воскресенье, 21 августа 2016 г.

ჰკითხე ადამიანს ღმერთის შესახებ...

ბუნება - საუკეთესო წიგნია წიგნებს შორის, საუკეთესო მასწავლებელია მასწავლებლებს შორის, მასშია უმაღლესი მუსიკაც, პოეზიაც, მხატვრობაც, მეცნიერებაც... ის საუკეთესო შემოქმედია. ...ის ზრუნავს შენზე, გათბობს, გკვებავს, წყურვილს გიკლავს, გკურნავს, გასწავლის, გაჩვენებს, გესაუბრება, გისმენს... მოუსმინე შენც. შენ მისით სუნთქავ...
მე ვთხოვე ხეს: „მომიყევი რაიმე ღმერთზე...“ და ხე აყვავდა..." - /რაბინდრანათ თაგორი/
დიახ!.. თაგორს აყვავებულმა ხემ გაუმხილა საიდუმლო, სპინოზას - მის ბაღში გაზრდილმა უბრალო ყვავილმა... ბუნება ყველას ესაუბრება “ბუნებრივი” ენით - ფოთლების რხევით, ყვავილების სილამაზით, წვიმის სიგრილით, ქარის ჩურჩულით, ტალღების მოუსვენრობით, განთიადის სიდიადით და მთვარის მდუმარებით... მაგრამ მხოლოდ მათ ესმით, ვინც ყურს უგდებს მათ.
არა აქვს მნიშვნელობა, ღმერთის შესახებ ოკეანეს ჰკითხავ თუ მის წვეთს, დათოვლილ მყინვარწვერებს თუ მხოლოდ ერთ ფიფქს, ყოველი მათგანი თავისი უნიკალურობით და მრავალფეროვნებით განასახიერებს მის სახეს. თითოეული მათგანი შენთვის იმღერებს და იცეკვებს, შენთვის დაიხატება ფერად პეიზაჟებად... ისინი თითქოს სდუმან, მაგრამ მათი მდუმარება ისევე მოიცავს ყველა ბგერას, როგორც თეთრი ფერი - ყველა ფერს.
მაგრამ, ადამიანი... ის ადამიანი, რომელსაც მათგან განსხვავებით აქვს ხედვის, სმენის, ლაპარაკის, გემოს და არომატის შეგრძნების უნარი, ყრუ, ბრმა და მუნჯია მათთან შედარებით. მათგან განსხვავებით ის ვერ “მოგიყვებათ” ღმერთზე ვერაფერს, ან თუ მოგიყვებათ, არასოდეს ეცდება საკუთარი სიცოცხლის მაგალითზე გააკეთოს ეს, ის ვერ “აყვავდება” ხესავით და ვერც ყვავილივით გამოსცემს სურნელს. მას ეს აუკრძალეს.
...და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს აუკრძალეს, სამარცხვინოდ ჩაუთვალეს საკუთარ თავში ღმერთის დანახვა, ბუნებაში, ისევე როგორც ბუნების სხვა შვილებს, მასაც უდევს ღვთიურობის გამოვლინება და ეს ყოველთვის მისდა უნებლიედ ხდება ყოველ ნაბიჯზე. თუმცა, თუ მაინც ჰკითხავთ, ის აუცილებლად ეცდება თავის გონებაში დახატული ხატების აღწერას, იმ ღმერთის, რომელსაც მასთან “საერთო” არაფერი აქვს, მის გარეთაა და შორს... ამ დროს ის ვერ ხვდება, რომ სინამდვილეში მაინც საკუთარ თავზე საუბრობს, ამიტომ მისი აღწერისას იქნება უარღესად თამამი და გულწრფელი.
და მერე როგორია მათი “ღმერთი”??. ზოგისთვის მიმტევებელი და გულმოწყალე, სულგრძელი და მოსიყვარულე... მაგრამ, ამავე დროს რამდენისთვის არის მრისხანე, სასტიკი და დამსჯელი, ცეცხლი და მახვილი, წარღვნა და სიკვდილი?.. რამდენს ეშინია მისი და რამდენს უყვარს? რამდენი ხედავს მასში “ყვავილობას” და არა ჭკნობას?..
არა, ადამიანს კი არ აუკრძალეს, ის თვითონვე არასოდეს შეადარებს საკუთარ თავს “ღმერთს”, ყველა თუ არა, ისინი მაინც, ვინც “ღმერთში” მრისხანებას უფრო მეტს ხედავს, ვიდრე სიყვარულს, განა იმიტომ, რომ თავმდაბალია, არა! სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ღმერთის დანახვა არ სურს საკუთარ თავში. მას მისი ეშინია, ისევე როგორც საკუთარი თავის... ამიტომაც განუდგა, მოიშორა, “ცაში გადაასახლა” ის, რაც შეიძლება შორს თავისგან. ასეთი ადამიანები დიდ ომებს მოაწყობენ “ღმერთის” სახელით, გილიოტინაზე აგიყვანენ, სახლს დაგიწვავენ და სულს მოგიკლავენ... “ღმერთის” სახელით! და ყოველთვის მის ნებას დააბრალებენ, მაგრამ არასოდეს საკუთარ თავს. მე კი “მეშინია” იმ ადამიანების, ვისაც ღმერთის ეშინია...
ხანდახან ვფიქრობ, “ღმერთია” ისეთი, როგორი ხალხიც ყავს თუ ხალხია ისეთი, როგორი “ღმერთიც” ყავთ??? არ ვიცი... მაგრამ თუ გინდა გაიგო, როგორია თვითონ ადამიანი, ჰკითხე მას ღმერთის შესახებ და ის ყველაფერს დაუფარავად მოგიყვება საკუთარ თავზე...
/21.08.2016/

Комментариев нет:

Отправить комментарий