четверг, 17 декабря 2015 г.

როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება...

“უსიყვარულო სიცოცხლე სიცოცხლე არ არის. ნუ ეკითხები საკუთარ თავს, როგორ სიყვარულს ეძებ, სულიერსა თუ ხორციელს, ღვთიურსა თუ მიწიერს, დასავლურსა თუ აღმოსავლურს... ამგვარ გამიჯვნას მხოლოდ დაწვრილმანებისაკენ მივყავართ. სიყვარული განსაზღვრებებს ვერ იტანს; იგი სუფთაა და მარტივი. სიყვარული სიცოცხლის წყალია, ხოლო შეყვარებული ადამიანი - ცეცხლის სული. სამყარო სხვაგვარად იწყებს ბრუნვას, როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება”. /შამს თაბრიზი/
ორი საწყისი, რომელიც ყველა რელიგიაში, ფილოსოფიაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში თუ მეცნიერებაში გვხვდება, ეს არის მამაკაცური და ქალური საწყისი. ორი პოლუსი ერთი მთლიანის, ორი უკიდურესობა, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ცნება, რომელიც ყოველთვის ერთი მთლიანის ნაწილია. მათ შორის ყოველთვის არის აქტიურობა, ხან მიზიდვის, ხან კი განზიდვის სახით. მათ შორის მუდამ იყო ბრძოლაც და შერიგებაც, უარყოფა და მიღება.. მაგრამ, ყველაზე მთავარი ამ ორს შორის, სწორედ მათი კავშირია.. ანუ მესამე.
რამდენი სახელით არის ცნობილი ეს საწყისები: მამაკაცური და ქალური, იანი და ინი, სინათლე და სიბნელე, დღე და ღამე, მზე და მთვარე, ცეცხლი და წყალი, აქტიური და პასიური, შემოქმედი და აღმქმელი, გამცემი და მიმღები, სულიერი და ფიზიკური, ექსტრავერტი (აქცენტი გარე სამყაროზე) და ინტრავერტი (აქცენტი შიდა სამყაროზე), თეთრი და შავი და ა.შ. ძალიან შორს წაგვიყვანს მათი ჩამოთვლა, ჩვენი მიზანი მხოლოდ მათ შორის კავშირის დანახვაა და არა მათი ფორმების და შუქჩრდილების გარჩევა. მხოლოდ ამ კავშირის დანახვით შევძლებთ ორივე პოლუსის ერთ მთლიანობად აღქმას. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ ამ ორ ობიექტზე და მხედველობიდან გვრჩება ის “მესამე” დამაკავშირებელი ძაფი, რომლის გარეშეც არაფერს აზრი არ ექნებოდა, მოქმედება არ შედგებოდა, ესეიგი იქნებოდა უსიცოცხლო და მკვდარი. სწორედ ეს კავშირია სიცოცხლე, ქმედება.
ორპოლუსოვანი ხედვა ანუ დუალიზმი, ამ ერთიანობას ყოფს და მხოლოდ ცალცალკე ობიექტებად წარმოგვიჩენს მათ. შედარებით მაღალი საფეხურებიდან ხსნიან მის არსს სულიერი ცოდნები, სადაც მონიზმი ძირითადი აქცენტია. თითქოს დაფარულად, მაგრამ მაინც საკმაოდ თვალნათლივ ჩანს ისეთ მოძღვრებებში, როგორიცაა ბჰაგავად-გიტა, სუფიზმი, დაოსიზმი, ახალი აღქმა და ა.შ. ყველგან ჩანს არა ორი, არამედ სამი ასპექტი: სუბიექტი, ობიექტი და მათ შორის კავშირი, ანუ ქმედება.
ბჰაგავად-გიტაში, როდესაც კრიშნა ეუბნება არჯუნას: შემმეცნებელი, შესამეცნებელი და შემეცნება ერთიაო, კარგად ჩანს მონიზმის სამი ასპექტი. სუფიზმში იგივე არსი ჩანს სიყვარულში, როდესაც მოყვარული, საყვარელი (სუფიზმში ღმერთს მიმართავენ ასე - Возлюбленный) და სიყვარული ერთიანდება, როგორც ერთი მთელი. პურუშას (შემქმნელი) და პრაკრიტის (მისი ბუნება), შივას და შაკტის სწრაფვა ერთმანეთისკენ სხვა არაფერია თუ არა სამის ერთობა. ქრისტიანობაში სამების პრინციპი ქრისტეს, მამის და სულიწმინდის სახით არის წარმოდგენილი. ყველგან ფიგურირებს სუბიექტი როგორც შემმეცნებელი, ან მოყვარული, რომელიც ისწრაფის ღვთაებრივთან შერწყმას, და ასევე ობიექტი, რომელიც ყველა სუბიექტის საბოლოო მიზანია, ქმედება კი მასში განზავებაა.
