вторник, 23 мая 2017 г.

Disappear

ფროიდი ამბობდა, ღმერთი, სამოთხე, გარდაცვალება - ყველაფერი ილუზიააო, არყოფნის გვეშინია და ამიტომაც ვიგონებთ ზღაპრებს სიკვდილის შემდგომო... მართალი გითხრათ, ფროიდს ბევრ რამეში ვერ ვეთანხმები და ჩემთან ამ ადამიანის ნააზრევი ახლოს არასოდეს მოდიოდა, თუმცა, ახლა მომინდა მასთან გასაუბრება.
სინამდვილეში, არავინ არ იცის რა არის სიკვდილის შემდეგ, შეიძლება მართლაც ილუზია იყოს ყველაფერი, ადამიანის გონების ხრიკი, თამაში, მაგრამ იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ამას ფროიდი „ამტკიცებდა“, ვერც ასე გადაჭრით იტყვი, რომ ყველაფერი ილუზიაა და არაფერი არ არის სიკვდილის შემდეგ... როგორც „მორწმუნეს“ ვერ ეცოდინება დანამდვილებით, ისე ვერ ეცოდინებოდა ფროიდსაც... ამიტომ, ამ თემაზე დავა, კაცობრიობის მუდმივი თავის ტკივილია. არადა, ნეტა მარტო თავის ტკივილი ყოფილიყო და ნუ იქნებოდა ამ მიზეზით უამრავი სისხლის ღვრა. ალბათ სხვა არცერთ მიზეზს, ერთად აღებულს, არ აწევს იმდენი სისხლი მრხებზე, რაც რწმენის და რელიგიის გამო ომებს.
სხვათაშორის, ის ფილოსოფოსებიც და ათეისტებიც და გარკვეულწილად მეცნიერებიც (უფრო სწორად არატრადიციული „მორწმუნეები“ და არატიპიური, არაეკლესიური, ოღონდ სულიერად და გონებრივად განვითარებული ადამიანები, რომლებსაც მაინც სჯერათ რაღაც მიღმიერის), ცდილობენ, წმინდა წიგნებში თუ ვერა, ბუნებაში და სამყაროში მაინც დაინახონ რაღაც ფორმით საკუთარი „გაგრძელება“, უწყვეტობა, მარადიულობა, თუნდაც ატომად, ან ფოთლად, ზღვად, წვეთად, ან ენერგიად, გონად, აზრად, ფიქრად... არა აქვს მნიშვნელობა რად, რა ფორმით და სახით, მთავარი ის შინაგანი სურვილი და მისწრაფებაა, რომელიც მარადიულობისკენ გვიზიდავს. მართალია ეს მარადიულობაც გვაშინებს რაღაც მხრივ, მაგრამ ფაქტია - გვიზიდავს. და საერთოდაც, აქსიომაა, რომ ყოველთვის გიზიდავს ის, რისიც გეშინია.
ისევ შექსპირი გამახსენდა თავის „ყოფნა - არ ყოფნით“, და მართლაც, საკითხავი აი ეს არის!
...და კიდევ, საკითხავია, ადამიანს ყველა დოგმა, ცოდნა, წარმოდგენა, რელიგია და რწმენა რომ შემოაცალო ძველი სამოსივით, რომ არ დაუტოვო არცერთი მისხალი იმ შეგონებებიდან, რასაც აქამდე ისმენდა სხვადასხვა თეორიული ცოდნებიდან, დაუნგრიო ყველა კერპი და ხატ-სახე, უბრალოდ წაუშალო გონებიდან, მეხსიერებიდან ყველა დოგმად ქცეული ილუზია, რა მოუვა, დამშვიდდება თუ პირიქით უკიდურეს პანიკაში ჩავარდება? მე რატომღაც პირველი ვარიანტი მგონია, თუმცა შეიძლება ვცდებოდე, უბრალოდ მგონია, რომ საპანიკო აღარ ექნება არაფერი, ვინაიდან ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, შიშის ფაქტორიც გაქრება მასში. არ არის შიში - არ არის პანიკა, არ არის სიძულვილი, არ არის ბრძოლა... მხოლოდ სუფთა ცნობიერება, შეუბღალავი სიყვარული.
