понедельник, 29 августа 2016 г.

მე განა ვკვდები... მხოლოდ ვშიშვლდები

ერთხელაც, როცა დრო მოვა (ის კი უცილობლად მოვა), მე ჯვარს დავიწერ სიკვდილის ღმერთზე, და "დრო" - ჩვენი მოწმე, მამასავით მიმაცილებს მასთან თავდახრით... მერე იტირებს... ზუსტად ისე, როგორც ტირიან ქორწილის დროს ქალის მამები.
სწორედ იმ დღეს, მე დავტოვებ ჩემ ბავშვობას, სახელად "ცხოვრება" და ვეზიარები სულ სხვა სიმწიფეს, დედოფლობას... "სიცოცხლე" იქნება ჩემი გვირგვინი...
მე განა ვკვდები... მხოლოდ ვშიშვლდები, უბრალოდ სიკვდილი გამაშიშვლებს ჩვენი სიყვარულის პირველ ღამეს, როგორც პატარძალს... ნაზად გამაცლის ჩემ მთრთოლვარე სხეულს - თეთრ კაბას და გვერდზე მიაგდებს, "არ გჭირდებაო ჩემთან" - ნაზი ხმით მეტყვის, - "სიყვარულს მორცხვობა არ უხდებაო"...
არა, მე არ მრცხვენია ჩემი სიშიშვლის, ისევე როგორც ევას ედემში. მე მხოლოდ სამოსს ვიხდი და მიწაზე ვაგდებ, გაზაფხულზე ენძელების ამოსაფეთქად... რომ ჩემი ბავშვობის ცრემლებით დანამულებმა, ყვავილობით მომილოცონ ცის დედოფლობა. სამოსში დამალულ, აქამდე მდუმარე ფრთებს კი სივრცეში გავშლი, კიდიდან კიდემდე... და სიყვარულზე ვამღერებ უკანასკნელად.
/29.08.2016/

понедельник, 22 августа 2016 г.

მარადიული ცეცხლი

ხედავ?!.. როგორ უკიდია ცეცხლი ადამიანს. 
ხედავ?! რამდენი ცნობისმოყვარე თვალი მისჩერებია... 
მათ სანახაობა სწყურიათ. ახლოსაც ვერ ეკარებიან, შორიდან ურჩევნიათ ყურება და ხელების გათბობა, ისევე როგორც შენ, ხელების დაწვის ეშინიათ უფრო ახლოს რომ მივიდნენ. ვერც მათი თვალი გაუძლებს ალის ყურებას დიდხანს. დაბრმავდება. 

დროვ! შენ მას აშინებ "ხვალინდელი" ჯოჯოხეთით, თუკი "დღეს" არ დაგემორჩილება, მაგრამ რას იზამ თუ მაგ "ხვალე"-ს წაგართმევ? მისი ტანჯვის შემხედვარე, შენი დროებითი "გეენას" წასალეკად ჩემი უსაზღვრო სევდის ერთი ცრემლიც კი საკმარისი იქნება... 
იმიტომ რომ შენი ცეცხლი "დრო"ებითია, 
ჩემი სევდა - მარადიული. 
შენი სამოთხეც კი დროებითია, ორივე დროების შვილია...  შენ მათ მარადიული "გეენით" აშინებ, მარადისობით - ჩემით, რომელზეც თავად არ მიგიწვდება ხელი. 
მე კი დაგიწვავ "გუშინ"-ს და "ხვალე"-ს.. მათივე სხეულებს დაგითმობ აალებისთვის, შენთვის მიჩუქნია. ისინი მაინც შენ გეკუთვნიან, მათ სულებთან კი ახლოსაც ვერ მიხვალ. არ მიგიშვებ...  

