ვის შეუძლია დაიტიოს სევდა, სევდა - მსუბუქი,
არა ის, ადამიანები ზურგით რომ ატარებენ და სიმძიმისგან სახეები ეღუშებათ..
აი ის - უხილავ სფეროებში რომ დაფრინავს ლაღად,
და ის - მომღიმარ ცრემლებად რომ ტოვებს კვალს?..
ვის შეუძლია საკუთარ სულში დაიჭიროს სიმი, რომელზეც მისი მელოდია გაიჟღერებს, აამღერებს და შეინახავს იქვე.. თავის სიღრმეში...
ვის ეყოფა ძალა მდუმარედ ტირილის, გულის ცრემლებად დაცლის მშრალი თვალებით?..
ვინ გაუძლებს ტკივილს, რომელიც ამოუტირებელი დარჩა სულის სიღრმიდან - ჭრილობების და განცდილი გრძნობების საგანძურიდან...
ვინ შესტირებს გულამოსკვნით ღამეს, ისე რომ განთიადს მხოლოდ ღიმილი დაახვედროს?.. მზეს უყუროს და არ დაბრმავდეს...
ვინ გაუძლებს ცდუნებას, ცის ცრემლები თიხის ფრთებში არ გაცვალოს?..
ვინ აიტანს სიყვარულს, ჯვარზე გაკრულს და ნაწამებს...
ან ვინ დაიტევს სევდას - ღმერთის თვალებით დანახულს...
...მხოლოდ მას მინდა ვუმღერო!
/01.09.2016/
Комментариев нет:
Отправить комментарий