четверг, 31 марта 2016 г.

ორი დაბადება

აბრეშუმის ჭუპრიდან მზის გულზე პეპლად მოვლენა, ჭუპრისთვის სიკვდილია, პეპლისთვის კი - დაბადება. ჩვენი სიცოცხლე ჭუპრის მდგომარეობას გავს, რომელიც თავისი ნაჭუჭის გარეთ მხოლოდ სიკვდილს ხედავს. მისთვის უცხოა გარე სამყარო, უცხო და არარეალური, ერთფეროვანი ვაკუუმი, სადაც წარმოუდგენელია ნამდვილი სამყაროს მრავალფეროვნება, რადგანაც მისი ხედვის არეალი მხოლოდ ჭუპრის შიდა კედლებს სწვდება, რისგან გათავისუფლებაც მისთვის “სიკვდილის” ტოლფასია. მან ჯერ არ იცის, რომ ეს “სიკვდილი” მას პეპლად აქცევს, თავისუფალ, ლაღ, მოფარფატე, მსუბუქ პეპლად...
როდესაც ჭუპრი კვდება - იბადება სული... თუმცა... ყველა ვერ ახერხებს ამას, პეპლად დაბადება ყველას არ ხვდება წილად. სული რომ დაიბადოს, ამისთვის ბოლომდე მომწიფებული უნდა იყოს ჭუპრი, მხოლოდ ფიზიკურად განადგურება და გასრესვა სულს არ ბადებს. ის ბუნებრივი ზრდის შედეგად წარმოიშვება და შლის ფრთებს... პეპლად დაბადება ზრდასრულობის შედეგია.
“დაბადებით” გახარებული სული, თავბრუ დახვეული გასაოცარი ფერებით, დილის ნიავით და გაზაფხულის სურნელით, ხარბად ისუნთქავს სიცოცხლეს და მისი ფრენა ექსტაზს თუ შეედრება... პეპლის თვალებით დანახული ჭუპრის სამყარო კი - ზღაპარს ემსგავსება. ის დაფრინავს მრავალ სხვა პეპლებთან ერთად და მის ბუნებაში, ჭუპრისგან განსხვავებით უკვე დევს სინათლისკენ სწრაფვა. ...მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ ეს არ არის დასასრული, თუმცა ცეცხლთან თამაში უყვარს. ...ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ მისთვის ღვთიური ცეცხლით დაწვა სწორედ ის “სიკვდილია”, რომელსაც ნებისმიერი პეპელა ინატრებდა, რომ პეპლად ყოფნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს “ღმერთობას”, რომ კიდევ ერთი “დაბადებაა” ამისთვის საჭირო, ამიტომ მხოლოდ მიახლოვებას ბედავს. მისი ეიფორია სულ ცოტა ხანს გრძელდება, სულ რაღაც წამები ან დღეები.
ბედნიერია ის პეპელა, რომელსაც ცეცხლი გაიცნობს. ისევე როგორც ყველა ჭუპრის “სიკვდილი” არ ნიშნავს პეპლად მოვლენას, ყველა პეპლის “სიკვდილიც” არ ნიშნავს ცეცხლის ალად ქცევას. თავიდან შორიდან ეთამაშება, მიახლოვებისას წვის შეგრძნება უკან აბრუნებს.. მას ჯერ კიდევ ეშინია”სიკვდილის”, პეპლად ყოფნა მოსწონს, თუმცა უყვარს ცეცხლი და იზიდავს. მაგრამ, თუ ერთხელ მიეცა ცეცხლის გაცნობის ბედნიერი შემთხვევა, ის მას ვეღარასოდეს დაშორდება, ვერასოდეს მიატოვებს... ის უკვე გრძნობს, რომ სხვა გზა აღარ აქვს და ფართხალებს. მწველია მასთან მიახლოვება, მაგრამ მიზიდვა უფრო ძლიერი. ხვდება, რომ მასთან სიახლოვე მისით დაწვას მოითხოვს მსხვერპლად. ფიქრობს... ფიქრობს... და წამის მეასედში მთელი ძალით ეშვება ცეცხლის ალში. წამიერად მთელი სხეულით აალდება და... გაქრება, აღარაფერი დარჩება მისგან ალის გარდა. თვითონაც ცეცხლად იქცევა.
პეპლები ბევრია, ცეცხლი - ერთი, ყველა პეპელა მაინც ერთ ცეცხლში იწვის...
/31.03.2016/

вторник, 29 марта 2016 г.

