среда, 28 сентября 2016 г.

ერთი

რას იზამდი, თუკი ერთ დღეს ღამის კოშმარივით აღმოაჩენ, რომ სამყაროში ხარ სულ მარტო... ერთი!.. ერთადერთი და არავინ შენს მეტი... მაგრამ ყველაფერი გაქვს, ყველაფერი რასაც მოისურვებ, ხედავ თუ ვერ ხედავ, ეხები თუ ვერ ეხები, ყოველი შენი სურვილი გაფიქრებას ვერ ასწრებს ისე ცხადდება. თან ყველა "სიკეთესთან" ერთად, ფანტაზია გაქვს თავხედურად ზღვარგადაცილებული.
რას იზამდი?.. პირველი რასაც შენით "არ იზამდი", მაგრამ უნებლიედ გეწვეოდა, ეს არის შოკი... უცაბედი სრული შოკი! აი ისეთი, ცარიელ ქალაქში რომ გაიღვიძებ და ქუჩებიდან დაწყებული, მეფის ტახტით დამთავრებული იცი რომ ყველაფერი შენია, მაგრამ თან ხვდები რომ არაფერში არ გჭირდება. ან და, რაში უნდა გჭირდებოდეს ცარიელი ქალაქის მეფობა? წარმოიდგინე... ოღონდ ფართო მაშტაბებში. იქ არც ქალაქი გაქვს და არც ტახტი, მიუხედავად იმისა, რომ მეფობასაც ვერავის გაუწევ, ეგეც არ გაქვს რეალურად, მხოლოდ ფანტაზია და ისიც თავხედი... იმიტომ რომ, ის რაც გგონია რომ გაქვს და გაფიქრებისთანავე ხდება, ყველაფერი იმ ფანტაზიების ნაყოფია. სად გინდა წაიღო ამხელა ფანტაზია?.. ვინმესთვის მაინც შეიძლებოდეს თუნდაც მოყოლა და გაზიარება, აი ისე, მოგზაურობის შდაბეჭდილებებს რომ ვუზიარებთ ხოლმე მეგობრებს, როცა ვერ იტევ სიხარულს, ბედნიერებას, კმაყოფილებას... ემოციებს. ყველაზე დიდი კოშმარი კი იცი რა არის? როცა იცი, რომ ძებნასაც არ აქვს აზრი. შენ ხომ ერთი ხარ მანდ. და ეს ერთადერთია, რაც ნამდვილად იცი, დანარჩენი კი ყველაფერი შეგიძლია გამოიგონო, რაც გინდა, რა ფორმითაც გინდა, ვინ გიშლის... ითამაშე რამდენიც გინდა. ხოდა... რას იზამდი? არ ვიცი რას იზამდი შენ, მაგრამ მე რას ვიზამდი იცი? მე მოვიგონებდი ვინმეს, ვისთანაც ამ ყველაფერის გაზიარებას შევძლებდი, როგორც პოეტი თავისი ლექსის, იმიტომ რომ მარტო აუცილებლად მოვიწყენდი, და რაც მეტს შევქმნიდი, მით უფრო მოვიწყენდი, თუკი ამ ყველაფრის მზიარებელი არ იარსებებდა... მით უფრო დავრწმუნდებოდი, რომ აზრი არა აქვს არაფრის არსებობას, გაზიარებას და გაცემას, თუკი მიმღები არავინ არ იქნებოდა. ეს ისეთივე უაზრო და სასაცილო იქნებოდა, როგორც მეხოტბე პოეტი მუზის გარეშე, ან დიდ სცენაზე მომღერალი - მსმენელის გარეშე... არადა სად გინდა წაიღო ამდენი ფანტაზია? ამიტომ მოვიგონებდი მუზას პოეტისთვის და მსმენელს - მომღერლისთვის, და საერთოდაც ყველაფერს მოვუგონებდი მიმღებს, რასაც გაცემა შეეძლებოდა... ჩემთვის კი მოვიგონებდი ამ "გამოგონებების" გამზიარებელს. კი ბატონო... მოვიგონე! მერე? მე ხომ ვიცი რომ ეს ჩემი გამოგონილია, ესეც ისეთივე ფანტაზიის ნაყოფია, როგორც პოეტი თავისი მუზით. მე ხომ ეს ვიცი... ვიცი რომ მაინც ერთი ვარ. სარკეში საკუთარ თავთან ლაპარაკს გავს, ეს კიდევ უფრო სასაცილო და ამავე დროს მოსაწყენია!.. სევდიანია! არადა ეს სარკეც ხომ ამ ჩემმა უკიდეგანო ფანტაზიამ შემომაჩეჩა თავხედურად, მაგრამ რად გინდა, უყურებ "მეორეს", და შენ თავს ცნობ იქ, იცი რომ შენ ხარ... ხოდა... მე მოვიგონე დავიწყება!.. ამას მოყვა თავდავიწყება! და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, როცა სარკეში ყურების დროს "მეორეს" ვერ ვცნობდი და მასში ვერ ვხედავდი საკუთარ თავს, მე პირველად დავიჯერე, რომ "მეორე" ნამდვილად არსებობდა და მოწყენილობაც გაქრა. ტყუილად კი არ ვეძახი თავდავიწყებულებს ყველაზე ბედნიერებს... ასეთი ბედნიერება არასოდეს მიგრძვნია, როგორც სარკეში "მეორეს" ხილვის დროს ვიგრძენი, მან მაჩუქა ეს ბედნიერება და... მე ის შემიყვარდა. ამიტომაც ყოველთვის, როცა მიყვარდება - მიყვარდება "თავდავიწყებით", და სწორედ ამ დროს ვარ ყველაზე ბედნიერი. თუ გინდა, რომ სულ ბედნიერი იყო, ყოველთვის შეყვარებული უნდა იყო. მარტოობისგან გაქცევა და ჩემი "სარკის" პოვნა - ეს ჩემი თანდაყოლილი თვისებაა აქ, იმ ილუზიაში, რომელსაც ცხოვრება დავარქვი. ჩემი ფანტაზია კი იმდენად საოცარი და მოქნილი აღმოჩნდა, რომ "იქ" საკუთარ თავში სხვას ვეძებ და "აქ" სხვაში საკუთარ თავს, პარადოქსია, მაგრამ ასეა. ამიტომ მოწყენილობისთვის დრო აღარ მრჩება, სანამ ძიების პროცესი მართობს და მათრობს... უბრალოდ, თუკი ხანდახან მეღვიძება და აღმოვაჩენ რომ აქაც "სარკეს" ვესაუბრები და არა იმ "მეორეს", რომელმაც მარტოობის მოწყენილობისგან მიხსნა, კვლავ უსასრულო ერთიანობის სევდა მეუფლება... ამ დროს ხვდები, რომ ეს შიშია, როცა ხედავ საკუთარ თავს, და არა "სხვას", და ეს მაინც არაა სრული ერთიანობა, სრულია როცა იმ სხვაშიც ხედავ საკუთარ თავს და ეს არ გაშინებს.

