пятница, 17 июня 2016 г.

ფსკერი

ხშირად, როდესაც გვინდა რაღაცას უფრო მეტი მნიშვნელობა მივანიჭოთ, უფრო მეტად ჩავწვდეთ, ან ძვირფასად წარმოვაჩინოთ, ვიყენებთ სიტყვა “სიღრმეს”.. პრინციპში “ჩაწვდომაც” და “ჩაღრმავებაც” ისრის მიმართულებას ქვემოთ მიუთითებს და არა ზემოთ. როდესაც გვინდა ადამიანს ვაგრძნობინოთ, რამდენად ძვირფასია, ვეუბნებით: “მე ვხედავ შენი სულის სიღრმეს”.. როდესაც გვინდა სიყვარული გამოვხატოთ, ვეუბნებით რომ მისი თვალების სიღრმე გვიზიდავს, და ამ ყველაფრით ჩვენს “ღრმა გრძნობას” გამოვხატავთ მის მიმართ.. ბრძენ ადამიანს ხშირად მოვიხსენიებთ როგორს “ღრმა ადამიანს”. სცადეთ და იგივე აზრი ჩადეთ სიტყვებში: “მე ვხედავ შენს თვალებში სიმაღლეს”.. ან “ჩემი გრძობები შენს მიმართ მაღალია”.. არ გამოგივათ.
ჩვენ ხშირად ვამბობთ (უფრო სწორედ ვიმეორებთ ბევრჯერ და ბევრისგან თქმულ სიბრძნეს), რომ უნდა ჩავწვდეთ საკუთარ თავს და ჩვენში, ჩვენ სიღრმეში ვიპოვოთ ის, რისთვისაც ამ რეალობას მოვევლნეთ, სადაც მთელი ჩვენი არსებობის აზრი და არსი დევს.. ჩვენ საკუთარ თავში უნდა ჩავყვინთოთ და ვიპოვოთ ეს “მთავარი”.
ჩვენ ხშირად ვიხსენებთ “მარგალიტს”, რომლის არსებობის შესახებაც იმ ბრძენი ადამიანებისგან შევიტყვეთ, ვინც თავის დროზე “ჩაყვინთა” საკუთარ თავში და იპოვა ის.
ჩვენ უბრალოდ ვიმეორებთ, ვიმეორებთ, ვიმეორებთ.. და არ ვუკვირდებით თავად ამ სიტყვის არსს - “სიღრმეს”, რომელიც თავის თავში უკვე მოიცავს ფსკერს. ის “მარგალიტიც” ხომ სწორედ იმ ფსკერის ბინადარია, ყველაზე ქვედა ზღვარის, ყველაზე მიტოვებული, უკაცრიელი, უდაბური და ბნელი ადგილის.. ფსკერის, სადაც ჩაყვინთვისაც მაინც ბევრს ეშინია (მიუხედავად ცურვის ცოდნისა, რომელსაც მხოლოდ ზედაპირზე იყენებენ). ჩვენი უსასრულო გამეორებები სწორედ ასეთ ცურვას მაგონებს, ტალღების ზედაპირზე ფართხალს, რომელსაც სუნთქვის შეკავება და ჩაყვინთა აზრადაც არ მოსდის თავში. მახსენდება სიტყვები (არ მახსოვს ვისი): სიცოცხლე იზომება არა ჩასუნთქვა - ამოსუნთქვის რაოდენობით, არამედ რამდენჯერ შეგვეკვრება სუნთქვა ბედნიერებისგანო..
ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ “სულის სიღრმეზე”, საკუთარი თავის ძიებაზე ჩვენივე სიღრმეში, და ვერ ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ამ სიღრმეს ფსკერამდე ჩავყავართ, იმ ფსკერამდე, რომელსაც ბევრი სწორედ საკუთარი თავის ძიების დროს გაურბის, ვინაიდან “სიღრმე” მათთვის (რატომღაც) პირდაპირ სიმაღლესთან ასოცირდება. ზედაპირზე ცურვა ამ კონკრეტულ შემთხვევაში “სიმაღლედ” ნამდვილად ვერ ჩაითვლება, პირდაპირი გაგებით - ზედაპირზე ცურვად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
ცოტა ხნით გადავდებ სიტყვა “სიღრმეს” და “ფსკერს” გამოვიყენებ. რა ხდება ფსკერზე?? რა ხდება, როდესაც ვცდილობთ შევიჭყიტოთ ჩვენი სულის იმ ბნელ კუთხეებში, სადაც კომფორტულად მოთავსებულან შიშები, ფობიები, ეჭვები, წყენები, სიძულვილები?.. რა ხდება, როდესაც “სულს გვიტრიალებენ ზედაპირზე”?..
...ვთავისუფლდებით!!!
ვთავისუფლდებით ყველაფრისგან, მტვრისგან, ჭუჭყისგან, ნაგვისგან.. რომელიც “შავი მარგალიტის” დანახვაში გვიშლიდა ხელს. ამღვრეულ წყალში ხილვადობა თითქმის ნულის ტოლია, წყალი გამჭვირვალე უნდა იყოს. სიბრძნე სხვა არაფერია, თუ არა გათავისუფლებული სული... ნუ შეგეშინდებათ ღრმად ჩასუნთქვის და ჩაყვინთვის, ნურც იმისი, თუ უცებ ცხოვრება ამოგიტრიალდათ და ყველაფერი თავდაყირა დადგა, რა იცით.. იქნებ “ფსკერზე” თქვენს მარგალიტს პოულობთ?!
/17.06.2016/