სამყაროს არ მართავს და არ ამოძრავებს ძალაუფლება, ან ფული და სექსი, როგორც ჩაგვჩიჩინებენ, არა, სამყაროს ამოძრავებს ან შიში ან სიყვარული, უფრო სწორად „ან“ არა - „და“, ორივე უკიდურესობა, შიში და სიყვარული! და დღეს შიში მეტია... იმ ცოდნებში და რელიგიებშიც კი, რომლებიც სიყვარულს უნდა ემსახურებოდნენ და ამრავლებდნენ, აი იქაც კი ჭარბობს შიში, მეტიც, შიშით იმართება, სწორედ შიშია მათი საძირკველი, ფუძე და საწყისი.
ვიღაც მეტყვის ალბათ, რომ არა დასჯის ან „ღვთის შიში“, ბევრად მეტი ბოროტება იპარპაშებდაო, მაგრამ... რომ არა დასჯის ან ღვთის შიში, ყველა სხვა შიში გაქრებოდა და შესაბამისად „ბოროტებაც“, რადგანაც ყველაზე დიდი ბოროტება, თვითონ შიშია და სწორედ მისგან იღებს სათავეს. გადაკეტე სათავე, მოაჭერი ურჩხულს თავი, და ის მოკვდება, რაოდენ დიდი ტანიც არ უნდა ჰქონდეს, ის ვეღარ იქნება ბოროტების ცეცხლის მფრქვეველი.
ცოტა შორს გადავუხვიე თემიდან, მაგრამ ბ-ნ ზიგმუნდს დავეთანხმები ამჯერად, მაგრამ მხოლოდ ერთ მონაკვეთში, „ჩვენ გვინდა არსებობა, ჩვენ გვეშინია არყოფნის...“, და სწორედ ამ არყოფნის შიშის გამო ვქმნით უამრავ ილუზიას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სულაც არ იყოს ილუზია და მართლაც არსებობდეს რამე, მთავარი ახლა ეს კი არ არის, მთავარი ის არის, რომ ჩვენ ასე გვინდა იყოს, და სხვა ვერსიას არც განვიხილავთ და არც ვაღიარებთ. უბრალოდ იმისიც კი გვეშინია, რომ ორივე ვერსია დავუშვათ „ყოფნა - არყოფნა“. ჩვენ რომ ამის არ გვეშინოდეს, მაშინ საერთოდ არ დაგვჭირდებოდა რაიმე სახით ამ ყველაფრის მტკიცება, გინდა სხვებთან და გინდაც საკუთარ თავთან.
და ამ ყველაფრის მერე ვამბობთ რომ თავისუფლებაზე გვაქვს პრეტენზია?
მახსოვს, ადრეც ვთქვი და ეხლაც იგივეს გავიმეორებ, ალბათ არარსებობის გაბედვაშია სრული თავისუფლება, პრინციპში ორივეს გაბედვაშია, უბრალოდ „არსებობა“ უკვე „გავბედეთ“ მეტ-ნაკლებად და ამიტომ აღარ ვამახვილებ ყურადღებას. სინამდვილეში კი თავისუფლება იმაშია, როცა გაურკვევლობა აღარ გაშინებს, როცა მნიშვნელობა ეკარგება, იარსებებ თუ არ იარსებებ მერე, გაგრძელდები თუ დასრულდები, დარჩები რაიმე ფორმით თუ გაქრები... მთავარია არც ერთმა და არც მეორემ არ შეგვაშინოს, არც "ჯოჯოხეთის" არსებობამ და არც "სამოთხის" არ არსებობამ, არ შეგვაშინოს იმან, რომ მარადიულად ვიარსებებთ და ვერსად გავექცევით საკუთარ თავს, რა ფორმითაც არ უნდა ვიარსებოთ და არც იმან, რომ ყველანაირი ფორმით შევწყვეტთ არსებობას. სხვა ყველაფერი გემოვნების ამბავია... მინდა ღმერთზე ვისაუბრებ, მინდა ფოთლებზე და მინდა ატომებზე.
საბოლოოდ, მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ რწმენა თუ ცოდნა, რელიგია თუ მეცნიერება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეფუძნებოდეს შიშს, ნებისმიერი სწრაფვა მხოლოდ სიყვარულს უნდა ემსახურებოდეს, რომელიც გარანტი იქნება სრული სიმშვიდის და ნამდვილი თავისუფლების.
/23.05.2017/

Комментариев нет:

Отправить комментарий