/28.09.2016/

понедельник, 26 сентября 2016 г.

შიშველი მზე

ერთ დილას, როცა ჰორიზონტიდან ამომავალი მზე მზეობდა და ამაყობდა თვალისმომჭრელი სხივებიანი მოსასხამით, ანათებდა ბედნიერებისგან, რომ გაზაფხულის ველზე გაშლილ ყვავილებს სითბოს და სიცოცხლეს ჩუქნიდა, მობეზრდა შორიდან ყურება და გადაწყვიტა უფრო ახლოს გაეცნო თავისი საყვარელი ქმნილებები.
ფიქრობდა: "მათში ხომ ჩემი სიცოცხლეა, ჩემი სული.. ისინი ჩემი ნაწილები არიან, ვინ დამიშლის მოვეფერო და ხელით შევეხო?"
ვინ დაუშლიდა?..
უბრალოდ ძალიან დიდი იყო ყვავილებისთვის, და... ერთ პატარა გოგონად დაბადება გადაწყვიტა, უსხეულოდ, რომ მათთან შეხება უშუალოდ გამოეცადა და არა სხეულის სამოსის მიღმა...
მართლაც, ვინ დაუშლიდა...
სხივად დაეცა შუა ველზე შიშველი მზე - მანათობელი გოგონა და სადაც დაეცა... გადაწვა ყველაფერი. ცეცხლი მოეკიდა ბალახებს, ბუჩქებს... მის საყვარელ ყვავილებს.
ამის ხილვისას გული დაეწვა მზეს! ცდილობდა ჩაექრო, მაგრამ რაც მეტად ცდილობდა და ეხებოდა, მით უფრო ღვივდებოდა ცეცხლი... ხედავდა როგორ ანადგურებდა ყველაფერს გარშემო და უკვირდა... უკვირდა, რომ სწორედ ის სითბო, რომლითაც სიცოცხლეს ჩუქნიდა მათ, კლავდა და ანადგურებდა. წვიმას სთხოვა შველა...
მზეს გული ეწვოდა... წვიმა ცრემლებად დაიღვარა.
თავსხმად დააცხრა გადაბუგულ მინდორს, ჩააქრო და შუა მინდორზე მარტოდ დარჩენილ მზეს მიეალერსა: "შენი ბრალი არ არისო" - ჩასჩურჩულა სევდიანი ხმით.
ტკივილისგან იწვოდა პატარა მზე და ფეხს ვერ იცვლიდა ადგილიდან, ეშინოდა რომ კიდევ რამე არ ემსხვერპლა. უდაბნოდ ქცეულ მინდორში, მარტოდ დარჩენილი ფიქრობდა და ცდილობდა გაეგო, რაში მიუძღვოდა ბრალი.
ცეცხლში?.. რომელიც მისი არსი იყო? სინათლეში?.. რომელიც მისი თვისება იყო? სიყვარულში?.. რომელიც სიცოცხლეს ბადებდა? ბადებდა და... კლავდა! დაუნდობლად კლავდა, წვავდა და ანადგურებდა!
"მკვლელი ყოფილა სიყვარული!" - ფიქრობდა მზე, შორეულ ვარსკვლავებს სწვდებოდა მისი ტირილის ხმა, - "მკვლელი ვყოფილვარ მეც!"
მინდვრის ბოლოში განმარტოვებით მდგარმა ბებერმა მუხამაც გაიგო მისი ხმა და დაუძახა: "ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოიწიეო ჩემსკენ"... მზე ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა, ეშინოდა ზედმეტად ახლოს არ მისულიყო. საკუთარი ცეცხლის ეშინოდა, რომელიც ყველაფერს კლავდა რაც უყვარდა, ან იქნებ იმიტომაც კლავდა, რომ უყვარდა... ვერ გაეგო.
"ნუ დარდობ!" - უთხრა ბებერმა მუხამ, რომელსაც ბევრი ყვავილობა და ჭკნობა გამოეცადა ამ დრომდე, ბევრი ახსოვდა, - "შენი სიყვარული სიცოცხლეა ჩვენი, შენი სითბო - საზრდო, სინათლე - ყვავილობა!.. შენი სიშორე გვყინავს, სიახლოვე - გვწვავს. შენი სინათლე თვალს გვიხელს, მაგრამ თუ ზედმეტად შორს იქნები, სიბნელე დაისადგურებს გარშემო, თუ ზედმეტად ახლოს - დაგვაბრმავებს. ამიტომაც არის შენი ხვედრი მარტოობა ზომიერ დისტანციაზე... ეს ის მსხვერპლია, რომელსაც სიყვარული მოითხოვს, მაგრამ... თუ მონატრებამ გძლია და ახლოს მოსვლას გადაწყვეტ, შეეცადე შენი სიშიშვლე სხეულით დაფარო!.."
ეს ზღაპარი მთვარემ მომიყვა ადრე...
მას შემდეგ, ყოველთვის, როცა მინდვრის ყვავილებში ჩაფლულ პატარა გოგონას ვხედავ, ვიცი, რომ მასში, ამ ყვავილებზე შეყვარებული და მონატრებული მზე იმალება.
/26.09.2016/

пятница, 16 сентября 2016 г.