четверг, 16 июня 2016 г.

გზა


ცხოვრებაში არცერთ ადამიანს არ უწევს იმის განცდა (გადატანა), რაც მისთვის არაა განკუთვნილი

ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ყველა - ვინც ამ გზაზე გვხვდება, საჭიროა ჩვენივე გამოცდილებისთვის, ეს გზა ხომ თავადაა ცხოვრებაც და გამოცდილებაც, რომელსაც კონკრეტულ პუნქტამდე მივყავართ.. პუნქტამდე და არა დასასრულამდე, ვინაიდან დასასრული უბრალოდ არ არსებობს (ისევე როგორც დასაწყისი). 

რაც უფრო რთულდება და მძიმდება გზა, მით უფრო ახლოს ხარ პუნქტთან, მით უფრო ნაკლებია ჟანგბადი ფილტვებისთვის და მით უფრო მტკივნეულია კენჭები ფეხის გულებისთვის.. მაგრამ ამავე დროს ამტანიანობაც გაცილებით მეტია.. 

ვერავინ ვერაფერს ვერ გვასწავლის, ჩვენივე გზაა ჩვენი მასწავლებელი, გზა კი - ჩვენ ვართ თავად, იმ გზაზე შემხვედრი თითოეული ადამიანიც, ყვავილიც და კენჭიც ჩვენ ვართ, უბრალოდ უნდა მივყვეთ ბოლომდე და მივენდოთ.. 

მე მიყვარს ჩემი გზა, ხან ეკლიანი და ხან ყვავილიანი, ხან ფერადი და ხან ერთფეროვანი, მტკივნეული და ამავე დროს სიხარულით სავსე.. 

მიყვარს თითოეული ეკალი, რომელიც ფეხში შემსობია
მიყვარს თითოეული ვარსკვლავი, ღამით გზა რომ გაუნათებია

ყოველი ღამე დილის მაუწყებელია.. ყოველი წვიმა - გადაღების; 
მთავარია ლოდინი შეგვეძლოს.

понедельник, 13 июня 2016 г.

შეგიძლია იყო ცა?..

შეგიძლია იყო ცა?.. სივრცეში გაშლილი, ხელშეუხებელი, თვალთუწვდენელ მნათობთა დამტევი, მაგრამ.. უშენოდ სუნთქვა მიჭირდეს??
შეგიძლია იყო წყალი?.. ადგილს მოწყვეტილი, მოხეტიალე, მუდამ მდინარე, მოქნილი, მაგრამ.. შენი წყურვილი მკლავდეს??
შეგიძლია იყო მზე?.. მწველი, დამაბრმავებლად ნათელი, გულის უდაბნოდ მქცეველი, გამანადგურებელი, მაგრამ.. შენი სითბოს გარეშე ვერ ვძლებდე??
შეგიძლია იყო ქვიშა?.. ცელქი, ხელის თითებში დაუდგომელი, ქარში მონავარდე, მაგრამ.. შენს გარეშე სიმყარეს ვერ ვპოულობდე??
შეგიძლია იყო წვიმის ღრუბელი?.. ცის სტუმარი - მიწაზე მოსეირნე, მსუბუქი, გამჭვირვალე, მელანქოლიასთან მზიარებელი, მაგრამ.. წვეთებით ჩემ სულში მუსიკას ქმინდე?
შეგიძლია იყო ყვავილი?.. კლდეზე ამოზრდილი, თვალის მომჭრელი, მიმზიდველი და მომნუსხველი მიწიერი მშვენება, მაგრამ.. მხოლოდ შენი არსებობითაც კი ჯადოსნურ არომატს აფრქვევდე?
შეგიძლია იყო ვარსკვლავი?.. შორეული, ციცინათელად ქცეული, ხან მოციმციმე, ხან მოელვარე, სამყაროს მოწყვეტილი სამყაროს ნაწილი, მაგრამ.. ჩემში გზამკვლევად დარჩე??
...შეგიძლია იყო ცა.. სადაც ფრთებს გავშლი??.....
/13.06.2016/