ხშირად ადამიანი რაც უფრო მეტად გამოირჩევა მორალურობით და მაღალზნეობრიობით, მით უფრო მეტ შინაგან პრობლემებს აწყდება. ხშირად (თუ ყოველთვის არა) სწორედ ჩვენივე მორალი ხდება ჩვენი დაუძინებელი მტერი. მე არ მაქვს საუბარი სინდისზე, ამ შემთხვევაში იმ მორალზე მაქვს საუბარი, რომელიც „სოციალური ინსტიტუტი, ნორმების, სანქციების, შეფასებების, დანაწესების, ქცევის ნიმუშთა სისტემაა“ (სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი). დიახ... ეს სისტემაა. დაახლოებით ისეთივე სისტემა, როგორიც სახელმწიფო კონსტიტუციაა, ან თუნდაც რელიგია; აქ უკვე გააჩნია ადამიანს, ვისთვის რა არის ღირებული და ვინ რა „წესს“ ემორჩილება, თუნდაც ეს დაუწერელი იყოს. მთავარი ის არის რომ ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც გარკვეულ სისტემურ წესებს და კანონებს ვემორჩილებით. ზოგადად, ნებისმიერი წესი, კანონი თუ აკრძალვა არამარტო დადებითის, ბევრი უარყოფითი გამოვლინების საფუძველიცაა. უწესობის და უკანონობის პროპაგანდად ნუ ჩამითვლით, მე მხოლოდ მთლიანობაში ვცდილობ დავინახო, როგორც კარგი, ასევე ცუდი მხარეები, ანუ, სად უნდა გავითვალისწინოთ და სად „დავარღვიოთ“, ან თუნდაც გვერდი ავუაროთ, იმისთვის რომ ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ გადავვარდეთ.
დაახლოებით 10-12 წლის წინ, მახსოვს, შვედეთში მოგზაურობისას თვალში მომხვდა ერთი უცნაურობა. მიუხედავად ამ ერის სილამაზისა, მასობრივი იყო არაბუნებრივად ჭარბი წონის პრობლემა. ანგელოზის სახიანი „ორასკილოიანი მასები“ ისე დადიოდნენ ქუჩებში, რომ დიდად არც აღელვებდათ ეს ამბავი, როგორც შევამჩნიე. ერთმა ჩემმა უფროსმა მეგობარმა ქალმა (რომელიც ასევე შვედი იყო), როგორც ჩანს შემატყო სახეზე დიდი კითხვის ნიშანი და მომიყვა პატარა ისტორია ამ თემასთან დაკავშირებით: „ადრე ჩვენთან შაქარი ისეთი დეფიციტი იყო, რომ მხოლოდ მდიდარ ოჯახებს ჰქონდათ ამის საშუალებაო, და ეს იმდენად დიდხანს გრძელდებოდა, იმდენად დიდი იყო მოსახლეობაში შაქრის დანაკლისი და შესაბამისად მოთხოვნილებაც, რომ როგორც კი თავისუფალ მოხმარებაში შემოვიდა, იმის მერე ყველაფერს ტკბილს ამზადებდნენო“... მართლაც, იქ პურიც კი ტკბილია, პური კი არა მჟავე კიტრიც კი შაქრით მზადდება. ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი შვედეთში და მოუწია შვედური სამზარეულოს დაგემოვნება, დამეთანხმება. დღეს ეს მოთხოვნილება რათქმაუნდა აღარ არის, მაგრამ ტრადიციად დარჩა ყველაფრის დატკბობა და იმდენად მიჩვეულები არიან, რომ ალბათ თაობები დასჭირდებათ ამ ტრადიციის შესაცვლელად.
რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი?? იგივე შემიძლია საბჭოთა კავშირზე და სექსუალურ რევოლუციაზე ვთქვა, თუმცა ამ ისტორიას აღარ მოვყვები, ისედაც ყველას კარგად ახსოვს. იგივე შემიძლია „მშრალ კანონზე“ ვთქვა, ალბათ ყველას თუ არა უმრავლესობას გაქვთ ნანახი ფილმი „ერთხელ ამერიკაში“, აქაც თავად მიხვდებით. აღარაფერს ვამბობ რელიგიურ დოგმატურ აკრძალვებზე, სადაც ელემენტარული ადამიანური ბუნების, მხოლოდ ცუდის კი არა, კარგის გამოვლენაც კი ცოდვა და აკრძალულია, მიუხედავად იმისა, რომ არავის არაფერი უშავდება ამით. რისთვის? რა არის მიზეზი... მიზეზი რელიგიის შემთხვევაში სულის ხსნაა, გავიგე, მაგრამ რა ემართება სულს ყველაფრის აკრძალვით დაფიქრებულხართ? როგორ უნდა იხსნას ასეთმა რელიგიამ ადამიანის სული, როცა საკუთარი თავის სიყვარულს უკრძალავს, სილამაზის დანახვას უკრძალავს, პოეზიას და სიმღერას უკრძალავს (იმიტომ რომ საცდურია), სწავლას და სამყაროს სხვა სიმდიდრეების გაცნობას უკრძალავს.
ნებისმიერი აკრძალვა, რომელსაც არ ეთანხმება შენი სინდისი, შენი შინაგანი სამყარო, დამღუპველია. ის ზე-მორალიც კი, თუკი თანხვედრაში არ მოდის შენს შინაგან ხმასთან დამანგრეველი იქნება, ვინაიდან ამ დროს შენ უბრალოდ ცდილობ მოიქცე „წესიერად“, ისე როგორც საზოგადოებრივმა სისტემამ დააწესა, და არა ისე, როგორც შენი სინდისი გკარნახობს. შენში იწყება გაორება, ბრძოლა, სადაც სამიზნე ყოველთვის სინდისი და შინაგანი ხმა ხდება და არა თავსმოხვეული, დროში გამეფებული წეს-კანონი. შენ ცდილობ ჩაახშო და ჩაკლა შენში ბუნებრივობა, დათრგუნო მუსიკის სიყვარული (რომ არ გაცდუნოს), საკუთარი თავის სიყვარული (იმიტომ რომ „ცოდვილად დაიბადე“), საკუთარ თავთან ერთად რომ იმ ღმერთსაც კლავ, ამაზე აღარავინ ფიქრობს, ცდილობ დათრგუნო ბუნებრივი სექსუალურობა (ქართველი დედა ამას ვერ იკადრებს), შენში ის მიმზიდველობა და სილამაზე, რითაც საპირისპირო სქესს იზიდავ, თუმცა ღმერთს ეს ჩვენთვის არ აუკრძალავს, არ უთქვამს რომ სულ უნდა გავანადგუროთ მთელი შინაგანი სამყარო, არც სექსი აუკრძალავს, არც ბავშვების გაჩენა (რომელიც სხვათაშორის სიყვარულით და სექსით ჩნდებიან). მაგრამ თუკი ყველაფერს გავანადგურებთ ჩვენში, სხვისთვის კი არა საყვარელი ადამიანებისთვისაც კი აღარ დაგვრჩება ეს სიყვარული, და აღარც საკუთარი თავისთვის.
ბევრი მაინც არ დამეთანხმება ვიცი, მაგრამ პრობლემა კონკრეტულად ჩახშობაში კი არ არის, აქ ის სხვა სახით გვევლინება. რეალურად ეს რომ შესაძლებელი იყოს, მაშინ პრობლემაც არ იქნებოდა, ან მინიმუმ ამ სიმძაფრით მაინც არ იქნებოდა. სინამდვილეში პრობლემა ჩახშობა კი არა „ვერ ჩახშობაა“... ის არსად არ მიდის, შენში რჩება შიგნით, და რაც მეტად „ახშობ“, მით უფრო ღრმად.
