათოა ცხოველურ - ადამიანურ სივრცეში, ეს მისთვის თვითგანადგურების ტოლფასია. ადამიანის ცნობიერება ასეთი სიყვარულის მიღებისთვის მზად არაა. განა მართლა არ არის ღმერთი უპირობო სიყვარული?! რათქმაუნდა არის! უბრალოდ, როცა სამყარო ასეთ სიყვარულს გჩუქნის, შენ კი ვერ იღებ, ვერ იტევ, ვერ უფრთხილდები, ფეხქვეშ თელავ და ანადგურებ, უბრალოდ "უპირობოდ" არ განდობს და გასანადგურებლად ხელში არ ჩაგიგდებს თავს. განა მას არ უყვარხარ უპირობოდ, უბრალოდ უპირობოდ არ ენდობა შენს ცნობიერებას იქამდე, სანამ მის მიღებას არ ისწავლი. მიღების უნარის გარეშე, ყველა "გაცემა" უშედეგოა; ვერ ჩატევ ტონა წყალს ლიტრიან ქილაში, როგორც არ უნდა ეცადო... ხოდა, პირობას გიყენებს, გთხოვს, გასწავლის, როგორ გაზარდო შენი ჭურჭელი, ნელნელა, ეტაპ-ეტაპ, ისე რომ ხელში არ შემოგატყდეს, არ დაღვარო ან არ დააქციო მიღებული, არ დააბინძურო და არ გაფლანგო... გაიზარდო, გაფართოვდე და უფრო და უფრო მეტი დაიტიო.
ნებისმიერი სიყვარული თავისთავად უპირობოა, თუკი ის მართლა სიყვარულია; სწორედ ამიტომაც ის პირველ რიგში თავისი თავის გაზრდაზე და გაძლიერებაზე "ზრუნავს", ამიტომ ნებისმიერი ფორმალური "პირობა", თუ შეზღუდვა, ისევ ამ სიყვარულის გადარჩენას ემსახურება, რომ არ განადგურდეს უვიცი, ბრმა ადამიანის ხელში. ვინაიდან, თუკი მთავარი მიზანი თვითონ სიყვარულია და არა კონკრეტული "ობიექტი", მაშინ არასოდეს შეეწირება სიყვარული ობიექტს, პირიქით - სწორედ სიყვარულს უნდა შეეწიროს საბოლოოდ ყველა ობიექტი "უპირობოდ" (ზემოთ მოყვანილი მაგალითი სწორედ ამას ასახავს, სადაც სიმბოლურად "ქალი" უპირობო სიყვარულის მაგალითია, ხოლო "მამაკაცი" ობიექტის, რომელიც უნდა შეეწიოს სიყვარულს, და არა პირიქით).
კი... მზე ყველას განურჩევლად ჩუქნის სითბოს, როდესაც თავად იწვის, მაგრამ ჩამქრალი, ცივი მზე ვერც საკუთარ თავს და ვერც სხვას ვერ გაათბობს.

/18.01.2017/

понедельник, 16 января 2017 г.

“ძლიერი ქალი”...

სინამდვილეში, მართლაც არსებობენ ძლიერი ქალები და არსებობენ ქალები, რომლებიც ძალის დემონსტრირებას ახდენენ. ეს ორი რადიკალურად განსხვავებული რამ არის. გააჩნია ვისთვის რა არის სიძლიერის ეტალონი, ვისთვის რას წარმოადგენს ცნება "ძალა".
ამ, ერთის მხრივ, თითქოს მარტივ სიტყვაში, რეალურად იმდენი თავსატეხი და ანკესია, რომ შეუძლებელია კონსესუსს ადვილად მიაღწიო. მაინც რას გულისხობს ქალი, როდესაც ამბობს, რომ ის მამაკაცზე ძლიერია? ბევრი "წარმატებული" ქალბატონისგან მსმენია მსგავსი ფრაზა, იმედია არ მიწყენენ, და პირიქით ჩაუღრმავდებიან თუ მართლაც აქვთ პრეტენზია "ძალაზე", და იმას მაინც ჰკითხავენ საკუთარ თავს, რას გულისხმობენ ამ ძალაში. დარწმუნებული ვარ, ყველა სხვადასხვა რამეს გულისხმობს და აქედან გამომდინარე თავადვე გასცემენ პასუხს საკუთარ შეკითხვას.