გზა არსაით

რა ტყუილად ჰგონია ადამიანს, რომ გზას, რომელსაც მიუყვება სადღაც მიიყვანს. ის სულ მიდის, მიდის და ეძებს გზის დასასრულს, რომელიც არ არის. ბნელ ოთახში შავი კატის ძებნას გავს ეს ძიება. ის ყოველთვის ეძებს, იბადება - კვდება, მერე კვდება და ისევ იბადება, ან უფრო სწორად ყოველთვის იბადება, ყოველი სიკვდილის მერე რაღაც ახლად, მაგრამ.. სულ ეძებს, გაუთავებლად ეძებს.
ეძებს დასასრულს... ან დასასრულს რაღაცის დასაწყისის.
მერე და, სად გინდა იპოვო დასასრული ამ უსასრულობის გზაზე? ან სად იყო დასაწყისი.. ალბათ ყველაფერი იქ მთავრდება საიდანაც იწყება, თითქოს ლოგიკურია, მაგრამ სად.. მარადიულობაში??? მარადიულ დასაწყისებში და დასასრულებში, უსასრულო დაბადებებში და სიკვდილებში გზაც უსასრულოა! ადამიანის ძიებაც უსასრულოა... მინიმუმ იქამდე, სანამ არ მიხვდება, რომ თვითონაა ეს გზაც და მარადისობაც.
ჰო! მე ვარ გზა, მე ვარ უსასრულობა!
ეს მე თავად უსასრულობამ მითხრა ერთხელ, ან ბევრჯერ, არ მახსოვს... უსასრულობა ადამიანის სულის სიფართოვეა, ან პირიქით, მისი გაფართოვება-კუმშვის პროცესიც ხომ მუდმივია, როგორც სხვა ყველა მოძრაობა იქ, სადაც მუდმივი სიცოცხლეა. გულით რომ გინდოდეს სიკვდილი და გაქრობა, ვერ გაქრები, მაინც უსასრულობაში მოგიწევს ყოფნა, მაქსიმუმ დროებით დაივიწყო ეს მუდმივი მდგომარეობა და... ალბათ ამიტომაც ვკვდებით დროებით, ანუ "ვიბადებით" აქ, მარადისობის შეგრძნებით გადაღლილები აქ ვისვენებთ და მოგვწონს შიშის ეს მდგომარეობა, თითქოსდა დასრულებადი, მოკვდავი არსებები ვართ, და ზუსტად ეს შიში გვაიძულებს ძიების მუდმივ პროცესს, სანამ ვეძებთ, ესე იგი ჯერ კიდევ არ ვიცით ამის შესახებ...
არადა თითქოს სწორედ ეს მარადიულობა გვინდა დავინახოთ ჩვენში ისევ, თითქოს სწორედ ამას ვეძებთ, თითქოს ჩვენი ყველა ქმედება ამაში დაჯერებას ემსახურება, ყველა რელიგია თუ სულიერი სწავლება, თითქოს ყველაფერი იმისკენ გვიბიძგებს რომ არ უნდა გვეშინოდეს სიკვდილის... ჩვენ კი ჯიუტი ბავშვებივით, თან გაუცნობიერებელი სიხარულით ვეთანხმებით ამ ყველაფერს და ამავდროულად უშინაარსო შიშს ვაგრძელებთ, ცოცხალი თავით არ გვინდა ჩვენი მარადიულობის დაჯერება. ეს იმიტომ, რომ ჩვენ უბრალოდ ძიების პროცესი მოგვწონს. გვგონია, თუკი დავაჯერებთ ადამიანს ამაში, ბედნიერი იქნება, მაგრამ... აბა უთხარი რომ მისი გზა უსასრულოა და მიდის არსაით?.. რომ თვითონაა ეს გზაც და უსასრულობაც და ვერსად გაექცევა საკუთარ თავს?.. დამიჯერე ნამდვილი შიში და პანიკა ამის მერე დაეწყება. უბრალოდ დააკვირდი მის ფართოთვალებიან შიშს ამ მომენტში, როცა ამის თქმას შეეცდები, დააკვირდი როგორ ეცდება დაგარწმუნოს რომ... ცდები!
