воскресенье, 27 августа 2017 г.

მე მაოცებენ ადამიანები, რომლებიც ცნებებზე მაღალფარდოვნად საუბრობენ, სიტყვებს ხარჯავენ, მათთვის ღირებულების მინიჭებაზე ენერგიას კი - არა... მაოცებენ ის ადამიანები, რომლებიც უშიშრობაზე და სიმამაცეზე მიწისქვეშა სამალავიდან ყვირიან, თავისუფლებისკენ კი სხვებს საკუთარი ნაჭუჭიდან მოუწოდებენ... ის ადამიანები, თანაგრძნობისთვის ცრემლებს რომ არ იშურებენ, დაცემულს კი ხელს არ უწვდიან საშველად, ემპათიაზე დისერტაციებს რომ წერენ, "სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირის" წესით კი ცხოვრობენ... მათ არ ეხებათ... მათ არაფერი არ ეხებათ, მაგრამ მაინც მტკიცედ სჯერათ რომ "ერთიანობას" გრძნობენ ყველაფერთან. კიდევ ის ადამიანები, გულწრფელობაზე რომ ნიღბის ქვეშიდან გესაუბრებიან, და ისინიც, გვერდში დგომისას მარტო საკუთარ გვერდს რომ გულისხმობენ... საკუთარი "დირეს" შენდობაზე მორალს რომ გიკითხავენ და შენს "ბეწვზე" ზურგს რომ გაქცევენ... ამაყად. გამოცდილებაზე პრეტენზია რომ აქვთ და შეცდომები არასოდეს დაუშვიათ... ფრენას რომ აღმერთებენ და გადახტომა არასოდეს უცდიათ.
...და მერე, თუ ეს გაოცება შეგამჩნიეს, ქედმაღლურად გეტყვიან, რომ შენ სიყვარულის არაფერი გაგეგება...

воскресенье, 6 августа 2017 г.

რა სიბნელეათქო ვთქვი ერთხელ და ერთმა მობრძნო არსებამ მითხრა ამას წინათ, "ვისაც რა აქვს შიგნით, იმას ხედავსო", ჰო რავიცი, შეიძლება მეც ბნელი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მზეც თავის გარშემო მხოლოდ სიბნელეს ხედავს, არგუმენტად არ გამოდგება იქ, სადაც შიდა და გარე ხედვა ვერ გაურჩევიათ. ვინც შიგნით ხედავს სიბნელეს გარეთ გარბის, ვინც გარეთ - შიგნით იმალება, მაგრამ ორივე სიბნელეს გაურბის, ფაქტია.. ხანდახან, აღარც შიგნით მინდა ყურება და აღარც გარეთ, უბრალოდ თვალების დახუჭვა მინდა ხოლმე და ეგეც არ გამოგდის ადამიანს, ეცდები და ათჯერ ძვირი დაგიჯდება, რომელიმე გზასაცდენილი თვალახვეული ისე გადაგივლის, ვერც შეგამჩნევს.
შიშის წარღვნა დაგვატყდა თავს და პანიკაში ერთმანეთს ვსრესთ, ვთელავთ.. რომელი სტიქია იზამდა ამას ჩვენზე უკეთ... ვერც ცეცხლი, ვერც წყალი... ვერცერთი! საკუთარ გულში ჩაიხედეთო, კი ასწავლის ყველა (ნაწილობრივ), ქრისტედან დაწყებული ბუდათი დამთავრებული, მაგრამ... აჰა, ჩაიხედეს და შოკი მიიღეს, ისევ გარეთ ბოდიალი არჩიეს...
მეზიზღება ყველა მოძღვრება, არასდროს არაფერი დაულაგებია რომელიმე მოძღვრებას ადამიანში, პირიქით, მხოლოდ სული აუწეწია და ქაოსი შეუტანია, ტვინი აურევია და გზა დაუგრძელებია... გარეგნულად სიმშვიდე მოუტანია, და სინამდვილეში ბევრად დაუცილებია რეალური სიმშვიდისგან, საკუთარი თავისგან. სატყუარაა ყველა მოძღვრება, სწავლება, სიტყვების გაზეპირება, ტყუილია ყველაფერი, ილუზია, რომელსაც ნებისმიერი ჩაებღაუჭება სიბნელეში, შენ მხოლოდ ხელმოსაჭიდი გადაუგდე... მე ჯერ ვერცერთის შედეგს ვერ ვხედავ, იქნებ ვცდები.. არ ვიცი, ერთეული გამონაკლისების გარდა, რომლებმაც ისევ თვითონ მიაგნეს თავს, არ შეეშინდათ საკუთარი წყვდიადის.. რომელი მოძღვრება ასწავლის სიბნელის სიყვარულს? თუნდაც ერთი მანახეთ, რომელიც სიბნელეში ხედვას და მის სიყვარულს ასწავლის, რომელიც გეტყვის რომ არ უნდა გეშინოდეს მასთან შეხების, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ან საკუთარ სიღრმეში ჩახედვა, ან თავის შეცნობა, ან შეყვარება ან რაიმე ღვთიურის დანახვა ამ სიბნელის მიღმა.. ყველა თვითონ აშინებს სიბნელით, ყველა სინათლის ძიებისკენ მოუწოდებს მხოლოდ, და სიბნელეს თავშივე აძულებს... ვერაფერს შეიცნობ სიძულვილით, ვერც შიშით... ადამიანს კი არცერთის დანახვა არ უნდა, შესაბამისად სულ ძიებაში იქნება, უსასრულოდ...
სიბნელე არ არის ბოროტება, უბრალოდ სიბნელეს ვეძახით იმას, რაც ჩვენთვის უცნობი და უხილავია, ის უბრალოდ შეუცნობელია... და ჯერ კიდევ შეუცნობელია იმიტომ, რომ არავინ შეიყვარა.

четверг, 13 июля 2017 г.


ძნელი არ არის უკვე წაკითხული წიგნის დახურვა და გვერდზე გადადება, არც იმ ოთახის კარის გამოხურვა და დატოვება, სადაც უბრალოდ სტუმარი ხარ… და საერთოდაც, არასოდეს არ არის ძნელი უკვე ნანახის და შეცნობილის უკან მოტოვება, წერტილის დასმა, დასრულება, სიცოცხლისაც კი…
უბრალოდ ძნელია ახალი წიგნის გადაფურცვლა, სადაც მთავარი გმირი შენ თვითონ ხარ და არა სხვა, რომლის ნაფეხურებსაც კვალდაკვალ მიყვებოდი, ძნელია ახალი კარის გაღება და გადაბიჯება, წარსულის ჩამობერტყვა და კარის ზურს უკან მოხურვა მაშინ, როცა ეს ნაბიჯი შენია და არ იცი წინ რა გელის, ძნელია გაუკვალავ გზაზე სიარული, განსაკუთრებით მარტო…
შეუცნობლის შიში, მთავარი მიზეზი ყველა სხვა შიშის და ერთ წერტილზე გაყინვის. ხშირად, უკვე გამოღებული კარის ზღურბლზე დგახარ და გაქვს არჩევანი, ან კარი გამოიხურო და წინ გადადგა ნაბიჯი, ან გაჩერედე და ეს გაჩერება უსასრულოდ აქციო, ან უკან მობრუნდე. ამ დროს ბევრი რამ გექაჩება «უკან» ან გყინავს ადგილზე, და მხოლოდ ერთი — შიში გიშლის ხელს ნაბიჯის წინ გადადგმაში, იქ, სადაც მხოლოდ სიყვარულის იმედი შეიძლება გქონდეს…
და ეს შიში ხშირად იმდენად ძლიერია, რომ ფარავს ყველაფერს, ერთი შეხედვით «უკან მოტოვებულს»… ფარავს აუტანელ ტკივილსაც კი, ტანჯვას, სასოწარკვეთას, უჰაერობას, ჭუჭყს და სიბინძურეს და სწორედ ამ დროს გონიერი ადამიანის გონებაში იბადება ისეთივე მტკივნეული, სასოწარკვეთილი და ჭუჭყიანი ფრაზა, როგორიც არის «მიჩვეული ჭირი სჯობს მიუჩვეველ ლხინსო»…
დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთ დროს გაუელვა ადამიანს აზრად ამ «ჭეშმარიტებამ». მე კი, ერთი უგუნური, სრულიად ბრმა და ფეხშიშველი, ფეხებდასერილი ისე მივაბიჯებ წინ, რომ წარმოდგენაც არ მაქვს ჩემი ჭრილობები ღირს თუ არა ამად.
უკვე მერამდენე კარი გავაღე და დავხურე, მერამდენე ეკლიანი გზა გავაცანი ჩემს დასერილ ფეხის გულებს და მაინც არაფერი მაჩერებს…
ამაზე მეტი უგუნურება რა გინდა?! ან რომელი გონიერი დაგეთანხმება შენი გიჟური შემოთავაზება მიიღოს და გამოგყვეს «ბრმად»?! და მე მესმის მათი… კომფორტის ზონის დათმობის გაბედვა სულაც არ არის გონივრული საქციელი.
«გაბედვა» ხომ საკუთარი ბედის შეცვლას ნიშნავს, ვის აქვს ამის უნარი ბედს ეთამაშოს, ვის ეყოფა გამბედაობა (?)…
მე კი სხვა არაფრის შეთავაზება არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ ამ გზაზე სვლას გავბედავ მასთან და მისთვის, მაგრამ არა მის მაგივრად…

