четверг, 29 декабря 2016 г.

“ყოფნა - არყოფნა”...

რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, თურმე რა ბედნიერია ადამიანი, ვისაც სიკვდილის ეშინია, ვისაც სჯერა, რომ სიკვდილის მერე ყველაფერი სრულდება, მიუხედავად ეკლესიებში სიარულისა და მავედრებელი თვალებით ხატების შემყურე სახის, მას მაინც ეშინია და... ასი-ათას სანთელს დაანთებს, რომ “იქ, სადღაც უსასრულობაში” (რომლისაც თავად არ სჯერა), ვიღაცას სთხოვოს, რომ მალე არ მოკვდეს... ან პირიქით, მალე მოკვდეს და დასრულდეს ყველაფერი. რა ბედნიერია როცა ადამიანს გულით სჯერა, რომ მის ტანჯვას შეიძლება დასასრული ჰქონდეს. ან იქნებ აქვს კიდეც, მაგრამ... ამ დროს მთავარი მაინც ისაა, რისიც თვითონ სჯერა.
ასეთი "ბედნიერების" დათმობა ადვილი არ არის. ყველაზე ცუდი კი ისაა, როდესაც არ გჯერა დასასრულის და თან გინდა გჯეროდეს - არარსებობა მთელი თავის სიდიადით. გინდა, მთელი გულით გინდა, რომ ათეისტი იყო, ან სულაც ურწმუნო... მთავარია გჯეროდეს, რომ ყველაფერი დამთავრდება ერთხელ და სამუდამოდ. ვიღაც იმისთვის არსებობს, რომ შეეგუოს სიკვდილს, ვიღაც ცდილობს შეეგუოს ტკივილს, ვიღაც - ყოფნას, ვიღაც - არყოფნას, ვიღაც - მარტოობას, ვიღაც - უსასრულობას, ვიღაც კი - უსასრულო მარტოობას. მერე არ ვიცი... განა არის რამე უსასრულო მარტოობაზე უარესი??? ამაზე უარესი თვით სიცარიელეც არ არის. არაფერია ამაზე სევდიანი. ოპტიმიზმში გაცოცხლებული პესიმიზმია სრული სისავსით...
სულ ჩამესმის რუმის სიტყვები: “დაბრუნდი და გაიხსენე ვინ ხარ...”, და სულ მინდა გკითხო ჯალალ-ედ-დინ, რა აზრი აქვს? რისთვის მთხოვ იმის გახსენებას, რომ მარადიული მარტოობისთვის განწირული ერთი უკვდავი სული ვარ? რომელსაც როგორც ჩანს, დღემდე ვერ გაუკეთებია არჩევანი “ყოფნა - არყოფნას” შორის, რომელიც თავშესაფარს სხეულის კატორღაში ეძებს, სადაც იმდენად იტანჯება მისი სიმძიმისგან, ვიდრე თავისუფლება ისე არ მოენატრება, რომ მარტოობაზე თვალი დახუჭოს, ვიდრე ბორკილებს არ დაამსხვრევს... ვიდრე შიგნიდან არ დალეწავს ყველა კედელს, რომელიც ასეთ შვებას გვრიდა მიუხედავად სიმძიმისა. განა რამდენად უნდა იყოს სული დაღლილი ამ მარტოობისგან, რომ თავისუფლებაც კი დათმოს, იმისთვის რომ მისი ფასი ასეთი სასტიკი ხერხით გაიგოს? ეს ხომ ძველზე ძველი ხერხია, ჯალალ-ედ-დინ! თუ გინდა რომ ადამიანში თავისუფლების წყურვილი გააღვიძო, ის ჯერ მონად უნდა აქციო. რა ცინიკოსები ვართ საკუთარი თავის მიმართ... შენ კი ითხოვ გავიხსენო ის, რისი დავიწყებისთვისაც ამ ტანჯვას ვიტან. შენ უფრო დიდი ცინიკოსი ხარ! და მე მესმის შენი...
იმიტომ რომ... ალბათ სწორედ ამ დროს აკეთებ არჩევანს მარტოსულ არსებობას და დიად არარსებობას შორის. ალბათ ბოლომდე ელოდები დაღლას მარტოობისგან, ცრუ თავისუფლებისგან, გაქცევისგან, თავშესაფრების ძიებისგან, რომ ბოლოს და ბოლოს გამოიყენო შენი ნება. ალბათ სწორედ არარსებობის გაბედვაშია სრული თავისუფლება... თვითონ თავისუფლების დათმობაშია უფრო მეტი თავისუფლება, როცა აღარ გაქვს მისი დაკარგვის შიში, როცა აღარ გაშინებს - იქნები თუ არ იქნები, როცა უარს ამბობ სურვილზე “იყო თავისუფალი”, "იყო სადღაც ან რაღაც, ან ვიღაც"... და როცა თავისუფლდები თვითონ ამ ცრუ თავისუფლების ბორკილებისგან, სწორედ მაშინ პოულობ მას. /29.12.2016/

вторник, 13 декабря 2016 г.