ზოგადად ფემინიზმი არის მოძრაობა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორება მამაკაცებთან ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა. ეს ყველამ ვიცით და გასაგებია ყველასთვის, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის. პრობლემა სხვა რამეშია, პრობლემა იმაშია, თუ რასთან აიგივებენ უფლებებს. აბსოლუტურად სამართლიანია უფლებების თანასწორობის მოთხოვნა, მაგრამ რა გზით, რა ხერხით მიდიან ამ სამართლიანობასთან?? ძალით?? ძალადობით?? სწორედ იმ ძალადობით, რომელსაც აპროტესტებენ მამაკაცის მხრიდან, და რომელზეც თავადვე უთითებენ, რომ ძალა არ უნდა გულისხმობდეს მეტ უფლებას? რეალურად ამას აპროტესტებს ქალი, ანუ "სუსტი" ქალი, რომელიც სინამდვილეში სწორედ ასეთად მიიჩნევს თავს და რომელსაც პრეტენზია აქვს "სიძლიერეზე"... სხვა შემთხვევაში მის ლექსიკონში არ გაიჟღერებდა "ძლიერი ქალი", ამიტომაც გავუსვი ხაზი "სუსტს". გამოდის რომ ის მამაკაცს "უშლის" ძალის გაიგივებას უფლებასთან, როცა პარალელურად საკუთარი "ძალის" დემონსტრირებას ახდენს. მაგრამ, შინაგანად ის თავადვე აიგივებს ძალას მეტ უფლებასთან და სწორედ აქ უშვებს შეცდომას.
სანამ გადავალ კონკრეტულად ძალის და სიძლიერის ცნებებზე და მათ ახსნაზე, მინდა ერთი კითხვა დავსვა. ნუთუ ეს "ძლიერი ქალები" თვლიან, რომ სუსტს ადამიანს ნაკლები უფლებები აქვთ? პარადოქსია მათი მხრიდან მართლაც... გამოდის რომ რეალურად აპროტესტებ სისუსტეს, და არა უუფლებობას, ამავე დროს ძალის (და ხშირად ძალადობის) დემონსტრირებას ახდენ (ანუ იმის დემონსტრირებას, რასაც აპროტესტებ მამაკაცის მხრიდან), და ამავე დროს გაიძახი, რომ ქალის სისუსტეში უუფლებობის დანახვა უსამართლოა. რომ არა სისუსტის უუფლებობასთან გაიგივება, ამ დილემის წინაშეც არ დავდგებოდით, თუმცა აქვე მინდა გავიმეორო, გააჩნია ვინ რას გულისხმობს ძალაში... ძალაში და არა ძალადობაში.
მოდით დროებით შევეშვათ ქალის და მამაკაცის სისუსტეს და სიძლიერეს, ზოგადად ქალი და მამაკაცი ამოვიღოთ თემიდან და ისე შევხედოთ... გვერდიდან, უსქესოდ.
ბავშვი სუსტია თუ ძლიერი? ან რაში მდგომარეობს მისი სისუსტე და სიძლიერე? არის საკითხები, რაშიც ბავშვი შეიძლება სუსტად ჩავთვალოთ, მაგ: ის, რომ დამოკიდებულია ბევრ რამეში მშობელზე, ან ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანზე, ის რომ საკუთარი ძალებით ჯერ არ შეუძლია კვებაზე ან თავის რჩენაზე იზრუნოს, გზაზე გადასვლაც კი არ შეუძლია ხშირად უფროსი ადამიანის დახმარების გარეშე. ასეთ საკითხებში შეიძლება ითქვას რომ "სუსტია", ანუ დამოკიდებულია სხვაზე... "უუფლებოც" კი არის გარკვეულწილად, მაგრამ... ის არ არის ნივთი, მისი უუფლებობა განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ მისივე დაცვაში და არა ძალადობაში! სწორედ ეს უუფლებობაა მას რომ იცავს (ასე ვთქვათ), მასზე მეტ ზრუნვას და პასუხისმგებლობას აკისრებს სხვას. მისი “უუფლებობა” ზრდასრულ ადამიანს არ აძლევს მეტ უფლებას, ან ზოგადად რაიმე სახის უფლებას მასზე ძალადობის ან ჩაგვრის, პირიქით, მასზე უფრო მეტი ზრუნვის, პასუხისმგებლობის და დახმარების ვალდებულებას გაკისრებს მხოლოდ. ასე რომ, მისი სისუსტე არ ნიშნავს შენი უფლების ბოროტად გამოყენებას, მისი რეალური უფლებები (როგორც ასეთი) არ და ვერ დაირღვევა... ანუ როგორც ფემინიზმი გვკარნახობს "სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული" თვალსაზრისით, ბავშვის უფლებები ამ გარემოების გამო არ შეიძლება დაირღვას. დაახლოებით მსგავსი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ავადმყოფ ადამიანზე, რომელიც კლინიკაში წევს და მედ.პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. იმ კონკრეტულ და გარკვეულ პერიოდში ის ისეთივე "უუფლებოა", როგორიც ზემოთხსენებული ბავშვი, რომელსაც არა აქვს უფლება ექიმის ნებართვის გარეშე ფეხზე ადგომის ან კვების რეჟიმის დარღვევის, მაგრამ მისი მოქალაქეობრივი უფლებები ამით არ ირღვევა, ხოლო ექიმის "უფლებები" ვრცელდება მხოლოდ ავადმყოფის ზრუნვაზე და პასუხისმგებლობაზე, და არამცდარამც მისი ფიზიკური სისუსტის ბოროტად გამოყენებაზე და მასზე ძალადობაზე.
ეს რაც შეეხება ზოგადად სისუსტის "უუფლებობას" და ძალის "უფლებებს", შევეცადე მოკლედ გადმომეცა რამდენად შეუსაბამო და სასაცილოც კი არის ამ ორი ცნების გაიგივება. და რამდენად სასაცილოდ ჟღერს ქალის მხრიდან "ძალაზე" პრეტენზია უფლებების გამო. თუკი ამ ორ ცნებას გავაიგივებთ და ჩავანაცვლებთ "ქალის ძალას" მამაკაცის ძალის ადგილას, ეს არც მეტი არც ნაკლები პატრიარქატის მატრიარქატით ჩანაცვლება იქნება... და ამას ვეძახით თანასწორუფლებიანობას??? არა, ამას პირველობისთვის ბრძოლა ქვია და სამწუხაროდ არანაკლებ ძალადობრივია ეს გზა.
ხოლო, რაც შეეხება თვითონ "ძალას"... მიუხედავად იმისა, რომ ძალა არ იძლევა მეტ უფლებებს (ამაზე ალბათ შევთანხმდით), მაინც მინდა შევეხო ამ ბევრისთვის მტკივნეულ თემას და რეალურად დავანახო თავიანთი ძალა ერთსაც და მეორესაც (დასამშვიდებლად). იმედია ქალბატონებს არ სურთ ყველაფერში, ყველა სფეროში უფრო ძლიერები იყვნენ მამაკაცებზე, მაგ: ფიზიკურად, თორემ კიდევ უფრო სასაცილო მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ, ვიდრე ზემოთ მოყვანილი მაგალითებია. აი, უბრალოდ წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ქალი მიდის სათევზაოდ (ან სანადიროდ, ოღონდ არ მითხრათ რომ ეს მხოლოდ ადრე იყო, ეხლაც ხშირად დადიან მამაკაცები), ბრუნდება სახლში, სადაც წინსაფარ-აფარებული ქმარი ელოდება, ქალს სუნამოს მაგივრად თევზის სასიამოვნო არომატი ასდის, ლამაზი, მოხდენილი ფეხსაცმლის მაგივრად ტალახიანი ბოტები აცვია (რატომაც არა, პირველობა ღირს ამად), დაღლილი და გაბურძგნული იქვე ტახტზე ჩაიძინებს, ამ დროს კი ქმარი სადილს უმზადებს. მშვენიერია... ან კიდევ, წარმოიდგინეთ: ომია (არც ეს არის ჩვენი დროისთვის უცხო და შორეული), ქალები მზად არიან საკუთარი ქმრები და ოჯახები დაიცვან (თუმცა ერთეული გმირული შემთხვევები მისასალმებელია), მძიმე ზუგჩანთებს და იარაღებს იკიდებენ სუსტ მხრებზე, ქმრები კი ყვავილების ქნევით აცილებენ ფანჯრიდან... ან შორს რომ არ წავიდეთ, აქვე ახლო-მახლო სადმე ბუნებაში, სასეირნოდ რომ გადის შეყვარებული წყვილი და პატარა მდინარის ან გუბის გადალახვა რომ უწევთ, წარმოიდგინეთ უბრალოდ, როგორ აიტაცებს ეს "ძლიერი" ქალი საყვარელ მამაკაცს ხელში და მდინარეზე გადაიყვანს, ფეხი რომ არ დაუსველდეს... გეცინებათ ხომ?? რათქმაუნდა, იმიტომ რომ სასაცილოა, მარაზმულად სასაცილოდ ჟღერს, და ასეთივე სასაცილო შეიძლება სხვა ბევრ რამეში ჩანდეს ქალი, როცა საკუთარი სუსტი მხრებით მამაკაცის ტვირთს იღებს სათრევად. კიდევ უფრო უარესი, თუ ეს ქალი "ბოდიბილდერია", სათუთად დაბერილი კუნთებით, სადაც ვერ გაარჩევ კუნთია თუ მკერდი, მთავარია მაკიაჟი არ დაავიწყდეს, რომ კაცისგან გაარჩიონ. მე მხოლოდ ფიზიკურ დონეზე აღვწერე, იქ სადაც ბევრად თვალნათლივ ჩანს, შეიძლება ასე თვალნათლივ არ ჩანდეს სხვა შემთხვევებში, მაგრამ ვისაც ფიზიკურს მიღმა ხედვა შეუძლია, იგივეს დაინახავს იქაც.
ის, რაც არაბუნებრივია, ყოველთვის ან მახინჯი ან სასაცილოა. მე არ მესმის, რატომ უნდა სურდეს ქალს ყველაფერში უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე მისი მამაკაცი. ალბათ იმიტომ, რომ საკუთარ სიძლიერეს ვერ ხედავს იქ, სადაც უნდა ხედავდეს. კიდევ ალბათ იმიტომ, რომ ძალაში მხოლოდ ფიზიკურ აქტივობას გულისხმობენ და ზოგადად აქტივობას. ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ვგულისხმობ იმ სფეროებს, სადაც გონებრივი თუ ინტელექტუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეუძლია სრულფასოვნად ჩაერთოს რაიმე საქმიანობაში და იმოღვაწეოს. ამ შემთხვევაში ვერანაირად ვერ ვაიგივებ პრობლემას ვერც უფლებებთან და მითუმეტეს ვერც ძალასთან, აქ უბრალოდ ნიჭთან და შრომისუნარიანობასთან გვაქვს საქმე. რა შუაშია აქ ან ძალა, ან უფლება, ან ძალადობა?? ან როდის სჭირდებოდა რეალურ ძალას სადმე რამის მტკიცება?? ან როდის უშლიდა ქალს ვინმე ასეთ საქმიანობას (თუ რათქმაუნდა ოჯახურ ძალადობას არ აქვს ადგილი, ძალადობას და არა ძალას, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ).
თუმცა... ქალის ძალას (ისევე როგორც მამაკაცის) მე სხვა რამეში ვხედავ. იმ დონეზე ნუ დავამცირებთ ამ სიტყვას, რომ რუსული გამოთქმის არ იყოს "Сила есть, ума не надо"-მდე დავიყვანოთ. ძალა სუსტზე ძალადობაში კი არა, მასზე ზრუნვაშია, მის დაცვაშია, საყვარელი ადამიანების მიმართ თავდადებაშია (თუნდაც საკუთარი სამზარეულოს კედლებს არ ცდებოდეს ეს), დათმობაშია, პატიებაშია, სითბოშია... გაფრთხილებაში, მოფერებაში, ცრემლშიც კი მეტი ძალაა, ვიდრე შეკრულ მუშტში... ახალი ადამიანების, ბავშვების აღზრდაშია, მათ სიყვარულში, სხვისთვის ბედნიერების, სიხარულის და ღიმილის მინიჭებაში, საყვარელი ადამიანების გაბედნიერებაშია ძალა, ადამიანო! რატომ იყურები კუნთებზე...
