“მან გამიჯნა ორი ზღვა, ერთურთს რომ ხვდებოდა. მათ შორის ჯებირია, რომელსაც ამ ორთაგან ვერცერთი გადალახავს. და გამოდის ამ ორი ზღვიდან თვალმარგალიტი და მარჯანი”.
/სურა LV მოწყალე- 19, 20, 22/
სიყვარული უდიდეს მსხვერპლს მოითხოვს, ეს ყველამ ვიცით, და არ არსებობს იმაზე მეტი მსხვერპლი, ვიდრე საკუთარი თავია - საკუთარი “მე”, რომლის დაკარგვაც ადამიანებს უფრო მეტად აშინებთ, ვიდრე ფიზიკური სიცოცხლის. საკუთარი ინდივიდუალურობა რომ “დაკარგო”, ამისათვის საჭიროა ჯერ მოიპოვო ის, თუმცა ინდივიდუალურობა არ იკარგება, იკარგება მხოლოდ ცრუ ეგო. სწორედ ეგოს ეშინია სიყვარულში განზავების და გაქრობის, სიკვდილის.. იმიტომ რომ ის მოკვდავია. სიკვდილის არ ეშინია უკვდავს და მარადიულს, შესაბამისად არც გაქრობა და განზავება აფრთხობს.
როდესაც ხარ მდინარე, ოკეანეში ჩაღვრისას ბოლო მომენტამდე იბრძვი, უამრავ ბარიერს ქმნი ოღონდ იქ არ ჩაიღვარო და არ გაქრე როგორც “მდინარე”. შენი “მდინარეობა” გგონია ინდივიდუალიზმი და მლაშე წყლებთან შეხვედრისას გადაულახავ კედლებს აშენებ, რომლის დაძლევაც მერე თავადვე გიჭირს.
კი, მართალია.. მდინარე იკარგება, ის საბოლოოდ ზავდება ზღვაში და თვისობრივადაც ზღვა ხდება, და ეს ჯერ კიდევ ინდივიდუალიზმის მოპოვებამდე მტკივნეული პროცესია ეგოსთვის, თუმცა მდინარის “მსხვერპლიც” ამაში მდგომარეობს, ის ჯერ ზღვად უნდა იქცეს, შეიგრძნოს ეს მდგომარეობა მთელი თავისი სიდიადით და სიღრმით, რაც ასე ძლიერ აკლდა იქამდე.
მაგრამ რა ხდება როდესაც ორი ზღვა ხვდება ერთმანეთს??.
ორი ინდივიდი, ორი სტიქია... ორი ძალა, რომლის სწრაფვაც ერთმანეთისკენ ისეთივე სტიქიური და ძლიერია, როგორებიც თავად არიან...
როდესაც ორი სხვადასხვა ზღვიდან თითო ჯამს ერთ ჭურჭელში ვურევთ, ისინი ერთგვაროვან სითხედ იქცევიან, მაგრამ რატომღაც ასე არ ხდება თავად ზღვების შეხვედრისას... მათ შორის ჩნდება მოძრავი ბარიერი, მაგრამ ბარიერი არა შეუვალი და გადაულახავი, არამედ დამხმარე მოძრავი ძალა, რომელიც მათ განზავების მტკივნეულ პროცესში ეხმარება. მათი სიმკვრივეები და სტრუქტურა იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ერთი შეხედვით ეს ბარიერი თვალისთვის გადაულახავი გვეჩვენება.
და მაინც... ისინი გამუდმებით ისწრაფვიან ერთმანეთისკენ, ტალღებით ეჯახებიან და აწყდებიან მთელი ძალით... ისინი ზავდებიან, მაგრამ არასოდეს იღვრებიან ერთმანეთში...
ზავდებიან ნელა და დიდი სიფრთხილით, მაგრამ ინდვივიდუალიზმს არასოდეს კარგავენ!..
ამაშია მათი შეხვედრის მთელი ხიბლი და სილამაზე,
მათი სწრაფვა მიუხედავად მტკივნეული ცვლილებისა,
მათი ზრუნვა ერთმანეთის უნიკალურობის შენარჩუნებისა..
ამაშია მათი სიყვარულის ძალა..
სტიქიასთან ასეთი სიძლიერის შერწყმას რომ გაუძლო და არ დაიკარგო, თავად უნდა იყო სტიქია. ორი სულის მსგავსი შეხვედრა ისეთივე იშვიათია, როგორც ორი ზღვის შეხვედრა, მაგრამ საუკუნეებს მიღმა გვაწვდენენ ხმას და შემოდიან ჩვენ სულებშიც. მათი ტალღების ხმები დღემდე აფორიაქებენ ნაპირზე მომდგარ მდინარეებს და ეგებებიან მთელი სიდიადით.
/ორი ზღვის შეხვედრა - სწორედ ასე დაარქვეს 1244 წლის 26 ნოემბერს ორი უდიდესი პიროვნების შეხვედრას, ადამიანების, რომლებმაც სიყვარული ღმერთამდე აიყვანეს, “გააღმერთეს” და სინათლედ დაუტოვეს საუკუნეებს ორი ზღვის "მარგალიტები და მარჯნები" - რუმი და შამსი/.
“დაბრუნდი და გაიხსენე ვინ ხარ..” /რუმი/
https://vimeo.com/17428099
/14.07.2016/
Комментариев нет:
Отправить комментарий