...იმ დილით, აუტანელი სიცხე იყო უდაბნოში...
პირველი ნაბიჯი უნდა გადამედგა და მეშინოდა... დაბლა დავიხედე, გრძელი კაბის ქვეშ შიშველი ტერფები მიჩანდა, ჩემდა გასაკვირად კანი ისეთი ნაზი და თეთრი იყო, არაფერი ეტყობოდათ მათ ფეხშიშველი სიარულის. ცხელი იყო ქვიშა, აუცილებლად დამწვავდა. დიდხანს ვიფიქრე... სხვა გზა არ მქონდა, უნდა გადამედგა ნაბიჯი.. სულ რაღაც ერთი ნაბიჯი ათასი წლის უკან.
...თვალები დავხუჭე, და... ჩემი შიში ქვიშის სიგრილემ გაფანტა ღრუბლებივით. საიდან მოვხვდი აქ?.. ან ვინ ვარ საერთოდ, არც სახელი მახსოვს, არც დრო. რაღაც ნაცნობია, რაღაც უცნობი. საათზე დავიხედე, მაგრამ აღმოჩნდა რომ საათი არ მეკეთა. მერე სამოსს დავაკვირდი, თეთრი ტილოს კაბას გავდა, კაბას კი არა უფრო მამაკაცის პერანგს, ოღონდ გრძელს. ასე რატომ მაცვია?.. თავი მომაბეზრეს კითხვებმა.
აღმოსავლეთისკენ ავიღე მიმართულება, რატომღაც... ბევრი არ მივლია, სულ მალე ცხელი მოლივლივე ნისლის მიღმა ქვიშაზე გაწოლილი გრძელი სილუეტი გამოჩნდა. უდავოდ ქალაქი იყო, ნაცნობი ქალაქი, მაგრამ სახელი არ მახსოვდა. მიხაროდა?.. არ ვიცი რა დავარქვა, მაგრამ რაღაცნაირად მეჩქარებოდა მასთან. თითოეული კენჭი მელოდა იქ.. ვიცოდი... ვიღაც მელოდა.
ქალაქის ქვის გალავნის შესასვლელთან ჩალმით გადახურული სავაჭრო დახლები იდგა. იქვე ხესთან იდგნენ თოკით მიბმული აქლემები, ეტლში შებმული ცხენები.. სიცხისგან გაბრუებულებს არაფრის თავი არ ჰქონდათ. დახლები სავსე იყო ჭრელი ფარდაგებით, სანათებით, სამკაულებით... ცოტა მოშორებით საზამთროების და ხილის დახლებიც მოჩანდა. ქვიშაზე ჯეზვაში წყალი დუღდა... ერთი შეხედვით ქალაქი სიცოცხლით იყო სავსე, მაგრამ... ცარიელი იყო. ის არ იყო მიტოვებული, არც დარბეული, არც ნაომარს გავდა, ყველაფერი თავის ადგილზე იყო იქ - ადამიანების გარდა. თითქოს ერთ წამში აორთქლდნენო. დახლებს შორის დავდიოდი და ვეძებდი... ადამიანებს ვეძებდი.
ამასობაში შესასვლელ ჭიშკარს მივადექი. ულამაზესი ორნამენტები მიუყვებოდა ცაში აზიდულ თაღს.. ცოტა ხანს გავჩერდი და მოჯადოვებულივით შევცქეროდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს ტალღოვანი ჩუქურთმები ვენებში შემომიძვრნენ და სისხლს გამოყვნენ გულამდე... უცებ არეკლილმა სხივმა მომჭრა თვალი, გავიხედე, ერთერთ დახლთან დიდი სარკე იდგა. ახლოს მივედი... სარკიდან მამაკაცი მიღიმოდა. თეთრი სახის კანი ჰქონდა, მუქი, ოდნავ გრძელი თმა, შავი თვალები... უნებლიე სევდიანი ღიმილი იყო ეს, გაუსაძლისი სიცარიელით გამოწვეული.
...ნამდვილად ვიღაც მელის... ვგრძნობ, ვიცი... რატომ ვერ ვხედავ?.. ან იქნებ თვითონ ვერ მხედავს?
მექანიკურად ისევ საათს დავხედე. ნამდვილად სადღაც დავკარგე.. საათს ვინ ჩივის, დრო დავკარგე. ნამდვილად მე თვითონ ვარ უჩინარი, სხვაგვარად არ შეიძლება იყოს. მხოლოდ ის დამინახავდა, ვინც მიცნობდა, მაგრამ ვერავინ მიცნო. ალბათ დროში ავცდი, მე კი საათიც აღარ მაქვს, ახლა როგორ გავიგო სად და რა დროს მელის?
იქნებ დრო არც არსებობს... იქნებ ის ერთი ნაბიჯიც პირობითია სივრცეში, პირობითი იმდენად, რამდენადაც ფორმალური, იმისთვის რომ ერქვას “ნაბიჯი” შენსკენ. მე ხომ ისედაც ვრძნობ შენ სიახლოვეს ყველგან და ყოველთვის, რაში მჭირდება დრო ამისთვის? ალბათ ზედმეტად ბევრს ვთხოვ თვალებს - დაგინახონ, ყურებს - გაგიგონონ; მათ ეს ნამდვილად არ შეუძლიათ, მხოლოდ გულისცემით შეიძლება აღიქვას გონებამ შენი სიახლოვე, რეზონანსში რომ იწყებს ფეთქვას... რა დრო და მანძილიც არ უნდა მაშორებდეს, ათასი - ორიათასი წელი წინ თუ უკან, ასიათასი კილომეტრი აღმოსავლეთით თუ დასავლეთით, ვიცი... შენამდე ყოველთვის ერთი ნაბიჯია!
/21.02.2016/
Комментариев нет:
Отправить комментарий