суббота, 1 ноября 2014 г.

თავისუფალი ნება (?!)

არსებობს მოსაზრება, რომ ქრისტიანობა და ასტროლოგია არათავსებადია ერთმანეთთან. ამის გასარკვევად სამწუხაროდ საკმარისი არ არის მხოლოდ ერთი სფეროს დეტალური შესწავლა და ერთი კუთხიდან განხილვა. ამისთვის მინიმუმ ბიბლიის და ასტროლოგიის სრულყოფილი ცოდნაა აუცილებელი, აღარაფერს ვამბობ ასტროფიზიკაზე და ქიმიაზე.
მე მინდა ორივე კუთხიდან შევხედოთ იმ გასაოცარ ფენომენს, რასაც მზის სისტემა და გალაქტიკა ქვია. დავიწყოთ იქიდან, რომ ასეთ რთულ, ადამიანის ტვინისთვის დღემდე გამოუცნობ და საათივით აწყობილ სისტემას ღმერთი უფუნქციოდ არ შექმნიდა. ეს უზარმაზარი კოსმიური სხეულები კი არა, პატარა, ჩვენთვის უმნიშვნელო თმის ღერიც კი არაა უსარგებლოდ და უფუნქციოდ შექმნილი. არაფერი არ ხდება სამყაროში ქაოტურად და შემთხვევით, ყველაფერი იდეალურად გათვლილი აქვს ჩვენს უმაღლეს გონს მოლეკულურ და უჯრედულ დონეზე. მოდით ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, რომ კოსმოსური მაშტაბის სისტემა ვერ იქნება ჩვენზე და ჩვენს ერთ პლანეტაზე უმნიშვნელო, ჩვენ ამ სისტემაში ჩვენივე პლანეტიანად ერთი პატარა წერტილი ვართ, და ჩვენ ამ სამყაროს ნაწილები ვართ.
არ მინდა დაგტვირთოთ ისეთი თემებით, როგორიც პლანეტების ქიმიური შემადგენლობაა, მათი ელექტრო-მაგნიტური და რადიაციული გამოსხივება, გრავიტაცია (მაგალითისთვის, ის რომ: დედამიწის ატმოსფეროს შემადგენლობის 78% აზოტია, ვენერასი 96% ნახშირორჟანგი, იუპიტერის 90% წყალბადი, მერკურის 42% ჯანგბადი, მზის კი - წყალბადი და ჰელიუმი...ხოლო თვითონ მასის შემადგენლობა სხვადასხვა სახის მეტალი და მინერალი, რაც ადამიანის ჯანმრთელობიდან დაწყებული, ფსიქიკური მდგომარეობით დამთავრებული ყველაფერზე მოქმედებს) და ა.შ. ეს ყველაფერი მეცნიერებს კარგად აქვთ შესწავლილი და ჩვენამდე მოტანილი (ვინც დაინტერესდება შეუძლია ვიკიპედიაში მოიძიოს). აქვე მინდა ავღვიშნო მათი რეზონანსული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. მილიონობით წლებს ითვლის მათი იდეალური მოძრაობა და არ შეიძლება მათი უგულვებელყოფა. ისინი ერთმანეთთან დისტანციას და რეზონანსს აბალანსებენ ურთულესი მოძრაობებით, და რა გასაკვირია რომ ჩვენზეც ჰქონდეთ ფიზიკურად ხილული ზეგავლენა?!