ყველა თუ არა, უმრავლესობა ქალების ამ თვისებებში უფრო ძლიერია, სწორედ ქალის ამ "სისუსტეშია" მისი ძალა და სიძლიერე, უფრო სწორად, იმ ნამდვილად ძლიერ თვისებებში, რომელსაც დღეს სისუსტედ თვლიან დამახინჯებული იდეალების გამო. სინამდვილეში არცერთ მართლა ძლიერ ქალს არ მოუვა თავში აზრად საკუთარი ძალის შესახებ იყვიროს, ზოგადად სიმართლე არასოდეს არის მყვირალა, ის რაც თავისთავადია - ჩუმია, არ საჭიროებს მტკიცებას. არ შეიძლება ყველაფერში იყო პირველი და ძლიერი, არის რაღაც, სადაც მამაკაცი უფრო ძლიერია და უნდა იყოს კიდეც, არის რაღაც, სადაც მხოლოდ ქალს შეუძლია იყოს ძლიერი... და იმდენად ბევრია ასეთი "რაღაცეები", რომ შეუძლებელია აწონო, ვინ, სად და როდის უფრო ძლიერია. მთავარი ბუნებრიობაა, ის რომ მისი კანონები არ დაირღვას და სიმახინჯეში არ გადაიზარდოს მათი უგულვებელყოფით. იყოს ქალი ძლიერი იქ, სადაც უნდა იყოს, და მამაკაცი იქ - სადაც ევალება იყოს... ეს ბალანსია. ის რაც მამაკაცის "ძალის" ილუზიას ქმნის, ეს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი აქტიურობაა, ბუნებაა მისი, ისევე როგორც ქალის პასიურობა (ზოგადად), თუმცა ამ აქტიურობა - პასიურობაში არ ვგულისხმობ, როგორც უკვე ვთქვი ნიჭს და მათ გამოვლინებებს, როგორც ხელოვნებაში, ასევე მეცნიერებაში და ბევრს სხვა სფეროში. მამაკაცი აქტიურია და მისი აქტიურობა ყოველთვის ხიბლავდა ქალს, გამბედაობა, სიმამაცე, მამაკაცურობა... და ნუ მეტყვით "ძლიერი ქალები", რომ თანახმა ხართ თქვენ იბრძოლოთ მათ გამო და არა მათ - თქვენს გამო. ფიქრობთ თქვენი აქტიურობა უფრო მიმზიდველი და სასიამოვნო იქნება, თუნდაც თქვენთვისვე?.. ყველაზე ძლიერ ქალსაც კი (თუ რათქმაუნდა ქალია და ქალურობა მართლაც დევს მასში) მოსწონთ მათი მხრიდან ეს აქტიურობა, თუნდაც ყველაზე ელემენტარული: ყურადღება, საჩუქრები, ყვავილები, სუნამოები, რომანტიული საღამოები... ქალი, თუ მართლაც ქალია, და არა უბრალოდ რობოტი, რომელსაც მხოლოდ ძალის და ძალაუფლების დემონსტრირება სწყურია, ყოველთვის მოხარული იქნება თავის გვერდით ძლიერი მამაკაცის ხილვის. ის ქალი კი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ძალის დემონსტრირებით არის დაკავებული, ცნობიერად ვერასოდეს აღიარებს ვერცერთ მამაკაცს თავისზე უფრო ძლიერად, შესაბამისად გვერდით ყოველთვის ეყოლება (თუკი ეყოლება საერთოდ ვინმე) სუსტი და დათრგუნული მამაკაცი, რომელიც ვერასოდეს დაიმსახურებს პატივისცემას მის თვალში. შეუძლებელია ქალი რეალურად იყოს ძლიერი, ან პრეტენზია ჰქონდეს ამაზე, და სუსტი მამაკაცი მოსწონდეს... შეუძლებელია! ამიტომ ყოველთვის დადგება დილემის წინაშე, თუ არ აღიარა ან თავის სისუსტე ან სხვისი სიძლიერე, უსასრულო და უიმედო ძიებების მსხვერპლი გახდება. ის ვერასოდეს იპოვის მისთვის სასურველ, მოსაწონ და შესაფერის მამაკაცს, იმიტომ რომ არასოდეს აღიარებს მის სიძლიერეს, თუმცა ქვეცნობიერად ყოველთვის ეცდება სწორედ ასეთი იპოვოს, და ამავე დროს ვერასოდეს აიტანს გვერდით სუსტს. ასეთი ქალები მარტოობისთვის არიან განწირულნი... მარტოობისთვის და უსასრულო ძიებისთვის.
