ადამიანი, როგორც სამყაროს ნაწილი, თავისი არსით განვითარებადი - ევოლუციური მოვლენაა, და ბუნების სხვა მოვლენებისგან განსხვავებით იგი განვითარების ყველაზე მაღალ საფეხურზე ითვლება. ერთი შეხედვით ასეც არის... თუმცა განვითარება თავის თავში უკვე მოიაზრებს პლიუსის და მინუსის, აღმავალი და დაღმავალი მოძრაობის, პროგრესული და რეგრესული სვლის და შეკუმშვა - გაფართოვების ერთობას.
როდის იწყება რეგრესი? ან კი ითვლება რეგრესად გარკვეული ქმედებები, მიუხედავად მისი გარეგნული მსგავსებისა, რომელიც რეალურად პროგრესს მოიცავს?..
მაინც რა არის რეგრესი??.. განვითარება მხოლოდ ევოლუციით არ შემოიფარგლება, მას ინვოლუციაც ისევე სჭირდება, როგორც ევოლუცია, უფრო სწორად ორივე ერთად და ერთდროულად. მათი ურთიერთმოქმედება ორ თევზს ჰგავს, რომელთაგანაც ერთი დინებას მიყვება, ხოლო მეორე დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს. ისინი ერთმანეთს აბალანსებენ... ორი პლიუსის, ისევე როგორც ორი მინუსის ურთიერთქმედება უკვალოა, უშედეგო, მეტიც - ისინი უბრალოდ არ მოქმედებენ, არ ხდება მათ შორის არავითარი კავშირი და მოძრაობა.
დააკვირდით ერთი ადამიანის ერთ სიცოცხლეს, მისი განვითარების ეტაპებს: ბავშვობას, ახალგაზრდობას, სიბერეს... რატომ ემსგავსება მოხუცი ბავშვს? ნუთუ შეიძლება მის ბავშვურობას რეგრესი დავარქვათ?.. ნუთუ არ გინახავთ ცხოველი, რომელსაც ადამიანზე მეტი შეგნება აქვს და მეტი ესმის?.. ნუთუ ერთხელ მაინც არ გინატრიათ, რომ ფრინველად დაბადებულიყავით... ან წვიმად ქცეულიყავით.
არა, ეს რომანტიზმი არ არის, ეს ბუნებაა ასეთი, მისი თამაშია...
არის სადღაც ერთი შეხების წერტილი, ფაქიზი ზღვარი, სადაც ეს ორი უკიდურესობა ხვდება ერთმანეთს, და რომლის გადაბიჯების შემდგომ, თითქოს უკუსვლას იწყებ... მაგრამ აქვე არის ის სიფაქიზეც, რომელიც განასხვავებს ამ ორ თითქოსდა მსგავს მოვლენას. სხვაობა გაუცნობიერებელ და გაცნობიერებულ ქმედებაშია!.. გარეგნული ინვოლუციის პერიოდში ადამიანი ემსგავსება ევოლუციის გზაზე მდგომ მის წინამორბედს, ის ჯერ ემსგავსება რომელიმე ცხოველს, თუმცა მის საუკეთესო თვისებებს იყენებს (მაგ: ხდება ძაღლივით ერთგული, გველივით ბრძენი, ლომივით ძლიერი, არწივივით თავისუფალი), შემდეგ მცენარეს - მშვიდი, განმარტოვებული და გულუხვი, შემდეგ მინერალს და ასე უსასრულოდ, იქამდე, სანამ განზიდვა არ შესუსტდება და უკან არ დააბრუნებს პლიუსში... მთელი ეს პროცესი მხოლოდ და მხოლოდ ბალანსს ემსახურება, როგორც გარეგანს, ასევე შინაგანს. ბალანსის დარღვევა და რომელიმე უკიდურესობის გაქრობა - სიცოცხლის შეწყვეტის ტოლფასია. რათქმაუნდა ფიზიკურ (ან მხოლოდ ფიზიკურ) სიცოცხლეს არ ვგულისხმობ, ზოგადად, ეს - მოძრაობის გაჩერება, გაყინვა და უმოქმედობაა... სამყაროს სუნთქვის შეწყვეტაა.
ჩვენი წონასწორობის იდეალური მდგომარეობა ნულის მდგომარეობაა, ჩვენი პლიუსი და მინუსი, აღმავალი და დაღმავალი ამ წერტილში ხვდებიან ერთმანეთს. ნული - ეს ის წერტილია, სადაც ყველაფერი არაფერია და არაფერი - ყველაფერი, სადაც მოძრაობა კი არ ჩერდება, მომენტში მარადისობად იქცევა... ეს ბალანსია.
/14.04.2016/
Комментариев нет:
Отправить комментарий