სუნთქვა

...ის სუნთქავს! ის ცოცხალია! ყველაზე ცოცხალი ცოცხალთა შორის; ერთადერთი რეალობა და თვით არსი ყოფიერების. სულის რითმში ისმის მისი პულსაცია... ჩასუნთქვა - ამოსუნთქვის მუდმივ პროცესში მყოფი, ხან ფართოვდება და ხანაც იკუმშება, ყოველი ჩასუნთქვა სიცოცხლის დაბადებაა, ყოველი ამოსუნთქვა - თავისუფლება. მათ შორის წამიერი პაუზის დროს კი სამყარო ირინდება.. მძინარე ბავშვივით მშვიდდება და ახალი პულსაციისთვის ემზადება.
...მშვიდად სუნთქავს ის. არ ჩქარობს, არ განიცდის.. მხოლოდ ღრმად ისუნთქავს სინათლეს და საკუთარ სუნთქვას აკვირდება. ყოველი სულის რითმს გრძნობს, ყოველი გულის ფეთქვას და ცდილობს სინქრონში აიყოლოს.
სინათლის ყოველი ჩასუნთქვის დროს ფართოვდება და სიცოცხლით ივსება მისი ფილტვები, ფართოვდება სულიც, იშლება და მასავით უკიდეგანო ხდება; ყოველი ამოსუნთქვის დროს კი - ერთ ატომამდე იკუმშება... თითქოს წარმოუდგენელია, მორიგი ჩასუნთქვისას როგორ უნდა დაიტიოს ამ ერთმა წერტილმა მთელი სამყარო, მთელი თავისი უსაზღვრობით და სიფართოვით, მთელი სინათლით?!. ...როგორ დაიტევს საკუთარ თავს?
წამიერი გარინდება ეხმარება დავიწყებაში, აღდგენაში, გადატვირთვაში... ამ დროს ის არ ფიქრობს იმაზე, დაიტევს თუ ვერ დაიტევს, არ განიცდის.. ეჭვიც კი არ ეპარება; ჩვეული სიმშვიდით იწყებს ფილტვების გაშლას და დაწმენდილი სინათლით გავსებას, სიცოცხლის შეგრძნებას იმ რითმით, რომელიც არასოდეს წყდება, რომელიც სულ გრძელდება... რომელიც მარადიულია.
/29.03.2016/

четверг, 17 марта 2016 г.

მონატრება

...იყო დრო, როდესაც სულ მენატრებოდი, ყოველ წუთს, ყოველ წამს, მონატრების სევდა ზღვის ურჩხულივით სფკერისკენ მითრევდა. თითოეული წამი საუკუნედ მეჩვენებოდა... თუმცა ვინ იცის, იქნებ საუკუნეც იყო, ან პირიქით. როდესაც უბრალოდ გრძნობ, დრო ჩვეული ნაბიჯებით მიდის, არ ცდილობ შეჩერებას, მაგრამ როდესაც გრძნობა მდგომარეობად იქცევა, დრო ძალას კარგავს და ქრება, მარადისობად გექცევა წამი, უსასრულობად ნაბიჯი... მთავარი ამ დროს მხოლოდ ის მდგომარეობაა, რომელშიც იმყოფები. მონატრებად ვიქეცი! ალბათ ამაზე დიდი არც “ჯოჯოხეთი” არსებობს და არც “სამოთხე”... არჩევანი ჩვენზეა.
შენი მონატრება ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, მაგრამ იყო მასში რაღაც სათუთი... სევდის დამტევი სინაზე... ხანდახან მეჩვენებოდა, რომ ამ ტკბილ-მწარე სევდის გარეშე ვეღარც კი ვიარსებებდი. ერთდროულად განვიცდიდი ტკივილს და სიხარულს, რომელსაც შენი არსებობა იწვევდა ჩემში.
არ ვიცი მას შემდეგ რამდენი მარადისობა გავიდა... მაგრამ, ერთხელაც მივხვდი, რომ დიდი ხანია აღარ მომნატრებიხარ. რაღაცამ შეცვალა ეს მდგომარეობა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რამ... ნუთუ დამავიწყდი?! შეუძლებელი იყო, რადგანაც ეს იყო წამი, როდესაც ისე გგრძნობდი, როგორც არასდროს... როდესაც შენს გარდა აღარაფერი სუნთქავდა ჩემში, როდესაც შენს მეტს ვეღარაფერს ვიტევდი, ეს იყო წამი, როდესაც დავიბადე... და შევიძულე მონატრება, რადგანაც ის მხოლოდ უშენობის სახეს ატარებდა.
და მივხვდი, რომ მაშინ... მონატრება - “ჯოჯოხეთად” ქცეული, ჩვენ შორის სივრცედ გაწოლილიყო; შორიდან გიყურებდი, მაგრამ ახლოს არ გიშვებდი, გისმენდი, მაგრამ შენით არ ვსუნთქავდი... სივრცე გაქრა, გაქრა დროც... მხოლოდ შენი პულსი დარჩა ჩემში, რომელსაც ყოველი ფოთლის ძარღვში ვგრძნობდი, შენი სუნთქვა - რომელსაც ქარით ვისუნთქავდი, შენი ცრემლი - რომელიც წვიმად მეღვრებოდა, შენი სითბო - რომელიც მზის სხივით მეფერებოდა...
...ხანდახან მოდიან დღეები, და შენი მონატრება მოაქვთ ჩემთან, მაგრამ დღეები იმდენად უსუსურნი არიან მარადიულ წამთან, რომ მალევე მიდიან და უკვალოდ ქრებიან. მე არ მეშინია დღეების, არც თვეების, არც საუკუნეების და ათასწლეულების... მე მხოლოდ იმ ერთი წამის მეშინია, რომელიც შენ მონატრებად იქცევა, წამის, რომელიც მეტყვის რომ ახალი სივრცე გაჩნდა ჩვენ შორის... ამ წამს სულის სიკვდილი ჰქვია...
/17.03.2016/