არადა... ქალი ხომ ყვავილია...
რა მოხდება ხანდახან იყოთ "სუსტები", ნაზები, მიუხედავად იმისა, თვლით თუ არა თავს ასეთად. მიეცით მამაკაცს საშუალება იაქტიურონ, თქვენთვის იბრძოლონ, დაგიცვან, თქვენზე იზრუნონ, გეფერონ, გასიამოვნონ, ხელის გულზე გატარონ, ყვავილივით მოგიარონ... თქვენ ხომ მათ ამით აძლიერებთ.
მე ყველა ძლიერ ქალს ვუსურვები გვერდით ასეთივე ძლიერი მამაკაცის ხილვას. ერთი ჩემი მეგობრის სიტყვებს გამოვიყენებ, თუ არ მიწყენს, უბრალოდ სიტყვა “ჭკვიანს” ჩავანაცვლებდი “ძლიერით”:
"უჭკუო ქალი, ქმარს მონად აქცევს და თავად მონის ცოლი იქნება, ჭკვიანი ქალი, ქმარს მეფედ აქცევს და თავად დედოფალი გახდება!"
იგივეს ამბობენ მამაკაცზე: "მხოლოდ მაშინ აქვს უფლება თავს მეფე უწოდოს, თუ ქალს დედოფლად აქცევსო"... რათქმაუნდა, ვინაიდან ასეთი ურთიერთობა, როგორც წესი ორმხრივია და მნიშვნელობა არ აქვს ქალი იქნება თუ მამაკაცი, აქ ჩანს მთავარი, ერთის პატივისცემა, სიყვარული და ზრუნვა მეორის მიმართ. ასეთი ადამიანები არასოდეს ცდილობენ დაასუსტონ და დაამცირონ მეორე ნახევარი, არასოდეს ჩანან ერთმანეთის გვერდით სუსტები, ისინი ყოველთვის აძლიერებენ ერთმანეთს.
/16.01.2017/

понедельник, 2 января 2017 г.

სულ ერთი წამით ადრე...

ყოველთვის, როცა... დაუნანებლად ვთმობდი სამოთხეს... ვიდრე სასაფლაოდ აქცევდა ილუზია ჩემს მოგონებებს; როდესაც გამარჯვებამდე სულ ერთი წამით ადრე ვტოვებდი ბრძოლის ველს, ვიდრე ბოლო ამოსუნთქვას შევწირავდი ომის სიბრიყვეს; როცა ბედნიერებას, ტახტზე ასულს, ვუთმობდი სიცოცხლეს, ასე სათუთს და ასე ნაფერებს... როცა ფიქრებს, ზღვარგადასულს, უდარდელად ვატანდი ქარებს, სულ ერთი წამით ადრე, დავიწყებამდე... რომ შერწყმოდნენ ქათქათა ღრუბლებს.
ყოველთვის, როცა... მძივებად ვკრავდი ნამსხვრევებად დაფლეთილ გრძნობებს, თილისმად რომ დავატარებდი გულზე აბნეულს; როცა გასათბობად ცეცხლს ვანდობდი გათოშილ ცრემლებს, - გზააბნეულებს, სიცივისგან გაფითრებულებს... როდესაც მზიან ქვიშაზე ვიწვავდი ფეხის გულებს, სხეულს მიღმა რომ შეეცნოთ ტალღების ბრიზი; სულ ერთი წამით ადრე! ტკივილის გაყუჩებამდე!.. როცა მბორგავ სულს მომღიმარი ვაცლიდი სხეულს, ცოდვისგან დაღლილს... ...არ იყო გვიანი! სანამ ნამსხვრევებში ჯერ კიდევ ფეთქავდა გრძნობა, სანამ სხეულის გაყინვამდე, სული ჯერ კიდევ თრთოდა, სანამ ტრიუმფი თავს სიყვარულს სწირავდა... თმობდა... “გამარჯვებამდე” ვტოვებდი ბრძოლის ველს!.. სულ ერთი წამით ადრე... სანამ ჯერ კიდევ არ იყო გვიანი. /02.01.2017/