შენი რკინის ქალამნები სანთელივით დადნებიან ჩემ ცეცხლში, იქამდე, სანამ მომიახლოვდები. თუკი გეენა ჯოჯოხეთია, მაშინ რაღაა ღვთაებრივი მარადიული ცეცხლი?.. განა არ იცი, რომ ცეცხლი ერთია? ყოველ ნაბიჯზეც რომ დაანთო და ათასობით ხეს მოუკიდო ცალცალკე, თვისება მაინც ერთი აქვს.. ის წვავს! 
გგონია სამოთხეში დანთებული ცეცხლი უმტკივნეულოდ დაგწვავს?? ცეცხლის თუ გეშინია, ყველგან ერთნაირად დაგტანჯავს, თუ არ გეშინია, შენც ცეცხლად გაქცევს. ცეცხლი ცეცხლია!.. აბა რაშია სხვაობა?.. გეტყვი რაში, ნებაში!
ერთს შენი ნებით ირჩევ, მეორეს შიშით გაიძულებენ. ნება კი შიშის უკუპროპორციულია. თუ გეშინია, შენი ნებით ვერასოდეს გადაეშვები ცეცხლის ოკეანეში, ვერასოდეს შესწირავ მსხვერპლად თავს.

სიყვარულისთვის მსხვერპლად შეწირული, სიყვარულით იწვის, ძალადობრივი შიშით განწირული კი - ტანჯვით. აი ეს არის სხვაობა. თუკი მარადიული მხოლოდ სიყვარულია, მარადიულად ვერ იარსებებს სხვა ცეცხლი მის გარდა. შენ ცეცხლში მხოლოდ სხეული იტანჯება, შენივე პირმშო - მატერია, და ისიც დროებით, ჩემ ცეცხლში კი სული ნათებას იწყებს, რადგანაც სული მხოლოდ სიყვარულის ცეცხლში იწვის მზესავით. შენ ეს იცი, მაგრამ...


შენ ადამიანს შიშით აიძულებ, ჩემთან კი ნებით მოდის. შენ მას აიძულებ დაიჯეროს, რომ ის დროების შვილია, და არა ჩემი. განა რამდენ ხანს შეაშინებ ბავშვს სიბნელით?? ერთხელაც გაიზრდება და სიბნელის აღარ შეეშინდება.

ის ჯერ არ მიცნობს, ჯერ თვალი არ გაუხელია, როგორც თოთო ბავშვს, ფიქრობ შენი სათვალით დაუფარავ მარადიულ მზერას?!.. 
ის ჯერ არ შემხებია საკუთარ სიღრმეში, არც კი იცის, რომ იქ ვარ, და ერთხელაც, როცა შემეხება, ან გარდაუვლად მე შევეხები სიკვდილის ხელით, სწორედ იმ სიკვდილით, შენ რომ ასე აფთხობ მას, შენი აღარასოდეს შეეშინდება. 
იქამდე "დრო" შენს ხელთაა... მაგრამ თავს ნუ მოიტყუებ დროვ, "დრო" იმდენივეა, რამდენი წერტილიც არის სივრცეში და ყველგან სხვადასხვაა, სივრცე ილუზიაში გაგდებს. მასავით ცვალებადი და არასტაბილური ხარ. შენთან ერთად გაქრება ისიც, როგორც კი თქვენ საზღვრებს გასცდებით, იმიტომ რომ ჩემგან განსხვავებით თქვენ საზღვრები გაქვთ.

მე კი - სხეულში გამოკეტილს, ვერ შემაშინებს შენი დროებითი ტანჯვა, როცა თავად მარადიული სიყვარული ვარ!..
შენ წვეთი ხარ, მე - ოკეანე, 
შენ წამი ხარ, მე - მარადისობა, 
გშთანთქავ!.. როგორც ოკეანე ერთ პატარა წვეთს, როგორც მარადისობა ერთ წამს. მთელი შენი წარსულით და მომავლით ერთ წამში ჩაგტევ და გაგაქრობ. ჩემი ქარები გაგაცლიან ყველა მოგონებას. შენ ჩემში გაქრები... შენით კი ჩემ ოკეანეს კიდევ ერთ წვეთს შევმატებ.

