четверг, 31 марта 2016 г.

ორი დაბადება

აბრეშუმის ჭუპრიდან მზის გულზე პეპლად მოვლენა, ჭუპრისთვის სიკვდილია, პეპლისთვის კი - დაბადება. ჩვენი სიცოცხლე ჭუპრის მდგომარეობას გავს, რომელიც თავისი ნაჭუჭის გარეთ მხოლოდ სიკვდილს ხედავს. მისთვის უცხოა გარე სამყარო, უცხო და არარეალური, ერთფეროვანი ვაკუუმი, სადაც წარმოუდგენელია ნამდვილი სამყაროს მრავალფეროვნება, რადგანაც მისი ხედვის არეალი მხოლოდ ჭუპრის შიდა კედლებს სწვდება, რისგან გათავისუფლებაც მისთვის “სიკვდილის” ტოლფასია. მან ჯერ არ იცის, რომ ეს “სიკვდილი” მას პეპლად აქცევს, თავისუფალ, ლაღ, მოფარფატე, მსუბუქ პეპლად...
როდესაც ჭუპრი კვდება - იბადება სული... თუმცა... ყველა ვერ ახერხებს ამას, პეპლად დაბადება ყველას არ ხვდება წილად. სული რომ დაიბადოს, ამისთვის ბოლომდე მომწიფებული უნდა იყოს ჭუპრი, მხოლოდ ფიზიკურად განადგურება და გასრესვა სულს არ ბადებს. ის ბუნებრივი ზრდის შედეგად წარმოიშვება და შლის ფრთებს... პეპლად დაბადება ზრდასრულობის შედეგია.
“დაბადებით” გახარებული სული, თავბრუ დახვეული გასაოცარი ფერებით, დილის ნიავით და გაზაფხულის სურნელით, ხარბად ისუნთქავს სიცოცხლეს და მისი ფრენა ექსტაზს თუ შეედრება... პეპლის თვალებით დანახული ჭუპრის სამყარო კი - ზღაპარს ემსგავსება. ის დაფრინავს მრავალ სხვა პეპლებთან ერთად და მის ბუნებაში, ჭუპრისგან განსხვავებით უკვე დევს სინათლისკენ სწრაფვა. ...მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ ეს არ არის დასასრული, თუმცა ცეცხლთან თამაში უყვარს. ...ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ მისთვის ღვთიური ცეცხლით დაწვა სწორედ ის “სიკვდილია”, რომელსაც ნებისმიერი პეპელა ინატრებდა, რომ პეპლად ყოფნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს “ღმერთობას”, რომ კიდევ ერთი “დაბადებაა” ამისთვის საჭირო, ამიტომ მხოლოდ მიახლოვებას ბედავს. მისი ეიფორია სულ ცოტა ხანს გრძელდება, სულ რაღაც წამები ან დღეები.
ბედნიერია ის პეპელა, რომელსაც ცეცხლი გაიცნობს. ისევე როგორც ყველა ჭუპრის “სიკვდილი” არ ნიშნავს პეპლად მოვლენას, ყველა პეპლის “სიკვდილიც” არ ნიშნავს ცეცხლის ალად ქცევას. თავიდან შორიდან ეთამაშება, მიახლოვებისას წვის შეგრძნება უკან აბრუნებს.. მას ჯერ კიდევ ეშინია”სიკვდილის”, პეპლად ყოფნა მოსწონს, თუმცა უყვარს ცეცხლი და იზიდავს. მაგრამ, თუ ერთხელ მიეცა ცეცხლის გაცნობის ბედნიერი შემთხვევა, ის მას ვეღარასოდეს დაშორდება, ვერასოდეს მიატოვებს... ის უკვე გრძნობს, რომ სხვა გზა აღარ აქვს და ფართხალებს. მწველია მასთან მიახლოვება, მაგრამ მიზიდვა უფრო ძლიერი. ხვდება, რომ მასთან სიახლოვე მისით დაწვას მოითხოვს მსხვერპლად. ფიქრობს... ფიქრობს... და წამის მეასედში მთელი ძალით ეშვება ცეცხლის ალში. წამიერად მთელი სხეულით აალდება და... გაქრება, აღარაფერი დარჩება მისგან ალის გარდა. თვითონაც ცეცხლად იქცევა.
პეპლები ბევრია, ცეცხლი - ერთი, ყველა პეპელა მაინც ერთ ცეცხლში იწვის...
/31.03.2016/

Комментариев нет:

Отправить комментарий