вторник, 23 мая 2017 г.

Disappear

ფროიდი ამბობდა, ღმერთი, სამოთხე, გარდაცვალება - ყველაფერი ილუზიააო, არყოფნის გვეშინია და ამიტომაც ვიგონებთ ზღაპრებს სიკვდილის შემდგომო... მართალი გითხრათ, ფროიდს ბევრ რამეში ვერ ვეთანხმები და ჩემთან ამ ადამიანის ნააზრევი ახლოს არასოდეს მოდიოდა, თუმცა, ახლა მომინდა მასთან გასაუბრება.
სინამდვილეში, არავინ არ იცის რა არის სიკვდილის შემდეგ, შეიძლება მართლაც ილუზია იყოს ყველაფერი, ადამიანის გონების ხრიკი, თამაში, მაგრამ იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ამას ფროიდი „ამტკიცებდა“, ვერც ასე გადაჭრით იტყვი, რომ ყველაფერი ილუზიაა და არაფერი არ არის სიკვდილის შემდეგ... როგორც „მორწმუნეს“ ვერ ეცოდინება დანამდვილებით, ისე ვერ ეცოდინებოდა ფროიდსაც... ამიტომ, ამ თემაზე დავა, კაცობრიობის მუდმივი თავის ტკივილია. არადა, ნეტა მარტო თავის ტკივილი ყოფილიყო და ნუ იქნებოდა ამ მიზეზით უამრავი სისხლის ღვრა. ალბათ სხვა არცერთ მიზეზს, ერთად აღებულს, არ აწევს იმდენი სისხლი მრხებზე, რაც რწმენის და რელიგიის გამო ომებს.
სხვათაშორის, ის ფილოსოფოსებიც და ათეისტებიც და გარკვეულწილად მეცნიერებიც (უფრო სწორად არატრადიციული „მორწმუნეები“ და არატიპიური, არაეკლესიური, ოღონდ სულიერად და გონებრივად განვითარებული ადამიანები, რომლებსაც მაინც სჯერათ რაღაც მიღმიერის), ცდილობენ, წმინდა წიგნებში თუ ვერა, ბუნებაში და სამყაროში მაინც დაინახონ რაღაც ფორმით საკუთარი „გაგრძელება“, უწყვეტობა, მარადიულობა, თუნდაც ატომად, ან ფოთლად, ზღვად, წვეთად, ან ენერგიად, გონად, აზრად, ფიქრად... არა აქვს მნიშვნელობა რად, რა ფორმით და სახით, მთავარი ის შინაგანი სურვილი და მისწრაფებაა, რომელიც მარადიულობისკენ გვიზიდავს. მართალია ეს მარადიულობაც გვაშინებს რაღაც მხრივ, მაგრამ ფაქტია - გვიზიდავს. და საერთოდაც, აქსიომაა, რომ ყოველთვის გიზიდავს ის, რისიც გეშინია.
ისევ შექსპირი გამახსენდა თავის „ყოფნა - არ ყოფნით“, და მართლაც, საკითხავი აი ეს არის!
...და კიდევ, საკითხავია, ადამიანს ყველა დოგმა, ცოდნა, წარმოდგენა, რელიგია და რწმენა რომ შემოაცალო ძველი სამოსივით, რომ არ დაუტოვო არცერთი მისხალი იმ შეგონებებიდან, რასაც აქამდე ისმენდა სხვადასხვა თეორიული ცოდნებიდან, დაუნგრიო ყველა კერპი და ხატ-სახე, უბრალოდ წაუშალო გონებიდან, მეხსიერებიდან ყველა დოგმად ქცეული ილუზია, რა მოუვა, დამშვიდდება თუ პირიქით უკიდურეს პანიკაში ჩავარდება? მე რატომღაც პირველი ვარიანტი მგონია, თუმცა შეიძლება ვცდებოდე, უბრალოდ მგონია, რომ საპანიკო აღარ ექნება არაფერი, ვინაიდან ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, შიშის ფაქტორიც გაქრება მასში. არ არის შიში - არ არის პანიკა, არ არის სიძულვილი, არ არის ბრძოლა... მხოლოდ სუფთა ცნობიერება, შეუბღალავი სიყვარული.
