понедельник, 26 сентября 2016 г.

შიშველი მზე

ერთ დილას, როცა ჰორიზონტიდან ამომავალი მზე მზეობდა და ამაყობდა თვალისმომჭრელი სხივებიანი მოსასხამით, ანათებდა ბედნიერებისგან, რომ გაზაფხულის ველზე გაშლილ ყვავილებს სითბოს და სიცოცხლეს ჩუქნიდა, მობეზრდა შორიდან ყურება და გადაწყვიტა უფრო ახლოს გაეცნო თავისი საყვარელი ქმნილებები.
ფიქრობდა: "მათში ხომ ჩემი სიცოცხლეა, ჩემი სული.. ისინი ჩემი ნაწილები არიან, ვინ დამიშლის მოვეფერო და ხელით შევეხო?"
ვინ დაუშლიდა?..
უბრალოდ ძალიან დიდი იყო ყვავილებისთვის, და... ერთ პატარა გოგონად დაბადება გადაწყვიტა, უსხეულოდ, რომ მათთან შეხება უშუალოდ გამოეცადა და არა სხეულის სამოსის მიღმა...
მართლაც, ვინ დაუშლიდა...
სხივად დაეცა შუა ველზე შიშველი მზე - მანათობელი გოგონა და სადაც დაეცა... გადაწვა ყველაფერი. ცეცხლი მოეკიდა ბალახებს, ბუჩქებს... მის საყვარელ ყვავილებს.
ამის ხილვისას გული დაეწვა მზეს! ცდილობდა ჩაექრო, მაგრამ რაც მეტად ცდილობდა და ეხებოდა, მით უფრო ღვივდებოდა ცეცხლი... ხედავდა როგორ ანადგურებდა ყველაფერს გარშემო და უკვირდა... უკვირდა, რომ სწორედ ის სითბო, რომლითაც სიცოცხლეს ჩუქნიდა მათ, კლავდა და ანადგურებდა. წვიმას სთხოვა შველა...
მზეს გული ეწვოდა... წვიმა ცრემლებად დაიღვარა.
თავსხმად დააცხრა გადაბუგულ მინდორს, ჩააქრო და შუა მინდორზე მარტოდ დარჩენილ მზეს მიეალერსა: "შენი ბრალი არ არისო" - ჩასჩურჩულა სევდიანი ხმით.
ტკივილისგან იწვოდა პატარა მზე და ფეხს ვერ იცვლიდა ადგილიდან, ეშინოდა რომ კიდევ რამე არ ემსხვერპლა. უდაბნოდ ქცეულ მინდორში, მარტოდ დარჩენილი ფიქრობდა და ცდილობდა გაეგო, რაში მიუძღვოდა ბრალი.
ცეცხლში?.. რომელიც მისი არსი იყო? სინათლეში?.. რომელიც მისი თვისება იყო? სიყვარულში?.. რომელიც სიცოცხლეს ბადებდა? ბადებდა და... კლავდა! დაუნდობლად კლავდა, წვავდა და ანადგურებდა!
"მკვლელი ყოფილა სიყვარული!" - ფიქრობდა მზე, შორეულ ვარსკვლავებს სწვდებოდა მისი ტირილის ხმა, - "მკვლელი ვყოფილვარ მეც!"
მინდვრის ბოლოში განმარტოვებით მდგარმა ბებერმა მუხამაც გაიგო მისი ხმა და დაუძახა: "ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოიწიეო ჩემსკენ"... მზე ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა, ეშინოდა ზედმეტად ახლოს არ მისულიყო. საკუთარი ცეცხლის ეშინოდა, რომელიც ყველაფერს კლავდა რაც უყვარდა, ან იქნებ იმიტომაც კლავდა, რომ უყვარდა... ვერ გაეგო.
"ნუ დარდობ!" - უთხრა ბებერმა მუხამ, რომელსაც ბევრი ყვავილობა და ჭკნობა გამოეცადა ამ დრომდე, ბევრი ახსოვდა, - "შენი სიყვარული სიცოცხლეა ჩვენი, შენი სითბო - საზრდო, სინათლე - ყვავილობა!.. შენი სიშორე გვყინავს, სიახლოვე - გვწვავს. შენი სინათლე თვალს გვიხელს, მაგრამ თუ ზედმეტად შორს იქნები, სიბნელე დაისადგურებს გარშემო, თუ ზედმეტად ახლოს - დაგვაბრმავებს. ამიტომაც არის შენი ხვედრი მარტოობა ზომიერ დისტანციაზე... ეს ის მსხვერპლია, რომელსაც სიყვარული მოითხოვს, მაგრამ... თუ მონატრებამ გძლია და ახლოს მოსვლას გადაწყვეტ, შეეცადე შენი სიშიშვლე სხეულით დაფარო!.."
ეს ზღაპარი მთვარემ მომიყვა ადრე...
მას შემდეგ, ყოველთვის, როცა მინდვრის ყვავილებში ჩაფლულ პატარა გოგონას ვხედავ, ვიცი, რომ მასში, ამ ყვავილებზე შეყვარებული და მონატრებული მზე იმალება.
/26.09.2016/

Комментариев нет:

Отправить комментарий