среда, 14 марта 2018 г.

პასიურ თვითმკვლელობაზე მინდა ერთი-ორი სიტყვა ვთქვა. ყველას გვსმენია, რომ ნარკომანია და ალკოჰოლიზმი პასიურ, დროში გაწელილ, მაგრამ მაინც თვითმკვლელობად ითვლება. ასე იმის გამო ითვლება, რომ ადამიანი ამ ქმედებით და საკუთარი სხეულის ასეთი დატვირთვით მას ფაქტობრივად ანადგურებს. აშკარაა, რომ თვითგანადგურების მექანიზმი აქვს ჩართული, მაგრამ, თუ დავაკვირდებით, არანაკლებ გამანადგურებელია მძიმე ფიზიკური შრომაც, ან სპორტის ის სახეობები, სადაც სიკვდილის რისკი დიდია. ამ გაგებით ყველა მეშახტე, მეხანძრე, მაშველი, დაივერი, პარაპლანისტი ან რალისტი პოტენციურ თვითმკვლელად შეიძლება შევრაცხოთ. და მაინც, რატომ არ ითვლება ეს ქმედებები თვითმკვლელობად? ნუთუ ცოტა ფაქტი ვიცით, მძიმე სისტემატიური სამუშაო რეჟიმის გამო რომ უფრო მალე ინადგურებს თავს, ავადდება და კვდება ადამიანი, ვიდრე ალკოჰოლიკი, რომელიც შეიძლება ღრმა სიბერემდე ალკოჰოლიკად დარჩეს და მაინც სიბერით უფრო ადრე მოკვდეს, ვიდრე ალკოჰოლით.
მაშველზე და მეხანძრეზე ალბათ მეტყვით, რომ ის საკუთარი სიცოცხლით რისკავს სხვისი გადარჩენისთვის, და ამიტომ არ ითვლება, რადგანაც ეს "მსხვერპლია". გეთანხმებით. თუმცა რალისტი და პარაშუტისტი ამას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის აკეთებენ, ისევე როგორც ნარკომანები. აბა რაშია სხვაობა?..
საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვცდებით, როდესაც თვითმკვლელობაში ვგულისხმობთ სხეულს და არა სულს. "თავის მოკვლას" როცა ვახსენებთ, "თავში" სულს უნდა ვგულისხმობდეთ და არა სხეულს. უამრავი ცოცხალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომელთაც ბევრად ადრე "მოიკლეს თავი", ვიდრე ფიზიკური სიკვდილი ეწვეოდათ. ომში ასეთი მაგალითები უფრო თვალსაჩინოა, ცხოვრებაში ნაკლებად, რადგანაც ბევრი რამით ინიღბება... ომში კი, როცა საკუთარი სხეულის გადარჩენისთვის ღალატობ საკუთარ ღირსებას, მეგობარს, იმას, რაც ყველაზე ძვირფასია შენთვის, შეიძლება მტრის ტყვია აიცილო და ფიზიკური სიცოცხლე შეინარჩუნო, მაგრამ ამ დროს სულს კლავ, განსხვავებით იმათგან, ვინც ფიზიკურ სიცოცხლეს სწირავს სხვის გადასარჩენად.
ფიზიკური სხეულის განადგურება ასე ცალსახად არ არის სუიციდი, თუ ამით სულსაც არ ვნებ, აქ მთავარი ქმედების მოტივაციაა. ძალიან მორწმუნეც რომ იყოს ადამიანი, მაგრამ სხვა ადამიანს გადასარჩენად ხელი მხოლოდ იმიტომ არ გაუწოდოს, რომ პირჯვრისწერით ჰქონდა დაკავებული, იმაზე მეტი "თვითმკვლელია", ვიდრე ის, ვინც საკუთარ სხეულს იმეტებს სასიკვდილოდ სხვისი გადარჩენის ან სხვისი ცხოვრების შემსუბუქების გამო. (მე თუ მკითხავთ ამ ორს შორის თვითმკვლელი სწორედ პირველია). ყველა ის ქმედება, რაც კონკრეტულად სულს ანადგურებს არის თვითმკვლელობა, სხვა არაფერი.

