ყოველთვის, როცა...
დაუნანებლად ვთმობდი სამოთხეს...
ვიდრე სასაფლაოდ აქცევდა ილუზია ჩემს მოგონებებს;
როდესაც გამარჯვებამდე სულ ერთი წამით ადრე
ვტოვებდი ბრძოლის ველს,
ვიდრე ბოლო ამოსუნთქვას შევწირავდი ომის სიბრიყვეს;
როცა ბედნიერებას, ტახტზე ასულს, ვუთმობდი სიცოცხლეს,
ასე სათუთს და ასე ნაფერებს...
როცა ფიქრებს, ზღვარგადასულს, უდარდელად ვატანდი ქარებს,
სულ ერთი წამით ადრე,
დავიწყებამდე...
რომ შერწყმოდნენ ქათქათა ღრუბლებს.
ყოველთვის, როცა...
მძივებად ვკრავდი ნამსხვრევებად დაფლეთილ გრძნობებს,
თილისმად რომ დავატარებდი გულზე აბნეულს;
როცა გასათბობად ცეცხლს ვანდობდი გათოშილ ცრემლებს, -
გზააბნეულებს, სიცივისგან გაფითრებულებს...
როდესაც მზიან ქვიშაზე ვიწვავდი ფეხის გულებს,
სხეულს მიღმა რომ შეეცნოთ ტალღების ბრიზი;
სულ ერთი წამით ადრე!
ტკივილის გაყუჩებამდე!..
როცა მბორგავ სულს მომღიმარი ვაცლიდი სხეულს,
ცოდვისგან დაღლილს...
...არ იყო გვიანი!
სანამ ნამსხვრევებში ჯერ კიდევ ფეთქავდა გრძნობა,
სანამ სხეულის გაყინვამდე, სული ჯერ კიდევ თრთოდა,
სანამ ტრიუმფი თავს სიყვარულს სწირავდა... თმობდა...
“გამარჯვებამდე” ვტოვებდი ბრძოლის ველს!..
სულ ერთი წამით ადრე...
სანამ ჯერ კიდევ არ იყო გვიანი.
/02.01.2017/
Комментариев нет:
Отправить комментарий