ხედავ.. დროის ყველა ქმედება როგორი დროებითია?.. ეს აქსიომაა. 
შენ ყოველთვის სადღაც იწყები და სადღაც მთავრდები. 
შენი ილუზია ბრმის თვალებია. 
სასრულია შენი არსი, ჩემი - უსასრულობა... სასრულია ყველა ტანჯვა და მოგონება, ყველაფერი, რაც შენს სამფლობელოში ხდება, მხოლოდ მე - სიყვარული ვარ მარადიული!

/22.08.2016/

воскресенье, 21 августа 2016 г.

ჰკითხე ადამიანს ღმერთის შესახებ...

ბუნება - საუკეთესო წიგნია წიგნებს შორის, საუკეთესო მასწავლებელია მასწავლებლებს შორის, მასშია უმაღლესი მუსიკაც, პოეზიაც, მხატვრობაც, მეცნიერებაც... ის საუკეთესო შემოქმედია. ...ის ზრუნავს შენზე, გათბობს, გკვებავს, წყურვილს გიკლავს, გკურნავს, გასწავლის, გაჩვენებს, გესაუბრება, გისმენს... მოუსმინე შენც. შენ მისით სუნთქავ...
მე ვთხოვე ხეს: „მომიყევი რაიმე ღმერთზე...“ და ხე აყვავდა..." - /რაბინდრანათ თაგორი/
დიახ!.. თაგორს აყვავებულმა ხემ გაუმხილა საიდუმლო, სპინოზას - მის ბაღში გაზრდილმა უბრალო ყვავილმა... ბუნება ყველას ესაუბრება “ბუნებრივი” ენით - ფოთლების რხევით, ყვავილების სილამაზით, წვიმის სიგრილით, ქარის ჩურჩულით, ტალღების მოუსვენრობით, განთიადის სიდიადით და მთვარის მდუმარებით... მაგრამ მხოლოდ მათ ესმით, ვინც ყურს უგდებს მათ.
არა აქვს მნიშვნელობა, ღმერთის შესახებ ოკეანეს ჰკითხავ თუ მის წვეთს, დათოვლილ მყინვარწვერებს თუ მხოლოდ ერთ ფიფქს, ყოველი მათგანი თავისი უნიკალურობით და მრავალფეროვნებით განასახიერებს მის სახეს. თითოეული მათგანი შენთვის იმღერებს და იცეკვებს, შენთვის დაიხატება ფერად პეიზაჟებად... ისინი თითქოს სდუმან, მაგრამ მათი მდუმარება ისევე მოიცავს ყველა ბგერას, როგორც თეთრი ფერი - ყველა ფერს.
მაგრამ, ადამიანი... ის ადამიანი, რომელსაც მათგან განსხვავებით აქვს ხედვის, სმენის, ლაპარაკის, გემოს და არომატის შეგრძნების უნარი, ყრუ, ბრმა და მუნჯია მათთან შედარებით. მათგან განსხვავებით ის ვერ “მოგიყვებათ” ღმერთზე ვერაფერს, ან თუ მოგიყვებათ, არასოდეს ეცდება საკუთარი სიცოცხლის მაგალითზე გააკეთოს ეს, ის ვერ “აყვავდება” ხესავით და ვერც ყვავილივით გამოსცემს სურნელს. მას ეს აუკრძალეს.
...და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს აუკრძალეს, სამარცხვინოდ ჩაუთვალეს საკუთარ თავში ღმერთის დანახვა, ბუნებაში, ისევე როგორც ბუნების სხვა შვილებს, მასაც უდევს ღვთიურობის გამოვლინება და ეს ყოველთვის მისდა უნებლიედ ხდება ყოველ ნაბიჯზე. თუმცა, თუ მაინც ჰკითხავთ, ის აუცილებლად ეცდება თავის გონებაში დახატული ხატების აღწერას, იმ ღმერთის, რომელსაც მასთან “საერთო” არაფერი აქვს, მის გარეთაა და შორს... ამ დროს ის ვერ ხვდება, რომ სინამდვილეში მაინც საკუთარ თავზე საუბრობს, ამიტომ მისი აღწერისას იქნება უარღესად თამამი და გულწრფელი.
და მერე როგორია მათი “ღმერთი”??. ზოგისთვის მიმტევებელი და გულმოწყალე, სულგრძელი და მოსიყვარულე... მაგრამ, ამავე დროს რამდენისთვის არის მრისხანე, სასტიკი და დამსჯელი, ცეცხლი და მახვილი, წარღვნა და სიკვდილი?.. რამდენს ეშინია მისი და რამდენს უყვარს? რამდენი ხედავს მასში “ყვავილობას” და არა ჭკნობას?..
არა, ადამიანს კი არ აუკრძალეს, ის თვითონვე არასოდეს შეადარებს საკუთარ თავს “ღმერთს”, ყველა თუ არა, ისინი მაინც, ვინც “ღმერთში” მრისხანებას უფრო მეტს ხედავს, ვიდრე სიყვარულს, განა იმიტომ, რომ თავმდაბალია, არა! სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ღმერთის დანახვა არ სურს საკუთარ თავში. მას მისი ეშინია, ისევე როგორც საკუთარი თავის... ამიტომაც განუდგა, მოიშორა, “ცაში გადაასახლა” ის, რაც შეიძლება შორს თავისგან. ასეთი ადამიანები დიდ ომებს მოაწყობენ “ღმერთის” სახელით, გილიოტინაზე აგიყვანენ, სახლს დაგიწვავენ და სულს მოგიკლავენ... “ღმერთის” სახელით! და ყოველთვის მის ნებას დააბრალებენ, მაგრამ არასოდეს საკუთარ თავს. მე კი “მეშინია” იმ ადამიანების, ვისაც ღმერთის ეშინია...
ხანდახან ვფიქრობ, “ღმერთია” ისეთი, როგორი ხალხიც ყავს თუ ხალხია ისეთი, როგორი “ღმერთიც” ყავთ??? არ ვიცი... მაგრამ თუ გინდა გაიგო, როგორია თვითონ ადამიანი, ჰკითხე მას ღმერთის შესახებ და ის ყველაფერს დაუფარავად მოგიყვება საკუთარ თავზე...
/21.08.2016/