"И сказал Бог: да будут светила на тверди небесной, для отделения дня от ночи, и для знамений, и времен, и дней, и годов"
თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;
დაბადება (1:14)
/ ტექსტის ქართულ თარგმანში გამოტოვებულია ფრაზა „и для знамений“, ანუ „ნიშნებისთვის“. სამწუხაროდ ვერ ვნახე ბიბლის ისეთი გამოცემა, სადაც ეს ფრაზა არ იქნებოდა ამოღებული, ამიტომ მომიწია რუსული წყაროს გამოყენება. /
„ისინი რბიან იმ დაუცხრომელი სრბოლით, რაც შემოქმედმა დაუწესა მათ და როგორადაც მან დააფუძნა ისინი, თანახმად საღვთო დავითის თქმისა: „მთვარე და ვარსკვლავები, რომლებიც შენ დააფუძნე“ (ფს. 8,4). სიტყვით „დააფუძნე“ დავითმა წარმოაჩინა ღვთის მიერ მათდამი მიცემული წესისა და კანონზომიერების სიმტკიცე და შეუცვლელობა, რადგან მან განაწესა ისინი ჟამებად, ნიშნებად, დღეებად და წელიწადებად”- /იოანე დამასკელი; მართმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა; თავი 21 /
/ იოანე დამასკელი (დ. დაახლოებით 675, დამასკო — გ. დაახლოებით 753) — ბიზანტიელი ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი და მწერალი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ბერძნული პატრისტიკის სისტემატიზატორი. იოანე დამასკელი დაიბადა არაბი ქრისტიანის ოჯახში. საეკლესიო და საერო განათლება მიიღო სიცილიელი სამხედრო ტყვე კოზმასაგან, რომელთან ერთად ბერად შედგა (732) იერუსალიმში საბას მონასტერში, სადაც გააჩაღა სალიტერატურო მოღვაწეობა. გარდაცვლილი, 754 წელს საეკლესიო კრებაზე შეაჩვენეს ხატთაყვანისმცემლობისათვის. იოანე დამასკელის მრავალი თხზულება ქართულად თარგმნეს ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელებმა ეფრემ მცირემ, არსენ იყალთოელმა და სხვებმა. არსენ იყალთოელის თარგმნით უხვად უსარგებლია სულხან-საბა ორბელიანს „სიტყვის კონის“ შედგენის დროს./
თუმცა, ამასთან ერთად ის ამბობს რომ: „ის ნიშნები, რაც მათგან ხდება, ეხება წვიმასა თუ უწვიმრობას, სიგრილესა თუ სითბოს, სინოტივესა თუ სიმშრალეს, აგრეთვე, ქარს და სხვა ამგვარს, მაგრამ არანაირად - ჩვენეულ საქმეებს;“
აქ აღწერილია ასტრომეტეოროლოგია, რასაც მეცნიერება დღესაც კი არ აღიარებს , თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ასტრომეტეოროლოგია არის ასტროლოგიის განხრა, ერთერთი ყველაზე ძველი ამინდის ასტროლოგიური პროგნოზირება. მეცნიერების დაკვირვებებიდან გამომდინარე, მხოლოდ მზის აქტიურობას და მთვარის ციკლს შეუძლიათ დედამიწაზე გავლენა მოახდინონ სხვადასხვა მოვლენების სახით. მთვარის ციკლის პერიოდში ოკეანეების მიქცევა მოქცევის ფაქტი დიდი ხანია აღარავის აკვირვებს, მაგრამ აქ მინდა ავღნიშნო ერთი რამ, მეცნიერების აზრით მთვარე იმიტომ მოქმედებს, რადგან ის ძალიან ახლოსაა დედამიწისგან, მაგრამ ნუ გამოგვრჩება ის ნიუანსიც რომ არც ოკეანეა პატარა. წარმოიდგინეთ რა ცვლილებები შეუძლია გამოიწვიოს მთვარემ ადამიანის სხეულში, როცა მისი 70 % წყალია.?? ამრიგად, თუკი მარსს ან ვენერას არ აქვთ იმდენი ძალა, რომ ოკეანეებზე იმოქმედოს, ეს იმას არ ნიშნავს რომ ადამიანზე ვერ იმოქმედებს.
