-- მხოლოდ შენი სახელიც კი ადამიანებს შიშის ზარს სცემს. მხოლოდ ეს სიტყვაც კი კაცობრიობის ისტორიის რაღაც საშინელი, კატასტროფული, გლობალური დასასრულის ასოციაციას იწვევს. -- ვუთხარი მე -- “ბოლო ჟამი”, ასე მოგიხსენიებენ წმინდა წიგნები, “მძიმე სამსჯავრო”, სიკვდილი, ომი, განადგურება, წარღვნა, ტკივილი, ტანჯვა, ცრემლი, შიში... მათი განმარტებით - ეს სამყაროს ისტორიის აღსასრულია, რომელიც წინ უსწრებს მის განახლებას და ღმერთთან საბოლოო შერწყმას (?!) ...
-- მერე და რატომ ეშინია ადამიანს ჩემი? ვინ აშინებს მას.. რა მიზნით? რა მიზეზით?..
ან კი რა არის აპოკალიფსი, ასეთ ურჩხულად რომ უხატავენ ათეული საუკუნეების განმავლობაში? ვის ეშინია... იქნებ მას აქვს კიდეც ამის საბაბი? მისი ნებაა, -- დაფიქრდა -- ჰო, საოცრად არის მოწყობილი ადამიანის გონება, ხელის გულზე გაშლილ არსს ვერ ხედავს და მხოლოდ მათ სიტყვიერ მნიშვნელობას ეძიება, სიტყვიერს და არა მის აზრს - მის საწყისს. არადა, “ღმერთთან საბოლოო შერწყმაო...” - თვითონვე ამბობს, განა ამ სიტყვების აზრი საჭიროებს ძიების გაგრძელებას და მითუმეტეს შიშს?? რატომ აშინებს საკუთარ თავს, სხვას.. ყველას? და მაინც, ვინ რა იცის რა არის აპოკალიფსი, ვინ დაფიქრებულა?.. საერთოდაც, ვინ უფიქრდება დოგმად დაკანონებული ფრაზების უკან მათ არსს? ალბათ ყველა თუ არა, უმრავლესობა დაეთანხმება ამ სიტყვის ზემოთ ჩამოთვლილ განმარტებებს, მაგრამ...
ცოტამ თუ იცის ჩემი ნამდვილი მნიშვნელობა: აპოკალიფსი - დამეთანხმე, ლამაზად ჟღერს -- კმაყოფილმა გამიღიმა-- (ἀποκάλυψις - „გაშიშვლება, გახსნა, გამჟღავნება, გამოცხადება“)... დიახ, გამოცხადება, სიცხადე, გაშიშვლება ღვთიური არსის წინაშე... раскрытие, откровение; снятие покрова... განსაკუთრებით ბოლო მომწონს, снятие покрова, გარსის მოშორება, სამოსის გახდა, მისი გადაგდება... დიახ! მე დასასრული ვარ, სწორედაც რომ დასასრული ვარ გარსის, და არა მისი არსის... და მერე ვინ თქვა რომ დასასრულით მთავრდება ყველაფერი? ვინ თქვა, რომ მას შემდეგ არაფერია? ყველა დასასრული რაღაც ახლის დასაწყისია, ასე არ არის? შენ ეს იცი! -- ისევ გამიღიმა -- (ჰო.. მან იცის, რომ მე ეს ვიცი, აბა ვინ უნდა იცოდეს? ვინ.. თუ არა მე - დასაწყისმა).