пятница, 23 февраля 2018 г.

Nyctophilia (2)

- ადექი! - ხელი გამომიწოდა ალექსანდრემ და გარეთ გამიყვანა უკუნეთ სიბნელეში. აქ ვარსკვლავების სინათლეც ვერ აღწევდა, ისე ფარავდნენ ცას უზარმაზარი ხეები, - გრძნობ, როგორ ივსები წყვდიადით? გრძნობ აუტანელ ტკივილს, სუსხს, წნეხს, თითქოს ვიღაც შიგნიდან ცდილობს გამოგდევნოს სხეულიდან? მითხარი რას გრძნობ.
- საფრთხეს, - ძლივს ამოვღერღე, ისე მიკანკალებდა ხმა.
- დიახ! სიბნელეში მეტი საფრთხეა, მაგრამ ამავე დროს, საფრთხისგან თავის დაღწევის მეტი საშუალებაც. ადამიანს ინსტიქტურად ეშინია სიბნელის, ვინაიდან მხოლოდ საფრთხეს და სიკვდილს ელის მისგან, მაგრამ სიკვდილისგან ვერც სინათლე დაგვიცავს, ეს გვავიწყდება. სიკვდილს არ აინტერესებს დღეა თუ ღამე, ის მოვა როცა მოვა, და ვერსად გაექცევი, ის თვითონ ირჩევს დროს. ამიტომ მიზეზად არ გამოდგება, ეს მხოლოდ ჩვენი გონების თამაშებია. რეალური მიზეზი თუ გაინტერესებს, არის ის, რომ სიბნელე კარგად მალავს იმას, რასაც სინათლე ვერ ახერხებს. ამავე დროს, სიბნელე უფრო კარგად ავლენს იმას, რასაც ვერ ხედავ ჭარბი სინათლის დროს. გაიხსენე წუხანდელი მოჭედილი ცა. იქ მთავარი ვარსკვლავები კი არა, მათ შორის გაშლილი წყვდიადი იყო. შენთანაც იგივე ხდება, როცა საკუთარ თავთან სულ მარტოდ-მარტო რჩები, სრულ წყვდიადში, იმდენ რამეს ხედავ, რომ თავის მოკვლამდე სულ რაღაც ერთი ნაბიჯი გრჩება. ამ დროს, ერთი სული გაქვს გამოიქცე და სინათლით გადაფარო პატარ-პატარა, მაგრამ ვარსკვლავებივით გაბნეული უთვალავი ლაქა. სიბნელის გარეშე ისეთივე შეუძლებელია თავის შეცნობა, როგორც კოსმოსის...
Sic itur ad astra - ასეთია გზა ვარსკვლავებისკენ.“
/ნაწყვეტი წიგნიდან "Nyctophilia"/

вторник, 20 февраля 2018 г.