იოანე დამასკელი ხატთაყვანისმცემლობისთვის შეაჩვენა ეკლესიამ, თუმცა ის დღეს წმინდანად ითვლება. რელიგია ასტროლოგიას მხოლოდ იმიტომ უარყოფს, რომ ადამიანის თავისუფალი ნების შეზღუდვაში ადანაშაულებს. ეს იოანეს სიტყვებშიც ჩანს: ..მაგრამ არანაირად - ჩვენეულ საქმეებს.. და მეც სრულად ვეთანხმები მას, რადგანაც დასაწყისშივე აღნიშნულია, რომ ეს მხოლოდ ნიშნებია, ნიშნები რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ და ნუ დავიწყებთ დავას იმაზე, რომ ეს საჭირო არაა, საჭირო რომ არ ყოფილიყო მასზე ბიბლიაც არ მიგვითითებდა. ეს ჩვენი სამყაროა, რისი ნაწილებიც ვართ, ადამიანები დაჯილდოვებული არიან უამრავი ნიჭით, რის მეშვეობითაც ყველაფერს აკვირდებიან, შეისწავლიან, იკვლევენ და ვითარდებიან. ჩვენი ერთადერთი მიზანია გავუფრთხილდეთ ამ სიმდიდრეს და არაფერი გავაფუჭოთ. სხვა შემთხვევაში ნებისმიერი მეცნიერება და ნებისმიერი ახალი აღმოჩენა შეიძლება სიბოროტედ აღვიქვათ, ისევე როგორც ჯერ კიდევ წინა საუკუნეში ავტომობილს აღიქვამდნენ ეშმაკის მანქანად.
ადამიანების ამ ღვთიური ნიჭის და შესწავლის უნარის წყალობით, მეცნიერების შრომების და დაკვირვებების შედეგად, ჩვენ ვიცით რა მოგვიტანს ზიანს და რა სიკეთეს, რომელი მცენარეა ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და რომელი საწამლავი, რა საკვებია საჭირო და რა საზიანო, რამდენი ხანი ვიყოთ მზეზე, რომ კიბო არ გაგვიჩნდეს, ან პირიქით - კიბოსგან განვიკურნოთ, როგორ დავიცვათ თავი ამა თუ იმ მოვლენის ან ეპიდემიის დროს. ეს ის მინიმალური და ელემენტარული ჩამონათვალია, რისი საშუალებაც თვითონ ბუნებამ (ღმერთმა) მოგვცა, ყველაფერი კანონზომიერია ბუნებაში, საწამლავსაც კი თავისი დანიშნულება აქვს, ჩვენ მხოლოდ უნდა ვიცოდეთ სად, რა და როგორ, რა დოზით გამოვიყენოთ. ჩვენ რომ ყველაფერზე უარი ვთქვათ, ყველა იმ სიკეთეზე რასაც სამყარო გვჩუქნის, ეს თვით სამყაროს და მისი ღვთიურობის უარყოფა იქნება.
თუ შეკრავ ხომლის საბელებს ან ორიონის საკვრელებს თუ გახსნი? თუ ამოიყვან ზოდიებს თავ-თავის დროზე და დიდ დათვს თავისი ბელებითურთ თუ წარუძღვები? თუ იცი ცათა კანონები ან თუ დაადგენ მის წესს ქვეყანაზე? /იობი 38 :31-33/
„თუ იცი ცათა კანონები“.... ალბათ ეჭვი არავის ეპარება რომ ცათა კანონები ღმერთის კანონებია...და ამ კანონების ცოდნა ჩვენთვის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რომ არა ეს კანონები, დედამიწაზე სრული ქაოსი იქნებოდა გამეფებული, ისევე როგორც ადამიანების გულებში. ეს ფრაზა ღმერთის ასტროლოგიური გამოწვევაა. აქვეა მოყვანილი ხომლი (ვარსკვლავთკრებული კუროს ეტლში - პლეადები), ორიონი, დიდი დათვი, რაც არაერთხელაა ნახსენები ბიბლიაში.
