მერე, ჩუმად მოპარული ღმერთის ამბორი, გარიჟრაჟზე პირველ მზის სხივად რომ ჩავიწანი თმაში... არადა უბრალოდ, მთვარესთან საკეკლუცოდ მინდოდა. ის ჩემთან დარჩება, ჩემთან ერთად გაქრება სხვა, უფრო დიდი მზის ამოსვლისას.
ვერ დაგიბრუნებთ მე ჩემ წილ ღრუბლებს, ფილტვების გახეთქვამდე, ხარბად რომ ვისუნთქავდი თვალდახუჭული, მეგონა გამივიდოდა... ის ჩემთან ერთად გაწვიმდება, კიდევ ერთხელ რომ მომაწვება სევდა და ამეტირება.
ნურც გაზაფხულის პირველ ყვავილობას მომთხოვთ, სულში ჩაქსოვილს, ნურც პირველ ფოთოლცვენას, შეხორცებულს, შეთვისებულს... ვერც ფერებს დაგიბრუნებთ, მზერაში ამოტვიფრულს, მე მათ თან გავიყოლებ მორიგ მონატრებამდე... ეს იქნება ჩემი სასჯელი.
მე მაპატიეთ არდაბრუნება...
/21.05.2017/
Комментариев нет:
Отправить комментарий