Nyctophilia

„მართლაც ულამაზესი ადგილია. რამდენჯერ მიფიქრია, რომ ყველა ასეთ გარემოში რომ ცხოვრობდეს, მსოფლიოში აღარც ომები იქნებოდა და აღარც ძალადობა. შეუძლებელი მგონია ბუნებასთან თანხმობაში იცხოვრო და ვინმეს ან რამის მოკვლის სურვილი გაგიჩნდეს. აქ ასკეტი და განდეგილი კი არა, ყველაზე გარეწარი ადამიანიც კი იპოვის სიმშვიდეს, ასე მგონია. რეალურად ყველას შეუძლია ეს, მაგრამ მაინც გარბიან იქ, სადაც მეტი შფოთვა და დაძაბულობაა. ადამიანი ამბობს, რომ სიმშვიდე უნდა, მაგრამ ამავე დროს თვითონვე გაურბის მას.“
- საით წაგიღეს ფიქრებმა?
- საით და... ვფიქრობდი, ასკეტები ალბათ იმიტომ აღწევენ სულიერ სიმშვიდეს, რომ ასეთ გარემოში ცხოვრობენ-თქო.
- შეიძლება, თუმცა ეგ მაინც ადამიანზეა დამოკიდებული, მის მისწრაფებაზე, არჩევანზე, უნდა თუ არ უნდა სიმშვიდე, თორემ გარეგნულ სიმშვიდეს რა თქმა უნდა ყველა იპოვის აქ. გარეგნული სიმშვიდე დროებითია, ნუ შეადარებ მას შინაგანს, თუ ამას გულისხმობ.
- მე კი მგონია, რომ აგრესიულ ადამიანსაც დაამშვიდებს. აღარ გაუჩენს ძალადობის სურვილს.
- კი, დაამშვიდებს, მაგრამ სწორედ ეგ არის ის გარეგნული სიმშვიდე და არა შინაგანი. სიმშვიდე ყველაზე მეტად აგრესიულ გარემოში გამოიცდება, ყველაზე ძლიერ ქარიშხლებში. ხომ გაგიგია „ავადმყოფობით ვიკურნებითო“, სწორედ ამას გულისხმობს ეს სიტყვები. შენი სიმშვიდის ზღვარი თუ გინდა გაიგო, ისეთ გარემოში უნდა მოხვდე, სადაც ყველაზე რთული იქნება მისი შენარჩუნება.
- საინტერესოა. ამაზე არასოდეს მიფიქრია...
- იცი, გარდა ამისა, შინაგანი სიმშვიდე არ ნიშნავს, რომ არაფერი არ უნდა იწვევდეს შენში მღელვარებას. იმ ადამიანებისთვის, ვინც მხოლოდ დოგმად ქცეულ სიტყვებს უსმენენ, წესებს და კანონებს კითხულობენ, მნიშვნელობა არ აქვს, ბიბლია იქნება ეს, ყურანი, ვედები თუ სისხლის სამართლის კოდექსი და ცდილობენ, როგორც დაწერილია, ისე მოიქცნენ, ხშირად იმიჯი უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ამ სიტყვების სიღრმისეულად გააზრება. რა იქნებოდა ჩვენი არსებობა მღელვარების გარეშე, რა იქნებოდა ზღვა, ტალღების გარეშე? მკვდარი ჭაობი... მღელვარება კი მოძრაობაა, სიცოცხლეა, სუნთქვაა.
- ზღვა ტალღების გარეშე... მართლაც, ერთ გიგანტურ ჭაობად იქცეოდა. მშვიდ, მაგრამ მაინც ჭაობად... - ხმამაღლა ვფიქრობდი, - გამოდის რომ, ქარიშხლები აუცილებელია, მაგრამ... მაშინ სად უნდა იპოვო სიმშვიდე?
- სად? მოდი ჯერ გაიხსენე რამდენი რამ იწვევს ჩვენში ამ მძაფრს განცდას; საყვარელი ადამიანის გულისცემა, სურნელი, შეხება, მინდვრის ბალახებზე ხელჩაკიდული წოლა ხედით ცისკენ და მუსიკის ფონზე მთვარის ყურება, პირველი კოცნა... - თან მაკვირდებოდა, - შენს სხეულში ახალი პულსის შეგრძნება, ახალი სიცოცხლის დაბადება, პირველად დანახვა და გულზე მიკვრა... კიდევ?
- ...გააგრძელე!
