понедельник, 8 августа 2016 г.

მასწავლებლობა

ბევრისთვის ფაქიზ თემას მინდა შევეხო: მოსწავლე - მასწავლებლის. აქ არ ვგულისხმობ სკოლის პედაგოგიკას, თუმცა სკოლაში ამ თემის პრობლემატური მხარე ყველაზე კარგად ჩანს. ცხოვრებაში კი ყველაფერი პირიქითაა, აქ “მასწავლებელი” - მოსწავლეა, ხოლო “მოსწავლე” - მასწავლებელი.
ადამიანები, როგორც წესი ხედვის მხოლოდ ერთ ჭრილს განიხილავენ და შემდგომ მას წესად, კანონად, დოგმად და აქსიომად აქცევენ. “მასწავლებელი” როგორც “წესი” - მოსწავლეზე მაღლა დგას (ეს აქსიომაა, კაცობრიობის მიერ დაწესებული), უფრო მეტი იცის, უფრო მეტის გაცემა შეუძლია, მეტის სწავლება შეუძლია... მეტი უფლება აქვს (რომელიც ხშირად ძალაუფლებაში ერევათ), მეტი ინფორმაცია აქვს (რომელიც უმეტესად მართვის სურვილის საბაბი ხდება), დასჯაც კი შეუძლია... ამასთან, მოსწავლის თვისებები ხშირად მასწავლებლის თვისებებისგან განსხვავებით ბევრად ძლიერი და დახვეწილია. სიძლიერეში რათქმაუნდა ფიზიკურ ძალას და ძალაუფლებას არ ვგულისხმობ, მოთმინებას, მორჩილებას, მდუმარებას, სიმშვიდეს და მსგავს, ერთი შეხედვით “სისუსტის” გამოვლინებებს ვგულისხმობ, რომლებიც რეალურად დიდ სულიერ სიძლიერეს მოითხოვენ.
დღეს “მასწავლებლობა” მოდაშია. დღეს მასწავლებელი უფრო მეტია ვიდრე მოსწავლე. ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ “მცოდნე” და “ინფორმირებულმა” ადამიანმა გადაწყვიტოს მოსწავლეობა, გამოუტყდეს თავს, რომ სწავლას სწორედ ის გადის და არა მისი “მოსწავლე”. “მასწავლებელს” თავის თავში ჯერ ის ელემენტარული ბარიერი ვერ გადაულახავს, რომ სხვების “სწავლების”, უფრო სწორად ჭკუის სწავლების მოთხოვნილება არ ჰქონდეს. “მასწავლებელმა” ჯერ კიდევ არ იცის, რომ რეალურად ვერავის ვერაფერს ასწავლის, არც ის იცის, რომ ნებისმიერი სწავლება მხოლოდ და მხოლოდ გახსენებაა იმის, რაც ისედაც იცის ნებისმიერმა სულმა. არც ის იცის, რომ მისი “მასწავლებლობა” მხოლოდ დახმარებაში შეიძლება გამოიხატოს, მაგალითად მაღვიძარის როლის თავის თავზე აღებაში ან ისრის როლის მორგებაში, რომელიც გარკვეულ მიმართულებას მიუთითებს. სწორედ აქ მთავრდება მისი ფუნქცია.
ნამდვილი მასწავლებლის თვისება მჟღავნდება მაშინ, როცა მისი სწავლებები ემთხვევა მის ქმედებებს. სხვა შემთხვევაში მასთან სწავლება დაემსგავსება ბრმა ოკულისტთან მკურნალობას. დიახ!.. ძნელია “მასწავლებლობა”, იმიტომ რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი და გასავლელი. მათში ჯერ კიდევ არის სურვილი სხვებს “ასწავლონ” ის, რაც თავადაც არ იციან. მასწავლებელს ჯერ კიდევ ბევრი უკლია საკუთარი მოსწავლის ცოდნამდე, ვისგანაც მოუწევს ისწავლოს მოთმინება, დაკვირვება, გულისხმიერება, მონდომება, სწრაფვა, სიჩუმე, დათმობა, და რაც მთავარია თავად “მოსწავლეობა”. აქ მათი სიამაყე ცოტა მოიკოჭლებს. ისინი თავს შემდგარ და სრულყოფილ ადამიანებად თვლიან, იმდენად სრულყოფილ ადამიანებად, რომ ჰგონიათ დაამთავრეს საკუთარი თავის განვითარება და შეცნობა, ფიქრობენ რომ მათში აღარაფერია დასამატებელი და მართალნიც არიან.. ისინი სავსე არიან, იმდენად გადავსებული არიან ინფორმაციით, რომ ვერაფერს ვეღარ იტევენ. ცოდნა და ინფორმაცია რომ სხვადასხვა ცნებებია, ალბათ ისედაც ყველამ ვიცით, ცოდნის მისაღებად საჭიროა ჯერ ინფორმაციებისგან დავიცალოთ და გავათავისუფლოთ ადგილი ჩვენში. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ნებისმიერი ცოდნა გარეთ დარჩება. ეს ჭაობია!.. იქ სადაც მთავრდება განვითარება, მკვდარი წერტილია, რადგანაც არაფერია სამყაროში უმოძრაო, თუკი ის ჯერ კიდევ ცოცხალია.
მე თუ მკითხავთ “მასწავლებლობა” ერთგვარი სასჯელიც კი არის. პრობლემა ცოდნაში კი არა, ბარიერების არქონაშია, რომელიც სულის განვითარების აუცილებელი ატრიბუტია. მოსწავლისგან განსხვავებით მასწავლებელს ეს წინაღობები არ აქვს. მისი სული ვერ “ტრენინგდება” და ვერ ვითარდება. მას “მისია” შესრულებული აქვს და ყოველ ჯერზე წრეზე მიდის, ზუსტად ისევე როგორც სკოლებში, წელს ერთი კლასი ჰყავს, შემდეგ წელს მომავალი, და ასე მუდმივად... სასჯელი კი იმაში მდგომარეობს, რომ, სანამ არ მიხვდება “მასწავლებლობაზე” უარი თქვას, გადააბიჯოს სიამაყეს და შემდეგ საფეხურზე, ანუ მოსწავლეობაზე გადავიდეს, იქამდე ამ წრეზე მოუწევს სიარული.