вторник, 16 августа 2016 г.

მე არავინ ვარ... და ვარ ყველაფერი!

მე ვარ სამყაროში ყველაზე სუსტი... და ამავე დროს ყველაზე ძლიერი; მე მტკივა, როდესაც ზუგრში მირტყამენ დანას... მაგრამ, უგრძნობი ვხდები, როცა მკერდს ტყვიას ვუშვერ; მუხლზე ვეცემი, როდესაც სხვის სიმძიმეს ვხედავ... მაგრამ, ფრთებს ვშლი, როცა ჩემ ტვირთს მივათრევ; გულიდან სისხლი მდის, როდესაც მებრალება... მაგრამ, მშვიდი ვარ, როცა ვანადგურებ; მე ვტირი, როდესაც ხიდან მოწყვეტილ ფოთოლს ვუყურებ... მაგრამ, კლდესავით ცივი ვხდები, როცა ადამიანებს ვკარგავ; მე ვერ ავიტან თუნდაც ერთი ადამიანის ჩაგვრას... მაგრამ, ყველაზე ცივსისხლიანი ვხდები მათთან ბრძოლებში; ვთმობ, როდესაც მიყვარს... მაგრამ, ვკლავ, როცა სულს მართმევენ; მე შეიძლება სიცოცხლე დავთმო ერთი ყვავილის გამო... მაგრამ, უკანმოუხედავად გადავწვა განვლილი მინდვრები; მე ალბათ ვერ გავუძლებ თოთო ბავშვის მზერას... მაგრამ, ღიმილით ჩავხედავ თვალებში თვით სიკვდილს...
მე ვარ ტკივილიც და სიხარულიც; ცეცხლიც და მისი წამლეკავი ცრემლიც; დანაც და მისი მსხვერპლიც; მოკვდავი და უკვდავი... დაცემულიც და... სიყვარულის ანგელოზიც; მე არავინ ვარ... და ვარ ყველაფერი!
/16.08.2016/

четверг, 11 августа 2016 г.

