воскресенье, 5 февраля 2017 г.

სადღაც, იქ...

სადღაც იქ, არის სივრცე... სადაც ჯერ კიდევ დაუწერელი სიტყვები ცოცხლდებიან, სადაც ფერდაუდებელი ტილოები პეიზაჟებად იქცევიან, სადაც ნოტებად ვერ ქცეული მელოდიები, სიმფონიებად იღვრებიან, სადაც გაუფიქრებელი ფიქრები თავაშვებულ ქარებს ედევნებიან, ფიქრები, რომლებიც ჯერ არავის გონს არ შეხებიან...
იქ, სადაც გაუშლელი ფრთები ფრენას სწავლობენ, სადაც ფეხით გასრესილი კოკრები ვარდებად იშლებიან, სადაც მზის სხივები, მთვარის ალერსს ნებდებიან, სადაც ღრუბლები - ზღვებს უერთდებიან...
იქ, არის სივრცე... სადაც შიში დაბადებას ვერ ასწრებს, სადაც ვერ დატეული სიცოცხლე ახალ რითმს იწყებს, სადაც გამოუთქმელი გრძნობა, ტკივილისგან დაცლილ გულს ელის, სადაც სიყვარულს - გემო აქვს ღმერთის ამბორის...
იქ... სადაც თვალები სულის სიშიშვლეს ეზიარებიან, იქ... სადაც შეუხებელი თითები სახეზე გვეფერებიან, სადაც მელოდება შენი სუნთქვა, ჩემამდე ვერ მოღწეული, სადაც მელოდება შენი ხმა, ამოუთქმელი და მოუწვდენელი...
არის ასეთი სივრცე... სადაც მე შენ დაგელოდები.
/05.02.2017/

Комментариев нет:

Отправить комментарий