ან უბრალოდ ადგება, გაიქცევა და გააგრძელებს ოხვრას და კვნესას სიკვდილის და დასასრულის მოლოდინში. მთავარია ამ მცდელობის დროს ჯვარზე არ გაგაკრან... ასეთიც გვახსოვს.
არა, ადამიანს არ სჭირდება სიმართლე, ის ყოველთვის გაურბის მას, ჭეშმარიტების ძიებაში თავად ჭეშმარიტებას გაურბის - საკუთარ თავს. გაურბის საკუთარ გზასაც, ვინაიდან ეს გზაც რომ თვითონაა, იცის მან შინაგანად... საკუთარი თავისგან გაქცევა კი მისი "დაბადების" არსშივეა ჩადებული, ის სწორედ ამიტომ დაიბადა აქ, მისი მიზანიც ეს იყო - გაექცეს და დაისვენოს დროებით, ეს მისი უფლებაა.
ჩვენ აქ ყველა გამოქცეულები ვართ!
ჩვენი ძიებები და "შიშები" კი მხოლოდ მაშინ გაქრება, როცა უსასრულობაში საკუთარი თავის დანახვა აღარ შეგვაშინებს...
/16.09.2016/

вторник, 13 сентября 2016 г.

ცრემლი

"ცრემლები ადამიანის სულისთვის კათარზისიაო", მითხრა ერთხელ მეგობარმა..
მე უხმოდ დავეთანხმე...
გამახსენდა რამდენ რამეს გამოუწვევია ცრემლი ჩემს თვალზე, ჩემ სულში, როგორც ტკივილს, ისე სილამაზეს, როგორც მწუხარებას, ისე - ბედნიერებას... ყველაზე მეტი კი სევდიან სიყვარულს. ყველას უტირია სევდიანი სიყვარულის ისტორიაზე, ყველას ვისაც ცრემლი არ ამოშრობია სულში...
აი უყურებ ზღვაში ჩამავალ მზეს და ხვდები, რომ წყალი და ცეცხლი განუყოფელია, ცოცხლად ხედავ მათ ისტორიას, როგორ იძირება ეს ცეცხლმოკიდებული უზარმაზარი მზე მასში და ზღვასაც აალებს, მაგრამ არც მზე ქვრება ზღვაში და არც ზღვა იწვის მასთან ჰაეროვანი შეხებით... უბრალოდ მის ზედაპირს მოლივლივე ბილიკად ეფინება, ისე რომ, გინდება ზედ გაიარო ფეხშიშველმა, ფეხის გულებს ალმოკიდებული ტალღები გააცნო, ხელის გულებს კი სველი მზე შეახო... და ცრემლი მოგდის, ვერც კი ხვდები რატომ, უბრალოდ თავისით მოდის.
...მათი შეხება, ყოველთვის იწვევს ცისარტყელას; მზის ზღვასთან, წვიმასთან, ჩანჩქერთან... სადაც არ უნდა შეხვდეს ცეცხლი წყალს, ყოველთვის ასე ეფერებიან ერთმანეთს, ყოველთვის ფერებად იშლებიან... ხედავ, რომ ცისარტყელა მათი ერთობლივი შემოქმედებაა, მათი ნაფერები სიყვარულის ნაყოფი, მათი პირმშო... შენი თვალებით ხედავ მათი სიყვარულის სილამაზეს, მდუმარე ლოცვას რომ გავს და ისევ გეტირება უნებლიედ, გაუცნობიერებლად, თითქოს შენი სული ითხოვს ამას და ვერ ხვდები რატომ, მაგრამ...
იცი რას მივხვდი?? ცრემლებს თვალებში სხივი თუ არ დახვდა, ისე ცისარტყელად ვერ იქცევა შენ სულში.
/13.09.2016/