წერილი ხვალიდან

ეს მე ვარ, შენი ხვალინდელი მე, ათასი წლის შემდეგ, მე მახსოვხარ შენ, როგორც ჩემი წარსული, მაგრამ ვიცი, შენ არ გახსოვარ. მე მახსოვხარ ისევე, როგორც შენ ახლა საკუთარი თავი გახსოვს გუშინდელ დღეს, შარშან, ათი წლის წინ. მე მახსოვს ყოველი ჩემი ნაბიჯი, ყველა გადაწყვეტილება და არჩევანი, ყველა გზა ნებისმიერი არჩევანის დროს და დღეს მე აქედან ისევე ნათლად ვხედავ საით წაგიყვანს ეს გზა, რომელსაც ახლა ადგახარ, როგორც შენ მანდ შენს განვლილს. მე მახსოვს ის გზებიც, რომელიც არ ამირჩევია...
სინამდვილეში ისინი ყველა განვლილია, მაგრამ არჩევანს ყოველთვის მხოლოდ ერთზე ვაკეთებთ. შენ ყოველთვის აცნობებ საკუთარ თავს, მილიონი გზიდან საუკეთესო რომელია შენთვის, და შენც მანდ იმ გზას ირჩევ, თუმცა ისიც არ გახსოვს, რომ პარალელურად სხვებსაც გადიხარ, ყველას, ყველა სავარაუდო გზას, რომელიც შეიძლებოდა აგერჩია. შენ ყოველთვის იმ გზას ირჩევ, რომელშიც დარწმუნებული ხარ, გჯეროდეს ამის, იმიტომ რომ გახსოვს, უფრო სწორად გეხსომება მომავალში.. მე ხომ მახსოვს? ესეიგი შენც გახსოვს, უბრალოდ დროის თვისებაა მხოლოდ უკან ყურება, თითქოს ჩამქრალი ფარებით მიდიხარ წინ. არადა გატკეპნილი გაქვს ეს გზები, შენ კი მხოლოდ ერთ ნაბიჯს ხედავ წინ, მეტს ვერ...

თუმცა წარსულსაც აქვს ეგ თვისება, რაც მეტი დრო გადის და რაც მეტ მანძილს გადიხარ, ის განვლილიც გავიწყდება, ვეღარ იხსენებ, ან ბუნდოვნად იხსენებ. ჩვენ ხშირად არ მოგვწონს ჩვენი არჩევანი კონკრეტულ მომენტში, შემდეგ კი ვხვდებით, რომ თურმე სწორი გადაწყვეტილება მიგვიღია მიუხედავად იმ მომენტში გადატანილი ტკივილისა თუ დანაკარგისა. რაღაც გვაიძულებს იმ მომენტში გადაწყვეტილების მიღებას და ვერ ვხვდებით რა...
შენ ამას გინდა წინათგრძნობა დაარქვი, გინდა დეჟავიუ, გინდა მფარველი ანგელოზი, ან უმაღლესი მე, ან თუნდაც ღმერთი... ეს ჩვენ თვითონ ვართ, ის ვინც სადღაც გულის სიღრმიდან გვკარნახობს, მან იცის, ზუსტად იცის რა არჩევანს რა შედეგი მოჰყვება, იმიტომ რომ მას ეს უკვე ნანახი და განვლილი აქვს მილიონ ვერსიაში.
ილუზორული აგონია ჩვენს ცნობიერებას აიძულებს მომავლის დავიწყებას, მაგრამ სულზე აგონია არ მოქმედებს. მეხსიერება მხოლოდ ჩვენი ტვინის თვისებაა, სულისას არ გავს, მეტიც, სულს მეხსიერება საერთოდ არ აქვს, მას მხოლოდ ცოდნა აქვს. იმისთვის, რომ გახსოვდეს მომავალი, არაა აუცილებელი ტვინის დაძაბვა, ის მაინც უსუსური და დროებითია, დროების შვილი...
მე გიხსენებ შენი “ხვალიდან”, მაგრამ ჩემს მომავალს ისევე ვერ ვხედავ, როგორც შენ ვერ მხედავ ამჟამად. გზების მსგავსად მომავალიც პარალელურია, ისევე როგორც წარსული, ამიტომ ნუ იფიქრებ რომ შენ არჩევანს მხოლოდ წარსულში ან მომავალში აკეთებ, არა, შენს არჩევანს ყოველთვის “ახლა” აკეთებ, ამ მომენტში, ამ წერტილიდან და ამ ნაბიჯით... გადაწყვეტილებას კი დროის მიღმა იღებ, იქ, საიდანაც ყველა დრო და გზა ერთ რუკაზეა გაწერილი, შენივე დაწერილი და განცდილი. აქ გაკეთებული არჩევანი ყველა დროში ერთნაირად მოქმედებს, შედეგს ცვლი როგორც აქ, ისე წარსულშიც და მომავალშიც.

