ხედავ?!.. როგორ უკიდია ცეცხლი ადამიანს.
ხედავ?! რამდენი ცნობისმოყვარე თვალი მისჩერებია...
მათ სანახაობა სწყურიათ. ახლოსაც ვერ ეკარებიან, შორიდან ურჩევნიათ ყურება და ხელების გათბობა, ისევე როგორც შენ, ხელების დაწვის ეშინიათ უფრო ახლოს რომ მივიდნენ. ვერც მათი თვალი გაუძლებს ალის ყურებას დიდხანს. დაბრმავდება.
დროვ! შენ მას აშინებ "ხვალინდელი" ჯოჯოხეთით, თუკი "დღეს" არ დაგემორჩილება, მაგრამ რას იზამ თუ მაგ "ხვალე"-ს წაგართმევ? მისი ტანჯვის შემხედვარე, შენი დროებითი "გეენას" წასალეკად ჩემი უსაზღვრო სევდის ერთი ცრემლიც კი საკმარისი იქნება...
იმიტომ რომ შენი ცეცხლი "დრო"ებითია,
ჩემი სევდა - მარადიული.
შენი სამოთხეც კი დროებითია, ორივე დროების შვილია... შენ მათ მარადიული "გეენით" აშინებ, მარადისობით - ჩემით, რომელზეც თავად არ მიგიწვდება ხელი.
მე კი დაგიწვავ "გუშინ"-ს და "ხვალე"-ს.. მათივე სხეულებს დაგითმობ აალებისთვის, შენთვის მიჩუქნია. ისინი მაინც შენ გეკუთვნიან, მათ სულებთან კი ახლოსაც ვერ მიხვალ. არ მიგიშვებ...
შენი რკინის ქალამნები სანთელივით დადნებიან ჩემ ცეცხლში, იქამდე, სანამ მომიახლოვდები. თუკი გეენა ჯოჯოხეთია, მაშინ რაღაა ღვთაებრივი მარადიული ცეცხლი?.. განა არ იცი, რომ ცეცხლი ერთია? ყოველ ნაბიჯზეც რომ დაანთო და ათასობით ხეს მოუკიდო ცალცალკე, თვისება მაინც ერთი აქვს.. ის წვავს!
გგონია სამოთხეში დანთებული ცეცხლი უმტკივნეულოდ დაგწვავს?? ცეცხლის თუ გეშინია, ყველგან ერთნაირად დაგტანჯავს, თუ არ გეშინია, შენც ცეცხლად გაქცევს. ცეცხლი ცეცხლია!.. აბა რაშია სხვაობა?.. გეტყვი რაში, ნებაში!
ერთს შენი ნებით ირჩევ, მეორეს შიშით გაიძულებენ. ნება კი შიშის უკუპროპორციულია. თუ გეშინია, შენი ნებით ვერასოდეს გადაეშვები ცეცხლის ოკეანეში, ვერასოდეს შესწირავ მსხვერპლად თავს.
სიყვარულისთვის მსხვერპლად შეწირული, სიყვარულით იწვის, ძალადობრივი შიშით განწირული კი - ტანჯვით. აი ეს არის სხვაობა. თუკი მარადიული მხოლოდ სიყვარულია, მარადიულად ვერ იარსებებს სხვა ცეცხლი მის გარდა. შენ ცეცხლში მხოლოდ სხეული იტანჯება, შენივე პირმშო - მატერია, და ისიც დროებით, ჩემ ცეცხლში კი სული ნათებას იწყებს, რადგანაც სული მხოლოდ სიყვარულის ცეცხლში იწვის მზესავით. შენ ეს იცი, მაგრამ...
შენ ადამიანს შიშით აიძულებ, ჩემთან კი ნებით მოდის. შენ მას აიძულებ დაიჯეროს, რომ ის დროების შვილია, და არა ჩემი. განა რამდენ ხანს შეაშინებ ბავშვს სიბნელით?? ერთხელაც გაიზრდება და სიბნელის აღარ შეეშინდება.
ის ჯერ არ მიცნობს, ჯერ თვალი არ გაუხელია, როგორც თოთო ბავშვს, ფიქრობ შენი სათვალით დაუფარავ მარადიულ მზერას?!..
ის ჯერ არ შემხებია საკუთარ სიღრმეში, არც კი იცის, რომ იქ ვარ, და ერთხელაც, როცა შემეხება, ან გარდაუვლად მე შევეხები სიკვდილის ხელით, სწორედ იმ სიკვდილით, შენ რომ ასე აფთხობ მას, შენი აღარასოდეს შეეშინდება.
იქამდე "დრო" შენს ხელთაა... მაგრამ თავს ნუ მოიტყუებ დროვ, "დრო" იმდენივეა, რამდენი წერტილიც არის სივრცეში და ყველგან სხვადასხვაა, სივრცე ილუზიაში გაგდებს. მასავით ცვალებადი და არასტაბილური ხარ. შენთან ერთად გაქრება ისიც, როგორც კი თქვენ საზღვრებს გასცდებით, იმიტომ რომ ჩემგან განსხვავებით თქვენ საზღვრები გაქვთ.
მე კი - სხეულში გამოკეტილს, ვერ შემაშინებს შენი დროებითი ტანჯვა, როცა თავად მარადიული სიყვარული ვარ!..
შენ წვეთი ხარ, მე - ოკეანე,
შენ წამი ხარ, მე - მარადისობა,
გშთანთქავ!.. როგორც ოკეანე ერთ პატარა წვეთს, როგორც მარადისობა ერთ წამს. მთელი შენი წარსულით და მომავლით ერთ წამში ჩაგტევ და გაგაქრობ. ჩემი ქარები გაგაცლიან ყველა მოგონებას. შენ ჩემში გაქრები... შენით კი ჩემ ოკეანეს კიდევ ერთ წვეთს შევმატებ.
ხედავ.. დროის ყველა ქმედება როგორი დროებითია?.. ეს აქსიომაა.
შენ ყოველთვის სადღაც იწყები და სადღაც მთავრდები.
შენი ილუზია ბრმის თვალებია.
სასრულია შენი არსი, ჩემი - უსასრულობა... სასრულია ყველა ტანჯვა და მოგონება, ყველაფერი, რაც შენს სამფლობელოში ხდება, მხოლოდ მე - სიყვარული ვარ მარადიული!
/22.08.2016/
Комментариев нет:
Отправить комментарий