понедельник, 29 августа 2016 г.

მე განა ვკვდები... მხოლოდ ვშიშვლდები

ერთხელაც, როცა დრო მოვა (ის კი უცილობლად მოვა), მე ჯვარს დავიწერ სიკვდილის ღმერთზე, და "დრო" - ჩვენი მოწმე, მამასავით მიმაცილებს მასთან თავდახრით... მერე იტირებს... ზუსტად ისე, როგორც ტირიან ქორწილის დროს ქალის მამები.
სწორედ იმ დღეს, მე დავტოვებ ჩემ ბავშვობას, სახელად "ცხოვრება" და ვეზიარები სულ სხვა სიმწიფეს, დედოფლობას... "სიცოცხლე" იქნება ჩემი გვირგვინი...
მე განა ვკვდები... მხოლოდ ვშიშვლდები, უბრალოდ სიკვდილი გამაშიშვლებს ჩვენი სიყვარულის პირველ ღამეს, როგორც პატარძალს... ნაზად გამაცლის ჩემ მთრთოლვარე სხეულს - თეთრ კაბას და გვერდზე მიაგდებს, "არ გჭირდებაო ჩემთან" - ნაზი ხმით მეტყვის, - "სიყვარულს მორცხვობა არ უხდებაო"...
არა, მე არ მრცხვენია ჩემი სიშიშვლის, ისევე როგორც ევას ედემში. მე მხოლოდ სამოსს ვიხდი და მიწაზე ვაგდებ, გაზაფხულზე ენძელების ამოსაფეთქად... რომ ჩემი ბავშვობის ცრემლებით დანამულებმა, ყვავილობით მომილოცონ ცის დედოფლობა. სამოსში დამალულ, აქამდე მდუმარე ფრთებს კი სივრცეში გავშლი, კიდიდან კიდემდე... და სიყვარულზე ვამღერებ უკანასკნელად.
/29.08.2016/

Комментариев нет:

Отправить комментарий