ასტროლოგია არ ავალდებულებს ადამიანს რამე გააკეთოს ან არ გააკეთოს, ის მის გადაწყვეტილებაში არ ერევა, ისევე როგორც ღმერთი არ ერევა ადამიანების თავისუფალ ნებაში (რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით ეკლესიაზე, რომლის ისტორიის ფურცლებზე სისხლის ასოებით ჩაიწერა ინკვიზიციის, რელიგიური ომების და მსხვერპლშეწირვების უამრავი ფაქტი). ეს მხოლოდ ექიმის დიაგნოზს შეიძლება შევადაროთ. მან იცის რა შეუძლია და რას უფრთხოდეს, როგორ გამოიყენებს ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. მიეცით ადამიანს დანა… ამ ნივთის გამოყენება არავისთვის არაა აკრძალული, თქვენ შეიძლება ამ ნივთით პური დაჭრათ, ქირურგი ოპერაციას გააკეთებს, მონადირე დათვს მოინადირებს, მკვლელი კი ადამიანს მოკლავს... და ეს ნამდვილად არაა დანის ბრალი, არ შეიძლება დანას დაარქვა ცუდი ან კარგი, ის მხოლოდ ნივთია, რომელსაც უამრავი გამოყენება აქვს.
კიდევ ერთი აგრესიის მიზეზი ის გახლავთ, რომ ასტროლოგიას კერპთაყვანისცემად მიიჩნევენ. რა არის თაყვანისცემა? იგივე წარმატებით შეიძლება ყველაფერი კერპთაყვანისმცემლობაში ჩაგვეთვალოს, ყველა მეცნიერება თუ მისწრაფება. თუკი ასტროლოგებს ვარსკვლავების თაყვანისცემა ბრალდებათ, იგივე შეიძლება ასტრონომებზე ან კოსმონავტებზე ითქვას, ბიოლოგებისთვის მცენარეები იქნება სათაყვანებელი ობიექტი, ისტორიკოსები ნეკროფილებად შევრაცხოთ, გეოლოგები მინერალებს სცემენ თაყვანს, ზოოლოგები ცხოველებს.... არა ეს მხოლოდ ბუნებაა, სამყარო, ადამიანი, რომელიც ღმერთმა შექმნა. მანვე შექმნა ის კანონები და კანონზომიერებები, რომლითაც იმართება ეს სამყარო.
ერთ უმნიშნელოვანეს საკითხს მინდა შევეხო, როცა ვსაუბრობთ ადამიანის თავისუფალ ნებაზე, რატომღაც მხედველობიდან გვრჩება რომ ადამიანი არაა სხეული რომელსაც აქვს სული, ადამიანი არის სული, რომელსაც აქვს სხეული. მთვარემ, მზემ და სხვა ნებისმიერმა პლანეტამ შეიძლება იმოქმედოს ადამიანის ფიზიკურ მხარეზე, სხეულზე, მაგრამ არა სულზე, შეიძლება მთვარის ციკლის დროს თავში წნევის მომატებამ აგრესიული გახადოს, მაგრამ ცნობიერება არ დაკარგოს და ამ აგრესიით სხვა არ დააზარალოს, შეიძლება მზის რადიაციის გამო განუკურნებელი სენით დაავადდეს, მაგრამ არ გაბოროტდეს, შეიძლება წყალდიდობის გამო ყველაფერი დაკარგოს..მაგრამ თავი არ მოიკლას. სწორედ აქ არის თავისუფალი ნება, ვარსკვლავებმა (ისევე როგორც მეტეოროლოგიამ) შეიძლება გაგაფრთხილოს წყალდიდობის შესახებ, მაგრამ ისინი ვერასოდეს გაიძულებენ იარაღი აიღო ხელში. ამდენად, მთვარე თუ ქვეცნობიერზე მოქმედებს, ვენერა ნაზ გრძნობებზე და მარსი აგრესიულ ემოციებზე, ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ ადამიანი ჯერ კიდევ ვერ ერევა თავის ფიზიკურ მდგომარეობას და ვნებებს, სულიერად ჯერ კიდევ არაა იმდენად ძლიერი რომ სხეულზე სულმა იბატონოს და არა პირიქით. ჭკვიანი ადამიანი ასტროლოგიის მეშვეობით შეისწავლის თავის პოტენციურ პრობლემებს და ეცდება გამოასწოროს ეს პრობლემები, ანუ რეალურად თავისი ნება მაქსიმალურად გამოავლინოს და დაამარცხოს ეს ზემოქმედებები. სწორედ ესაა ნამდვილი ასტროლოგიის მიზანი, არა ის რომ პლანეტებს დაუმონოს, არამედ პირიქით, რომ მათი ზემოქმედებიდან დაიხსნას. ნებისმიერ სულს ერთი მისია აქვს აქ, გავიდეს ჩაკეტილი წრიდან და სულიერად ამაღლდეს, რასაც ქრისტეც გვასწავლის, ასტროლოგია კი ამაში ნამდვილად ეხმარება ადამიანს.