пятница, 9 сентября 2016 г.

მე და "შენ"...

მე ბევრი სილამაზე დამინახავს იქ, სადაც შენ მხოლოდ სიცარიელეს ხედავ.
ვხედავ სიკეთეს იქ, სადაც შენ ბოროტებას, და ბოროტებას იქ, სადაც შენ - სიკეთეს..
ბევრი რამ მიყვარს, რაც შენ გძულს, და ბევრი რამ მძულს, რაც შენ გიყვარს..
მე მძულს შეცოდება, შენ კი გძულვარ იმის გამო, რომ არ მეცოდება არავინ, მაგრამ... როგორ ველაპარაკო უმაღლეს თანაგრძნობაზე მას, ვინც შეცოდებაში შენიღბულ დამცირებას ვერ ხედავს?..
მე არ მესმის ფარისევლური ზრდილობა, შენ კი ვერ მიტან იმის გამო, რომ ზრდილობას არ ვცნობ, მაგრამ როგორ ავუხსნა რა არის გულწრფელობა მას, ვინც მათ შორის სხვაობას ვერ ხედავს?.. ვერ ხედავს, რომ "ზრდილობა" ხელოვნებამდე აყვანილი ტყუილის ნიღაბია მხოლოდ, მაგრამ როცა გული წრფელი გაქვს, ღიმილი კი უნებლიე, ის უბრალოდ არ გჭირდება.
მე ვერ გავუგე მორალს, შენ კი ამორალურად მიგაჩნივარ, მაგრამ... როგორ შევეხო მის სინდისს, ვინც ის საკუთარ თავში... საკუთარ სულში უნდა იპოვოს თვითონ!.. და თუ იპოვის, ძალიან შორს აღმოჩნდება იმ ეგოისტური საზოგადოებრივი “მორალისგან”, რომელიც ასე უსასრულოდ გვაშორებს სინდისს, ჩვენი სულის კარნახს!..
მე არ ვცნობ წესებს, შენ კი უწესოს მიწოდებ, მაგრამ როგორ გაგაგებინო, რომ მხოლოდ წესების დარღვევით შეგიძლია ფრთების ბორკილებისგან დახსნა და თავისუფლების ქარს აყოლა, მაშინ, როცა ბორკილებში კომფორტულად გრძნობ თავს და პასუხისმგებლობაც მათზე გაქვს აკიდებული...
მე დავცინი მორცხვობას, შენ კი უსირცხვილოდ მიგაჩნივარ, მაგრამ რითი მიგახვედრო, რომ სამარცხვინო ნიღბის ტარებაა მხოლოდ!.. ხელოვნური ნიღბის, რაც შენში იმ სინათლეს ახშობს, რომლის შესახებაც თავად არ იცი. ეს რომ იცოდე, არ შეგრცხვებოდა იმ სინათლის, რომლის მატარებელიც სინამდვილეში ხარ. სირცხვილი ხომ მხოლოდ ნიღბის ტარების ნიშანია!
ჰო!.. მე მძულს ყველაფერი, რაც შენ ბუნებას აკნინებს და ამცირებს, და რა უფლებით მოგთხოვო გამიგო ის სიყვარული და ნოსტალგია, რაც შენი სულის სიღრმეში დიდი ხნით დაასამარე, სიყვარულს კი ცხვირწინ მიუჯახუნე კარი!
არა, მე ვერ გამიგებს ადამიანი, რომლის სულშიც ეს ნოსტალგია მკვდარია...
მხოლოდ ცაში მონავარდე ქარი გამიგებს ლაღი ფრენის წყურვილს; მხოლოდ თავისუფლად მდინარე ნაკადული იგრძნობს ჩემ ურცხვ დინებას; მხოლოდ ზღვაში ჩავარდნილი წვეთი მიხვდება მის ფსკერზე დაშვების ამორალურობას; მხოლოდ კლდეზე ამოზრდილი ყვავილი დამეთანხმება, რომ ყველა წესი დარღვევადია; მხოლოდ მზე მეტყვის, რომ ვარსკლავების შეცოდება განთიადის გამო სიბრიყვეა...

