...მე ფრთებს გავიხდი და ყველაზე დაცემულ ანგელოზს ვაჩუქებ, ის გაკვირვებით შემომხედავს და გამარჯვებული იერით ღიად დამცინებს, მაგრამ ფრთებს ყოველი შემთხვევისთვის ოთახის ბნელ კუთხეში შეინახავს... მის გულში კი (რატომღაც) სევდა დაისადგურებს.
უდარდელი ღიმილით გამომაცილებს და გამალებით ეცდება თვალი ამარიდოს, რომ სევდის სინათლემ არ გამოჟონოს მათგან და არ შევამჩნიო.
...მას ამ სევდის სახით გრძნობა გაუჩნდა, მისთვის უცხო და აქამდე უგრძნობი გრძნობა. მას პირველად “ეტკინა”!
მისგან ფეხით გამოვისეირნებ (ფრთები ხომ იქ დავტოვე?!) და ანგელოზებს მოვინახულებ. შორიდან თვალს რომ მომკრავენ, აღშფოთებულები ერთმანეთს გადაულაპარაკებენ: “შეხედეთ, ეს რა უქნია.. როგორ გაბედა?..
-რა სულელია!
-ჰმ, მგონი დაგვცინის...“
როდესაც მივუახლოვდები, დიდი “თანაგრძნობით” მომისამძიმრებენ ფრთების დაკარგვას და უაღრეს კეთილმოსურნეობას გამოიჩენენ დახმარების შემოთავაზებით...
...მე მათ გავუღიმებ და მოვუყვები თბილ ქვიშაზე და ნაზ ტალღებზე, რომელიც ფეხის გულებით შევიგრძენი. მოვუყვები გრძნობაზე და... რა თქმა უნდა ისინი ვერ გამიგებენ... და მე მესმის მათი, აბა რა გასაგებია ფრთების დათმობა ტალღების სინაზის გამო??
...მე გავუღიმებ ფრთების რიგში მდგომ მომავალ ანგელოზებსაც და სამოთხისკენ მიმავალ გზას დავუთმობ.. დავუთმობ თვით სამოთხესაც და ჯოჯოხეთს დავცინებ ჩემი გულის გახსნით და მასში აბობოქრებული კოცონის ჩვენებით...
და მას შერცხვება თავისი უსუსური ალის.
მე არ მჭირდება ჯილდოს სახით მოპოვებული ფრთები და გვირგვინი, არც სამოთხის კომფორტი და დაპირებული ნეტარება... თქვენი იყოს!
...მე ფრთებს გავიხდი და... მფრინავ გრძნობას დავემგზავრები.
/08.05.2016/
Комментариев нет:
Отправить комментарий