ხანდახან ასეც ხდება, როცა გამოუვალ მდგომარეობაში ვვარდებით, თითქოს ერთ წერტილში ვიყინებით და გზა არსაიდან ჩანს. ვდგავართ გზაჯვარედინზე და მიუხედავად ბევრი მიმართულებისა, არ ვიცით საით წავიდეთ. ამ დროს ჩვენი გადაწყვეტილება ყველაზე მნიშვნელოვანია, და თითქოს ვიღაც ხელოვნურად აქრობს შუქებს, და გვაფარებს შუქგაუმტარ ფარდას, რომ ვერ დავინახოთ ვერცერთი გარედან შემოსული სხივიც კი...
ამ დროს შეიძლება ყველაზე დიდი არჩევანი არჩევანზე უარის თქმა იყოს, მიყუჩება და გარინდება იმ ერთ წერტილში, გულის ყურის დაძაბვა, იმიტომ რომ სწორედ აქ, როცა შენ ჩერდები და მიენდობი სიჩუმეს, როცა გარშემო ყველა კარი ჩარაზულია და ბნელა, მხოლოდ ის კარი იღება, რომელიც წინასწარ გახსნილი დატოვე. დანარჩენი კარები კი ჩააბნელე, რომ არჩევანის მრავალფეროვნებას შენთვის თვალი არ მოეჭრა... სწორედ აქ იცვლი მიმართულებას, მთავარია სიბნელემ და ვაკუუმმა არ შეგაშინოს.
და მაინც... შენ იცი, რომ ნებისმიერი გზა მაინც შენს თავთან დაგაბრუნებს, უბრალოდ ერთობი... ჩვენი ცხოვრება ლაბირინთს გავს, თამაშს, მაქსიმუმი რაც შეიძლება დაგემართოს, ლაბირინთში დიდი ხნით გაიჭედო, ან ჩიხში შეხვიდე და მეტი დრო დაკარგო, შეიძლება ამის გამო ცოტა ინერვიულო კიდეც, მერე რა?!. ეს ხომ თამაშია, ვინ არ განიცდის თამაშის დროს?.. ვინ არ ფიქრობს თამაშს მოგებით დაასრულებს თუ წაგებით?..
დღეს მე არ გკარნახობ არაფერს, არ მიგითითებ და არ ცვდილობ არჩევანი შეგაცვლევინო, უბრალოდ მინდა გაგახსენო და დაგამშვიდო, ნებისმიერი უკვე გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც წარსულში ხედავ, სწორი თუ არასწორი, მტკივნეული თუ სასიხარულო, ეს შენი გადაწყვეტილებაა, შენი არჩევანი იმ მილიონიდან, რომელიც უკვე გაიარე, და რახან მილიონიდან სწორედ ამ ერთზე გააკეთე არჩევანი, დარწმუნებული იყავი, რომ ეს შენთვის საუკეთესო იყო.

/11.08.2016/

понедельник, 8 августа 2016 г.

