...იყო დრო, როდესაც სულ მენატრებოდი,
ყოველ წუთს,
ყოველ წამს,
მონატრების სევდა ზღვის ურჩხულივით სფკერისკენ მითრევდა. თითოეული წამი საუკუნედ მეჩვენებოდა... თუმცა ვინ იცის, იქნებ საუკუნეც იყო, ან პირიქით. როდესაც უბრალოდ გრძნობ, დრო ჩვეული ნაბიჯებით მიდის, არ ცდილობ შეჩერებას, მაგრამ როდესაც გრძნობა მდგომარეობად იქცევა, დრო ძალას კარგავს და ქრება,
მარადისობად გექცევა წამი,
უსასრულობად ნაბიჯი...
მთავარი ამ დროს მხოლოდ ის მდგომარეობაა, რომელშიც იმყოფები.
მონატრებად ვიქეცი!
ალბათ ამაზე დიდი არც “ჯოჯოხეთი” არსებობს და არც “სამოთხე”... არჩევანი ჩვენზეა.
შენი მონატრება ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო,
მაგრამ იყო მასში რაღაც სათუთი...
სევდის დამტევი სინაზე...
ხანდახან მეჩვენებოდა, რომ ამ ტკბილ-მწარე სევდის გარეშე ვეღარც კი ვიარსებებდი. ერთდროულად განვიცდიდი ტკივილს და სიხარულს, რომელსაც შენი არსებობა იწვევდა ჩემში.
არ ვიცი მას შემდეგ რამდენი მარადისობა გავიდა...
მაგრამ, ერთხელაც მივხვდი, რომ დიდი ხანია აღარ მომნატრებიხარ. რაღაცამ შეცვალა ეს მდგომარეობა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რამ... ნუთუ დამავიწყდი?!
შეუძლებელი იყო, რადგანაც ეს იყო წამი,
როდესაც ისე გგრძნობდი, როგორც არასდროს...
როდესაც შენს გარდა აღარაფერი სუნთქავდა ჩემში,
როდესაც შენს მეტს ვეღარაფერს ვიტევდი,
ეს იყო წამი, როდესაც დავიბადე... და შევიძულე მონატრება, რადგანაც ის მხოლოდ უშენობის სახეს ატარებდა.
და მივხვდი, რომ მაშინ... მონატრება - “ჯოჯოხეთად” ქცეული, ჩვენ შორის სივრცედ გაწოლილიყო; შორიდან გიყურებდი, მაგრამ ახლოს არ გიშვებდი, გისმენდი, მაგრამ შენით არ ვსუნთქავდი...
სივრცე გაქრა,
გაქრა დროც...
მხოლოდ შენი პულსი დარჩა ჩემში, რომელსაც ყოველი ფოთლის ძარღვში ვგრძნობდი,
შენი სუნთქვა - რომელსაც ქარით ვისუნთქავდი,
შენი ცრემლი - რომელიც წვიმად მეღვრებოდა,
შენი სითბო - რომელიც მზის სხივით მეფერებოდა...
...ხანდახან მოდიან დღეები, და შენი მონატრება მოაქვთ ჩემთან, მაგრამ დღეები იმდენად უსუსურნი არიან მარადიულ წამთან, რომ მალევე მიდიან და უკვალოდ ქრებიან. მე არ მეშინია დღეების, არც თვეების, არც საუკუნეების და ათასწლეულების...
მე მხოლოდ იმ ერთი წამის მეშინია, რომელიც შენ მონატრებად იქცევა,
წამის, რომელიც მეტყვის რომ ახალი სივრცე გაჩნდა ჩვენ შორის...
ამ წამს სულის სიკვდილი ჰქვია...
/17.03.2016/
Комментариев нет:
Отправить комментарий