“როდესაც ადამი შეიცნობს ევას, ის ხდება მამა” /ალ-ფარიდი/. შეცნობა ხდება ყველგან, ყველა საფეხურზე და შრეზე. ფიზიკურიდან და მატერიალურიდან დაწყებული, სულიერით დამთავრებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს მათ ურთიერთგამორიცხვას. ფიზიკურ საფეხურზე ეს სიტყვები შეგვიძლია პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ, თუმცა სულიერ საფეხურზე “მამობას” სხვა დატვირთვა აქვს. (ის რაც ზემოთაა - ქვემოთაც არის, ის რაც ქვემოთაა - ზემოთაც არის) ვინაიდან ჩვენ ხილული ანარეკლი ვართ უხილავის, მატერიალურ პლანზეც იგივე ხდება რაც არამატერიალურზე. შემეცნების გარეშე ვერ დავინახავთ იმ მეორე მხარეს, რომელიც რეალურად ჩვენივე ნაწილია, ამისთვის საჭიროა შევიყვაროთ და მივიღოთ დუალისტური ნახევრები, და არა ვებრძოლოთ მათ.
რეალურად ის “ნახევრებიც” ჩვენივე მთლიანის ნაწილია, ანუ ჩვენ ვართ. ამიტომაც არის სამი - ერთი. შემმეცნებელი თავადვე შეიმეცნებს საკუთარ თავს, რომელიც შესამეცნებელია. მოყვარული განზავდება საყვარელში (ღმერთში), ისევე როგორც ადამი ევაში, როცა უყვარს.. და ხდება ერთი. პურუშა ღვთიური სიმაღლიდან ეშვება პრაკრიტის შესაცნობად და პრაკრიტი ისწრაფის ზემოთ, რომელთა შეხვედრის ადგილიც გულია. ვერც შეცნობა და ვერც შეყვარება ვერ მოხდება რომელიმე საწყისის უარყოფით, მხოლოდ მიღებით არის შესაძლებელი ამ კავშირის ძაფის დაჭერა. ჩვენი უარყოფით ამ ძაფებს ვწყვეტთ და ვკარგავთ კონტაქტს ჩვენივე საწყისთან.
გამოდის რომ ჩვენ რაღაც ეტაპზე გვჭირდება “ობიექტი”, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამთ ჩვენს ნაწილად, ობიექტი რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ, მაგრამ უნდა ვისწრაფოდეთ სიყვარულით. ამ ეტაპზე ის ჩვენი სარკე ხდება და მხოლოდ ამ სარკეში ჩახედვის შემდეგ დავინახავთ საკუთარ თავს და შევიცნობთ მას (ვიცნობთ). ამიტომ ამბობს რამაკრიშნა: “რაც უფრო მეტად გვიყვარს ადამიანი, თანაც ჩვენგან ყველაზე უფრო განსხვავებული, მით უფრო ახლოს ვართ ღმერთთან”.
...სიყვარული და შემეცნება ერთია, და იწყება მხოლოდ საკუთარი თავიდან. “როგორც კი პირველი ისტორია მოვისმინე სიყვარულზე, მაშინვე შენს საძებნად გამოვემართე, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რამდენად ფუჭი იყო ეს მცდელობა. შეყვარებულებს არსად არ უწერიათ შეხვედრა, ვინაიდან თითოეული მათგანი ისედაც მუდმივად არსებობს მეორეში” ...რათქმაუნდა აქ რუმი იმ ღმერთზე საუბრობს, რომელიც ყოველთვის ჩვენშია, რომელსაც მხოლოდ მაშინ შევიმეცნებთ, როდესაც საკუთარ თავს ჩავუღრმავდებით და იქ ვიპოვით მას, და მხოლოდ მაშინ შევძლებთ ამას თუ საკუთარ თავს შევიყვარებთ. ამ ფრაზაში კარგად ჩანს რომ ის “ობიექტიც” ჩვენშივეა, და თუ საკუთარ თავს ვუარყოფთ, ვერასოდეს შევიყვარებთ და შევიმეცნებთ მას, მაგრამ საკუთარ თავში ნუ მოვიაზრებთ “ეგოს”, რომელიც ყველა წინააღმდეგობის და ბარიერის მიზეზთა მიზეზია. სწორედ ეგო არის ის ფარდა, რომელიც ხელს გვიშლის ჩვენი პირველსაწყისი დავინახოთ და დუალიზმის ილუზია მოვიშოროთ. სანამ ეგო ცოცხალია, ყოველთვის ეცდება საკუთარ თავთან (დუალისტურ ნახევრებთან) ბრძოლაში ჩაგვითრიოს, და მტრის ილუზია შეგვიქმნას მათი სახით, როდესაც რეალური მტერი მხოლოდ თავადაა. ...if you want to live, die in Love... სწორედ ეგოს ეუბნება რუმი...
ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენივე მეორე “ნახევრის” მიღება და შეყვარება, როგორიც არ უნდა იყოს ის, კაცმა უნდა შეიყვაროს ქალი, სინათლემ - სიბნელე, დღემ - ღამე, მზემ - მთვარე, ცეცხლმა - წყალი, სულიერმა - ფიზიკური, თეთრმა - შავი... და პირიქით. და აქ მთავარი ნათელი და ბნელი, ან ცეცხლი და წყალი კი არაა, მათ შორის კავშირია, რომელსაც სიყვარული ქვია.
P.S. “ცხოვრებაში, რომლის სიგრძეც ნახევარი ამოსუნთქვაა, არაფერი დაგეგმო, სიყვარულის გარდა...”
/17.12.2015/

Комментариев нет:

Отправить комментарий