სად მიდიან არარეალიზებული სურვილები? ემოციები? არსად... ჩვენ მხოლოდ გარეგნულად ვცდილობთ მათ შენიღბვას. აქ მართლა არა აქვს მნიშვნელობა, რომელი სისტემის წესებს ემორჩილები, მთავარია მათ „ნორმებში ჩაჯდე“. ვიღაცისთვის თუ ეკლესიაა „ამკრძალავი ძალა“, ვიღაცისთვის მოქალაქეობრივი ვალია, ან საზოგადოებრივი მორალი, ან თუნდაც სხვადასხვა სულიერი მიმდევრობის ადათები. შენს შინაგან სამყაროს ეს არ აინტერესებს, ის ან გასცემს, ან იღებს. რასაც ვერ გასცემს - იტოვებს, და რაც უფრო დისჰარმონიული და ნეგატიურია ის „რაღაც“, მით უფრო იხრწნება დროთა განმავლობაში. სულ ეს არის მთელი მისი მექანიზმი. უბრალოდ წარმოიდგინეთ რომ შიგნით გაქვთ რაღაც სივრცე, სადაც ნაგავს ყრით, ამ ნაგვისგან არასოდეს ათავისუფლებთ ამ სივრცეს, პირიქით, დროთა განმავლობაში უმატებთ და უმატებთ, და რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ლპება და ყროლდება. წარმოიდგინეთ რომ ჯერ კიდევ „ახალი“ ნაგავი ბევრად ჯანმრთელი, საღი და ბუნებრივია, მისი „გაცემა“ სულაც არ იქნება დიდი დისკომფორტი ვინმესთვის, პირიქით, შეიძლება ბუტერბროდის ნარჩენი რომელიმე ცხოველსაც გაუყოთ, ანუ უფრო გამოსადეგი გადახოთ, ვიდრე საკუთარ სულში ჩააგდოთ და დაალპოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს „სივრცე“ ვერ იქნება უსასრულოდ ტევადი, თქვენით თუ არ გაათავისუფლეთ, რაც მეტს დააგროვებთ, მით უფრო დამახინჯებული სახით ამოხეთქავს. რაც უფრო ჩაახშობთ და დააკონსერვებთ ვნებას, მით უფრო მეტად დამახინჯებული გადახრებით ამოხეთქავს, რაც უფრო ჩაახშობთ წყენას, მით უფრო დამანგრეველ აგრესიად გამოავლენს თავს, პატარა წყენაც კი შეიძლება უსასტიკეს შურისძიებაში გადაიზარდოს, თუკი იქვე, ადგილზევე არ გაანეიტრალეთ.
საბოლოოდ ყველა ნეგატივი, წვეთ-წვეთობით ისეთ სტიქიად იქცევა, რომ შენვე წაგლეკავს და დაგანგრევს. შენ ცდილობ არ შეიმჩნიო პატარა წყენაც კი, იმიტომ რომ თურმე სადღაც, ოდესღაც ბუდამ თქვა, რომ ეს სულიერი განვითარების დაბალ საფეხურზე მიანიშნებს... და შენც ცდილობ იმიჯი შეინარჩუნო. კი, რათქმაუნდა კარგია თუ თავიდანვე არ გწყინს, მაგრამ თუ მაინც გწყინს და უბრალოდ თავს აჩვენებ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ კონკრეტული მორალის ნორმებში ცდილობ ჩაჯდე? ან თუ მიუხედავად სექსუალური აკრძალვისა ვნებას ვერ ერევი? რა ხდება მაშინ? მაშინ ხდება ის რაც უკვე ზემოთ ითქვა.
თავში უკვე ვთქვი და გთხოვეთ, რომ უკანონობის და უწესობის პროპაგანდაში არ ჩამითვალოთთქო. მე არ ვამბობ რომ კარგია „დარღვევა“, რათქმაუნდა მართლაც კარგი იქნება, თუ ჩვენი შინაგანი ხმა დაემთხვევა მორალურ კანონებს, მაგრამ... მე სწორედ მათ გასაგონად ვამბობ, ვისიც არ ემთხვევა და ფორმალურად, წესების დაცვით ფიქრობს რომ „სულს გადაირჩენს“, არა, დამალული ნაგავი არ ნიშნავს რომ ის არ არსებობს, სამწუხაროდ, ის ასჯერ და ათასჯერ მახინჯი ფორმით არსებობს იქ, სადაც გროვდება. მხოლოდ ამის თქმა მინდოდა. ბუნებრივობა არ არის დანაშაული, იმიტომ რომ ყველაფერი ბუნებრივი ლამაზია, დანაშაული მისი დამახინჯება და ამ სიმახინჯის ლამაზად შეფუთვაა.
ერთი აღმოსავლური იგავი გამახსენდა:
მოსწავლე ეკითხება მასწავლებელს, - „როგორ ვისწავლო პატიება?“
მასწავლებელი პასუხობს, - „ეცადე ისწავლო როგორ არ გეწყინოს და საპატიებელიც არაფერი გექნებაო!“
/28.01.2017/
Комментариев нет:
Отправить комментарий