„თვითუფლებრივნი დავიბადეთ ჩვენ შემოქმედისგან, რის გამოც ჩვენეულ საქმეთა უფროსები ვართ. მართლაც, თუ ვარსკვლავების მსვლელობის მიხედვით ვაკეთებთ ყოველივეს, ესე იგი აუცილებლობის მიხედვით ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ის, რაც აუცილებლობის მიხედვით კეთდება, არც სათნოებაა, არც ბოროტება. ამიტომ, თუ არც სათნოებას ვფლობთ, არც ბოროტებას, აღარც ქებისა და სასჯელის ღირსნი ვყოფილვართ; ღმერთიც უსამართლო აღმოჩნდება მაშინ, რადგან ზოგისთვის სიკეთე უბოძებია, ზოგისთვის კი - გაჭირვება.
ამრიგად, თუ აუცილებლობის მიხედვით წარემართება და მდინარებს ყოველივე, მაშინ ვეღარც ღმერთი ვერ აღასრულებს წარმმართველობასა და თავისი ქმნილებების წინაგანმგებლობას. მოაზროვნეობაც ზედმეტი იქნება ჩვენთვის, რადგან თუ არანაირი საქმის უფროსები აღარ ვიქნებით, ზედმეტადღა განვიზრახავთ რასმე მაგრამ მოაზროვნეობა უთუოდ იმიტომ მოგვეცა ჩვენ, რომ განვიზრახავდეთ კიდეც. აქედან, ყოველი მოაზროვნე თვითუფლებრივიცაა.“ /იოანე დამასკელი/
მოაზროვნე ადამიანი თავისუფალი ადამიანია, ის გაცნობიერებულად მოქმედებს, ხოლო გაუცნობიერებელი ქმედებები კი ემოციებს, ვნებებს და ფიზიკურ სურვილებს აყოლილი ადამიანის პრეროგატივაა. თავისუფლება თავის არ შეკავებაში კი არა, მის მართვაშია. იქნებ სწორედ აქ არის ჩვენი გამოცდა? ადვილია იღიმოდე და სიმშვიდე შეინარჩუნო, როცა ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ერთეულები ახერხებენ შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებას, როცა ცხოვრება თავზე ენგრევათ. ბევრი ვერ ახერხებს აგრესიის შეკავებას, როცა მოწინააღმდეგეს უპირისპირდება, ან თუნდაც მაშინ, როცა სალაროსთან ხუთი წუთით მეტ ხანს უწევს რიგში დგომა...ეს ყველაფერი გაუცნობიერებელი ქმედებაა. და სანამ გაუცნობიერებლად ვმოქმედებთ, ყოველთვის ვიქნებით პლანეტების ან თუნდაც მეზობლის ხასიათის ზეგავლენის ქვეშ.
/01.11.2014/

Комментариев нет:

Отправить комментарий