-- იცი? მე ვფიქრობ ადამიანის პრობლემა მხოლოდ მის შიგნით მცხოვრებ შიშშია, სიცხადის შიშში, რომელიც სწორედ ამ გარსით - ჯავშანივით რომ შემოუხვევია, ცდილობს დაიცვას სულის სიშიშვლე, ცდილობს არ გაცხადდეს, თითქოსდა ეს რაღაც სამარცხვინო იყოს. აბა სცადე და ადამიანს უამრავი ცნობისმოყვარე მზერის წინაშე სამოსი შემოახიე, -- ვუთხარი მე -- რას იზამს?.. ადამიანი სხეულის სიშიშვლესაც კი მტკივნეულად აღიქვამს, შენ კი მისი ეგოს გაშიშვლებას ცდილობ, წარმოგიდგენია?.. განა ამ სიცხადით არ დაასაჩუქრა ღმერთმა ის ედემში?? განა მისი უზრუნველი ცხოვრება გარსის უქონლობაში არ გამოიხატებოდა?? მერე და რა ქნა მან?? ლეღვის ფოთლებში დაიმალა და ამ ფოთლებს “ცოდნა” დაარქვა, ხოლო ღმერთი ძუნწობაში დაადანაშაულა, თითქოსდა მისთვის ლეღვის ფოთლები ენანებოდა.. დაადანაშაულა წვეთის დამალვაში, როცა მას უკიდეგანო ზღვა აჩუქა. უვიცობის ხეს დახარბდა და დანაშაულის გრძნობის გამო, რომელიც ისევ საკუთარი თავის წინაშე აწუხებდა, ამ ხეს “ცოდნა” დაარქვა... თავი დაიმშვიდა.
-- ჰმ!.. მე კი ვფიქრობ, მან უბრალოდ სიტყვებს აზრი შეუცვალა, ისევე როგორც მე შემიცვალა, ჩემ სიკეთეებს ბოროტება დაარქვა, -- სევდა იგრძნობოდა მის სიტყვებში -- მე მას ვაჩუქე ყველა სტიქია - მისი მაცოცხლებელი წყარო და მისივე არსი.. არა, კი არ ვაჩუქე, მათით შევქმენი, მათით მოვნათლე... სუნთქვა ჩავბერე, სიყვარულით ავანთე, ცრემლით გავჟღინთე და აზრით გამოვძერწე. ის კი.. ეჰ, ის ამ ყველაფერს გარეთ ეძებს. მე ყოველთვის მზად ვარ დავეხმარო სიყვარულით, გავაძლიერო და გავუგზავნო ჩემი დამხმარე ფრთოსანი რაშები: ავადმყოფობა, ომი, შიმშილი და სიკვდილი...
-- და შენ ფიქრობ, რომ ის ამ ყველაფერში სიკეთეს დაინახავს?? ხუმრობ?.. -- უნებლიედ ირონიულად გამეღიმა -- ფიქრობ გაიგებს, რომ ავადმყოფობა სულის და არა სხეულის სენია? ომი კი - ამ სენთან ბრძოლა?.. ან თუნდაც გაიგებს იმ შიმშილს, რომელიც სულიერ საკვებს სთხოვს მას და არა კუჭის ამოვსებას??.. ან კიდევ სიკვდილს, რომლის წინაშეც ბეღურასავით ცახცახებს, და ვერც კი ხვდება, რომ მისი ჯავშანი მშიშარა ეგოა და არა ზამთრის სიცივისგან დამცავი ბუმბულები?.. სწორედ მისმა სულიერმა შიმშილმა უნდა გაუღვიძოს სწრაფვა ეგოს სიკვდილის და სულის დაბადების. არა, ის ჯერ ვერ ხვდება, რომ აპოკალიფსი მხოლოდ მასში ხდება, მის შიგნით და არა გარე სამყაროში, და ვერ მიხვდება იქამდე, სანამ საკუთარი თავი ეს “გარსი” ჰგონია და არა მასში დამალული არსი, თუმცაღა.. თითოეული ადამიანი თითო სამყაროა, ხომ? არ შეიძლება აქ არ დავეთანხმო მას, მაგრამ მაინც გარეთ რომ ეძებს? ისიც იმიტომ, რომ მხოლოდ სიტყვიერად იცის და არა არსობრივად... რა გინდა ქნა?