вторник, 8 марта 2016 г.

„ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია“

Mens sana in corpus sano - ეს სიტყვები რომაელ პოეტ - დეციმუს იუნუს იუვენალისს ეკუთვნის (დაახ. 60 -127 წლები ა.წ.)
ჯერ კიდევ როდის ითქვა ეს სიბრძნე ფსიქოსომატიკის შესახებ, რომელიც მედიცინაში მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია ცდილობს თავის დამკვიდრებას.
/ფსიქოსომატიკა - (ფსიქოლოგია) (ფსიქოსომატური დაავადებები) სამედიცინო ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც შეისწავლის ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენას რიგი სომატური დაავადებების წარმოშობაში. "სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი"/
სანამ თემის განხილვაზე გადავალ, ერთი მარტივი კითხვა მინდა დავსვა. რა გვემართება ჩვეულებრივი, ბანალური სტრესის დროს?? უბრალოდ წარმოიდგინეთ სრულიად ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც უეცარი სტრესი დაატყდა თავს და გაიხსენეთ თქვენთვის უკვე ნაცნობი შედეგები, რაც ამ სტრესს გამოუწვევია: სუნთქვის ბალანსის დარღვევით დაწყებული, გულის შეტევით დამთავრებული. მიზეზი მხოლოდ სტრესული მდგომარეობაა, შედეგს კი ინფარქტამდეც შეუძლია მიგვიყვანოს. სტრესი ყველაზე სწრაფი საშუალებაა შედეგის დასანახად. ის ორგანიზმში ძალიან სწრაფ ცვლილებებს იწვევს, ცხადია რომ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს მის ფიზიკურ მდგომარეობაზე... თუმცა, არსებობს მიზეზები, რომლებიც გაცილებით ნელა მოქმედებენ ჩვენზე. მიზეზი რაც უფრო მძაფრია, მით სწრაფი და აშკარაა შედეგი, მაგრამ რაც უფრო ფარული და მონოტონური, მით უფრო შეუმჩნევლად იწყებს დაავადება წარმოშობას, შესაბამისად დროც მეტი უნდა.
სულის სიჯანსაღე პირველია, რისკენაც მოგვიწოდებენ ესა თუ ის სწავლებები, სხეულის დაავადება კი მხოლოდ და მხოლოდ სიგნალია იმისი, რომ სულს შველა სჭირდება. სხეული ჩვენ თავისი ენით გვესაუბრება. ფიზიკური დაავადება მხოლოდ სიმპტომია ნამდვილი დაავადების, დაახლოებით ისეთივე, როგორც გრიპს ახლავს სურდო, ან სიცხე. სიმპტომით შესაძლებელია დიაგნოზის დასმა, ამიტომ ფიზიკური დაავადებებით ჩვენ შეგვიძლია რეალური დაავადების დიაგნოსტიკა და მის თავდაპირველ მიზეზთან მიკვლევა. ფიზიკური სხეულის მკურნალობით, ჩვენ მხოლოდ სიმპტომს გავაქრობთ, რასაც მხოლოდ დროებითი გამაყუჩებლის ეფექტი ექნება, მიძინებული დაავადების კერა კი დაელოდება შემდეგ პროვოცირებას.
