среда, 20 июля 2016 г.

ნაკვალევი

გზა მხოლოდ მაშინ იკვეთება, როდესაც გავივლით და ნაკვალევს დავტოვებთ, წინ კი გაშლილი და გაუკვალავი სივრცეა, სადაც ხშირად მხოლოდ სხვისი ნაფეხურები ჩანს ბუნდოვნად, ჯერ არ გაფანტული და ჯერ არ წაშლილი, გაცრეცილი და სხვისი ფეხის გულებით შეგრძნობილი...
ბევრი იოლ გზას ირჩევს და სხვის გაკვალულ ბილიკებს მიუყვება, მხოლოდ ზოგიერთი ბედავს ახალი კვალის დატოვებას, და კიდევ უფრო ნაკლები - ერთეულები ახერხებენ, უკვალოდ წყალზე სიარულს...
ჩვენ აქ და ზუსტად ამ მომენტში ვიღაცის წარსულს თვალნათლივ ვხედავთ, რომელიც ერთ დროს მისთვის მომავალი იყო. მოვა დრო და ჩვენი ჯერ გაუკვალავი ნაფეხურებიც ვიღაცისთვის ჩვენს წარსულთან შეხება იქნება... ვიღაცის მომავალში უკვე “გაწერილი” ისევე, როგორც ჩვენი ჯერ არ გადადგმული ნაბიჯები...
...მაგრამ, სადღაც, დროის და სივრცის სხვა შრეებში წინ მიმავალი ნაბიჯები ისევე თვალნათლივ ჩანს, როგორც უკან დატოვებული, და ვინაიდან ჩვენ მხოლოდ უკან ყურება შეგვიძლია, წინ თვალახვეული - ბრმად მივაბიჯებთ, ჩვენ გვგონია, რომ ყოველი შემდეგი ნაბიჯი ჩვენი არჩევანია (ერთის მხრივ ასეც არის), მაგრამ დრო - ფარდა ჩვენი მზერისთვის, რომელიც ჩვენგან განსხვავებით მომავლიდანაც ისევე თავისუფლად იყურება, როგორც წარსულიდან, უკვე ხედავს მათ და ეღიმება, მან უკვე იცის სად გავივლით, როდესაც მის სამფლობელოში - სივრცეში მივაბიჯებთ... ის ჩვენი ბედისწერის დარაჯია.
ბედისწერა??.. ეს დროის მიღმა და ამავდროულად ყველა დროის ერთობლობაა, სადაც წარსულიც, აწმყოც და მომავალიც მუდმივად ერთია, ერთი ხედვაა, ერთი მზერა!.. ეს დასაწყისის და დასასრულის ერთიანობაა, ვინაიდან მუდმივობაში არ არსებობს არც დასაწყისი და არც დასასრული... აქ დრო ფარდას იხდის და მთელი თავისი “სიშიშვლით” წარსდგება ჩვენს წინაშე... მას მარადისობა ქვია! აქედან ჯერ კიდევ წინ გაუკვალავ ნაბიჯებს ვხედავთ, რომელიც თავად ავირჩიეთ... სწორედ აქ ვაკეთებთ “არჩევანს” და არა იქ, სივრცეში ბრმად მიმავალნი: სადაც, ქვიშა ინახავს ჩვენს ნაფეხურებს, სადაც, მზის ცეცხლი მათ კონტურებს სიმკვეთრეს მატებს, იქ სადაც ზღვა... თუკი გაუმართლებთ და შეხვდნენ მას, დაუნდობლად შლის! იქ სადაც ქარი - სივრცეში მიმოფანტავს...
..მაგრამ ჩვენ ხომ დროის მიღმა მარადისობა ვართ, სივრცეში ნებაყოფლობით გამოკეტილები, სადაც ცხოვრება ქვიშას გავს და ნაკვალევი მხოლოდ დანაწევრებული დროის მოვლენაა, სანამ მათ ქარი არ გაფანტავს ან ზღვა არ წალეკავს... და მიუხედავად ამისა ნაკვალევს უფრო ვეტრფით, ვიდრე მის “დამწერს”... კალამს უფრო ვეტრფით, ვიდრე პოეტს.
ჩვენ - მარადისობა ვართ!.. და ჩვენვე ვაერთიანებთ ჩვენ თავში ყველა დროს და სივრცეს. ჩვენ ვართ ქვიშაც და მზეც... ქარიც და ზღვაც! ჩვენ “ვწერთ” ჩვენივე ბედს... ჰო, ბედისმწერები ვართ... და ჩვენ... ყველაზე მეტად გვეშინია საკუთარი თავის, გვეშინია იმის ვინც ვართ!
არადა.. საკმარისია დროის ფარდას ხელით შევეხოთ და ის გაქრება, ფარდის წინ განვლილი ნაფეხურები უკან მოტოვებულებივით დავინახოთ და... სივრცეც გაქრება... დარჩება მხოლოდ ერთი მზერა და როდესაც ის თვალს გაახელს... მიძინებული მარადისობა გაიღვიძებს და იტყვის: მე ვარ!..
/20.07.2016/

2 комментария:

  1. ჟენიალ <3 ძალიან ემთხვევა ჩემს შეგრძნებებს ბევრი რამ . . .

    ОтветитьУдалить