- “ჩვენ არ შეგვიქმნია სიყვარული. ჩვენ მზით ვხარობდით და ერთმანეთს შევცქეროდით. ჩვენ ვუსმენდით ქარს და წინ მივიწევდით, იმიტომ რომ გზა ერთი გვქონდა”.
/ალ კვოტიონ/
იცით, არც კი ვიცი რომელი ერთი ცნობილი ადამიანის ცნობილი ფრაზა გავიხსენო მზეზე, ან რა საჭიროა, ისედაც ყველამ ვიცით, ყველას გვახსოვს.. აი თუნდაც ის, სოკრატემ რომ დაგვიტოვა საუკუნეების მიღმა: “ყოველ ადამიანშია მზე, ოღონდ აცადეთ ანათოსო”.. ან თუნდაც დოსტოევსკის, მსუბუქად რომ ვთქვა დამაფიქრებელი სიტყვები: “საოცარია, რისი გაკეთება შეუძლია მზის ერთ სხივს ადამიანის სულისთვისო”...
ნეტავ რას გულისხმობდნენ? ნუთუ უბრალოდ სიტყვები დაგვიკომპლექტეს ლამაზად, და სულ ეს არის?.. სიტყვები რათქმაუნდა ყველას გვახსოვს, ყველა ადამიანში იწვევს რაღაც შორეულ ნოსტალგიურ განცდას და სადღაც შიგნით გვათბობს, მაგრამ ვერ ვხვდებით რატომ.
მე კი მგონია, რომ ეს სიტყვები სულაც არ არის მხატვრული.. და საერთოდაც, მხატვრულს ვეძახით იმას, რასაც პირდაპირ ვერ ვიგებთ. არა, ამ ადამიანებმა ნამდვილად იცოდნენ რასაც წერდნენ, და ყველანაირი შეფარვის გარეშე, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, მაგრამ.. ჩვენ ვიგებთ? საკმარისად ფართოა ჩვენი “ყურები” ამ სიტყვების მოსასმენად და დასატევად?
მზეზე ამოთქმულ ყველა იმ ფრაზას, რაც ჩვენ ალეგორიად მიგვაჩნია, ჩვენი სმენა მხოლოდ ლამაზ ჟღერადობად აღიქვამს, თვალი - ლამაზ გამოსახულებად.. მაგრამ მათი ხედვის არეალი ძალიან ვიწროა. მისი დატევა მხოლოდ სულს შეუძლია თავისი სიფართოვით.
მზე ბევრ ცნებასთან ასოცირდება.. არა, მე უფრო ვიტყოდი რომ ბევრი სინონიმი აქვს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამიტომ, ყველა იმ ფილოსოფიურ, მხატვრულ თუ ალეგორიულ ფრაზაში, სადაც ნახსენებია მზე, შეგვიძლია პირდაპირი მნიშვნელობა ამოვიკითხოთ, თუკი გავიხსენებთ რა დატვირთვა ჰქონდა მას იმ კონკრეტულ ფრაზაში.
მე გავბედავ და ამ სინონიმებს გავაჟღერებ. რათქმაუნდა შეიძლება ძალიან რაციონალური მოგეჩვენოთ თავიდან, მაგრამ თავხედურად ვიყენებ ჩემი სუბიექტური აზრის გამოთქმის უფლებას და ვიტყვი, რომ მზის სინონიმებია (პირდაპირი გაგებით, რომელიც ძალიან ხშირად გვხდება ეზოთერულ და სულიერ სწავლებებში):
ღმერთი, სიყვარული (უპირობო), სიბრძნე, ინფორმაცია (ანუ ცოდნა, შემეცნება), სინათლე (გონების), გასხივოსნება (святость), საკვები (სულიერი), პრანა (სუნთქვა), ენერგია (ცი), სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ძალა, გაღვიძება (пробуждение, озарение), თავისუფლება, სითბო (შინაგანი)... და ა.შ.
ღმერთი - რომელიც ძალიან ბევრ რელიგიურ მოძღვრებებში გვხდება. მათ ჩამოთვლას აქ არ დავიწყებ, თუმცა ერთს ვიტყვი, რომ მხოლოდ ძველ რელიგიებში კი არა, ახალშიც ხშირად გვხვდება შეფარულად. (ხოლო რატომ არის “ღმერთი” ეს სხვა სინონიმებში გამოჩნდება). აქვე გავაკეთებ გადასვლას შემდეგ სინონიმზე, მზე - ღმერთია, ღმერთი - სიყვარულია.. სიყვარული - ჩვენშია. ასე რომ მართალი იყო სოკრატე, ანათეთ მზე თქვენში!