ვარსკვლავი

3 ივნისი. არც მეტი არც ნაკლები 2200 მეტრი ზღვის დონიდან... საღამოს 7-8 საათი იქნებოდა ტყიდან რომ გამოვაღწიეთ, ჯერ გაუკვალავი ბილიკით, რომელიც ცოტა ხანში უფრო გარჩევადი გახდა და რომელმაც საბოლოოდ ხრეშიან გზაზე გაგვიყვანა. ბუნდოვნად მახსოვს... ალბათ „რუკზაკით“ წამოღებული ნარჩენი ღვინის ბრალი იყო, წყალი არ გვქონდა, ხოდა მოწყურებულები ღვინოს ვწრუპავდით გზადაგზა... აბა, ტყეში 12 საათიანი უგზო-უკვლოდ ბოდიალის დროს სხვა რა უნდა გვექნა?.. გზის დანახვა უკვე იმედი იყო, ოღონდ სიარულის თავი აღარ გვქონდა, არც ის ვიცოდით ზუსტად სად ვიყავით, უბრალოდ ვიცოდით რომ ქვემოთ უნდა ჩავყოლოდით გზას, ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ ქვემოთ.
სრული მოწყვეტა, ფიზიკური, გონებრივი. შიში ნული... ღია გაშლილი მინდორი თითქოს სუნთქვაში გვეხმარებოდა, გულში ჩაგვიკრა, ჩვენს მაგივრად შლიდა თავის უზარმაზარ ფილტვებს და ღრმად ისუნთქავდა... ისე ღრმად, რომ აი ასე, ბალახებზე და გვირილებზე ჩახუტებულებს მიგვეძინა მის გულზე. ყველაზე მეფური ძილი იყო რაც კი მახსოვს. არასოდეს, არცერთ რბილ ლეიბზე და არცერთი ფაფუკი საბნის ქვეშ არ მიგრძვნია თავი სამყაროს დედოფლად... გვირილად, სიოდ, ცვარად. არასოდეს ყოფილა სიზმარი ასე ლამაზი, როგორც იმ საღამოს, ღია ცის ქვეშ.
თვალი რომ გავახილე, უკვე ვარსკვლავები მდარაჯობდნენ. ისე ანათებდნენ, თითქოს მზემ დაავალა, „მე რომ წავალ, არ გაბედოთ და არ შემიშინოთო“... გულაღმა ვიწექი, რაღაცის ან ვიღაცის მოლოდინში. ისეთი სიჩუმე იყო, ვარსკვლავების ჩურჩულიც კი მესმოდა. ოჰ, როგორ მომინდა მეც ერთერთი მათგანი ვყოფილიყავი, არ მანაღვლებდა არც ღამე, არც მინდვრის გარშემო დაბურული ტყე, ისე მინდოდა მეც ზემოდან მეცქირა დედამიწისთვის, მეც ასევე გამენათებინა გზა კვალდაკარგული ადამიანებისთვის... გვიანღა მივხვდი ამ ფიქრებში, პულსი ორჯერ რომ მომმატებოდა, ნეკნებით ვიგრძენი გაძლიერებული გულის ფეთქვა, მიწას რომ ეხეთქებოდა ზურგის მხრიდან. გვიანღა მივხვდი, რომ ვარსკვლავების ჩურჩულის მოსმენა სიზმარი არ იყო და... ასე ხომ „არ შეიძლებოდა“? ვინ დამიჯერებდა...
03.06.1990 – „პირველად ვესაუბრე ვარსკვლავებს. ხვამლი“. მაშინ დღიური მქონდა, როგორც ყველა გოგონას 13-14 წლის ასაკში, მაგრამ ეს არ ჩამიწერია. ხომ შეიძლებოდა ვინმეს ენახა?! მაგრამ, რომ ჩამეწერა, ასე დავწერდი ზუსტად. მეტს არაფერს.
ჩემ ძმას ჯერ კიდევ ეძინა, თერთმეტი წლის იყო მაშინ. მეც სიამოვნებით გავაგრძელებდი ძილს, რომ არა მათი ჩურჩული, სუნთქვას რომ გიჩერებს უნებლიედ, ოღონდაც მათ საუბარს მოუსმინო. მოუცველი სიჩუმე იდგა, რომ დაიკარგები და გაიშლები მასში, ისეთი. ალბათ ამიტომაც დავიკარგეთ. და ნეტავ იცოდეთ, როგორ მიხაროდა ეს ამბავი იმ მომენტში, ვინმესთვის რომ მეთქვა, ალბათ დიაგნოზს ადგილზევე დამისვამდნენ. ამიტომ მეც სიჩუმე ვარჩიე. სიჩუმე და მოსმენა იქ ვისწავლე. მხოლოდ მათ საუბარში ჩავერიე, ისეთივე მდუმარეში, უსიტყვოში, როგორებიც თავად არიან. უსიტყვო ლაპარაკიც მაშინ ვისწავლე, მათ მასწავლეს. ყური მოკრეს, რომ მეც მინდოდა იქ, ზემოთ... გაეცინათ. ოღონდ არა დამცინავად, რაღაცნაირად, ბავშვურად... თან თვალები რომ უციმციმებთ, ისე.
მერე ერთმა, ამასობაში ჩემად რომ დავიგულე ზედმეტი მელანქოლიურობის გამო, მითხრა: „ვარსკვლავი ვერ გახდები, ვარსკვლავად უნდა დაიბადო! იცი, თქვენ რომ გვიყურებთ ქვემოდან და ჩვენს ნათებას შენატრით, ჩვენ აქ, თქვენს ანთებულ გულებს შევნატრითო... განა არ იცი, რომ ყოველი ანთებული გულიდან ერთი ვარსკვლავი იბადებაო? განა არ იცი, რომ თითოეულ თქვენგანს უფრო მეტად შეუძლია ნათება, ვიდრე აქ, ჩვენთან ერთ ვარსკვლავსო?..“
არა, არ ვიცოდი... მართლა არ ვიცოდი და თვალებზე ცრემლი მომადგა. ამასობაში ხრეშიან გზაზე ავტომობილის ფარები გამოჩნდა. ხმაურიანად მოხრიგინებდა. სულ დაარღვია მდუმარება. დილიდან გვეძებდნენ. ისევ გულაღმა ვიწექი, ოღონდ ცრემლიანი. მათ კი ეგონათ სიბნელის და ტყის შემეშინდა... მე ხმა არ ამომიღია... მხოლოდ გულში ვიმეორებდი: „ვარსკვლავი ვერ გახდები, ვარსკვლავად უნდა დაიბადო!"
/13.12.2016/

