воскресенье, 27 августа 2017 г.

მე მაოცებენ ადამიანები, რომლებიც ცნებებზე მაღალფარდოვნად საუბრობენ, სიტყვებს ხარჯავენ, მათთვის ღირებულების მინიჭებაზე ენერგიას კი - არა... მაოცებენ ის ადამიანები, რომლებიც უშიშრობაზე და სიმამაცეზე მიწისქვეშა სამალავიდან ყვირიან, თავისუფლებისკენ კი სხვებს საკუთარი ნაჭუჭიდან მოუწოდებენ... ის ადამიანები, თანაგრძნობისთვის ცრემლებს რომ არ იშურებენ, დაცემულს კი ხელს არ უწვდიან საშველად, ემპათიაზე დისერტაციებს რომ წერენ, "სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირის" წესით კი ცხოვრობენ... მათ არ ეხებათ... მათ არაფერი არ ეხებათ, მაგრამ მაინც მტკიცედ სჯერათ რომ "ერთიანობას" გრძნობენ ყველაფერთან. კიდევ ის ადამიანები, გულწრფელობაზე რომ ნიღბის ქვეშიდან გესაუბრებიან, და ისინიც, გვერდში დგომისას მარტო საკუთარ გვერდს რომ გულისხმობენ... საკუთარი "დირეს" შენდობაზე მორალს რომ გიკითხავენ და შენს "ბეწვზე" ზურგს რომ გაქცევენ... ამაყად. გამოცდილებაზე პრეტენზია რომ აქვთ და შეცდომები არასოდეს დაუშვიათ... ფრენას რომ აღმერთებენ და გადახტომა არასოდეს უცდიათ.
...და მერე, თუ ეს გაოცება შეგამჩნიეს, ქედმაღლურად გეტყვიან, რომ შენ სიყვარულის არაფერი გაგეგება...

воскресенье, 6 августа 2017 г.

რა სიბნელეათქო ვთქვი ერთხელ და ერთმა მობრძნო არსებამ მითხრა ამას წინათ, "ვისაც რა აქვს შიგნით, იმას ხედავსო", ჰო რავიცი, შეიძლება მეც ბნელი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მზეც თავის გარშემო მხოლოდ სიბნელეს ხედავს, არგუმენტად არ გამოდგება იქ, სადაც შიდა და გარე ხედვა ვერ გაურჩევიათ. ვინც შიგნით ხედავს სიბნელეს გარეთ გარბის, ვინც გარეთ - შიგნით იმალება, მაგრამ ორივე სიბნელეს გაურბის, ფაქტია.. ხანდახან, აღარც შიგნით მინდა ყურება და აღარც გარეთ, უბრალოდ თვალების დახუჭვა მინდა ხოლმე და ეგეც არ გამოგდის ადამიანს, ეცდები და ათჯერ ძვირი დაგიჯდება, რომელიმე გზასაცდენილი თვალახვეული ისე გადაგივლის, ვერც შეგამჩნევს.
შიშის წარღვნა დაგვატყდა თავს და პანიკაში ერთმანეთს ვსრესთ, ვთელავთ.. რომელი სტიქია იზამდა ამას ჩვენზე უკეთ... ვერც ცეცხლი, ვერც წყალი... ვერცერთი! საკუთარ გულში ჩაიხედეთო, კი ასწავლის ყველა (ნაწილობრივ), ქრისტედან დაწყებული ბუდათი დამთავრებული, მაგრამ... აჰა, ჩაიხედეს და შოკი მიიღეს, ისევ გარეთ ბოდიალი არჩიეს...
მეზიზღება ყველა მოძღვრება, არასდროს არაფერი დაულაგებია რომელიმე მოძღვრებას ადამიანში, პირიქით, მხოლოდ სული აუწეწია და ქაოსი შეუტანია, ტვინი აურევია და გზა დაუგრძელებია... გარეგნულად სიმშვიდე მოუტანია, და სინამდვილეში ბევრად დაუცილებია რეალური სიმშვიდისგან, საკუთარი თავისგან. სატყუარაა ყველა მოძღვრება, სწავლება, სიტყვების გაზეპირება, ტყუილია ყველაფერი, ილუზია, რომელსაც ნებისმიერი ჩაებღაუჭება სიბნელეში, შენ მხოლოდ ხელმოსაჭიდი გადაუგდე... მე ჯერ ვერცერთის შედეგს ვერ ვხედავ, იქნებ ვცდები.. არ ვიცი, ერთეული გამონაკლისების გარდა, რომლებმაც ისევ თვითონ მიაგნეს თავს, არ შეეშინდათ საკუთარი წყვდიადის.. რომელი მოძღვრება ასწავლის სიბნელის სიყვარულს? თუნდაც ერთი მანახეთ, რომელიც სიბნელეში ხედვას და მის სიყვარულს ასწავლის, რომელიც გეტყვის რომ არ უნდა გეშინოდეს მასთან შეხების, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ან საკუთარ სიღრმეში ჩახედვა, ან თავის შეცნობა, ან შეყვარება ან რაიმე ღვთიურის დანახვა ამ სიბნელის მიღმა.. ყველა თვითონ აშინებს სიბნელით, ყველა სინათლის ძიებისკენ მოუწოდებს მხოლოდ, და სიბნელეს თავშივე აძულებს... ვერაფერს შეიცნობ სიძულვილით, ვერც შიშით... ადამიანს კი არცერთის დანახვა არ უნდა, შესაბამისად სულ ძიებაში იქნება, უსასრულოდ...
სიბნელე არ არის ბოროტება, უბრალოდ სიბნელეს ვეძახით იმას, რაც ჩვენთვის უცნობი და უხილავია, ის უბრალოდ შეუცნობელია... და ჯერ კიდევ შეუცნობელია იმიტომ, რომ არავინ შეიყვარა.