მასწავლებლობა

ბევრისთვის ფაქიზ თემას მინდა შევეხო: მოსწავლე - მასწავლებლის. აქ არ ვგულისხმობ სკოლის პედაგოგიკას, თუმცა სკოლაში ამ თემის პრობლემატური მხარე ყველაზე კარგად ჩანს. ცხოვრებაში კი ყველაფერი პირიქითაა, აქ “მასწავლებელი” - მოსწავლეა, ხოლო “მოსწავლე” - მასწავლებელი.
ადამიანები, როგორც წესი ხედვის მხოლოდ ერთ ჭრილს განიხილავენ და შემდგომ მას წესად, კანონად, დოგმად და აქსიომად აქცევენ. “მასწავლებელი” როგორც “წესი” - მოსწავლეზე მაღლა დგას (ეს აქსიომაა, კაცობრიობის მიერ დაწესებული), უფრო მეტი იცის, უფრო მეტის გაცემა შეუძლია, მეტის სწავლება შეუძლია... მეტი უფლება აქვს (რომელიც ხშირად ძალაუფლებაში ერევათ), მეტი ინფორმაცია აქვს (რომელიც უმეტესად მართვის სურვილის საბაბი ხდება), დასჯაც კი შეუძლია... ამასთან, მოსწავლის თვისებები ხშირად მასწავლებლის თვისებებისგან განსხვავებით ბევრად ძლიერი და დახვეწილია. სიძლიერეში რათქმაუნდა ფიზიკურ ძალას და ძალაუფლებას არ ვგულისხმობ, მოთმინებას, მორჩილებას, მდუმარებას, სიმშვიდეს და მსგავს, ერთი შეხედვით “სისუსტის” გამოვლინებებს ვგულისხმობ, რომლებიც რეალურად დიდ სულიერ სიძლიერეს მოითხოვენ.
დღეს “მასწავლებლობა” მოდაშია. დღეს მასწავლებელი უფრო მეტია ვიდრე მოსწავლე. ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ “მცოდნე” და “ინფორმირებულმა” ადამიანმა გადაწყვიტოს მოსწავლეობა, გამოუტყდეს თავს, რომ სწავლას სწორედ ის გადის და არა მისი “მოსწავლე”. “მასწავლებელს” თავის თავში ჯერ ის ელემენტარული ბარიერი ვერ გადაულახავს, რომ სხვების “სწავლების”, უფრო სწორად ჭკუის სწავლების მოთხოვნილება არ ჰქონდეს. “მასწავლებელმა” ჯერ კიდევ არ იცის, რომ რეალურად ვერავის ვერაფერს ასწავლის, არც ის იცის, რომ ნებისმიერი სწავლება მხოლოდ და მხოლოდ გახსენებაა იმის, რაც ისედაც იცის ნებისმიერმა სულმა. არც ის იცის, რომ მისი “მასწავლებლობა” მხოლოდ დახმარებაში შეიძლება გამოიხატოს, მაგალითად მაღვიძარის როლის თავის თავზე აღებაში ან ისრის როლის მორგებაში, რომელიც გარკვეულ მიმართულებას მიუთითებს. სწორედ აქ მთავრდება მისი ფუნქცია.
ნამდვილი მასწავლებლის თვისება მჟღავნდება მაშინ, როცა მისი სწავლებები ემთხვევა მის ქმედებებს. სხვა შემთხვევაში მასთან სწავლება დაემსგავსება ბრმა ოკულისტთან მკურნალობას. დიახ!.. ძნელია “მასწავლებლობა”, იმიტომ რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი და გასავლელი. მათში ჯერ კიდევ არის სურვილი სხვებს “ასწავლონ” ის, რაც თავადაც არ იციან. მასწავლებელს ჯერ კიდევ ბევრი უკლია საკუთარი მოსწავლის ცოდნამდე, ვისგანაც მოუწევს ისწავლოს მოთმინება, დაკვირვება, გულისხმიერება, მონდომება, სწრაფვა, სიჩუმე, დათმობა, და რაც მთავარია თავად “მოსწავლეობა”. აქ მათი სიამაყე ცოტა მოიკოჭლებს. ისინი თავს შემდგარ და სრულყოფილ ადამიანებად თვლიან, იმდენად სრულყოფილ ადამიანებად, რომ ჰგონიათ დაამთავრეს საკუთარი თავის განვითარება და შეცნობა, ფიქრობენ რომ მათში აღარაფერია დასამატებელი და მართალნიც არიან.. ისინი სავსე არიან, იმდენად გადავსებული არიან ინფორმაციით, რომ ვერაფერს ვეღარ იტევენ. ცოდნა და ინფორმაცია რომ სხვადასხვა ცნებებია, ალბათ ისედაც ყველამ ვიცით, ცოდნის მისაღებად საჭიროა ჯერ ინფორმაციებისგან დავიცალოთ და გავათავისუფლოთ ადგილი ჩვენში. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ნებისმიერი ცოდნა გარეთ დარჩება. ეს ჭაობია!.. იქ სადაც მთავრდება განვითარება, მკვდარი წერტილია, რადგანაც არაფერია სამყაროში უმოძრაო, თუკი ის ჯერ კიდევ ცოცხალია.
მე თუ მკითხავთ “მასწავლებლობა” ერთგვარი სასჯელიც კი არის. პრობლემა ცოდნაში კი არა, ბარიერების არქონაშია, რომელიც სულის განვითარების აუცილებელი ატრიბუტია. მოსწავლისგან განსხვავებით მასწავლებელს ეს წინაღობები არ აქვს. მისი სული ვერ “ტრენინგდება” და ვერ ვითარდება. მას “მისია” შესრულებული აქვს და ყოველ ჯერზე წრეზე მიდის, ზუსტად ისევე როგორც სკოლებში, წელს ერთი კლასი ჰყავს, შემდეგ წელს მომავალი, და ასე მუდმივად... სასჯელი კი იმაში მდგომარეობს, რომ, სანამ არ მიხვდება “მასწავლებლობაზე” უარი თქვას, გადააბიჯოს სიამაყეს და შემდეგ საფეხურზე, ანუ მოსწავლეობაზე გადავიდეს, იქამდე ამ წრეზე მოუწევს სიარული.

