вторник, 6 октября 2015 г.

Beyond the self...

წრიულმა მოძრაობამ გამაღვიძა, ისე ჩქარა ბრუნავდა, ვერ ვასწრებდი ვერაფრის დანახვას, ალბათ ამ სიჩქარეს ეძახიან სინათლის სიჩქარეს...
ეს იყო ძალიან, ძალიან დიდი... უზარმაზარი ქარბორბალა, გალაქტიკის ხელა ალბათ, ან სამყაროსხელა.. ყველაფერი შეისრუტა და დაუნდობლად თქვეფდა ერთმანეთში, როგორც გიგანტური მიქსერი, შთანთქავდა ყველაფერს რაც გზად ხვდებოდა.
მეც ამ დაფქვილი მტვრის მორევში ავღმოვჩნდი.. მეც ერთერთი მტვრის ნაწილაკი ვიყავი, და ნელნელა უფრო ღრმად და უფრო მეტი სისწრაფით მითრევდა შიგ გულში, იმდენად სწრაფად რომ ამ არანორმალურ მოძრაობასაც ვეღარ ვგრძნობდი, მეც მოძრაობად ვიქეცი, გავზავდი მასში... უცებ ყველაფერი გაჩერდა, არა, კი არ გაჩერდა, დრო გაიყინა ერთ წერტილში, ქარბორბალას ცენტრში.. და გარშემო კადრები დაქროდნენ.. ადამიანების კადრები, მტვრისგან შემდგარი სურათები..
ყველა სურათი ერთად: გუშინდელი, შარშანდელი, ათასი წლის წინანდელი, ხვალინდელი...ჩემი ბავშვობის ფოტოები ვიცანი, მტვრისგან დახატული..
და უცებ საშინლად მომინდა ტირილი, მაგრამ არც სხეული მქონდა, არც თვალები და არც ცრემლები.. მე კი საშინლად მეტირებოდა გაურკვეველი სევდისგან, მთელი არსება ტიროდა ჩემში, მაგრამ.. ვინ ტიროდა... მე მხოლოდ ერთი პატარა მტვრის ნამცეცი ვიყავი. მივხვდი რომ ჩემი ბავშვობა მე მოვიგონე, მთელი ჩემი ცხოვრება მე... მე თვითონ მოვიგონე. არა, მე არ ვიყავი ამ კადრებზე, ეს ჩემი მოგონილი სიზმარი იყო მხოლოდ.. ჩემი არსებობა არც მეტი არც ნაკლები სიზმრის პერსონაჟს გავდა, ილუზიას... და ძალიან მტკივნეული იყო ამის აღიარება.
სევდაც უსასრულო გახდა მორევივით.. ეს იყო თანაგრძნობით გამოწვეული სევდა. მტვრის ყველა ნაწილაკი მოიცვა ამ სევდამ და.. სანამ მათ ეძინათ, მე ყველას მაგივრად ვტიროდი. გული სიბრალულით მევსებოდა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ქვიშით დახატა ცხოვრება ქარში.
მაგრამ... ვინ იყო „ის“ ვინც მოიგონა?.. ვინ იყო „ის” მხატვარი, ვინც ქვიშით ასეთ საოცრებებს ქმნიდა... ???? ხატავდა, შლიდა, ისევ ხატავდა, ისევ შლიდა... თამაშობდა.
არა, მე არ ვიყავი ის ვინც მოიგონეს, მე ვიყავი ის - ვინც იგონებდა...
მორევი კი მშვიდი იყო გულში, არ შფოთავდა როგორც გარეთ.. დრო ერთ წერტილში იდგა და მოძრავ სივრცეს აკვირდებოდა. ქარიშხლის კიდიდან შემოსული ყველა უხეში ფორმა ჯერ ნაწილებად იშლებოდა, ბოლოს კი ქვიშად და მტვრად.. და შუაგულში იკრიბებოდა, ერთიანდებოდა და მშვიდდებოდა, რადგანაც იქ ქარი აღარ იყო...
იქ იყო მხოლოდ სიმშვიდე, მასში იყო ყველა და ყველა ფერი... სიმშვიდე ვიყავი მეც..
ის უბრალოდ იყო.. და იგონებდა.. და რასაც იგონებდა ქარით ხატავდა..
/06.10.2015/

Комментариев нет:

Отправить комментарий