четверг, 3 марта 2016 г.

შურისძიება და დამცირება

Унижает лишь тот, кто низок сам. /Антуан де Сент-Экзюпери/ (ამცირებს ის, ვინც თვითონაა მდაბიო. ეგზიუპერი)
იცით რატომ? ამით ისინი ითხოვენ რომ გაუგონ, ისევე, როგორც აგრესორი ითხოვს სიყვარულს მსხვერპლისგან, მხოლოდ ამ ყველაფერს ძალადობრივი ფორმა აქვს. ერთ საფეხურზე უფრო ადვილი ხდება მეორის მდგომარეობის გაგება, და სწორედ მაშინ, როდესაც თავისი “საფეხურიდან” უჭირს ეს, ცდილობს ან თვითონ “დაეშვას” ან “დაწიოს” ეგრეთ წოდებული მსხვერპლი, ვისთანაც ამის მოთხოვნილება უჩნდება. მიზეზი კი შეიძლება უამრავი იყოს, დაწყებული ღალატიდან დამთავრებული შურით. ეს ორი, თითქოსდა ერთმანეთთან ახლოს მდგომი ქმედება რეალურად ორი უკიდურესი პოლუსია.
ხანდახან ადამიანი თავისი ნებითაც "ეშვება ძირს", ეს ისაა, რასაც ჩვენ შურისძიებას ვეძახით. აი წარმოიდგინეთ, ერთი ადამიანის გადმოსახედიდან მეორემ გული ატკინა, არა აქვს მნიშვნელობა რა ქმედებით, მთავარია ის პირველი თვლის რომ ეს ქმედება "ცუდია", ხოდა მიუხედავად იმისა, რომ ასე თვლის, ისიც იგივეს სჩადის... მეორისგან განსხვავებით, რომელიც ამ ქმედებას ინსტიქტურად და უვიცობით აკეთებს, პირველმა იცის ამ ქმედების მდაბიურობა, ის გააზრებულად (ან გაუცნობიერებლად) ჩადის ამ "დაბალ" საფეხურზე, სადაც მისთვის ბევრად გასაგები და მისაღები ხდება მისი “მსხვერპლის” ქმედება, რის შემდგომაც უადვილდება პატიება. ის აქამდე "ზემოდან" უყურებდა... და რომ არა ეს ილუზორული "ზემოდან ყურება", ის საწყისშივე შეძლებდა მინიმუმ პატიებას (ვინაიდან გარკვეულწილად ესეც “ზემოდან ყურების” აღმნიშვნელია) და მაქსიმუმ უბრალოდ მიღებას ფსკერზე დაშვების გარეშე.
დამცირების დროს კი პირიქით ხდება, ამ შემთხვევაში აგრესორი “დაბალი საფეხურიდან” ცდილობს შეწვდეს მსხვერპლს, გაუტოლდეს და მის საფეხურზე აღმოჩნდეს, მაგრამ, მისი “ზემოთ ასვლის” უშედეგო მცდელობის შემდგომ, ცდილობს მსხვერპლი “დაწიოს ძირს”... იწყებს მის დამცირებას და დამდაბლებას პირდაპირი გაგებით და თვლის რომ ამით “გაუტოლდება” მას. უბრალოდ მისი მდაბიო მდგომარეობა მეტის საშუალებას არ აძლევს, ეს მისი იარაღია. ამ დროს “მსხვერპლი” თვითონ წყვეტს “დაეშვას” თუ არა ძირს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მისი მოტივაცია შურისძიებაში არ მდგომარეობს.
ამიტომ, თუკი ჩვენ ადამიანს ვაძლევთ ჩვენი დამცირების საშუალებას, ესეიგი ის ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისევე როგორც საკუთარი ნებით “ძირს დაშვების” დროს... მხოლოდ როლები იცვლება - აგრესორის და მსხვერპლის.
ნებისმიერი აგრესიული ფორმა ძალადობაა, და რამდენად მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ჩვენთვის “მსხვერპლი” თუ “აგრესორი”, რომელსაც ვაძლევთ აგრესიის გამოხატვის უფლებას (უფრო სწორად ვიღებთ მისგან აგრესიას), მაინც დესტრუქციული იქნება ამ ურთიერთობისთვის, თუმცა ერთის და მეორის შემთხვევაშიც “მოწინააღმდეგის” გაგება უფრო მარტივი ხდება.
რა იწვევს ამის მოთხოვნილებას?? უსიყვარულობა! ნებისმიერი სახის აგრესია - სიყვარულის ნაკლებობაა, მისი მეორე მხარეა - სიძულვილი!
სიყვარული არც შურისძიებას და არც დამცირებას არ საჭიროებს, და არც ბრძოლას უცხადებს სიძულვილს, ის უბრალოდ უნდა იყოს... ვინაიდან, მხოლოდ მისი არსებობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ სიძულვილი გაქრეს.
/03.03.2016/

Комментариев нет:

Отправить комментарий