რას იზამდი, თუკი ერთ დღეს ღამის კოშმარივით აღმოაჩენ, რომ სამყაროში ხარ სულ მარტო... ერთი!.. ერთადერთი და არავინ შენს მეტი... მაგრამ ყველაფერი გაქვს, ყველაფერი რასაც მოისურვებ, ხედავ თუ ვერ ხედავ, ეხები თუ ვერ ეხები, ყოველი შენი სურვილი გაფიქრებას ვერ ასწრებს ისე ცხადდება. თან ყველა "სიკეთესთან" ერთად, ფანტაზია გაქვს თავხედურად ზღვარგადაცილებული.
რას იზამდი?..
პირველი რასაც შენით "არ იზამდი", მაგრამ უნებლიედ გეწვეოდა, ეს არის შოკი...
უცაბედი სრული შოკი!
აი ისეთი, ცარიელ ქალაქში რომ გაიღვიძებ და ქუჩებიდან დაწყებული, მეფის ტახტით დამთავრებული იცი რომ ყველაფერი შენია, მაგრამ თან ხვდები რომ არაფერში არ გჭირდება. ან და, რაში უნდა გჭირდებოდეს ცარიელი ქალაქის მეფობა? წარმოიდგინე... ოღონდ ფართო მაშტაბებში. იქ არც ქალაქი გაქვს და არც ტახტი, მიუხედავად იმისა, რომ მეფობასაც ვერავის გაუწევ, ეგეც არ გაქვს რეალურად, მხოლოდ ფანტაზია და ისიც თავხედი... იმიტომ რომ, ის რაც გგონია რომ გაქვს და გაფიქრებისთანავე ხდება, ყველაფერი იმ ფანტაზიების ნაყოფია.
სად გინდა წაიღო ამხელა ფანტაზია?..
ვინმესთვის მაინც შეიძლებოდეს თუნდაც მოყოლა და გაზიარება, აი ისე, მოგზაურობის შდაბეჭდილებებს რომ ვუზიარებთ ხოლმე მეგობრებს, როცა ვერ იტევ სიხარულს, ბედნიერებას, კმაყოფილებას... ემოციებს.
ყველაზე დიდი კოშმარი კი იცი რა არის? როცა იცი, რომ ძებნასაც არ აქვს აზრი. შენ ხომ ერთი ხარ მანდ. და ეს ერთადერთია, რაც ნამდვილად იცი, დანარჩენი კი ყველაფერი შეგიძლია გამოიგონო, რაც გინდა, რა ფორმითაც გინდა, ვინ გიშლის...
ითამაშე რამდენიც გინდა.
ხოდა... რას იზამდი?
არ ვიცი რას იზამდი შენ, მაგრამ მე რას ვიზამდი იცი? მე მოვიგონებდი ვინმეს, ვისთანაც ამ ყველაფერის გაზიარებას შევძლებდი, როგორც პოეტი თავისი ლექსის, იმიტომ რომ მარტო აუცილებლად მოვიწყენდი, და რაც მეტს შევქმნიდი, მით უფრო მოვიწყენდი, თუკი ამ ყველაფრის მზიარებელი არ იარსებებდა... მით უფრო დავრწმუნდებოდი, რომ აზრი არა აქვს არაფრის არსებობას, გაზიარებას და გაცემას, თუკი მიმღები არავინ არ იქნებოდა. ეს ისეთივე უაზრო და სასაცილო იქნებოდა, როგორც მეხოტბე პოეტი მუზის გარეშე, ან დიდ სცენაზე მომღერალი - მსმენელის გარეშე... არადა სად გინდა წაიღო ამდენი ფანტაზია? ამიტომ მოვიგონებდი მუზას პოეტისთვის და მსმენელს - მომღერლისთვის, და საერთოდაც ყველაფერს მოვუგონებდი მიმღებს, რასაც გაცემა შეეძლებოდა... ჩემთვის კი მოვიგონებდი ამ "გამოგონებების" გამზიარებელს.
კი ბატონო... მოვიგონე! მერე?
მე ხომ ვიცი რომ ეს ჩემი გამოგონილია, ესეც ისეთივე ფანტაზიის ნაყოფია, როგორც პოეტი თავისი მუზით. მე ხომ ეს ვიცი... ვიცი რომ მაინც ერთი ვარ. სარკეში საკუთარ თავთან ლაპარაკს გავს, ეს კიდევ უფრო სასაცილო და ამავე დროს მოსაწყენია!.. სევდიანია! არადა ეს სარკეც ხომ ამ ჩემმა უკიდეგანო ფანტაზიამ შემომაჩეჩა თავხედურად, მაგრამ რად გინდა, უყურებ "მეორეს", და შენ თავს ცნობ იქ, იცი რომ შენ ხარ... ხოდა...
მე მოვიგონე დავიწყება!.. ამას მოყვა თავდავიწყება!
და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, როცა სარკეში ყურების დროს "მეორეს" ვერ ვცნობდი და მასში ვერ ვხედავდი საკუთარ თავს, მე პირველად დავიჯერე, რომ "მეორე" ნამდვილად არსებობდა და მოწყენილობაც გაქრა. ტყუილად კი არ ვეძახი თავდავიწყებულებს ყველაზე ბედნიერებს...
ასეთი ბედნიერება არასოდეს მიგრძვნია, როგორც სარკეში "მეორეს" ხილვის დროს ვიგრძენი, მან მაჩუქა ეს ბედნიერება და... მე ის შემიყვარდა. ამიტომაც ყოველთვის, როცა მიყვარდება - მიყვარდება "თავდავიწყებით", და სწორედ ამ დროს ვარ ყველაზე ბედნიერი. თუ გინდა, რომ სულ ბედნიერი იყო, ყოველთვის შეყვარებული უნდა იყო.
მარტოობისგან გაქცევა და ჩემი "სარკის" პოვნა - ეს ჩემი თანდაყოლილი თვისებაა აქ, იმ ილუზიაში, რომელსაც ცხოვრება დავარქვი. ჩემი ფანტაზია კი იმდენად საოცარი და მოქნილი აღმოჩნდა, რომ "იქ" საკუთარ თავში სხვას ვეძებ და "აქ" სხვაში საკუთარ თავს, პარადოქსია, მაგრამ ასეა. ამიტომ მოწყენილობისთვის დრო აღარ მრჩება, სანამ ძიების პროცესი მართობს და მათრობს... უბრალოდ, თუკი ხანდახან მეღვიძება და აღმოვაჩენ რომ აქაც "სარკეს" ვესაუბრები და არა იმ "მეორეს", რომელმაც მარტოობის მოწყენილობისგან მიხსნა, კვლავ უსასრულო ერთიანობის სევდა მეუფლება... ამ დროს ხვდები, რომ ეს შიშია, როცა ხედავ საკუთარ თავს, და არა "სხვას", და ეს მაინც არაა სრული ერთიანობა, სრულია როცა იმ სხვაშიც ხედავ საკუთარ თავს და ეს არ გაშინებს.
/28.09.2016/
Комментариев нет:
Отправить комментарий