არსებობს დაავადებები, რომლებიც დღეს რატომღაც „სამარცხვინოდ“ ითვლება, და სწორედ იმიტომ ითვლება, რომ თავდაპირველ მიზეზს ააშკარავებს, მაგ: დღევანდელი ტერმინოლოგიით ცნობილი /პირდაპირი გაგებით/ სულიერი და ფსიქიკური დაავადებები. თუკი გრიპით ან თუნდაც არითმიით შეიძლება ადამიანებს „თავი შეაცოდო“ და უფრო მეტიც, მათი თანაგრძნობაც კი გამოიწვიო, საკმარისია იგივე ადამიანს ვუთხრათ, რომ მას არითმია კი არა შიზოფრენია სჭირს, აუცილებლად შეურაცხმყოფელად მიიღებს. არადა განსხვავება რეალურად არაფერია, ვინაიდან ნებისმიერი დაავადება სულიერი დისბალანსიდან მოდის. დაავადების განკურნების თეორიული შანსიც არ არსებობს, თუ ის პირველ რიგში არ ვაღიარეთ და არ მივიღეთ როგორც ფაქტი. მხოლოდ ამის შემდეგ გაგვიჩნდება მკურნალობის სურვილი. ჩვენ ხომ არ მივიჩნევთ სირცხვილად დამწვარ ხელს, რომელიც ჩვენივე დაუდევრობით დავიწვით? ან გულის ტკივილს, რომელიც საყვარელი ადამიანის დაკარგვის შედეგად განვიცადეთ? რათქმაუნდა არა, უბრალოდ ერთიც და მეორეც მხოლოდ მიზეზს ასახავს. ჩვენ ჩვენივე დაუდევრობით და გაუფრთხილებლობით ვიგდებთ თავს საფრთხეში. მე არ ვამბობ, რომ გულგრილები და გულცივები უნდა გავხდეთ ყველა და ყველაფრის მიმართ, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სიტუაციისთვის, იმისთვის რომ სწორი კუთხით დავინახოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ.
ფსიქოსომატიკური მიზეზი იმდენივეა, რამდენიც დაავადება, ყველაზე საშიში კი სწორედ ისინია, რომელთაც ყველაზე ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, ესენია: ნერვიულობა, ორგანიზმის გადატვირთვა, დასტრესვა, გადაღლა, შიში, წუწუნი, შფოთვა ყოველ წვრილმანზე, ცოტა უფრო მძიმე შემთხვევებიდან: შური, ლანძღვა, განსჯა, სიძულვილი, შურისძიება (თუნდაც აზრების დონეზე) და ა.შ. ეს ის ქმედებებია, რასაც ნებით თუ უნებლიედ ყოველდღიურად ვაკეთებთ და იმდენად უმნიშვნელოდ მიგვაჩნია, რომ ერთგვარ ჰობადაც კი იქცა. რაც უფრო სერიოზულია დაავადება, მით უფრო ღრმად არის მისი ფესვები ადამიანის ქვეცნობიერში გამჯდარი. ხშირ შემთხვევაში იმდენად ღრმად, რომ ადამიანს მძიმე დაავადებით ვერც კი შეატყობთ ამ თვისებებს. მიზეზი უამრავია, ამიტომ ნუ მიიღებთ ისე, თითქოს დაავადება აუცილებლად ადამიანის ცუდ თვისებებზე უნდა მიუთითებდეს. რათქმაუნდა არა, ის უბრალოდ შველას ითხოვს, მისი სხეული სთხოვს ცვლილებებს, რომელიც ადამიანის სულის ევოლუციისთვის აუცილებელი პირობაა, ცვლილებების გარეშე განვითარება შეუძლებელია, ჩვენ ვიცვლებით ყოველ ნაბიჯზე, ყოველ წამს, დაავადება კი სიგნალს გვაძლევს, რომ სადღაც, რომელიღაც საფეხურზე გავიჭედეთ ან დიდხანს შევყოვნდით. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საკუთარ თავს და მოვუსმინოთ სხეულს, რომელიც ამ შემთხვევაში სულის შიკრიკის როლს ასრულებს. ალბათ ამიტომ უთქვამთ ბრძენებს: დაავადებით ვიკურნებითო..
მოუსმინეთ საკუთარ სხეულს და ჰკითხეთ თავს: კონკრეტულად რაში გაფერხებთ ეს დაავადება, რაში გიშლით ხელს? და თქვენ მიაგნებთ პასუხს.
/08.03.2016/

четверг, 3 марта 2016 г.