სიყვარული - მზესთან ყოველთვის ასოცირდებოდა, რადგანაც მზე ყოველთვის უპირობოდ გასცემს თავის სითბოს და სინათლეს ყველასთვის. მზე, როგორც ადამიანის გული, სიყვარულის გენერატორი, არც თუ ისე იშვიათად გვხვდება ლიტერატურაში, განსაკუთრებით აღმოსავლურში. რატომ? ვიცი რომ ფიზიკით და ზოგადად მატერიალურით არ აიხსნება ეს ფენომენი, მაგრამ რისი ახსნაც აქამდე უცდიათ ჩვენს წინაპრებს, მხოლოდ ამის დაფიქსირებას ვცდილობ. ხოდა, მინდა კვანტური ფიზიკა მოვიშველიო და ჩვენს ცხოვრებაში მზის ნაწილაკის - ფოტონის უდიდესი მნიშვნელობა ავღნიშნო. ფოტონი არის ყველა ცოცხალი ორგანიზმის საკვები, განსაკუთრებით ეს თვალნათლივ ჩანს მცენარეებზე. ადამიანს კი თავად აქვს უნარი გამოიმუშაოს ფოტონი, რეალურად ყველა ადამიანი გამოყოფს ფოტონს გარკვეულ სიხშირეზე, მაგრამ რაც უფრო მაღალია სიხშირე, მით უფრო შეუძლია “კვებოს” საკუთარი თავი, და აღსანიშნავია ის, რომ ამ სიხშირეზე ყოფნა ადამიანს მხოლოდ უპირობო სიყვარულის დროს შეუძლია. ასეთ ადამიანებს “Солнцеед”-ებს ეძახიან, იგივეა პრანის შემთხვევაშიც.
სიბრძნე, ინფორმაცია (ანუ ცოდნა, შემეცნება), სინათლე (გონების), გასხივოსნება (святость), საკვები (სულიერი), პრანა (სუნთქვა) - შეგვიძლია ერთად განვიხილოთ, ვინაიდან ძალიან პირდაპირი და ღრმა კავშირია მათ შორის. რეალურად პირდაპირი კავშირი ყველა დანარჩენსაც იგივე ძალით აქვს, მაგრამ აქ მისი დანახვა უშუალოდ არის შესაძლებელი. როგორც უკვე ავღნიშნე ზემოთ, მზის ენერგიით და პრანით კვება რეალურად ერთიდაიგივეა, ამ მდგომარეობის მიღწევა კი ადამიანს უპირობო სიყვარულის დროს შეუძლია.. და რა არის სულიერი საკვები, თუ არა ადამიანის ცნობიერების და სულიერი მდგომარეობის ამაღლება, რომელსაც მას სულიერი ცოდნა და სიბრძნე აძლევს. ამიტომაც ეძახიან ცოდნას - სინათლეს. ამიტომაც ითვლებიან ასეთი სინათლის მატარებლები “გასხივოსნებულად” აღმოსავლეთში და “წმინდანებად” (святые) დასავლეთში. ნებისმიერ შემთხვევაში ამ მდგომარეობის მიღწევა საბოლოოდ მაინც უპირობო სიყვარულით არის შესაძლებელი. ამ დროს ადამიანი თავად ასხივებს სინათლეს, ანუ სიყვარულს და წვდება იმ სულიერ სიღრმეებს, რაც ბრძენად აყალიბებს მას. ალბათ ვერ გაიხსენებთ ვერცერთ გასხივოსნებულ თუ წმინდანად შერაცხულ ადამიანს, რომელსაც თუნდაც ერთი ადამიანი სძულდა.
ენერგია (ცი), სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ძალა - ენერგიაზე და სასიცოცხლო ძალებზე ბევრი ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ, რადგანაც ვთვლი, რომ ყველასთვის ისედაც ნათელია მზის წვლილი ამ სფეროში. მაგრამ მინდა ჯანმრთელობის თემას შევეხო, და აქაც მხოლოდ ზოგადად ვიტყვი, რომ ფოტონს, ისევე როგორც ფიზიკურ დონეზე, ასევე სულიერ დონეზეც სრულიად შეუძლია ადამიანის განკურნება. ფოტონის დასხივება დღეს მედიცინაში ფართოდ გამოიყენება, მაგრამ იგივე ეფექტის მიღება ადამიანს თავადაც შეუძლია, ხელოვნური ჩარევის გარეშე - უპირობო სიყვარულით. აქვე ვიტყვი, რომ უპირობო სიყვარული აბსოლუტურად გამორიცხავს დესტრუქციულ ემოციებს, როგორიცაა მაგ: შიში ან სიძულვილი, რომელიც ყველა დაავადების თავდაპირველი მიზეზია. შიში და სიძულვილი ძალიან დიდი დოზით გვართმევს სასიცოცხლო ენერგიას. საკმარისია ადამიანმა ბოლომდე გააცნობიეროს დესტრუქციული ემოციების არსი, მათი მოქმედება ფსიქიკაზე და სხეულზე და შედეგი არ დააყოვნებს.
