пятница, 27 января 2017 г.

სიყვარულს ყოველთვის ჰქონდა ფასი, ვინც არ უნდა თქვას, რომ ის შეუფასებელია... რეალურად სიყვარული ყველაზე "ძვირი" სიამოვნებაა ამქვეყნად, ის მსხვერპლად შენს თავს ითხოვს, შენი ეგოს "სიცოცხლეს".. სიყვარული და ეგოიზმი ერთად ვერ თანაარსებობენ, ამიტომაც არის სიყვარული მტკივნეული, ის შენს ეგოს ცეცხლში ატარებს იქამდე, სანამ ბოლომდე არ დაიწვება. მტკივნეულია ეგოსთვის სიკვდილის პროცესი და ბოლო წვეთამდე იბრძვის, ეწინააღმდეგება.. მაგრამ.. "ძვირი" და "მტკივნეულია" მხოლოდ ეგოსთვის და არა სულისთვის. თუ ეგომ ვერ გაუძლო და დაიწვა, სული თავისუფლდება. სიყვარულს მართალია სიკვდილი მოაქვს ეგოსთვის, მაგრამ თავისუფლება - სულისთვის. ეს მუდმივი ბრძოლაა ჩვენს გულებში უამრავი სახელით წოდებული… მე არ ვიცი რა არის სიყვარული, მაგრამ მე ვიცი როგორ მოქმედებს ის ჩვენს სულებზე.
„სიყვარული სულის სინათლე და ცეცხლიაო, მზეაო...“, ვამბობთ, და ჩვენამდეც არაერთხელ და არაერთს უთქვამს ეს. ბევრი სიყვარულში სინათლის მხოლოდ დადებით მხარეებს მოიაზრებს, მხოლოდ სითბოს, სხივებს თვალებში და ყვავილობას ხედავს... არადა, სინათლეს, ცეცხლს და მზეს ბევრი ისეთი თვისებაც აქვთ, რომელიც სულაც არ ჰგავს ვარდებით მოფენილ ბილიკებს. სინათლე ხომ ბნელ, მიჩქმალულ კუთხეებს ავლენს, ხანდახან აბრმავებს კიდეც, ცეცხლი - წვავს, მზე - უდაბნოდ აქცევს, ანადგურებს მიწას, შენს სხეულს...
როდესაც ადამიანის გული იხსნება და მასში სინათლე შედის, გარდა მისი იმ დადებითი მხარისა, რომელშიც თავისთავად მოიაზრება თვითონ სინათლე, ბევრ მის ბნელ კუთხეში დამალულ და მიმწყვდეულ ფობიებსაც ააშკარავებს, ისინი ვეღარსად იმალებიან. შიშისთვის დამახასიათებელი ფართოდგახელილი თვალებით შეჰყურებენ თავიანთ „მტერს“ - სინათლეს, და ცდილობენ ან ახალი ბნელი ადგილი მოძებნონ დასამალად, ან მათი „სამფლობელოდან“ გააძევონ დაუპატიჟებელი სტუმარი (სიყვარული ხომ ყოველთვის დაუპატიჟებლად ეწვევა ხოლმე ადამიანთა გულებს)... ამიტომ ცდილობენ ყველანაირი ხერხით მოიშორონ, ჩაქოლონ, ცივი წყალი გადაასხან... ჩააქრონ და იდილია დაიბრუნონ. რა გასაკვირია, რომ მტკივნეულია მათთვის. ყველა შიში და ფობია ხომ ეგოს მოკავშირეა და არა სულის.
კი... ლამაზია ნამდვილად, ლამაზად ჟღერს სიყვარულზე ნამღერი უამრავი ლექსი თუ სიმღერა. ლამაზად ჩანს შორიდან ის, რასაც პოეტები აღწერენ, ყველას უნდა მხოლოდ ასე ლამაზად აღწერილი იგრძნოს, მაგრამ არა ის, რა ტანჯვასაც აქამდე მიყავს სიყვარულით ანთებული გული. სიყვარული არ არის ტკივილი, მაგრამ სიყვარულამდე „გასავლელი გზა“ არის მტკივნეული, რომლისაც ეშინია ეგოს მიერ დაპყრობილ და დამონებულ გულს. ეშინია ეგოს, თვითონ შიშშაც კი ეშინია, რომ არ დაკარგოს ბნელი და მყუდრო თავშესაფარი - კომფორტის ზონა.
...ხედავ შენში ამ შიშებს, ფობიებს, და სურვილი გიჩნდება სასწრაფოდ დახურო ასე ფართოდ გაღებული გულის კარი, რომ არავინ შეიხედოს შენს გარდა... არა, რა შენს გარდა... სხვამ კი არა, შენც რომ ვეღარ დაინახო, ისე ჩარაზო და დაატყვევო ეს სინათლე, რომ მასთან ერთად შიშებიც მიამწყვდიო და დაივიწყო, თითქოს არც არსებობენ. არა, ისინი არსად არ მიდიან. ამ დროს იქ იწყება გაუთავებელი ბრძოლა, სანამ ან ერთი, ან მეორე არ დამარცხდება, არადა... გული რომ არ დაგეხურა, რომ არ „შეგრცხვენოდა“ იმის, რაც სინამდვილეში არც ხარ, ხომ მისცემდი საშუალებას სინათლეს, რომ გამოედევნა ყველაფერი „შენი პანდორას ყუთიდან“?..
მხილებული შიში იმდენად საცოდავი ხდება, რომ ძალას და ბრძოლისუნარიანობას კარგავს. მთავარია კარი გაუღო და ის თავისი ფეხით წავა, ის ნებით არასოდეს გაჩერდება იქ, სადაც იცის, რომ დაიწვება... წავა და სხვა ბნელ კუთხეს იპოვის... სხვაგან. ამ დროს მთავარია გაუძლო... გაუძლო შენც და იმანაც, ვისი სინათლეც შემოიჭრა შენში. სიყვარული ხელში არ უნდა ჩაუგდოთ შიშს. საშიში არაფერია, ნუ დაუხურავთ კარს ერთმანეთს და ბოლომდე მიეცით ერთმანეთს გათავისუფლების საშუალება (პირდაპირი გაგებით, თავისუფლება რომ მოიპოვოს სულმა). ამ დროს მთავარია არ შეგეშინდეთ... უბრალოდ გიყვარდეთ!
და ბოლოს... მაინც გავიმეორებ ათასჯერ ნათქვამ და გამეორებულ სოკრატეს სიტყვებს “ყოველ ადამიანშია მზე, ოღონდ აცადეთ ანათოს”.
/27.01.2017/

Комментариев нет:

Отправить комментарий