-- მერე ვინ თქვა, რომ მე მისგან ამის დანახვას ველოდები? განა ეს შეცვლის რამეს?? -- შემომხედა და ერთხანს მდუმარედ მიყურა -- განა მხოლოდ შენ ხელთ არაა ცვლილება? განა ჩემი დასასრული შენი დასაწყისი არ იქნება?.. -- მე ჩუმად ვუსმენდი -- ჩემი საქმე მხოლოდ მისი ნაჭუჭის ნგრევაა, ზოგჯერ შიგნიდან, როცა თვითონ მეხმარება, უმეტესად კი მე ვეხმარები გარედან... ვიცი, ეს მტკივნეულია მისთვის, მაგრამ მიწევს, სხვა გზა არ მაქვს.
-- შენი ნგრევა ყველაზე დიადი ნგრევაა ნგრევებს შორის, ყველაზე დიადი აფეთქება, განაცხადი მთავარის, რომელიც ნამსხვრევებად მიმოფანტავს შიშებისგან ნაშენებ კედლებს! ნუ მოიწყენ, -- შევეცადე სევდა გამეფანტა მისი სიტყვებიდან -- შენ ანგრევ ყველაფერს, რაც მას ხელს უშლის საკუთარი არსის დანახვაში.. შენ მას გააცლი ყველა მტვერს და სიცხადეს შემატებ მასში დავანებულ სინათლეს, წალეკავ ყველა ქვა და ღორღს, რაც გზას უღობავს, დაუწვავ ყველა ქვიშით ნაშენებ ტაძარს, რომლის მიღმაც ჰორიზონტს ვერ ხედავს, ათასწლეულობით დაგროვილ შიშის გარსს მოაშორებ და გააშიშვლებ მის სულს... აამაღლებ, გააფართოვებ და ჩააღრმავებ ასჯერ, ათასჯერ, უსასრულოჯერ... მისი ეგო სულში გარდაიცვლება, ეს მისი აპოკალიფსია, მერე რა თუ ეტკინება?.. შენ კი უბრალოდ დასრულდები - ჩემში დასრულდები, ისევე როგორც მე შენში, ჩვენი მომდევნო შეხვედრისას... ეს შენ არ გაშინებს, ვიცი... ნუ მოიწყენ.
-- მოვიწყენ?? არა, არა... მე მას ტკივილს ვაყენებ, შენ - სიხარულს.. მე მას დავასრულებ, შენ - დაიწყებ. ეს რომ ერთი და იგივეა, მხოლოდ ჩვენ ვიცით, ხომ ასეა? -- თვალს არ მაშორებს და მისი მშვიდი გამჭოლი მზერა თითქოს მაჯადოვებს-- ჩვენ ერთნი ვართ.. ყოველთვის ასე იყო და იქნება.
-- რათქმაუნდა, -- ვუპასუხე მე -- იცი, რაღაც მინდა გკითხო.. არა კი არ გკითხო, ხმამაღლა ფიქრი გაგიზიარო; ყოველ ჯერზე, ყოველი დასასრულის და დასაწყისის, ყოველი ნგრევის და შენების, სიკვდილის და დაბადების შემდეგ ყველაფერი იცვლება; იცვლება ყოველი ცოცხალი, სიცოცხლე გარდაიქმნება, გარდაიცვლება რაღაც უფრო დიადში, ფართოში.. და ეს სიფართოვე უსაზღვროა, უკიდეგანო.. პატარა კენჭიდან - მცენარემდე, მცენარიდან - ცხოველამდე, ცხოველიდან - ადამიანამდე, ადამიანიდან - ფრინველამდე... მერე ანგელოზამდე, ანგელოზიდან კი - ღმერთამდე... ყველაზე პატარა ატომიც კი ღმერთამდე ფართოვდება. მინდა წარმოვიდგინო რა მოხდება, თუ აპოკალიფსი ღმერთში მოხდება?? რა მოხდება როცა ის ბოლომდე “გაცხადდება”, რაში გარდაიცვლება ის?..
...პასუხს არც ველოდი, მხოლოდ მდუმარე ყოვლისმომცველი მზერა შემომანათა.
/05.09.2016/
Комментариев нет:
Отправить комментарий