суббота, 3 декабря 2016 г.

...სხვა ღმერთებს დავთმობ

მე შენს გამო ვარსკვლავების კოცონს დავანთებ, ცეცხლს წავუკიდებ უძირო ცას, ზღვას წვეთებად დავღვრი... ყველა ბრძოლაზე და გამარჯვებაზე უარს ვიტყვი, და ოცნებებს გავუღებ გალიის კარს, თავისუფლებას ბორკილებს ავხსნი... გავათავისუფლებ ჩემი გულიდან - ჩემი საკნიდან, ასე დიდხანს რომ მეგონა ჩემი... იფრინონ ლაღად! მხოლოდ შენს გამო, ღმერთო ჩემო! სხვა ღმერთებს დავთმობ! ყველა სამყაროს - შენი სამყაროს გარდა, ყველა სამოთხეს, ყველა პეპლის სიცოცხლეს, ერთის სანაცვლოდ... ყველა ვარდის სილამაზეს ვუარყოფ... მხოლოდ ერთის სურნელმა რომ დამათროს! ყველა გულს გავტეხ, დავწვავ, დავშანთავ... შენი ერთი გულისთვის, შენი ერთი მდუმარე მზერისთვის, მე ყველა ნოტს დავთმობ! ყველა მზის ნაცვლად ციცინათელას ჩავიკრავ გულში, და ყველაზე კაშკაშა მზედ ავანთებ... შენს გამო, მხოლოდ შენს გამო დავთმობ თვით სიკვდილს, და შენთვის ვიცოცხლებ, ვიფრენ, ვისუნთქებ... ყველაფერს გავაქრობ... სულს ყველა ფერისგან დავცლი, რომ მხოლოდ შენ ერთმა, სიყვარულმა ამავსო...
/03.12.2016/