ჩვენ მარადისობის შვილები ვართ - მე და შენ... ხელთუქმნელები, უკვდავები, წამიერები... მზის სხივით გამოვლენილები და მისივე ჩრდილში დამალულები.
ჩვენი თვალებით უყურებს მარადისობა საკუთარ შემოქმედებას - სამყაროს, ჩვენით წვიმს, ჩვენით ქრის ველებზე და ტალღებად ეხეთქება ნაპირებს... ჩვენით შეიგრძნობს საკუთარ სილამაზეს, სურნელს, ფერებს, მელოდიას...
ჩემი ცრემლებით ნამავს შენს მიწას,
შენი ღამით შენატრის ჩემს დილის სხივებს,
ჩემი ყვავილებით შეისუნთქავს შენს არომატს... და ამით გვიმღერის ჩვენი განუყოფლობის სიმღერას...
მაგრამ ხშირად, დროის საფარველქვეშ საუკუნეებით ვცდებით ერთმანეთს, და ჩვენ შორის სივრცე გადაულახავი გვეჩვენება. მე და შენ მოკვდავის თვისებებს ვიძენთ და შიში გვიპყრობს... ბრმა და ბნელი შიში, რომელიც მზესაც კი ვერ ხედავს.
მაგრამ ყველა შიში და თვისება მხოლოდ დროის სამეფოში არსებობს.
ჩვენ კი უკვდავები ვართ!.. მარადიულები!..
როგორ შეიძლება მარადისობას სივრცის დროებითი საფარველის ეშინოდეს?..
როგორ შეიძლება მოკვდავის თვისებები მარადიული გახდეს, მოკვდავის - რომელიც მხოლოდ დროში ცოცხლობს... და მხოლოდ სივრცეში იბადება და კვდება?..
როგორ შეიძლება სულის მელოდია დრომ შეაჩეროს?..
ჩვენ ხელთუქმნელები ვართ სამყაროს სუნთქვასავით!.. მე და შენ!.. და მხოლოდ იქამდე გვერქმევა “მე და შენ”,
სანამ ჩემი ყვავილების არომატით ტკბობა არ მოგბეზრდება,
სანამ შენი დილის სხივებით ჩემს სიზმრებს არ გააღვიძებ,
სანამ ჩემი ცრემლებით არ გაიჟღინთება შენი მინდვრები და ახალგაღვიძებულზე ზღვიდან დაბერილი ზაფხულის ბრიზით არ ჩამჩურჩულებ: მე ვარ შენ!
/06.04.2016/
Комментариев нет:
Отправить комментарий