ზღვა ხარ..
მიუხედავად იმისა, რომ წყალი გამჭვირვალეა, რაც უფრო ღრმაა ის, მით უფრო ბუნდოვანი ჩანს თავისივე სიღრმის გამო.
...ადამიანო! შენ ზღვას გავხარ, რომლის მხილველიც მხოლოდ ზედაპირზე მობობოქრე ტალღებით გაფასებს. ზღვის ყურება, ან მოსმენა, ან თუნდაც ბრიზით დაბერილი არომატის შეგრძნება ვერ გადმოგცემს იმ გრძნობებს და შეგრძნებებს, რომელსაც მასში შეცურვა ან ჩაყვინთვა იწვევს, ვერ გაგჟღინთავს თავისი არსით.. ვერ დაგისველებს თვალებს.
...შენი გამჭვირვალობა და სისუფთავე მხოლოდ მაშინ ხვდებათ თვალში, სანამ ანკარა ნაკადული ხარ, ან თუნდაც ქვიშით აუმღვრეველი მდინარე. ამ დროს შენი სისუფთავე ხილვადია დამკვირვებლის თვალისთვის, შიშს არ იწვევს მასში, პირიქით.. იზიდავს და “ამღვრევის” სურვილს უჩენს ეს კამკამა წყალი. მაგრამ... ყველა მდინარე ზღვას უერთდება, და შენც, როდესაც ზღვაში ჩაიღვრები, დაკარგავ შენს გამჭვირვალობას და სიცელქეს. შენ აღარ იქნები მდინარე, შენც ზღვად იქცევი!
ზღვა... რომლის ფსკერის დანახვა შეუძლებელია, შიშს იწვევს ნაპირზე მოსეირნის სულში. მისი უხილავი სიღრმე მხოლოდ ვარაუდებს უტოვებს, მისი ტალღების სიცელქეს შეცდომაში შეყავს ის და.. სხვა რაღა დარჩენია, გარდა იმისა, რომ ნაპირიდან მომზირალმა შეთხზას მასზე მითები, სადაც ხან უდიდეს განძზე მიანიშნებს და ხან უხილავ ურჩხულზე..
შენ ზღვა ხარ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეიძლება ნაკადული იყო. ყველა მდინარის ისტორია ბოლოს მაინც ზღვით მთავრდება, ისევე როგორც ყველა დაბადება სიკვდილით.. თუმცა ზღვად “დაბადებას” სიკვდილს ნამდვილად ვერ ვუწოდებ.
შენ ზღვა ხარ!.. და რაც უფრო ღრმა ხარ, მით უფრო უხილავი ხდება შენი გამჭვირვალობა, მით უფრო იწვევს შეუცნობლის გულებში გაურკვევლობის შიშს და მით უფრო ნაკლებს უჩნდება სურვილი შენში ჩაყვინთვის და შენი სიღრმის შეცნობის. ვისაც ჯერ კიდევ ეშინია, მათთვის უხილავი და ბნელი ურჩხულის მფლობელი ხარ, ვისაც არა - განძის..
და იცი?? ამ დროს ორივე მართალია..
სწორედ ამ სიღრმის უხილავობა და სიბნელე - სწორედ ეს “ურჩხული” იცავს შენში დაფარულ მარგალიტს, რომლის მოპოვებას და ხელით შეხებას დიდი სიმამაცე სჭირდება. მან შეიძლება შთანთქას მაძიებელი და ზღვად აქციოს, თავისთან დაიტოვოს და გააქროს.. სწორედ ამას სჭირდება დიდი სიმამაცე. მან იცის, რომ გაქრობის რისკი დიდია, მაგრამ ისიც იცის, რომ გაქრობა მას ზღვად აქცევს.. და ეს “ცოდნა” მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც აღარ ეშინიათ.
ასეთ სიღრმეში ყურებისთვის თვალები გამოუდეგარია, იქ თვალდახუჭულმა უნდა ეძებო.. იქ სხვა “მზერაა” საჭირო - მზერის მიღმა მზერა, ვინაიდან თვალისთვის უხილავი არ ნიშნავს “უხილავს”. მიუხედავად ბუნდოვანებისა, წყალი ხომ მაინც გამჭვირვალეა...
/05.07.2016/
ჯონათან ლივინგსტონი გაკვირვებული გაკვირდება ეს ვინააო და ფიქრობს როგორ მოფრინდეს და გაგიცნოს :D ))))
ОтветитьУдалить:))) ჩემი ჯონათანი <3
Удалить