ერთადერთი რისი სწავლაც გვევალება - ეს სიყვარულია, ამას კი სხვა ვერ გვასწავლის, თუმცა სხვისგან ჩვენ თვითონ შეგვიძლია ვისწავლოთ. ჩვენს მაგივრად სხვა ვერ შეიყვარებს, ჩვენ ავტომატურად ვსწავლობთ იმ ადამიანებისგან, ვისაც უყვარს, ვისაც ვუყვარვართ და ვინც გვიყვარს.
დააკვირდით ბავშვებს, რამდენი სიყვარულია მათში, როგორი გულწრფელები არიან როცა თამაშობენ, იცინიან, ტირიან, გეფერებიან, როცა ცხოველებს და ბუნებას ეკონტაქტებიან, სიბრაზეც კი გულწრფელი აქვთ, რომელიც რამოდენიმე წუთში აღარც კი ახსოვთ. ეს ნათელი მაგალითია იმისი, რომ ნებისმიერ ზრდასრულს შეუძლია ბავშვებისგან ისწავლოს სიცოცხლის სიყვარული. არ არსებობს ბავშვზე უკეთესი “მასწავლებელი”, სწორედ იმ ბავშვზე, რომელსაც უფროსები დაჟინებით უჩიჩინებენ დოგმების და აქსიომების გაზეპირებას სკოლის გაკვეთილზე, ან თუნდაც საკუთარ ოჯახში. მხოლოდ ის “ზრდასრული”, რომელიც გადაწყვეტს ბავშვისგან ისწავლოს, იმსახურებს ამ სტატუსს. “მასწავლებლებს” კი, უფრო სწორად “მასწავლებლობის მსურველებს” ვუსურვებ მალე გაზრდილიყვნენ ბავშვებამდე.

P.S. “მასწავლებელი ის კი არ, ვინც გასწავლის, არამედ ის, ვისგანაც სწავლობ.”
/08.08.2016/

Комментариев нет:

Отправить комментарий