(“შენ”-ში ვგულისხმობ კაცობრიობის იმ უდიდეს ნაწილს, რომელსაც არ ახსოვს თავისი ნათელი წარმომავლობა, და არა აბსოლუტურ უმრავლესობას).
/09.09.2016/

понедельник, 5 сентября 2016 г.

დიალოგი აპოკალიფსთან

-- მხოლოდ შენი სახელიც კი ადამიანებს შიშის ზარს სცემს. მხოლოდ ეს სიტყვაც კი კაცობრიობის ისტორიის რაღაც საშინელი, კატასტროფული, გლობალური დასასრულის ასოციაციას იწვევს. -- ვუთხარი მე -- “ბოლო ჟამი”, ასე მოგიხსენიებენ წმინდა წიგნები, “მძიმე სამსჯავრო”, სიკვდილი, ომი, განადგურება, წარღვნა, ტკივილი, ტანჯვა, ცრემლი, შიში... მათი განმარტებით - ეს სამყაროს ისტორიის აღსასრულია, რომელიც წინ უსწრებს მის განახლებას და ღმერთთან საბოლოო შერწყმას (?!) ...
-- მერე და რატომ ეშინია ადამიანს ჩემი? ვინ აშინებს მას.. რა მიზნით? რა მიზეზით?.. ან კი რა არის აპოკალიფსი, ასეთ ურჩხულად რომ უხატავენ ათეული საუკუნეების განმავლობაში? ვის ეშინია... იქნებ მას აქვს კიდეც ამის საბაბი? მისი ნებაა, -- დაფიქრდა -- ჰო, საოცრად არის მოწყობილი ადამიანის გონება, ხელის გულზე გაშლილ არსს ვერ ხედავს და მხოლოდ მათ სიტყვიერ მნიშვნელობას ეძიება, სიტყვიერს და არა მის აზრს - მის საწყისს. არადა, “ღმერთთან საბოლოო შერწყმაო...” - თვითონვე ამბობს, განა ამ სიტყვების აზრი საჭიროებს ძიების გაგრძელებას და მითუმეტეს შიშს?? რატომ აშინებს საკუთარ თავს, სხვას.. ყველას? და მაინც, ვინ რა იცის რა არის აპოკალიფსი, ვინ დაფიქრებულა?.. საერთოდაც, ვინ უფიქრდება დოგმად დაკანონებული ფრაზების უკან მათ არსს? ალბათ ყველა თუ არა, უმრავლესობა დაეთანხმება ამ სიტყვის ზემოთ ჩამოთვლილ განმარტებებს, მაგრამ... ცოტამ თუ იცის ჩემი ნამდვილი მნიშვნელობა: აპოკალიფსი - დამეთანხმე, ლამაზად ჟღერს -- კმაყოფილმა გამიღიმა-- (ἀποκάλυψις - „გაშიშვლება, გახსნა, გამჟღავნება, გამოცხადება“)... დიახ, გამოცხადება, სიცხადე, გაშიშვლება ღვთიური არსის წინაშე... раскрытие, откровение; снятие покрова... განსაკუთრებით ბოლო მომწონს, снятие покрова, გარსის მოშორება, სამოსის გახდა, მისი გადაგდება... დიახ! მე დასასრული ვარ, სწორედაც რომ დასასრული ვარ გარსის, და არა მისი არსის... და მერე ვინ თქვა რომ დასასრულით მთავრდება ყველაფერი? ვინ თქვა, რომ მას შემდეგ არაფერია? ყველა დასასრული რაღაც ახლის დასაწყისია, ასე არ არის? შენ ეს იცი! -- ისევ გამიღიმა -- (ჰო.. მან იცის, რომ მე ეს ვიცი, აბა ვინ უნდა იცოდეს? ვინ.. თუ არა მე - დასაწყისმა).
-- იცი? მე ვფიქრობ ადამიანის პრობლემა მხოლოდ მის შიგნით მცხოვრებ შიშშია, სიცხადის შიშში, რომელიც სწორედ ამ გარსით - ჯავშანივით რომ შემოუხვევია, ცდილობს დაიცვას სულის სიშიშვლე, ცდილობს არ გაცხადდეს, თითქოსდა ეს რაღაც სამარცხვინო იყოს. აბა სცადე და ადამიანს უამრავი ცნობისმოყვარე მზერის წინაშე სამოსი შემოახიე, -- ვუთხარი მე -- რას იზამს?.. ადამიანი სხეულის სიშიშვლესაც კი მტკივნეულად აღიქვამს, შენ კი მისი ეგოს გაშიშვლებას ცდილობ, წარმოგიდგენია?.. განა ამ სიცხადით არ დაასაჩუქრა ღმერთმა ის ედემში?? განა მისი უზრუნველი ცხოვრება გარსის უქონლობაში არ გამოიხატებოდა?? მერე და რა ქნა მან?? ლეღვის ფოთლებში დაიმალა და ამ ფოთლებს “ცოდნა” დაარქვა, ხოლო ღმერთი ძუნწობაში დაადანაშაულა, თითქოსდა მისთვის ლეღვის ფოთლები ენანებოდა.. დაადანაშაულა წვეთის დამალვაში, როცა მას უკიდეგანო ზღვა აჩუქა. უვიცობის ხეს დახარბდა და დანაშაულის გრძნობის გამო, რომელიც ისევ საკუთარი თავის წინაშე აწუხებდა, ამ ხეს “ცოდნა” დაარქვა... თავი დაიმშვიდა.
-- ჰმ!.. მე კი ვფიქრობ, მან უბრალოდ სიტყვებს აზრი შეუცვალა, ისევე როგორც მე შემიცვალა, ჩემ სიკეთეებს ბოროტება დაარქვა, -- სევდა იგრძნობოდა მის სიტყვებში -- მე მას ვაჩუქე ყველა სტიქია - მისი მაცოცხლებელი წყარო და მისივე არსი.. არა, კი არ ვაჩუქე, მათით შევქმენი, მათით მოვნათლე... სუნთქვა ჩავბერე, სიყვარულით ავანთე, ცრემლით გავჟღინთე და აზრით გამოვძერწე. ის კი.. ეჰ, ის ამ ყველაფერს გარეთ ეძებს. მე ყოველთვის მზად ვარ დავეხმარო სიყვარულით, გავაძლიერო და გავუგზავნო ჩემი დამხმარე ფრთოსანი რაშები: ავადმყოფობა, ომი, შიმშილი და სიკვდილი...