სამყაროს არ მართავს და არ ამოძრავებს ძალაუფლება, ან ფული და სექსი, როგორც ჩაგვჩიჩინებენ, არა, სამყაროს ამოძრავებს ან შიში ან სიყვარული, უფრო სწორად „ან“ არა - „და“, ორივე უკიდურესობა, შიში და სიყვარული! და დღეს შიში მეტია... იმ ცოდნებში და რელიგიებშიც კი, რომლებიც სიყვარულს უნდა ემსახურებოდნენ და ამრავლებდნენ, აი იქაც კი ჭარბობს შიში, მეტიც, შიშით იმართება, სწორედ შიშია მათი საძირკველი, ფუძე და საწყისი.
ვიღაც მეტყვის ალბათ, რომ არა დასჯის ან „ღვთის შიში“, ბევრად მეტი ბოროტება იპარპაშებდაო, მაგრამ... რომ არა დასჯის ან ღვთის შიში, ყველა სხვა შიში გაქრებოდა და შესაბამისად „ბოროტებაც“, რადგანაც ყველაზე დიდი ბოროტება, თვითონ შიშია და სწორედ მისგან იღებს სათავეს. გადაკეტე სათავე, მოაჭერი ურჩხულს თავი, და ის მოკვდება, რაოდენ დიდი ტანიც არ უნდა ჰქონდეს, ის ვეღარ იქნება ბოროტების ცეცხლის მფრქვეველი.
ცოტა შორს გადავუხვიე თემიდან, მაგრამ ბ-ნ ზიგმუნდს დავეთანხმები ამჯერად, მაგრამ მხოლოდ ერთ მონაკვეთში, „ჩვენ გვინდა არსებობა, ჩვენ გვეშინია არყოფნის...“, და სწორედ ამ არყოფნის შიშის გამო ვქმნით უამრავ ილუზიას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სულაც არ იყოს ილუზია და მართლაც არსებობდეს რამე, მთავარი ახლა ეს კი არ არის, მთავარი ის არის, რომ ჩვენ ასე გვინდა იყოს, და სხვა ვერსიას არც განვიხილავთ და არც ვაღიარებთ. უბრალოდ იმისიც კი გვეშინია, რომ ორივე ვერსია დავუშვათ „ყოფნა - არყოფნა“. ჩვენ რომ ამის არ გვეშინოდეს, მაშინ საერთოდ არ დაგვჭირდებოდა რაიმე სახით ამ ყველაფრის მტკიცება, გინდა სხვებთან და გინდაც საკუთარ თავთან.
და ამ ყველაფრის მერე ვამბობთ რომ თავისუფლებაზე გვაქვს პრეტენზია?
მახსოვს, ადრეც ვთქვი და ეხლაც იგივეს გავიმეორებ, ალბათ არარსებობის გაბედვაშია სრული თავისუფლება, პრინციპში ორივეს გაბედვაშია, უბრალოდ „არსებობა“ უკვე „გავბედეთ“ მეტ-ნაკლებად და ამიტომ აღარ ვამახვილებ ყურადღებას. სინამდვილეში კი თავისუფლება იმაშია, როცა გაურკვევლობა აღარ გაშინებს, როცა მნიშვნელობა ეკარგება, იარსებებ თუ არ იარსებებ მერე, გაგრძელდები თუ დასრულდები, დარჩები რაიმე ფორმით თუ გაქრები... მთავარია არც ერთმა და არც მეორემ არ შეგვაშინოს, არც "ჯოჯოხეთის" არსებობამ და არც "სამოთხის" არ არსებობამ, არ შეგვაშინოს იმან, რომ მარადიულად ვიარსებებთ და ვერსად გავექცევით საკუთარ თავს, რა ფორმითაც არ უნდა ვიარსებოთ და არც იმან, რომ ყველანაირი ფორმით შევწყვეტთ არსებობას. სხვა ყველაფერი გემოვნების ამბავია... მინდა ღმერთზე ვისაუბრებ, მინდა ფოთლებზე და მინდა ატომებზე.
საბოლოოდ, მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ რწმენა თუ ცოდნა, რელიგია თუ მეცნიერება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეფუძნებოდეს შიშს, ნებისმიერი სწრაფვა მხოლოდ სიყვარულს უნდა ემსახურებოდეს, რომელიც გარანტი იქნება სრული სიმშვიდის და ნამდვილი თავისუფლების.
/23.05.2017/