გაღვიძება (пробуждение, озарение) - ეს პუნქტი შეგვეძლო სიბრძნე, სინათლე და გასხივოსნებასთან ერთად განგვეხილა. მაგრამ არის ერთი პატარა ნიუანსი, რაც მას ზემოთხსენებულებისგან გამოარჩევს. ეს გამა სიხშირეა, რომლის დროსაც ადამიანის ტვინი სრულიად გამოდის ძილის ფაზიდან. ყველამ ვიცით რას ნიშნავს “ძილი”-ს მდგომარეობა სულიერი გადმოსახედიდან. ამ მაღალ სიხშირეს ადამიანის ტვინი ვერ უძლებს, თუ მისი სულიერი მდგომარეობა სავსეა დესტრუქციული აზრებით და ემოციებით, რომელიც სიყვარულის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს. ჩვენ თავად ვქმნით ჩვენივე რეალობას აზრებით. ნებისმიერი სიტყვა, თუნდაც გაფიქრებული, ყველაფერს ცვლის ჩვენ გარშემო. ძილის მდგომარეობაში ადამიანი ვერ აღიქვამს მის მნიშვნელობას ისე ნათლად და მკაფიოდ, როგორც გაღვიძებისას, ზუსტად ისევე, როგორც ჩვეულებრივ სიზმარში ვერ ვაკონტროლებთ ჩვენ ქმედებებს. ნებისმიერი ნეგატიური აზრი, სიტყვა თუ ქმედება - სიყვარულის ნაკლებობაა, რაც ხელს უშლის ადამიანის გაღვიძებას.
თავისუფლება - როდესაც ჩვენი ქმედებების და მათი შედეგების არ გვეშინია, როდესაც არ გვმართავს შიში და სიძულვილი. თავისუფლებაა - იყო ის რაც ხარ... რადგანაც ეს ერთადერთია რასაც ვერავინ წაგვართმევს. ეს არის ის რაც ჩვენშია, რაც ჩვენ თვითონ ვართ - ეს სიყვარულია, რომელიც მზესავით ანათებს ჩვენში.
არ მიყვარს მენტორული ტონი და მოწოდებები, როგორიცაა მაგალითად: გაიღვიძეთ ხალხო! ან გამოფხიზლდით! ისწავლეთ! თავს ნუ იღუპავთ.. და ა.შ. სამყარომ ჩვენზე უკეთ იცის როდის რა არის ჩვენთვის საჭირო, ზოგისთვის სიფხიზლე, ზოგისთვის ძილია აუცილებელი ამ ეტაპზე, აი ზუსტად ისე, როგორც რეალურ ცხოვრებაში ხდება. არ შეიძლება ყველას ეძინოს, ან ყველამ იფხიზლოს, ან ყველა მოსწავლე იყოს, ან ყველა მასწავლებელი. წამით გაიხსენეთ და წარმოიდგინეთ სამყაროს დინამიკა: ზოგი ჯერ ბავშვია, ზოგი სკოლის მოსწავლე, ზოგმაც მოასწრო უმაღლესის დამთავრება და მუშაობს, ზოგს სადღაც სხვა კონტინენტზე ჯერ კიდევ სძინავს, ზოგი კურნავს, ზოგიც ასწავლის.. ეს ცხოვრებაა, მრავალფეროვანი და არაერთგვაროვანი, თავისი ტემპით და სიცოცხლით. ჩვენ ბევრი არაფერი გვევალება აქ, ვაკეთოთ ჩვენი საქმე და არ დაგვავიწყდეს გვიყვარდეს.. ნუ დავუფრთხობთ სხვებს ძილს და ნუ ვიხმაურებთ, ესეც სიყვარულის და მზრუნველობის გამოხატვაა მათ მიმართ.
ჩვენ ყველას ერთი გზა გვაქვს და ეს გზა სიყვარულია, მზე - სიყვარულია, ჩვენ მხოლოდ გაცემა შეგვიძლია სიყვარულის, სხვა “მზეებისგან” კი მადლიერებით მიღება სითბოსი. და მართლაც საოცარია... რისი გაკეთება შეუძლია მზის ერთ სხივს ადამიანის სულისთვის.
/ე. ომანაძე/
Комментариев нет:
Отправить комментарий