пятница, 4 декабря 2015 г.

გზა ოკეანისკენ

შუაგულ უდაბნოში, სამყაროსგან მოწყვეტილ უზარმაზარ და ულამაზეს ქალაქში, უამრავი ადამიანი ცხოვრობდა ყოველდღიური ცხოვრებით. აქ ცხოვრობდნენ ვაჭრები, დიდგვაროვნები, სწავლულები, მეომრები, უბრალო ადამიანები და მონები.. თითოეული მათგანი ემორჩილებოდა მეფეს... ვისაც როგორ შეეძლო ისე: ზოგს მისი ეშინოდა, ზოგი ცდილობდა მისი კარგი განწყობის მოპოვებას, მოსყიდვას, ზოგიც ეპირფერებოდა, ზოგს კი უყვარდა..
ყველა ემორჩილებოდა, მაგრამ ზოგის მორჩილებას შიში განაპირობებდა, ზოგის საკუთარ მომავალზე ზრუნვა, მხოლოდ ერთეულების მორჩილების მიზეზი იყო სიყვარული. ვაჭრები ცდილობდნენ ძღვენით მოეპოვებინათ მისი კეთილგანწყობა, დიდგვაროვნები ყოველ მის სიტყვას ფარისევლური ღიმილით ეგებებოდნენ და მის გვერდით საპატიო ადგილს უმიზნებდნენ, სწავლულები ცდილობდნენ რამით გაეკვირვებინათ მეფე და მისი შექებით სახელი მოეხვეჭათ, მეომრები მის ბრძანებას ასრულებდნენ ომის დროს, მაგრამ პასუხისმგებლობას თავის თავზე არავინ იღებდა, მონებს ეშინოდათ და ერჩივნათ ზუსტად სცოდნოდათ როგორც მოვალეობა, ასევე სასჯელი, რადგანაც შიში მეტის უფლებას არ აძლევდა მათ.. უბრალო ადამიანებს კი (რომლებიც ძალიან ცოტანი იყვნენ ქალაქში), უყვარდათ მეფე და ცდილობდნენ ზედმეტად არ შეეწუხებინათ ის, ყველა თავის საქმეს აკეთებდა, რომ მისთვის ამხელა ქალაქის ტვირთი ცოტათი მაინც შეემსუბუქებინათ.
მიუხედავად მეფის გარეგნული ბრწყინვალებისა, მისთვის ძალიან მძიმე იყო ამხელა ქალაქის მართვა და ამდენ ადამიანზე აღებული პასუხისმგებლობა. ის ძალიან კეთილი იყო და არავის აგდებდა ქალაქიდან, თუმცა ქალაქის კარი ყოველთვის ღია იყო და მონასაც კი ნებისმიერ დროს შეეძლო იმ კარიდან გასვლა, მაგრამ.. ქალაქის კედლების გარეთ გაშლილი თვალუწვდენელი უდაბნოსი ყველას ეშინოდა, ამიტომ ისევ მონობა ერჩიათ. მათ ზუსტად იცოდნენ, რომ თუ მოემსახურებოდნენ, სანაცვლოდ საკვებს მიიღებდნენ, თუ მოიპარავდნენ - დაისჯებოდნენ. მარტივი იყო.. სამაგიეროდ სხვა ნებისმიერ საქმეზე პასუხისმგებელი მხოლოდ მეფე იყო, მათ შორის მათზეც.
ერთხელ ერთმა მონამ, რომელიც დაიღალა მონობით, და რომელსაც ყოველ ღამე უკიდეგანო ლურჯი ოკეანე ესიზმრებოდა საითკენაც უდაბნოს ქარები მიიქროდნენ, მიუხედავად გაურკვევლობის შიშისა, რომელსაც ამ უსასრულო ქვიშის სივრცის მიღმა ხედავდა, გადაწყვიტა ენახა რა იყო უდაბნოს იქით.. ის არავის შეუჩერებია, მხოლოდ ადამიანების შიშნარევი და გაკვირვებული შეძახილები გაყვა რამოდენიმე ასეულ მეტრზე...
კარის ზღურბლს გადააბიჯა თუ არა, მიხვდა რომ ამ წუთიდან ყველაფერი მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული, წინ წასვლაც და უკან დაბრუნებაც, თავისუფლებაც და მონობაც, უსასრულობაში დაკარგვაც და განსაზღვრულობაში ჩაკეტვაც, ყოველი ნაბიჯი და ქმედება მხოლოდ მისი ნება იქნებოდა, მას არავინ გაკიცხავდა ამის გამო, არავინ დასჯიდა, არც არავინ შეაქებდა, მან ისიც კი არ იცოდა რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა.. დანამდვილებით მხოლოდ ის იცოდა, რომ ნებისმიერი შედეგი მხოლოდ მისივე მიზეზით იქნებოდა გამოწვეული. მან იცოდა რომ ვეღარ გაჩერდებოდა.. ვერ გაჩერდებოდა იქამდე, სანამ ბოლომდე არ გაყვებოდა ქარს და არ გადალახავდა უდაბნოს, იცოდა რომ თუ დანებდებოდა დაიღუპებოდა, იცოდა რომ მას აღარ ჰყავდა მეფე, და პასუხისმგებელიც მხოლოდ თვითონ იყო საკუთარ თავზე.
... ეს იყო ურთულესი გზა, გზა თავისუფლებისკენ, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვდა. გზა სადაც თავის მცდარ თუ სწორ გადაწყვეტილებას ვერ დააბრალებდა ვერავის.. ის ბოლომდე მიენდო ქარს და გაყვა მის ქროლვას.. ქარმა, რომელსაც არაერთხელ მოუტანია ოკეანის სუნთქვა სიზმრებად, ზუსტად იცოდა ეს გზა.. გზა ოკეანისკენ, რომელიც თვალით არ ჰქონდა ნანახი ქალაქის არცერთ მაცხოვრებელს, თვით მეფესაც კი.. ამიტომ არავინ დაუჯერებდა და უკან დაბრუნებაში აზრს ვერ ხედავდა.. მხოლოდ უდაბნოს ქარებს სთხოვა, რომ სხვებთანაც მიეტანა ოკეანის ბრიზი სიზმრებად..
/04.12.2015/

Комментариев нет:

Отправить комментарий