-- და შენ ფიქრობ, რომ ის ამ ყველაფერში სიკეთეს დაინახავს?? ხუმრობ?.. -- უნებლიედ ირონიულად გამეღიმა -- ფიქრობ გაიგებს, რომ ავადმყოფობა სულის და არა სხეულის სენია? ომი კი - ამ სენთან ბრძოლა?.. ან თუნდაც გაიგებს იმ შიმშილს, რომელიც სულიერ საკვებს სთხოვს მას და არა კუჭის ამოვსებას??.. ან კიდევ სიკვდილს, რომლის წინაშეც ბეღურასავით ცახცახებს, და ვერც კი ხვდება, რომ მისი ჯავშანი მშიშარა ეგოა და არა ზამთრის სიცივისგან დამცავი ბუმბულები?.. სწორედ მისმა სულიერმა შიმშილმა უნდა გაუღვიძოს სწრაფვა ეგოს სიკვდილის და სულის დაბადების. არა, ის ჯერ ვერ ხვდება, რომ აპოკალიფსი მხოლოდ მასში ხდება, მის შიგნით და არა გარე სამყაროში, და ვერ მიხვდება იქამდე, სანამ საკუთარი თავი ეს “გარსი” ჰგონია და არა მასში დამალული არსი, თუმცაღა.. თითოეული ადამიანი თითო სამყაროა, ხომ? არ შეიძლება აქ არ დავეთანხმო მას, მაგრამ მაინც გარეთ რომ ეძებს? ისიც იმიტომ, რომ მხოლოდ სიტყვიერად იცის და არა არსობრივად... რა გინდა ქნა?
-- მერე ვინ თქვა, რომ მე მისგან ამის დანახვას ველოდები? განა ეს შეცვლის რამეს?? -- შემომხედა და ერთხანს მდუმარედ მიყურა -- განა მხოლოდ შენ ხელთ არაა ცვლილება? განა ჩემი დასასრული შენი დასაწყისი არ იქნება?.. -- მე ჩუმად ვუსმენდი -- ჩემი საქმე მხოლოდ მისი ნაჭუჭის ნგრევაა, ზოგჯერ შიგნიდან, როცა თვითონ მეხმარება, უმეტესად კი მე ვეხმარები გარედან... ვიცი, ეს მტკივნეულია მისთვის, მაგრამ მიწევს, სხვა გზა არ მაქვს.
-- შენი ნგრევა ყველაზე დიადი ნგრევაა ნგრევებს შორის, ყველაზე დიადი აფეთქება, განაცხადი მთავარის, რომელიც ნამსხვრევებად მიმოფანტავს შიშებისგან ნაშენებ კედლებს! ნუ მოიწყენ, -- შევეცადე სევდა გამეფანტა მისი სიტყვებიდან -- შენ ანგრევ ყველაფერს, რაც მას ხელს უშლის საკუთარი არსის დანახვაში.. შენ მას გააცლი ყველა მტვერს და სიცხადეს შემატებ მასში დავანებულ სინათლეს, წალეკავ ყველა ქვა და ღორღს, რაც გზას უღობავს, დაუწვავ ყველა ქვიშით ნაშენებ ტაძარს, რომლის მიღმაც ჰორიზონტს ვერ ხედავს, ათასწლეულობით დაგროვილ შიშის გარსს მოაშორებ და გააშიშვლებ მის სულს... აამაღლებ, გააფართოვებ და ჩააღრმავებ ასჯერ, ათასჯერ, უსასრულოჯერ... მისი ეგო სულში გარდაიცვლება, ეს მისი აპოკალიფსია, მერე რა თუ ეტკინება?.. შენ კი უბრალოდ დასრულდები - ჩემში დასრულდები, ისევე როგორც მე შენში, ჩვენი მომდევნო შეხვედრისას... ეს შენ არ გაშინებს, ვიცი... ნუ მოიწყენ.
-- მოვიწყენ?? არა, არა... მე მას ტკივილს ვაყენებ, შენ - სიხარულს.. მე მას დავასრულებ, შენ - დაიწყებ. ეს რომ ერთი და იგივეა, მხოლოდ ჩვენ ვიცით, ხომ ასეა? -- თვალს არ მაშორებს და მისი მშვიდი გამჭოლი მზერა თითქოს მაჯადოვებს-- ჩვენ ერთნი ვართ.. ყოველთვის ასე იყო და იქნება.
-- რათქმაუნდა, -- ვუპასუხე მე -- იცი, რაღაც მინდა გკითხო.. არა კი არ გკითხო, ხმამაღლა ფიქრი გაგიზიარო; ყოველ ჯერზე, ყოველი დასასრულის და დასაწყისის, ყოველი ნგრევის და შენების, სიკვდილის და დაბადების შემდეგ ყველაფერი იცვლება; იცვლება ყოველი ცოცხალი, სიცოცხლე გარდაიქმნება, გარდაიცვლება რაღაც უფრო დიადში, ფართოში.. და ეს სიფართოვე უსაზღვროა, უკიდეგანო.. პატარა კენჭიდან - მცენარემდე, მცენარიდან - ცხოველამდე, ცხოველიდან - ადამიანამდე, ადამიანიდან - ფრინველამდე... მერე ანგელოზამდე, ანგელოზიდან კი - ღმერთამდე... ყველაზე პატარა ატომიც კი ღმერთამდე ფართოვდება. მინდა წარმოვიდგინო რა მოხდება, თუ აპოკალიფსი ღმერთში მოხდება?? რა მოხდება როცა ის ბოლომდე “გაცხადდება”, რაში გარდაიცვლება ის?..
...პასუხს არც ველოდი, მხოლოდ მდუმარე ყოვლისმომცველი მზერა შემომანათა.
/05.09.2016/