- კიდევ... მთების მწვერვალების დაპყრობა, ღრუბლებზე ღმერთივით ზემოდან ყურება, მეტეორების ცვენა, მზის ამოსვლა, ყვავილების შესუთქვა... ბეღურების ბჟუტურიც კი, ერთ ტოტზე რომ შემომსხდარან და ერთმანეთს ათბობენ ცივ ზამთარში... და განა მარტო სიხარული, მწუხარებაც, უბედური ადამიანის ტკივილის განცდა, ავადმყოფი ბავშვის ცრემლები, ობლის შიმშილი, მომაკვდავის ტანჯვა... უბრალოდ წარმოიდგინე, რომ არაფერი არ გვაღელვებდეს, არაფერი არ იწვევდეს ჩვენში ამ ძლიერ განცდას, ცრემლს არ გვადენდეს და სულს არ გვიფორიაქებდეს, წარმოიდგინე! რა დაგვემართებოდა ჩვენ?.. ჩვენც იმ დამპალ, მკვდარ ჭაობებს დავემსგავსებოდით... სიმშვიდე კი, ის იმდენად ღრმადაა, როგორც ზღვის ფსკერი, სადაც ტალღების მღელვარება ვერასოდეს მიაღწევს, ის მხოლოდ სიღრმის პირდაპირ-პროპორციულია. მას ხელოვნურად ვერ შექმნი, გუბის ზედაპირზე ტალღების დაოკებით სიღრმეს ვერ შეუქმნი გუბეს, ის ავტომატურად მიიღწევა მაშინ, როცა ადამიანი ღრმავდება, ეს კი მხოლოდ გამოცდილებას შეუძლია, იმას, რაც უნდა გამოსცადო, განიცადო და იგრძნო, მეტს არაფერს!.. და რაც უფრო ღრმავდება ადამიანი, მით უფრო დიდი სიმშვიდე ისადგურებს მის ფსკერზე, მაგრამ ამავე დროს, მით უფრო დიდი მღელვარება და დამანგრეველი ტალღების გამოწვევაც შეუძლია... გესმის? ასე რომ, ხელოვნურად მოპოვებული სიმშვიდე საეჭვო და ხშირად სახიფათოც ხდება.
- სახიფათო?.. რატომ?..
- იმიტომ, რომ საკუთარ თავს ატყუებ! და მე არ მეგულება ამაზე დიდი დანაშაული საკუთარი თავის წინაშე.
სიჩუმე ჩამოვარდა...
მისი სიტყვები ჩემში ისეთ წინააღმდეგობრივ განცდებს იწვევდნენ, რომ ასე მეგონა, ჩაკეტილ სივრცეში უხილავ კედლებს ვეჯახებოდი მთელი ძალით და ხელში მხოლოდ საკუთარი ნამსხვრევები მრჩებოდა. თითქოს ვიღაც, თავისი უხილავი ხელებით, ჩემს მიერ საგულდაგულოდ ჩარაზული და მივიწყებული სარდაფის კარს მინგრევდა, ძველმანებში იქექებოდა და დანაგვიანებულ, დამტვერილ გრძნობებს მზეზე მიფრიალებდა... სულს მიტრიალებდა! მე კი, ასე გაშეშებული, ვიჯექი ერთ ადგილზე და ისიც ვერ გამეგო, რატომ მინდოდა მისგან უკანმოუხედავად გაქცევა და მიუხედავად ამისა, ასე ძლიერ რითი მიზიდავდა მაინც. ნეტავ შემეძლოს ჩემ სულში თვალდახუჭულმა ხელი ჩავყო და გავიგო, სად მთავრდება ზღვარი, სად არის ფსკერი, მაგრამ ასეთი რამ შესაძლებელიც რომ ყოფილიყო, ალბათ მერე იმის შემეშინდებოდა, რომ ძალიან მალე ვიპოვიდი მას, ძალიან ახლოს იქნებოდა ზედაპირთან. განა რა მოხდა?.. თითქოს არაფერი, გარდა იმისა, რომ ჩემ სულს ხელით შეეხო ვიღაც. სულს-თქო ვამბობ, იმიტომ რომ, პირველად ვიგრძენი ასეთი ტკივილი, თითქოს რაღაც მიტოვებულის და დავიწყებულის ჩემში, რომელიც არ გავდა სხვა არცერთ ტკივილს. პირველად ვიგრძენი მისი არსებობა ასე მძაფრად...
ერთხანს ასე ვისხედით. უხმოდ. მდუმარედ... სიჩუმე ექოს არ ბადებს, მაგრამ თურმე დუმილს ყვირილი შესძლებია.
- წასვლის დროა! - ხელი გამომიწოდა, ფრთხილად ამაყენა და მანქანამდე მიმაცილა. მთელი გზა ხმა აღარ ამომიღია.
არასოდეს ყოფილა მდუმარება ასე მეტყველი...
/ნაწყვეტი წიგნიდან "Nyctophilia"/

понедельник, 19 февраля 2018 г.

ვარსკვლავის სიკვდილი არანაკლებ ლამაზია, ვიდრე მისი დაბადება, ისევე როგორც ნებისმიერი სიკვდილი, მაგრამ ყველაზე ლამაზად სიკვდილზე ვარსკვლავები გვიყვებიან.