воскресенье, 21 мая 2017 г.

მე მაპატიეთ ყვავილობის არდაბრუნება...

მე მაპატიეთ ერთი წვეთი ზღვის მითვისება, ერთი გრამი ცის სილურჯის ქურდობა...
მერე, ჩუმად მოპარული ღმერთის ამბორი, გარიჟრაჟზე პირველ მზის სხივად რომ ჩავიწანი თმაში... არადა უბრალოდ, მთვარესთან საკეკლუცოდ მინდოდა. ის ჩემთან დარჩება, ჩემთან ერთად გაქრება სხვა, უფრო დიდი მზის ამოსვლისას.
ვერ დაგიბრუნებთ მე ჩემ წილ ღრუბლებს, ფილტვების გახეთქვამდე, ხარბად რომ ვისუნთქავდი თვალდახუჭული, მეგონა გამივიდოდა... ის ჩემთან ერთად გაწვიმდება, კიდევ ერთხელ რომ მომაწვება სევდა და ამეტირება.
ნურც გაზაფხულის პირველ ყვავილობას მომთხოვთ, სულში ჩაქსოვილს, ნურც პირველ ფოთოლცვენას, შეხორცებულს, შეთვისებულს... ვერც ფერებს დაგიბრუნებთ, მზერაში ამოტვიფრულს, მე მათ თან გავიყოლებ მორიგ მონატრებამდე... ეს იქნება ჩემი სასჯელი.
მე მაპატიეთ არდაბრუნება...
/21.05.2017/

среда, 3 мая 2017 г.

ფრენა - სიცოცხლის სიგრძით

ფრენა უმიზნო... უსივრცო ცა... ფრენა - მელოდიად, სუნთქვად, გულისცემად, ფრთებით სიყვარულის, ფრთებით - მსუბუქით, მიწას მოწყვეტა ბავშვურ თავაშვებად...
სულში დამწყვდეულა მთელი სამყარო, წვეთში ჩატეულა უძირო ზღვა, ღრუბლებს წაუშლიათ ცისფერ ირაოდ, ცაზე მოქარგული ფიქრების გზა...
ბედნიერების მაწვიმს ცრემლები, სუნთქვაშეკრული წამი გარინდულა, სიცოცხლის სიგრძით - ფრენამ წამიერმა, ზღვა სიყვარულთან სიკვდილი გამინულა...
/03.05.2017/