четверг, 1 сентября 2016 г.

სევდა

ვის შეუძლია დაიტიოს სევდა, სევდა - მსუბუქი, არა ის, ადამიანები ზურგით რომ ატარებენ და სიმძიმისგან სახეები ეღუშებათ.. აი ის - უხილავ სფეროებში რომ დაფრინავს ლაღად, და ის - მომღიმარ ცრემლებად რომ ტოვებს კვალს?..
ვის შეუძლია საკუთარ სულში დაიჭიროს სიმი, რომელზეც მისი მელოდია გაიჟღერებს, აამღერებს და შეინახავს იქვე.. თავის სიღრმეში...
ვის ეყოფა ძალა მდუმარედ ტირილის, გულის ცრემლებად დაცლის მშრალი თვალებით?..
ვინ გაუძლებს ტკივილს, რომელიც ამოუტირებელი დარჩა სულის სიღრმიდან - ჭრილობების და განცდილი გრძნობების საგანძურიდან...
ვინ შესტირებს გულამოსკვნით ღამეს, ისე რომ განთიადს მხოლოდ ღიმილი დაახვედროს?.. მზეს უყუროს და არ დაბრმავდეს...
ვინ გაუძლებს ცდუნებას, ცის ცრემლები თიხის ფრთებში არ გაცვალოს?..
ვინ აიტანს სიყვარულს, ჯვარზე გაკრულს და ნაწამებს... ან ვინ დაიტევს სევდას - ღმერთის თვალებით დანახულს...
...მხოლოდ მას მინდა ვუმღერო!

/01.09.2016/