შურისძიება და დამცირება

Унижает лишь тот, кто низок сам. /Антуан де Сент-Экзюпери/ (ამცირებს ის, ვინც თვითონაა მდაბიო. ეგზიუპერი)
იცით რატომ? ამით ისინი ითხოვენ რომ გაუგონ, ისევე, როგორც აგრესორი ითხოვს სიყვარულს მსხვერპლისგან, მხოლოდ ამ ყველაფერს ძალადობრივი ფორმა აქვს. ერთ საფეხურზე უფრო ადვილი ხდება მეორის მდგომარეობის გაგება, და სწორედ მაშინ, როდესაც თავისი “საფეხურიდან” უჭირს ეს, ცდილობს ან თვითონ “დაეშვას” ან “დაწიოს” ეგრეთ წოდებული მსხვერპლი, ვისთანაც ამის მოთხოვნილება უჩნდება. მიზეზი კი შეიძლება უამრავი იყოს, დაწყებული ღალატიდან დამთავრებული შურით. ეს ორი, თითქოსდა ერთმანეთთან ახლოს მდგომი ქმედება რეალურად ორი უკიდურესი პოლუსია.
ხანდახან ადამიანი თავისი ნებითაც "ეშვება ძირს", ეს ისაა, რასაც ჩვენ შურისძიებას ვეძახით. აი წარმოიდგინეთ, ერთი ადამიანის გადმოსახედიდან მეორემ გული ატკინა, არა აქვს მნიშვნელობა რა ქმედებით, მთავარია ის პირველი თვლის რომ ეს ქმედება "ცუდია", ხოდა მიუხედავად იმისა, რომ ასე თვლის, ისიც იგივეს სჩადის... მეორისგან განსხვავებით, რომელიც ამ ქმედებას ინსტიქტურად და უვიცობით აკეთებს, პირველმა იცის ამ ქმედების მდაბიურობა, ის გააზრებულად (ან გაუცნობიერებლად) ჩადის ამ "დაბალ" საფეხურზე, სადაც მისთვის ბევრად გასაგები და მისაღები ხდება მისი “მსხვერპლის” ქმედება, რის შემდგომაც უადვილდება პატიება. ის აქამდე "ზემოდან" უყურებდა... და რომ არა ეს ილუზორული "ზემოდან ყურება", ის საწყისშივე შეძლებდა მინიმუმ პატიებას (ვინაიდან გარკვეულწილად ესეც “ზემოდან ყურების” აღმნიშვნელია) და მაქსიმუმ უბრალოდ მიღებას ფსკერზე დაშვების გარეშე.
დამცირების დროს კი პირიქით ხდება, ამ შემთხვევაში აგრესორი “დაბალი საფეხურიდან” ცდილობს შეწვდეს მსხვერპლს, გაუტოლდეს და მის საფეხურზე აღმოჩნდეს, მაგრამ, მისი “ზემოთ ასვლის” უშედეგო მცდელობის შემდგომ, ცდილობს მსხვერპლი “დაწიოს ძირს”... იწყებს მის დამცირებას და დამდაბლებას პირდაპირი გაგებით და თვლის რომ ამით “გაუტოლდება” მას. უბრალოდ მისი მდაბიო მდგომარეობა მეტის საშუალებას არ აძლევს, ეს მისი იარაღია. ამ დროს “მსხვერპლი” თვითონ წყვეტს “დაეშვას” თუ არა ძირს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მისი მოტივაცია შურისძიებაში არ მდგომარეობს.
ამიტომ, თუკი ჩვენ ადამიანს ვაძლევთ ჩვენი დამცირების საშუალებას, ესეიგი ის ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისევე როგორც საკუთარი ნებით “ძირს დაშვების” დროს... მხოლოდ როლები იცვლება - აგრესორის და მსხვერპლის.
ნებისმიერი აგრესიული ფორმა ძალადობაა, და რამდენად მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ჩვენთვის “მსხვერპლი” თუ “აგრესორი”, რომელსაც ვაძლევთ აგრესიის გამოხატვის უფლებას (უფრო სწორად ვიღებთ მისგან აგრესიას), მაინც დესტრუქციული იქნება ამ ურთიერთობისთვის, თუმცა ერთის და მეორის შემთხვევაშიც “მოწინააღმდეგის” გაგება უფრო მარტივი ხდება.
რა იწვევს ამის მოთხოვნილებას?? უსიყვარულობა! ნებისმიერი სახის აგრესია - სიყვარულის ნაკლებობაა, მისი მეორე მხარეა - სიძულვილი!
სიყვარული არც შურისძიებას და არც დამცირებას არ საჭიროებს, და არც ბრძოლას უცხადებს სიძულვილს, ის უბრალოდ უნდა იყოს... ვინაიდან, მხოლოდ მისი არსებობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ სიძულვილი გაქრეს.
/03.03.2016/