ერთადერთი რისი სწავლაც გვევალება - ეს სიყვარულია, ამას კი სხვა ვერ გვასწავლის, თუმცა სხვისგან ჩვენ თვითონ შეგვიძლია ვისწავლოთ. ჩვენს მაგივრად სხვა ვერ შეიყვარებს, ჩვენ ავტომატურად ვსწავლობთ იმ ადამიანებისგან, ვისაც უყვარს, ვისაც ვუყვარვართ და ვინც გვიყვარს.
დააკვირდით ბავშვებს, რამდენი სიყვარულია მათში, როგორი გულწრფელები არიან როცა თამაშობენ, იცინიან, ტირიან, გეფერებიან, როცა ცხოველებს და ბუნებას ეკონტაქტებიან, სიბრაზეც კი გულწრფელი აქვთ, რომელიც რამოდენიმე წუთში აღარც კი ახსოვთ. ეს ნათელი მაგალითია იმისი, რომ ნებისმიერ ზრდასრულს შეუძლია ბავშვებისგან ისწავლოს სიცოცხლის სიყვარული. არ არსებობს ბავშვზე უკეთესი “მასწავლებელი”, სწორედ იმ ბავშვზე, რომელსაც უფროსები დაჟინებით უჩიჩინებენ დოგმების და აქსიომების გაზეპირებას სკოლის გაკვეთილზე, ან თუნდაც საკუთარ ოჯახში. მხოლოდ ის “ზრდასრული”, რომელიც გადაწყვეტს ბავშვისგან ისწავლოს, იმსახურებს ამ სტატუსს. “მასწავლებლებს” კი, უფრო სწორად “მასწავლებლობის მსურველებს” ვუსურვებ მალე გაზრდილიყვნენ ბავშვებამდე.

P.S. “მასწავლებელი ის კი არ, ვინც გასწავლის, არამედ ის, ვისგანაც სწავლობ.”
/08.08.2016/